ბს-1031-1002(კ-10) 2 მარტი, 2011 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – კ. რ-იანი
სარჩელზე მოპასუხე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.10წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი – სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე მართლზომიერი მფლობელების საფუძვლით საკუთრების უფლების რეგისტრაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
კ. რ-იანმა 12.08.09წ. სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მართლზომიერ მფლობელობაში აქვს ქ. ამბროლაურში “...” სასადილოს შენობა და მის მიერ დაკავებული 2286 კვ.მ. ნაკვეთი, რომლის რეგისტრაციის მოთხოვნითაც მიმართა ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურს. მარეგისტრირებელმა ორგანომ უკანონოდ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, რაც გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით შეტანილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე სააგენტოს უარი მიაჩნია უკანონოდ იმის გათვალისწინებით, რომ ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 01.04.09წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრს დავალდებუდებული ჰქონდა მის სასარგებლოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ხოლო ადმინისტრაციულმა ორგანომ უარყო მისი მოთხოვნა.
მოსარჩელემ მოითხოვა სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის 29.04.09წ. ¹04 გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.06.09წ. ¹125341 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.08.09წ. განჩინებით საქმე განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეგზავნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 10.02.2010წ. გადაწყვეტილებით კ. რ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ კ. რ-იანს სარეგისტრაციო სამსახურისათვის არ წარუდგენია უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი, შესაბამისად არ დასტურდებოდა 2886 კვ.მ. ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის წარმოშობის ფაქტი, რაც სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი იყო.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 10.02.2010წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა კ. რ-იანის მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 21.05.2010წ. გადაწყვეტილებით კ. რ-იანის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 10.02.10წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კ. რ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის 29.04.09წ. ¹04 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.06.09წ. ¹125341 გადაწყვეტილება, ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ამბროლაურში, …... ქ. ¹2-ში მდებარე ყოფილი “...” შენობისა და მასზე დამაგრებული 1000 კვ.მ. ნაკვეთზე კ. რ-იანის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ, კ. რ-იანის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 01.04.09წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ კ. რ-იანი, როგორც დაინტერესებული პირი, უფლებამოსილი იყო მიემართა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის, რადგან კ. რ-იანს მართლზომიერ მფლობელობაში აქვს 1000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, რასაც ადასტურებს 29.09.1966წ. აღმასკომის ¹73 გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ამბროლაურის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაეფუძნა სასკ-ის 33-ე მუხლზე და აღნიშნულ ნორმაზე მითითებით დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურს) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ჩათვალა, რომ კ. რ-იანს მართლზომიერ მფლობელობაში აქვს ე.წ. ... სასადილოს შენობა და მასზე დამაგრებული 1000 კვ.მ. ნაკვეთი. უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის წარუდგენლობა პალატამ არ მიიჩნია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლად, ვინაიდან სკ-ის 183-ე მუხლში 08.12.06წ. შეტანილი ცვლილებების თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, შესაბამისად ნოტარიულად დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების წარმოდგენის მოთხოვნა არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს. კანონიერ ძალაში შესული რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელი ორგანოსათვის სასკ-ის 33.1 მუხლის საფუძველზე კ. რ-იანის მიმართ აქტის გამოცემის დავალების შედეგად, სასამართლო ავალებდა მარეგისტრირებელ ორგანოს გადაწყვეტილების მიღებას “საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის და “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონის საფუძველზე, რომლის მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტზე, 41 მუხლზე მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის 15.09.07წ. ¹525 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის “ა”, “გ” ქვეპუნქტებზე მითითებით პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარეგისტრაციო სამსახურს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის მე-10 მუხლის მოთხოვნით კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალის შესახებ, ამავე კოდექსის 266-ე მუხლით, რომლითაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძვლით. პალატამ მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო სამსახურს სარეგისტრაციო წარმოების დასაწყებად გააჩნდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.06წ. