ბს-1022-995(2კ-10) 28 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ტ-ძისა და მ. ტ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 28 ივლისს ა. ტ-ძემ და მ. ტ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ქ. ბათუმის მერიის მიმართ.
მოსარჩელეებმა ქ. ბათუმში ... ქ. ¹29-ში და ... ქ. ¹17-19-ში საჯარო რეესტრის სააღრიცხვო ბარათში შესული ცვლილების შესახებ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართვისა და აზომვითი ნახაზის ბათილად ცნობა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილების განხორციელება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის – სახელმწიფოს სახელზე გაცემული საკუთრების უფლების გაუქმება და ქ. ბათუმის მერიისათვის უკანონო შენობა-ნაგებობათა დემონტაჟის დავალდებულება მოითხოვეს.
2008 წლის 23 ივლისს თ. ა-ძემ და მ. ა-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეებმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 20 მაისის ¹01/11-3295 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტისა და ... საკუთრებაში 1560 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის თ. ა-ძის თასაკუთრებაში 2472 კვ.მ მიწის ნაკვეთის აღდგენის შესახებ, ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით თ. და მ. ა-ძეების სარჩელი, მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის საოქმო განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმე თ. ა-ძისა და მ. ა-ძის სარჩელისა გამო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე და ადმინისტრაციული საქმე ა. ტ-ძისა და მ. ტ-ძის სარჩელისა გამო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, აჭარის ა/რ რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ქ. ბათუმის მერიის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ტ-ძის, მ. ტ-ძის, თ. ა-ძისა და მ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ ფინანსთა სამინისტროს 2007 წლის 17 აპრილის ¹01-22/1264 მიმართვა აჭარის ა/რ საკუთრებაში ქ. ბათუმში, ... ქ. ¹29-ში და ... ქ. ¹17-19-ში მდებარე 1560 კვ.მ მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2007 წლის 17 აპრილს განხორციელებული ცვლილება ქ. ბათუმში ... ქ. 29-ში და ... ქ. ¹17-19-ში მდებარე 1560 კვ.მ მიწის ნაკვეთის აჭარის ა/რ საკუთრებაში დარეგისტრირების თაობაზე; ა. და მ. ტ-ძეების სარჩელი ქ. ბათუმის მერიის მიმართ შენობა-ნაგებობების დემონტაჟის დავალდებულების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. და მ. ა-ძეებმა. აპელანტებმა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ, საჯარო რეესტრში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, თ. ა-ძის საკუთრებაში 2472 კვ.მ მიწის ნაკვეთის აღდგენა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში მესამე პირად ჩაება ი. ბ-შვილი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება ა. ტ-ძის, მ. ტ-ძის, თ. ა-ძისა და მ. ა-ძის სასარჩელოს განცხადებების დაკმაყოფილებისა და სასამართლოს ხარჯების განაწილების ნაწილში და მისი შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. ტ-ძის, მ. ტ-ძის, თ. ა-ძისა და მ. ა-ძის სასარჩელო განცხადებები არ დაკმაყოფილდა; თ. ა-ძისა და მ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. და მ. ტ-ძეებმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრეს თ. ა-ძემ და მ. ა-ძემ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 სექტემბრის განჩინებით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ტ-ძისა და მ. ტ-ძის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებით თ. ა-ძისა და მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ტ-ძისა და მ. ტ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, ა. ტ-ძეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ტ-ძისა და მ. ტ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება;
3. ა. ტ-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.