Facebook Twitter

ბს-1028-986(2კ-კს-09) 11 იანვარი, 2010წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ თ. ბ-ძე

დავის საგანი – ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. ბ-ძემ 2008 წლის 1 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დავალებოდა სამუშაოდან დათხოვნისას მიუღებელი თანხების ანაზღაურება, კერძოდ, ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების _ 7 440 ლარის, 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების _ 3500 ლარის, 2005 წლის კადრების განკარგულებაში და კუთვნილ შვებულებაში ყოფნის პერიოდში დაკლებული თანხის _ 1727,5 ლარის, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მივლინების თანხის _ 5390 ევროსა და ფორმის ტანსაცმლის კომპენსაციის _ 1010 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქმის განხილვისას, მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელის მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისათვის ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების (თანამდებობრივი სარგოსა და წოდებრივი სარგოს თორმეტმაგი ოდენობის) _ 4320 ლარის, 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების _ 3769 ლარის, 2005 წლის კადრების განკარგულებაში და კუთვნილ შვებულებაში ყოფნის პერიოდში დაკლებული თანხის _ 1727,5 ლარის, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მივლინების თანხის _ 5390 ევროსა და ფორმის ტანსაცმლის კომპენსაციის _ 1010 ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის - თ. ბ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა თ. ბ-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების, თანხით - 4320 ლარის ოდენობით, ასევე სახელფასო დავალიანების - 2007,18 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელე თ. ბ-ძეს უარი ეთქვა 2005 წლის კადრების განკარგულებაში და კუთვნილ შვებულებაში ყოფნის პერიოდში დაკლებული თანხის მიკუთვნების ნაწილში უსაფუძვლობის გამო; ასევე _ კვების, ფორმის ტანსაცმლის კომპენსაციისა და სამივლინებო თანხის მიკუთვნების ნაწილში უარი ეთქვა ხანდაზმულობის გამო.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლებისა) მიხედვით (მათ შორის, ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების ჩათვლით), ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით (2007 წლის 21 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია). “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 611-ე პუნქტის საფუძველზე შეჩერებულ იქნა ამ ბრძანებულების 331-ე პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების მიღების უფლების რეალიზაცია 2006 წლის 1 იანვრამდე, მაგრამ არ გაუქმებულა ხსენებული ბრძანებულებით განსაზღვრული და დადგენილი ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის პირობა და წესი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების თანხის დაკისრების შესახებ იყო საფუძვლიანი. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე თ. ბ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ანაზღაურება ფულადი სარგოს ხუთმაგი ოდენობით – 4320 ლარი. სასამართლომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლზე მითითებით ასევე საფუძვლიანად მიიჩნია სარჩელის მოთხოვნა მოპასუხის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თ. ბ-ძის სასარგებლოდ 2007,18 ლარის დაკისრების ნაწილში.