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 57.1 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი – რაიონული სასამართლოს 01.04.09წ. გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება მიეღო გადაწყვეტილება კ. რ-იანის მიმართ აქტის გამოცემის თაობაზე, რა დროსაც არ მოქმედებს ინსტრუქციის ის ნორმები, რომლებიც თავისი არსით სავალდებულოა მხოლოდ დაინტერესებული პირის განცხადების მიმართ (57.3 მუხ.). სარეგისტრაციო სამსახური ვალდებული იყო აღესრულებია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და კ. რ-იანის განცხადების გარეშე გამოეცა სასამართლოს მიერ დავალებული ადმინისტრაციული აქტი. პალატამ არ გაიზიარა მოპასუხეთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ 01.04.09წ. გადაწყვეტილებით სასამართლოს არ დაუვალებია საკითხის გადაწყვეტა, არ მიუთითებია აქტის შინაარსი, და რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სარეგისტრაციო სამსახურს შეეძლო საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. პალატამ მიიჩნია, რომ 01.04.09წ. გადაწყვეტილებით ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოება კ. რ-იანის 1000 კვ.მ. ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის შესახებ, იმავე გადაწყვეტილებით სასამართლომ განმარტა სასკ-ის 33-ე მუხლის დისპოზია და აღნიშნული ნორმის საფუძველზე დაავალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურს კ. რ-იანის საქმესთან დაკავშირებით აქტის გამოცემა. სასკ-ის 33.1 მუხლით, თუ აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს გამოსცეს აქტი, მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს აქტის გამოცემის ვადას. სასამართლო გადაწყვეტილებაში არ არის მითითება სასკ-ის 32-ე მუხლზე, შესაბამისად 01.04.09წ. გადაწყვეტილება არ იძლევა მისი სხვაგვარი ინტერპრეტაციის საფუძველს. სარეგისტრაციო სამსახურს შეეძლო მოეთხოვა გადაწყვეტილების განმარტება და არა გადაწყვეტილებით დავალებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. სსკ-ის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, ასეთია საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები, თუ სხვა საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით კ. რ-იანის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი აღნიშნავს, რომ ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 01.04.09წ. გადაწყვეტილებით არ დადგენილა რა შინაარსის უნდა ყოფილიყო გამოსაცემი აქტი. კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ ამბროლაურის ... რწმუნებულთა კრების 24.03.98წ. ¹3 ოქმის ამონაწერის თანახმად, დაკმაყოფილდა მეპაიე კ. რ-იანის თხოვნა და მიეყიდა სასადილო. აღნიშნული სასამართლომ მიიჩნია ფორმის დაცვით დადებულ გარიგებად, მაშინ როდესაც იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელი იყო ნოტარიულად დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ რეგისტრაციისათვის არ იყო საჭირო ნოტარიულად დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების წარდგენა. აღნიშნულს არ ადასტურებს სკ-ის 183-ე მუხლში 08.12.06წ. შეტანილი ცვლილებები, რომელთა თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. საქმეზე დადგენილად არის მიჩნეული, რომ ამბროლაურის რაიკოოპერატივის გამგეობის 05.04.98წ. გადაწყვეტილებით დადგინდა შენობის კ. რ-იანისათვის მიყიდვა, ამბროლაურის ... რწმუნებულთა კრების ¹3 ოქმით რწმუნებულთა კრებამ კ. რ-იანის თხოვნა დააკმაყოფილა და მას მიეყიდა ... (პავილიონი) 01.04.98წ. მდგომარეობით. რწმუნებულთა კრების ამონაწერი გადაეგზავნა ცეკავშირის ქონების მართვის კომისიას დასადასტურებლად. ცეკავშირის გამგეობის სხდომის 07.03.2000წ. ¹1 ოქმის ამონაწერის თანახმად, ... თხოვნა დაკმაყოფილდა და ნება დაერთო მის ბალანსზე რიცხული შენობის გაყიდვაზე. საკასაციო სასამართლო ყუადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი კანონმდებლობა უძრავი ქონების შეძენისათვის სავალდებულო წესით მოითხოვდა ნოტარიულად დამოწმებულ საბუთს. ამჟამად მოქმედი სკ-ის 3111 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით დადგენილი გარიგება, გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობა კანონით დადგენილი წესით უნდა იყოს დამოწმებული, გარდა იმ შემთვევისა, როდესაც გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ თავად მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. საქმეში არ მოიპოვება უძრავი ქონების ნასყიდობის არც სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება და არც სკ-ის 3111 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად წერილობითი ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი გარიგება.
