ბს-1013-986(კ-10) 28 დეკემბერი, 2010 წ.
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
გ. ილინას მდივნობით
კასატორი _ ვ. გ-ია, წარმომადგენელი _ ლ. A-ძე
მოწინააღმდეგე მხარეები _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახური,
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინება
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, მოქმედების განხორციელების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 20 ოქტომბერს ვ. გ-იამ ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მოპასუხეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოქმედების განხორციელების დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა და ქ. ფოთში, ... ქ. ¹50-ში მდებარე საკარმიდამო მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. მისივე მითითებით, განცხადებას თან დაურთო ტექბიუროს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის აწ გარდაცვლილ მამას _ ა. გ-იას ქ. ფოთში გააჩნდა საკუთარი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, სამკვიდრო მოწმობა, სახლის გეგმა-ნახაზი და სხვა დოკუმენტაცია.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2009 წლის 10 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებულ “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის 62-ე მუხლისა და ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, მას დაევალა უძრავ ნივთზე უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მოითხოვა, ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოების შეჩერების შესახებ და რეგისტრაციაში გაეტარებინათ სადავო უძრავი ქონება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით ვ. გ-იას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მის მიერ ვერ იქნა წარდგენილი დამატებით დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ქ. ფოთში ... ქ. ¹50-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის მოსარჩელის საკუთრებად ქ. ფოთში, ... ქ. 50-ში მდებარე უძრავი ქონების დარეგისტრირების დავალდებულება და მის მიერ გადახდილი სარეგისტრაციო თანხის გადახდილად ჩათვლა მოითხოვა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. გ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანების მე-10 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებდა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემებისა და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. ამავე ბრძანების მეორე მუხლის “კ” ქვეპუნქტის თანახმად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
ფოთის საქალაქო სასამართლომ აგრეთვე მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
ფოთის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს ვერ წარუდგინა “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანების მეორე მუხლის “კ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტი, მოპასუხეთა მხრიდან მას მართებულად ეთქვა უარი უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე და არ არსებობდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, სახლის გეგმა-ნახაზი, სამკვიდრო მოწმობა და 1974 წლის 5 აპრილს გაცემული ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ცნობა, არ წარმოადგენდა საკმარის მტკიცებულებას იმისათვის, რომ აღიარებული ყოფილიყო სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება. მოსარჩელის მიერ არ იყო წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა, რომ სადავო ქონებას აწგარდაცვლილი ა. გ-ია.
ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-იამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის ვ. გ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის თებერვლის გადაწყვეტილებები მიღებული იყო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ შეიცავდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს. მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაცია იყო ზოგადი ხასიათის და რომლითაც დასტურდებოდა, რომ იგი იყო 2005 წლის 18 ივნისს გარდაცვლილი ა. გ-იას პირველი რიგის მემკვიდრე და მიიღო მამკვიდრებლის სამკვიდრო აქტივები და პასივები, თუმცა მასში არ იყო მითითებული რაიმე კონკრეტულ ქონებაზე მათ შორის უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. ფოთში, ... ქ. ¹50-ში.
ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-იამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ, მართალია, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად გაიგო ამ კანონის აზრი და შინაარსი, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანების მეორე მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს სხვა სამართლებრივი აქტი, როგორი სახის აქტსაც კასატორის მოსაზრებით, წარმოადგენდა ტექნიკური აღრიცხვის ცნობა, რომელთა საფუძველზეც შეიძლებოდა უძრავი ქონების რეგისტრაციაში გატარება, ვინაიდან განადგურებული იყო ტექ. ბიუროს არქივი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. გ-იას საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ვ. გ-იას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ვ. გ-იას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო, მართალია, ნორმათა შეფარდების ნაწილში იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებებს და თვლის, რომ ამ თვალსაზრისით არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, მაგრამ იმავდროულად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიდგომა დავის საგნისადმი ატარებს ფორმალურ ხასიათს, საკითხი არასრულყოფილადაა გამოკვლეული და არ არის შეფასებული იმ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების საკითხი, რაც შესაძლებელს გახდის მოსარჩელის თავდაპირველ უფლებებში აღდგენას.
საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არის, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების, როგორც ინსტიტუტის გარანტია და მეორე მხრივ, პიროვნების უფლების გარანტია.
საკუთრების უფლების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს პირის უფლებების უარყოფას მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მას საკუთარი ბრალის გარეშე არ შეუძლია წარმოადგინოს უფლების დამდგენი დოკუმენტი. უდავო და მხარეთათვის ცნობილ ფაქტს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქ. ფოთის ტექბიუროს არქივში დაცული მასალები განადგურებულია მომხდარი ხანძრის გამო. ასეთ პირობებში საკასაციო სასამართლო თითოეული მსგავსი დავის მართებულად გადაწყვეტისათვის საჭიროდ მიიჩნევს ყველა არსებული და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებასა და შეფასებას, რამაც ერთობლიობაში უდავო უნდა გახადოს მოსარჩელის სამართლებრივი კავშირი მოთხოვნილი ნივთისადმი.
საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მოსაზრების განვითარების საფუძველს აძლევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებები, რის შედეგადაც იურიდიული ფაქტის დადგენის გზით მსგავსი უფლებების განსაზღვრა შეიზღუდა საკანონმდებლო დონეზე. ასეთ პირობებში საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, მოსარჩელეს მიეცეს შესაძლებლობა მის ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საქმის არსებითად განხილვის გზით დაადასტუროს მოთხოვნის საფუძვლიანობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო ასევე მოიხმობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის დებულებებს, რომლის შესაბამისადაც, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს აწ გარდაცვლილი ა. გ-იას კავშირი უძრავი ნივთისადმი, ვინ ცხოვრობს მითითებულ სახლში ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდგომ, ხომ არ მომხდარა აღნიშნული სახლის გასხვისება და არის თუ არა სახლი აღრიცხული მესამე პირის საკუთრებაში. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მითითებული გარემოებების დადგენის მიზნით სასამართლომ უნდა გამოიყენოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ყველა შესაძლო მექანიზმი.
საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს სათანადო შეფასება მიეცეს საქმეში დაცულ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ გ-ია ა. ტ. ძეს, მცხოვრებს, ქ. ფოთში, ... ქ. ¹50, გააჩნია საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 35 კვ.მ (იხ.ს.ფ. 13). საქმეში აგრეთვე წარმოდგენილია მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც განხილულ უნდა იქნეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ეს სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას დაადგინოს აწ გარდაცვლილი ა. ტ. ძე გ-იას კავშირი საცხოვრებელი სახლის და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მიმართ, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ და სხვა სათანადო მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე შეუძლებელი იქნება არსებითად სწორი გადაწყვეტილების მიღება.
საკასაციო სასამართლო ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის ქმედებას, კერძოდ, გააჩნდა თუ არა ამ უკანასკნელს სათანადო უფლებამოსილება ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ამ გარემოებებზე დაყრდნობით მიეღო გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, იმავდროულად აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ თანაბარმნიშვნელოვნად უნდა უზრუნველყოს როგორც პირის უფლებების გარანტირება, ისე მოთხოვნის კანონიერება და წინამდებარე სარჩელი დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე უდავო გახდება კასატორისა და მისი მამკვიდრებლის უფლებრივი კავშირი მოთხოვნილი ნივთისადმი.
ზემოაღნიშნული გარემოებების დადგენა-გამოკვლევის მიზნით საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. გ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.