Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1046-1017(კ-10) 10 ნოემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გ. ვ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 30.04.10წ. განჩინებაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.10წ. განჩინებით გ. ვ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 19.10.09წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ვ-ძემ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით კახაბრის თემის საკრებულოსა და დ. დ-ძეს შორის 20.02.02წ. ¹22/5-343 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის, 01.02.02წ. ტექნიკური პასპორტის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში და კახაბრის თემის საკრებულოს საკომლო წიგნში დ. დ-ძის სახელზე რეგისტრირებული სოფ. ... მდებარე 140.4 კვმ. შენობა-ნაგებობის და 1900 კვმ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.10წ. განჩინებით კასატორ გ. ვ-ძეს დაევალა ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ს. შ-ძის სახელზე გაცემული სასამართლო განჩინების გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების შემცველი მინდობილობა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი. აღნიშნული განჩინება კასატორს 14.08.10წ. ჩაბარდა. გ. ვ-ძის წარმომადგენელმა ს. შ-ძემ 19.08.10წ. შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მან განცხადებაში აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს საქმეზე დართულია 06.01.09წ. სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულება, რომლითაც მინიჭებული აქვს უფლება შეასრულოს ყველა სხვა მოქმედება, რაც პირდაპირ არ არის მითითებული მინდობილობაში, მაგრამ აუცილებელია მარწმუნებლის ინტერესების დასაცავად. ამასთან, იმის გამო, რომ კასატორი გ. ვ-ძე არის მარტოხელა პენსიონერი და განიცდის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას, სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულია იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან, ხოლო 47-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებას სასამართლოს მიერ იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლოს ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, სასამართლოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. მოცემულ შემთხვევაში გ. ვ-ძის მიერ არანაირი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას გაეთავისუფლებინა იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც გ. ვ-ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი მინდობილობა არ შეიცავდა წარმომადგენლის სპეციალურ უფლებამოსილებას აღძრას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.09.10წ. განჩინებით გაგრძელდა იმავე სასამართლოს 30.07.10წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. გ. ვ-ძეს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 05 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის გადახდის ქვითარი და ს. შ-ძის სახელზე გაცემული სასამართლო განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების შემცველი მინდობილობა. აღნიშნული განჩინების კასატორისთვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურიდან ირკვევა, რომ კასატორს და მის წარმომადგენელს ხსენებული განჩინება 02.10.10წ. ჩაჰბარდა (ტ. II, ს.ფ. 119-120), ხოლო ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 07.10.10წ. ოცდაოთხი საათი. მიუხედავად ამისა, გ. ვ-ძის მიერ მითითებული ხარვეზი არ იქნა შევსებული და არც ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავს უზენაესი სასამართლოსთვის, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ვ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.10წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.