მოსარჩელის - თ. ბ-ძის მოთხოვნას 2005 წლის კადრების განკარგულებაში და კუთვნილ შვებულებაში ყოფნის პერიოდში დაკლებული თანხის დაკმაყოფილების ნაწილში უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო, რამდენადაც სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თ. ბ-ძის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რითაც დადასტურებული იქნებოდა აღნიშნული დავალიანების არსებობა. თ. ბ-ძის მოთხოვნა სამივლინებო თანხის - 5390 ევროს დაკისრების თაობაზე, ასევე კვებისა და ფორმის ტანსაცმლის კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე სასამართლომ მიიჩნია ხანდაზმულად და უარი უთხრა მის დაკმაყოფილებაზე და მიუთითა, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტიდან გამომდინარე დანამატის სტატუსი არ აქვს მინიჭებული; კვების და ტანსაცმლის კომპენსაცია, არ წარმოადგენს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულზე ვრცელდება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა იყო ხანდაზმული. ამავე საფუძვლით უარი ეთქვა თ. ბ-ძის სასარჩელო მოთხოვნას სამივლინებო თანხის მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და თ. ბ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. ბ-ძის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა თ. ბ-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ფულადი სარგოს თორმეტმაგი ოდენობისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და 1998-2000 წლების დარიცხული სახელფასო დავალიანების _ 2943,18 ლარის ანაზღაურება; თ. ბ-ძის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრება სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით და ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მართებულად გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.1 და 38.1 მუხლები, რომელთა თანახმად, მოხელეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან, სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომლის გასტუმრებაზეც პასუხისმგებელია ის დაწესებულება, სადაც იგი მუშაობდა, ანუ, ამ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.4 მუხლის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინასების შემცირების საფუძველი. ამ კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 134I-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან განთავისუფლებისას) დანაწესის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებული კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა განხორციელდება დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება, მაგრამ სპეციალური დათქმის მიხედვით იგი არ მოიცავს საჯარო მოსამსახურისათვის განსაზღვრული კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულებასაც. ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის 21.1 მუხლის თანახმად, წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს 2009 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ასიგნებები. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1 მუხლის (1997 წლის 1 დეკემბრიდან ამოქმედებული რედაქცია) მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), ხოლო ამ მუხლის პირველ პუნქტში 1998 წლის 20 თებერვლს ¹1248-II საქართველოს კანონით შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების მიხედვით, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. ამავე კანონში 2005 წლის 23 დეკემბერს ¹2470-რს კანონით შეტანილი დამატებებისა და ცლილებების შედეგად 37.1 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. სააპელაციო პალატის მოსაზრებით სამხედრო მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) არ მოიცავს ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით სამხედრო მოსამსახურეთათვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმით გათვალისწინებული სასურსათო ულუფისა (კვებისა) და ფორმის ტანსაცმლის შესაბამის ფულად კომპენსაციას. სასურსათო ულუფისა და ფორმის ტანსაცმელის შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) შემადგენელ კომპონენტს, წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები ფულადი კომპენსაციის სახეებს და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 134I-ე მუხლი ამ სახის კომპენსაციებზე არ ვრცელდება. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ფაქტისა და სარჩელის აღიარება არ წარმოადგენს იდენტურ ცნებას. ფაქტის აღიარება არის მტკიცებულება, ხოლო სარჩელის აღიარება არის დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე განკარგვითი აქტი. ფაქტის აღიარება, თავის მხრივ, არ წარმოადგენს სარჩელის აღიარებას. ამრიგად, განსახილველი დავის შემთხვევაში არ არსებობს სადავო ვალდებულების ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის და მისი დინების ხელახლა დაწყების საფუძველი. პალატამ არ გაიზიარა აპელანტ თ. ბ-ძის მოსაზრება, რომ მის მიმართ არასწორად არ იქნა გათვალისწინებული დანამატის კატეგორია, რადგან ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მომსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე და 331-ე პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა ერთჯერადი დახმარების სახით ფულადი სარგოს წელთა ნამსახურობის მიხედვით გაცემის წესი. ამავე ბრძანებულების მე-9 პუნქტით დადგინდა სამხედრო მოსამსახურისათვის ფულადი სარგოების ¹1 დანართის შესაბამისად, დაწესების პირობები და ამავე პუნქტით განისაზღვრა ფულადი სარგოს შემადგენლობა, რომელმაც მოიცვა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები. მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 იანვრის ¹17 და 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულებებით განხორციელებული ცვლილებებისა, ბრძანებულების მე-9 პუნქტი დარჩა უცვლელად, რომლითაც ფულადი სარგო წარმოდგენილია მხოლოდ ორი კომპონენტით _ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოთი. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მომსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებით დამტკიცებულ ¹1 დანართში საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 იანვრის ¹17 და 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულებით განხორციელებული ცვლილებებით ფულადი სარგოების ნუსხას დაემატა მე-3 კომპონენტი _ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების კატეგორიები, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულების შენიშვნის მე-5 პუნქტით სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და დანამატების კატეგორიების განსაზღვრის უფლებამოსილება მიენიჭა საქართველოს თავდაცვის მინისტრს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ თ. ბ-ძისათვის განსაზღვრული დანამატის დანიშვნის შესახებ დოკუმენტი მხარეთა მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი “საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით”.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” 331-ე პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურების წლების მიხედვით ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით, ხოლო ამ ბრძანებულების 33-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით 20 წელი და მეტი ნამსახურობის წლებისათვის გაიცემა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოს თორმეტმაგი ოდენობით. 2004 წლის 31 დეკემბრის ¹640 კანონით ამ ბრძანებულებაში დამატებული 611-ე პუნქტის მიხედვით ამ ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება შეჩერებულ იქნა 2006 წლის 1 იანვრამდე.

