Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-1044-1015(კ-10) 29 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა თ. ქ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 მარტის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუახევის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირის _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ.

2009 წლის 10 ივლისს თ. ქ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა შუახევის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუახევის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუახევის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 10 აპრილის ¹02-01 გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 10 ივლისის ¹140205 გადაწყვეტილების, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 15 აპრილის ¹01-22/1229 მიმართვის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუახევის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის სოფელ ..., ... ტერიტორიაზე მდებარე 2700 კვ.მ მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუახევის სარეგისტრაციო სამსახურისათვის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ..., ... ტერიტორიაზე მდებარე 2700 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრაციის დავალდებულება მოითხოვა.

შუახევის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

შუახევის რაიონული სასამართლოს ლიკვდიაციის გამო, 2009 წლის 9 სექტემბერს მოცემული ადმინისტრაციული საქმე შემდგომი განხილვის უზრუნველსაყოფად გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ქ-ძის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ქ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 მარტის განჩინებით თ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ქ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო გაეცნო თ. ქ-ძის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თ. ქ-ძეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 მარტის განჩინების ასლი ჩაბარდა 2010 წლის 31 მაისს (ს.ფ. 250), საკასაციო საჩივარი კი კასატორმა ფოსტას 2010 წლის 8 ივლისს ჩააბარა (ს.ფ. 267), ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად 2010 წლის 1 ივლისს, ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. ქ-ძემ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს თ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.