Facebook Twitter

ბს-1043-1014(კ-10) 26 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივნისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე მ. მ-იას, შ. კ-იას, კ. კ-იასა და სხვათა სარჩელის გამო ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2010 წლის 22 მარტს მ. მ-იამ, შ. კ-იამ, კ. კ-იამ და სხვებმა (16 პირმა) სარჩელი აღძრეს ფოთის საქალაქო სასამართლოში ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ მოპასუხისათვის ... წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება (იხ. ს.ფ. 3-12).

ფოთის საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (იხ. ს.ფ. 64-66).

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით მ. მ-იას, შ. კ-იას, კ. კ-იასა და სხვების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ფოთის რეგიონალურ ცენტრს მ. მ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 987,24 ლარის, შ. კ-იას სასარგებლოდ _ 1001,79 ლარის, კ. კ-იას სასარგებლოდ – 877,04 ლარის, ნ. უ-ავას სასარგებლოდ – 979,79 ლარის, ა. რ-ავას სასარგებლოდ _ 947,14 ლარის, დ. კ-იას სასარგებლოდ – 955,65 ლარის, ტ. ქ-ავას სასარგებლოდ – 850,65 ლარის, ო. ზ-უას სასარგებლოდ – 957,02 ლარის, ჯ. კ-იას სასარგებლოდ – 834,49 ლარის, მ. ე-იას სასარგებლოდ _ 934,64 ლარის, ჯ. ჩ-ავას სასარგებლოდ – 615,83 ლარის, მ. ც-აიას სასარგებლოდ _ 823,05 ლარის, გ. შ-ავას სასარგებლოდ _ 961,55 ლარის, ლ. ჭ-ავას სასარგებლოდ _ 506,13 ლარის, ო. ჭ-იას სასარგებლოდ – 266,79 ლარისა და მ. კ-იას სასარგებლოდ _ 584,44 ლარის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 95-102).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. მ-იამ, შ. კ-იამ, კ. კ-იამ და სხვებმა (16 პირმა) და მოითხოვეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. ს.ფ. 108-117).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივნისის განჩინებით მ. მ-იას, შ. კ-იას, კ. კ-იასა და სხვების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 177-186).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივნისის განჩინების გაუქმება (იხ. ს.ფ. 192-199).

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 203-204).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 209-211).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი და წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.