სააპელაციო პალატამ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა აპელანტის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება აღნიშნულზე და ჩათვალა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 611-ე პუნქტის საფუძველზე შეჩერებულ იქნა ამ ბრძანებულების 331-ე პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების მიღების უფლების რეალიზაცია 2006 წლის 1 იანვრამდე, მაგრამ არ გაუქმებულა ამ ბრძანებულებით განსაზღვრული სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის _ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის პირობა და წესი. სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ - თ. ბ-ძემ სამხედრო სამსახურში იმსახურა 25 წელზე მეტი და მისი თანამდებობრივი სარგო შედგენდა 300 ლარს, ხოლო წოდებრივი _ 60 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელეს - თ. ბ-ძეს უნდა ანაზღაურებოდა კუთვნილი ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ნამსახურების წლების (20 წელზე მეტი) მიხედვით თორმეტმაგი ოდენობა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) და არა ხუთმაგი ოდენობა, როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში იყო მითითებული.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება იმის თაობაზე, რომ თ. ბ-ძის მოთხოვნა სამივლინებო თანხის - 5 390 ევროს დაკისრების, ასევე კვებისა და ფორმის ტანსაცმლის კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე არის ხანდაზმული და უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე, რადგან “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტის შესაბამისად, “დანამატის სტატუსი არ აქვს მინიჭებული” და არ წარმოადგენენ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს. ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, აღნიშნულზე ვრცელდება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა წარმოადგენდა ხანდაზმულს და უარი ეთქვას მას დაკმაყოფილებაზე. ამავე საფუძვლით, ხანდაზმულობის გამო, უარი უნდა თქმოდა მოსარჩელეს - თ. ბ-ძეს სამივლინებო თანხის მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე.

სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ თ. ბ-ძე კადრების განკარგულებაში გაყვანილ იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 20 აპრილის ¹1203 ბრძანებით, ამ პერიოდისათვის კი საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 32-ე მუხლით კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდებოდა ფულადი სარგო ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაცია არა უმეტეს ორი თვისა, რაც ჩარიცხულ იქნა მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში. ასევე ანაზღაურებულ იქნა მისი კუთვნილი 2004 წლის საშვებულებო თანხაც. საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის 2005 წლის 2 მარტის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2005 წლის 2 მარტის ბრძანება ¹45-ით დადგენილია, რომ ... დეპარტამენტის უფროსს პოლკოვნიკ თ. ბ-ძეს მიეცა 2004 წლის კუთვნილი შვებულება 2005 წლის 21 მარტიდან 5 მაისამდე, 45 დღე-ღამის ოდენობით. აღნიშნული შვებულების ანაზღაურების დამადასტურებელი უწყისით, დადგენილია, რომ თ. ბ-ძეს აუნაზღაურდა როგორც თანამდებობრივი, ისე წოდებრივი სარგო, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი ნამსახურებისათვის და კვების კომპენსაცია _ სულ 808,70 ლარი.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ბ-ძემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თ. ბ-ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორმა _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლით _ საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. აქედან გამომდინარე, კანონიერია, საჯარო შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობისას წარმოშობილი დავის დროს გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი. კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტია, მაგრამ მისი ნორმები ხშირ შემთხვევაში იმ ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებადაც გვევლინება, რომლებიც თავისი შინაარსით წარმოადგენენ ადმინისტრაციულ (საჯარო) ურთიერთობებს. რაც "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. ამდენად, სახელფასო დავალიანებების ხანდაზმულობის საკითხზე, რომელიც არ წესრიგდება მითითებული კანონით, უნდა გავრცელდეს შესაბამისი კანონმდებლობა, ანუ: ა) იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის ვალდებულებას მიეცა სახელშეკრულებო ვალდებულების კვალიფიკაცია, ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამსახურებრივ საკითხზე მოქმედების განხორციელების ვალდებულების კვალიფიკაცია, ვრცელდება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა. სსკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, როგორც სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელეს უნდა მიეღო თითოეული თვის ხელფასი.