დაუსაბუთებელია აგრეთვე სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამბროლაურის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი 01.04.09წ. გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება არა სასკ-ის 32-ე, არამედ 33-ე მუხლის საფუძველზე, ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კ. რ-იანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ აქტის გამოცემის დავალებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კანონიერ ძალაში მყოფი 01.04.09წ. გადაწყვეტილებით რაიონულ სასამართლოს არ განუსაზღვრავს გამოსაცემი აქტის შინაარსი, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სარეგისტრაციო სამსახურს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა მოსარჩელის უფლებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით ითვალისწინებს სხვადასხვა პროცესუალური საშუალებების გამოყენების შესაძლებლობას. სასკ-ით გათვალიწინებული შესაბამისი სარჩელის სახეობის გამოყენება დამოკიდებულია იმ მიზანზე, რომელსაც ისახავს მოსარჩელე. სასკ-ის 23-ე მუხლით გათვალისწინებული მავალდებელი სარჩელით პირი მიმართავს სასამართლოს არსებული მდგომარეობის შეცვლის და შესაბამისად, მისთვის ხელსაყრელი მდგომარეობის მიღწევის მიზნით. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელის დასაშვებობის პირობებს სასკ-ის 23-ე მუხლი, ხოლო სარჩელის საფუძვლიანობის პირობებს 33-ე მუხლი განსაზღვრავს. აქტის არსებობას, აქტის გამოცემაზე უარის თქმას უკავშირდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელის დასაშვებობა. სასკ-ის 23-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოში მავალდებელი სარჩელის აღძვრამდე პირს მიმართული უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში აქტის გამოცემაზე უარი არის სასკ-ის 23-ე მუხლით დადგენილი დასაშვებობის წინაპირობა. უარის თქმაში იგულისხმება როგორც წერილობითი უარი, რომლითაც დაინტერესებული პირის მოთხოვნა შესაძლოა სრულად ან ნაწილობრივ იქნეს უარყოფილი, ასევე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის განსაზღვრული ვადის დარღვევა, ანუ ვადაში აქტის არ გამოცემა, უკანასკნელი არის ადმინისტრაციული ორგანოს ე.წ. უმოქმედობით უარის თქმა (ვირტუალური უარი).
მოსარჩელისათვის აქტის გამოცემაზე უარის შემთვევაში სარჩელის მიზანი არის არა აქტის გამოცემაზე უარის გაუქმება, არამედ აქტის გამოცემა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის კანონიერების დასადგენად მოწმდება არა უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები, არამედ აქტის გამოცემაზე მოსარჩელის უფლების სამართლებრივი საფუძველი. აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლოა დაევალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სასამართლო უფლებამოსილია აგრეთვე თავად მოაწესრიგოს სადავო საკითხი, უკეთუ სადავო საკითხის მოსაწესრიგებლად არარის საჭირო საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევა და საკითხი დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს არ განეკუთვნება. ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას სასამართლო ახდენს იმ შემთვევაში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას სრულყოფილად არ არის შესწავლილი საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ასეთ ვითარებას მით უფრო აქვს ადგილი განსახილველ შემთვევაში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის დარღვევის ანუ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაინტერესებული პირის განცხადებაზე უმოქმედობის შემთვევაში, რაც ნათლად ადასტურებს, რომ ორგანოს არ აქვს შესწავლილი აქტის გამოცემის ფაქტიური და სამართლებრივი საფუძვლები. სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათი არ გამორიცხავს სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის სადავო საკითხის გადასაჭრელად საჭირო გარემოებების გამოკვლევის შემდეგ აქტის გამოცემის დავალებას. სასამართლოს ეს უფლებამოსილება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს ემყარება, რაც გამორიცხავს მმართველობითი ფუნქციების სასამართლო ორგანოებისათვის გადაკისრების შესაძლებლობას, მოაქცევს სასამართლოს იურისდიქციული, დავის გადამწყვეტი საქმიანობის საზღვრებში. სასკ-ის მე-19 მუხლით განსაზღვრული სასამართლოს უფლებამოსილება საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები ვრცელდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმების, სასამართლოს აქტით სადავო საკითხის მოწესრიგების შემთხვევაში, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის აქტის გამოცემის დავალების შემთვევაში სასკ-ის მე-19 მუხლის მოთხოვნები არ მოქმედებს. სზაკ-ის 96.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მიიღოს გადაწყვეტილება ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კ. რ-იანმა მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების მოთხოვნით განცხადებით კომისიას მიმართა 10.06.08წ., კომისიის მიერ განცხადება არ განხილულა, საქართველოს პრეზიდენტის 15.09.07წ. ¹525 ბრძანებულების მე-14 მუხლის შესაბამისად განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში კომისიას არ მიუღია გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონში 05.12.08წ. კანონით შეტანილი ცვლილების შედეგად, სადავო საკითხის განხილვა – გადაწყვეტა არ განეკუთვნებოდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის კომპეტენციის სფეროს. აღნიშნულის შესაბამისად, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 26.02.09წ. განჩინებით საქმეში მოპასუხის უფლებამონაცვლედ ჩაერთო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახური, რის შედეგადაც, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 01.04.09წ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიეთითა, რომ კ. რ-იანის მოთხოვნას სასამართლო ვერ დააკმაყოფილებს, რადგან რეესტრის სამსახური მოპასუხედ ჩაბმულ იქნა როგორც უფლებამონაცვლე, სასამართლოს მთავარ სხდომაზე, სასამართლომ მიუთითა