ბს-1011-969(კ-09) 10 თებერვალი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – გ. ილინა
კასატორი _ სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო; წარმომადგენელი – პ. შ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. გ-ძე; წარმომადგენელი – კ. ჩ-ელი
თავდაპირველი მოპასუხეები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური; წარმომადგენელი – გ. ჩ-ელი; სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის განჩინება
დავის საგანი _ საკუთრების უფლების აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 1 ივნისს ა. გ-ძის წარმომადგენელმა კ. ჩ-ელმა აღიარებითი სარჩელით მიმართა ბორჯომის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ა. გ-ძის საკუთრების უფლების აღიარება ბორჯომის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე მის საკუთრებაში რიცხულ 1750 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მყარად დაკავშირებულ ნაგებობაზე ,,...”. კ. ჩ-ელმა ასევე მოითხოვა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება ა. გ-ძის სახელზე რიცხული ¹... მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაცია.
მოსარჩელე აღიარებით სარჩელში აღნიშნავდა, რომ 1992 წელს ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში განხორციელდა მიწის რეფორმა, რის შედეგადაც 1998 წელს ა. გ-ძესთან გაფორმდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ¹157 და საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთის ფართი 1750 კვ.მ., რომელიც 2000 წელს რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში მის სახელზე. მითითებულ მიწის ნაკვეთში მოექცა ექვსი ნაგებობა ,,...” სახით, რომელიც აშენებულ იქნა ა. გ-ძის მიერ და რომლითაც დღემდე სარგებლობს იგი, თუმცა ყოველგვარი დოკუმენტების და საფუძვლის გარეშე ეს ექვსი ნაგებობაც ოთხთან ერთად აყვანილ იქნა ბალანსზე და გადაეცა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს აუქციონის წესით რეალიზაციის მიზნით, რაც არაკანონიერად მიაჩნია ა. გ-ძეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. გ-ძის წარმომადგენელმა კ. ჩ-ელმა მოითხოვა ა. გ-ძის საკუთრების უფლების აღიარება ბორჯომის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე მის საკუთრებაში რიცხულ 1750 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მყარად დაკავშირებულ ნაგებობაზე ,,...” და შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო ჩანაწერებში.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა ა. გ-ძის საკუთრების უფლება ბორჯომის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე მის საკუთრებაში რიცხულ 1750 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მყარად დაკავშირებულ ნაგებობებზე _ ,,...”; დაევალა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს, რომ ა. გ-ძის სახელზე რიცხული ¹... მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო ჩანაწერებში შეიტანოს გადაწყვეტილების შესაბამისი ცვლილებები.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურმა სატყეო სამმართველომ და მოითხოვა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ა. გ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ბორჯომის რაიონულ სასამართლოს.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ნომებრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა ა. გ-ძის საკუთრების უფლება ბორჯომის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე მის საკუთრებაში რიცხულ 1750 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მყარად დაკავშირებულ ნაგებობებზე _ ,,...”; დაევალა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს, რომ ა. გ-ძის სახელზე რიცხული ¹... მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო ჩანაწერებში შეიტანოს გადაწყვეტილების შესაბამისი ცვლილებები.
რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაში განმარტავდა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომელიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს. ამავე კოდექსის 171-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც.
რაიონული სასამართლო აღნიშნავდა, რომ საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომელიც გაცემულია 2000 წლის 18 ივლისს, ირკვევა, რომ ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1750 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ა. გ-ძის საკუთრებას.
რაიონული სასამართლო მიუთითებდა, რომ ესკიზური სიტუაციური ნახაზითა და მოწმეების _ მიწის მართვის სამმართველოს ყოფილი მთავარი სპეციალისტის _ ვ. ნ-ძის, სატყეო მეურნეობის ყოფილი მთავარი მეტყევე _ დ. ბ-ძის, განმცხადებლის ძმისშვილ _ გ. გ-ძისა და განმცხადებლისავე თანასოფლელ გ. გ-ძის განმარტებებით დადასტურებულია, რომ ექვსი ნაგებობა _ ,,...”, მდებარეობს ა. გ-ძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში და იგი აშენებული იქნა ამ უკანასკნელის მიერ 1990-1993 წლებში, რომლებსაც დღემდე ფლობს და სარგებლობს კიდეც.
სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრში 1750 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ა. გ-ძის სახელზე აღრიცხვით მის საკუთრებაში მიექცა ნაკვეთში მდებარე შენობა-ნაგებობანი ,,...” სახით, ვინაიდან შენობა_ნაგებობანი განეკუთვნება მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს, რომელთა იურიდიული ბედი მთლიანად არის დაკავშირებული მიწასთან და არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტად.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბორჯომის რაიონის სოფელ …ში მდებარე 1750 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ა. გ-ძის სახელზე რეგისტრაცია, ფაქტობრივად იწვევს ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების წარმოშობას.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურმა სატყეო სამმართველომ და მოითხოვა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ა. გ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის განჩინებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო პალატა განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა თვლიდა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო ხსენებული დასკვნების გაბათილება, რის გამოც მისი საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურმა სატყეო სამმართველომ, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 171-ე მუხლი, რადგან დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთის შემადგენელი ნაწილი არ წარმოადგენს ა. გ-ძის საკუთრებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 1992 წელს ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში განხორციელდა მიწის რეფორმა, რის შედეგადაც 1998 წელს ა. გ-ძესთან გაფორმდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ¹157, რომლის საფუძველზეც ა. გ-ძეს საკუთრებაში გადაეცა 1750 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მითითებული მიწის ნაკვეთი 2000 წელს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ა. გ-ძის სახელზე და ამჟამადაც წარმოადგენს მის საკუთრებას.
საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ა. გ-ძის მიწის ნაკვეთზე განთავსებულია 6 “...”, რომლის საკუთრების უფლებაზე პრეტენზიას აცხადებს კასატორი სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო მეურნეობა, მიუთითებს, რომ სადავო აუზები ირიცხება მის ბალანსზე და აღნიშნულის დასტურადაც წარმოადგენს “...” ტექნიკურ პასპორტს.
საქმის მასალებში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ ა. გ-ძის მიწის ნაკვეთში განთავსებული “...” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2007 წლის 31 იანვრის ¹1-1/171 ბრძანებით შეყვანილია დამატებითი საპრივატიზებო ობიექტების თანდართულ ნუსხაში და დაექვემდებარა პრივატიზაციას.
სააპელაციო სასამართლომ ა. გ-ძის მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთადერთ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 171-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზედაც.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ მსჯელობასთან დაკავშირებით ზოგადად ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციის მართებულობას და თავის მხრივ განმარტავს შემდეგს: ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილს მიეკუთვნება ის, რაც სამართლებრივად დაკავშირებულია ნივთთან და არ წარმოადგენს განსაკუთრებული უფლების ობიექტს. არსებითი შემადგენელი ნაწილის იურიდიული ბედი მთლიანადაა დაკავშირებული ნივთთან და როგორც წესი, იგი არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი. რაც თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ვინც იძენს ნივთზე უფლებას, ის იძენს საკუთრების უფლებას მის არსებით შემადგენელ ნაწილზეც.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არგუმენტს მოკლებულად არ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ “...” არის ა. გ-ძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შემადგენელი ნაწილი, რაც აუზებს ასევე აქცევს ა. გ-ძის საკუთრებად. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლს მხრიდან საქმე გამოკვლეულია არასრულყოფილად, არ არის დადგენილი საქმეზე რიგი ფაქტობრივი გარემოებები და საკითხი არ არის გადაწყვეტილი იმ საკანონმდებლო ნორმების ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე, რომელიც არეგულირებს მსგავს ურთიერთობას.
საკასაციო სასამართლო ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოს კანონს “წყლის შესახებ”, რომლის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისადაც, მიწაზე საკუთრების უფლება არ იძლევა ამ მიწაზე არსებული ან გამდინარე, ზედაპირული ან მიწისქვეშა წყლებით სარგებლობის უფლებას, გარდა ამ კანონის 32-ე და 34-ე მუხლებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო, დავის არსებითად სწორი გადაწყვეტისათვის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოების დადგენა-გამოკვლევეს, ე.წ. “...” მიეკუთვნება თუ არა წყლის სახელმწიფო ფონდს, რომლის რეგულაციებიც, როგორც ზემოაღიშნული ნორმების შინაარსი ცხადყოფს, მოქცეულია მართვის განსაკუთრებულ რეჟიმში.
მითითებული კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, საქართველოს წყლები, მათი მიწის ზედაპირზე და წიაღში განლაგების ნიშანი, რესურსების ფორმირებისა და გამოყენების თავისებურებათა მიხედვით, იყოფა ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებად. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთნება ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსაცავები, აგრეთვე არხებისა და ტბორების წყლები.
იმავე კანონის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილი მიწის მესაკუთრეს და მიწით მოსარგებლეს უფლებას ანიჭებს გამოიყენოს მის ტერიტორიაზე არსებული წყლის ობიექტები ლიცენზიის გარეშე მხოლოდ საერთო წყალსარგებლობის ფორმით, თუ ამით არ ზარალდებიან სხვა ფიზიკური და იურიდიული პირები და არ არის მოსალოდნელი წყლის მახასიათებლების არასასურველი ცვლილება.
საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლომ დაადგინოს და გამოიკვლიოს სადავო ობიექტები მიეკუთვნება ჩვეულებრივ სამეურნეო დანიშნულების ობიექტებს, რომლის გასხვისების უფლებაც მიწის ნაკვეთთან ერთად მინიჭებული აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, თუ აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს, რომლის განკარგვის სპეციალურ რეჟიმს განსაზღვრავს “წყლის შესახებ” საქართველოს კანონი.
საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს გამოირიცხოს “...”, როგორც წყლის ობიექტის განსაკუთრებული სტატუსი. იმავდროულად ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ სადავო ობიექტები შეყვანილია საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში. ამ პირობებში მნიშვნელოვანია სასამართლოს შეფასება, საპრივატიზაციო ობიექტთა სიაში შეყვანა რამდენად აისახება ამ ობიექტის სამართლებრივ სტატუსზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო მეურნეობის სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.