კასატორმა განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებაში საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 12 დეკემბრის ¹640 ბრძანებულებით შევიდა ცვლილება, რომლითაც აღნიშნულ ბრძანებულებას დაემატა 331-ე მუხლი, შეიცვალა 33-ე პუნქტის რედაქცია და ¹493 ბრძანებულებას დაემატა 611-ე მუხლი, რომელმაც 2006 წლის 1 იანვრამდე შეაჩერა 33-ე მუხლის მოქმედება.

კასატორის განმარტებით, ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერებას ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი პირდაპირ არ ითვალისწინებს. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, განმარტებით ბარათში აისახება ნორმატიული აქტების მიღების მიზეზი და მისი ძირითადი მახასიათებლები. საქართველოს პრეზიდენტის 31.12.2004 წლის ¹640 ბრძანებულების პროექტის განმარტებითი ბარათის შესაბამისად, ბრძანებულების 331-ე მუხლის მოქმედების შეჩერებით კანონმდებელმა დროებით არ შეაჩერა, ან გადაავადა ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი თანხების გაცემის ვალდებულება, არამედ გაათავისუფლა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებულების შესრულებისაგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ბ-ძისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 სექტემბრის განჩინებით თ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თ. ბ-ძის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თ. ბ-ძისათვის სახელფასო დავალიანების _ 2943,18 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნას დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თ. ბ-ძის სასარგებლოდ 1998-2000 წლების დარიცხული სახელფასო დავალიანების _ 2943,18 ლარის დაკისრების ნაწილში; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების თ. ბ-ძისათვის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და ამ ნაწილში საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს თ. ბ-ძისათვის ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ანაზღაურების საფუძვლიანობის შემოწმება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილ იყვნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან ავადმყოფობის გამო, ნამსახური წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახური წლებისა) მიხედვით (მათ შორის, ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახური წლების ჩათვლით), ეძლეოდათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით ა) 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) _ სამმაგი; ბ) 2-დან 10 წლამდე _ ხუთმაგი, ხოლო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს 10 წლამდე _ ექვსმაგი; გ) 10-დან 15 წლამდე _ რვამაგი; დ) 15-დან 20 წლამდე _ ათმაგი; ე) 20 და მეტი წლით _ თორმეტმაგი.

ზემოხსენებული ბრძანებულების 331-ე პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილ იყვნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახური წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახური წლებისა) მიხედვით (მათ შორის, ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახური წლების ჩათვლით), ეძლეოდათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 611-ე პუნქტის თანახმად, ამ ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება განახლდა 2006 წლის 1 იანვარს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე მუხლი ამოღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 სექტემბრის ¹531 ბრძანებულებით, ხოლო სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2008 წლის 1 აპრილს. ამდენად, სარჩელით მიმართვის მომენტისათვის არ არსებობდა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს განისაზღვროს, მოახდინა თუ არა მოსარჩელემ უფლების რეალიზება ნორმის მოქმედების დროს ადმინისტრაციულ ორგანოში მიმართვის გზით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია მტკიცებულებები იმის თაობაზე, მოახდინა თუ არა მოსარჩელემ _ თ. ბ-ძემ უფლების რეალიზება ნორმის მოქმედების დროს ადმინისტრაციულ ორგანოში მიმართვის გზით, ხოლო საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ დაადგენს აღნიშნულ გარემოებებს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის “გ” და “ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება (განჩინება) ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, დაადგინოს და შეაფასოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რისთვისაც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.