აგრეთვე, რომ მოპასუხედ ჩაბმულ რეესტრის სამსახურს აღნიშნულ საქმეზე არ განუხორციელებია კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, გაწერილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.06წ. ¹800 ბრძანებით დამტკიცებული “უძრავ ნივთებზე რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციაში. ამდენად, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არც კომისიას და არც საჯარო რეესტრის სამსახურს არ შეუსწავლია საქმის ფაქტობრივი და მატერიალური საფუძვლები, ასეთი არც სასამართლოს გამოუკვლევია, საკითხის ყველა გარემოების გამოკვლევის საჭიროება გამორიცხავდა სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოსაცემი აქტის შინაარსის წინასწარ განსაზღვრას. ასეთ პირობებში ადმინისტრაციული ორგანოსათვის აქტის გამოცემის დავალება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის სზაკ-ის მოთხოვნათა სრული დაცვით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას აქტის გამოცემის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე აქტის გამოცემა დასაშვებია თუ სახეზეა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, ამასთანავე აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის და შეფასების გარეშე. სასკ-ის 33-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს მავალებელი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს აქტით ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას იმ შემთვევაში, როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა აქტი აქტის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ ან საერთოდ არ გამოსცა აქტი, რაც უთანაბრდება აქტის გამოცემაზე უარის თქმას. ამდენად, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანა კონკრეტული აქტის არსებობას უკავშირდება, 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოუცემლობის პირობებში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის განსაზღვრული ვადის დარღვევა განიხილება სასკ-ის 23-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დასაშვებობის ფორმალურ ელემენტად. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია სასკ-ის 33-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ ორგანოს, გამოსაცემი აქტის შინაარსის წინასწარ განსაზღვრის გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალოს. ადმინისტრაციული ორგანო თავის მხრივ უფლებამოსილია საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, სასკ-ის 33-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის აქტის გამოცემის დავალება უპირობოთ არ ადასტურებს ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ მოსარჩელისათვის სასურველი აქტის გამოცემის ვალდებულებას, აღნიშნული დასტურდება აგრეთვე სასკ-ის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსით, რომელიც სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას თავისი განჩინებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი, თუ აღნიშნული ითვალისწინებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და არ საჭიროებს საქმის დამატებით გამოკვლევას, ამასთანავე საკითხი არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.
ვინაიდან ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 01.04.09წ. გადაწყვეტილებით არ მომხდარა საქმის არსებითი გადაწყვეტა, ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად დაევალა ახალი აქტის გამოცემა, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში რაიონული სასამართლოს 01.04.09წ. გადაწყვეტილების პრეიუდიციულად დადგენილ ფაქტებზე (სსკ-ის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი, 266-ე მუხ.) მითითება. “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრების მართლზომიერი ფლობა (სარგებლობა), თვითნებურად დაკავებასთან ერთად, წარმოადგენს პირის დაინტერესებულ პირად მიჩნევის საფუძველს, რომლის წერილობითი განცხადება, ამავე კანონის მე-5.1 მუხლის მიხედვით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია. ამდენად, სასამართლოს 01.04.09წ. გადაწყვეტილებაში მითითება მართლზომიერ მფლობელობაზე ადასტურებს სასამართლოს მიერ კ. რ-იანის დაინტერესებულ პირად მიჩნევას, რომელიც უფლებამოსილი იყო მიემართა კომისიისათვის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, და არა მართლზომიერ მფლობელობას და ადმინისტრაციული ორგანოსათვის მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების დავალებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ამბროლაურის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 01.04.09წ. გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა კ. რ-იანის მოთხოვნის დაკმაყოფილება და აქტის გამოცემით კ. რ-იანის მოთხოვნის დაკმაყოფილება. სააპელაციო პალატის ხსენებული დასკვნა არ ემყარება საქმის მასალებს, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ტექსტს, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებია, არასწორად განმარტა კანონი, რაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. ვინაიდან სააპელაციო პალატას არსებითად არ უმსჯელია სადავო საკითხზე, კერძოდ საჯარო რეესტრის ამბროლაურის სამსახურის მიერ რეგისტრაციის შეჩერების კანონიერებაზე, სააპელაციო სასამართლო სათანადო საფუძვლის გარეშე შემიფარგლა სარეგისტრაციო სამსახურის სადავო აქტის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისადმი შეუსაბამისაბაზე მითითებით და არ იქონია მსჯელობა სადავო აქტის კანონიერებაზე, სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი – გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება არის შეუძლებელი. სსკ-ის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, სსკ-ის 412-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, წარმოადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების პირობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.10წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.