ბს-1057-1028(კ-10) 22 დეკემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ნ. მარგველაშვილი
კასატორი _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენართა დაცვის ეროვნული სამსახური, წარმომადგენელი _ ს. B-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ,,...”, წარმომადგენელი – გ. წ-ური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 აპრილის განჩინება
დავის საგანი _ ხელშეკრულების პირობების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 31 მარტს მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს დუშეთის მუნიციპალიტეტში სარჩელით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა მოპასუხე შპს ,,...” მიმართ.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურში 2007 წლის 05 მარტს “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ჩატარდა ტენდერი “ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებაზე” მომსახურების შესყიდვაზე. დუშეთის რაიონში გამარჯვებულად მიჩნეული იქნა შპს “...”, რომელთანაც 2007 წლის 12 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹81, რომელშიც 2007 წლის 27 აპრილს შევიდა ცვლილებები ხელშეკრულების დანართი ¹1 სახით, რომელიც ჩაითვალა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული იქნა მხარეთა ვალდებულებები, კერძოდ, ეროვნულმა სამსახურმა აიღო ვალდებულება აენაზღაურებინა მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების ღირებულება შესყიდვის ობიექტის-მომსახურების მიღების შემთხვევაში. შპს “...” აიღო ვალდებულება მომსახურება გაეწია შემსყიდველისათვის ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებით. ხელშეკრულების საერთო პირობების მე-4 მუხლის და სპეციფიკური პირობების მე-3 მუხლის (2007 წლის 27 აპრილის ცვლილებები ხელშეკრულების დანართი ¹1) შესაბამისად, მიმწოდებელი – შპს “...”, ვალდებული იყო მომსახურება გაეწია მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში ასახული გრაფიკის მიხედვით და მომსახურების სრული ან ნაწილობრივი ეტაპის დამთავრებისთანავე წარედგინა შესაბამის რაიონულ სამმართველოში პირუტყვის მეპატრონეთა სახელობითი სიები თანდართული აქებით, ორ ეგზემპლარად. მიმწოდებელი ვალდებული იყო რაიონის სამმართველოში დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში, რაიონის სამმართველოს მიერ დამოწმებული პირუტყვის მეპატრონეთა სახელობითი სიებისა და თანდართული აქტების დედნები წარედგინა შემსყიდველისათვის. ვაქცინაციის ჩატარებისათვის შპს “...” გადაეცა ჯილეხის საწინააღმდეგო 16 600 დოზა და ცოფის საწინააღმდეგო 4820 დოზა ვაქცინა, თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინა 29 580 დოზა და 8 349 დოზა ღირებულებით 40 756 ლარი და 95 თეთრი. ხელშეკრულების საერთო პირობების 3.1 მუხლისა და სპეციფიკური პირობების მე-2 მუხლის შესაბამისად, სამსახურში შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი ახორციელებდა შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საბოლოო შემოწმებას. ხელშეკრულების საერთო პირობების 5.1 მუხლისა და სპეციფიკური პირობების მე-5 მუხლის თანახმად, მომსახურების მიღება-ჩაბარება შესაძლებელია, როგორც სრულად, ასევე ეტაპობრივად. მომსახურება შესრულებულად ჩაითვლება მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. მიღება-ჩაბარების აქტი შემსრულებელთან გაფორმდება შემსყიდველის უფლებამოსილი პირის მიერ მომსახურების გაწევის ადგილზე შედგენილი აქტის საფუძველზე. ეროვნული სამსახურის ინსპექტირების ჯგუფის მიერ მომსახურების შემოწმების შედეგად შპს “...” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჩაითვალა შეუსრულებლად, რის თაობაზეც ეცნობა მას და დაევალა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 2 986 ლარისა და 27 თეთრის გადახდა, მისთვის გადაცემული ვაქცინების სრული რაოდენობის დაბრუნება ან ვაქცინების ღირებულების 40 756 ლარისა და 95 თეთრის ანაზღაურება.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა მოპასუხე მხარეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის 33 693,20 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 2 986,27 ლარის გადახდა. აგრეთვე, შპს ,,...” დავალებოდა ვაქცინების უკან დაბრუნება ან მისი დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 40756 ლარისა და 95 თეთრის ოდენობით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2009 წლის 6 აპრილის განჩინებით სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სარჩელი შპს ,,...” მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.
2009 წლის 14 სექტემბერს მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა შპს “...” ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის 33 693 ლარისა და 20 თეთრის, ასევე პირგასამტეხლოს სახით 2 986 ლარისა და 27 თეთრის დაკისრება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 2 986, 27 ლარის გადახდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის 33 693,20 ლარის ანაზღაურებაზე; მოპასუხე მხარეს სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულება და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ხასიათის განსაზღვრის ძირითად ელემენტს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ ტენდერში გამარჯვებულ შპს “...” დაიდო შესაბამისი ხელშეკრულება ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებაზე. შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე სარჩელი, რამდენადაც ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებაზე ხელშეკრულების დადებისას, ადმინისტრაციული ორგანო – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური, ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას ადმინისტრაციული კანონმდებლობის - “ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს კანონით დარეგულირებული სპეციალური საკანონმდებლო აქტის საფუძველზე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის მოთხოვნებზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება, როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ისე სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ. ამავე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარის მიერ დაცული არ არის ხელშეკრულებიდან გასვლის ზემოთ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნა. მოსარჩელე მხარეს არ დაუწესებია დამატებითი ვადა შპს “...” ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად. მოსარჩელე მხარის მიერ ასევე დასაბუთებული არ არის დამატებითი ვადის დაწესების ან გაფრთხილების მიზანშეუწონლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და ვაქცინების დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების საფუძვლები და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა არც ზემოთ აღნიშნული გარემოება დასაბუთებული. კერძოდ, დაკარგა თუ არა შემსყიდველმა (სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა) მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულების ინტერესი.
სასამართლოს მოსაზრებით, საქმეზე დასტურდება შპს “...” მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი და არა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულოებლობა. კერძოდ, მოპასუხე შპს “...” შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვაქცინაციის მხოლოდ პირველი ეტაპი. მოპასუხის მიერ ჩატარებული ვაქცინაციის დამადასტურებელი აქტებითა და სახელობითი სიების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად. ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, შპს “...” გეგმით უნდა აეცრა 4 675 სული ძაღლი და კატა, აქტებით გეგმის შესრულებას აკლია 1 991 სული, ხოლო სახელობითი სიებით 2 087 სული. ასევე ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაზე აქტებით აცრილია 13 707 სული მსხვილფეხა პირუტყვი, ხოლო სახელობითი სიებით 13 625 სული მსხვილფეხა პირუტყვი. წვრილფეხა პირუტყვი აქტებით ვაქცინირებულია 9 097 სული, ხოლო სახელობითი სიებით 8 512 სული. ასევე რიგ შემთხვევებში მეტი პირუტყვი იყო აცრილი, ვიდრე სახელობით სიაში იყო ნაჩვენები, ასევე ზოგიერთ შემთხვევებში, რეალურად აცრილია ნაკლები რაოდენობის პირუტყვი, ვიდრე დაფიქსირებულია სახელობით სიაში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა შპს “...” მიერ 2007 წლის 12 მარტის ¹81 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადოდ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას და ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, პასუხისმგებლობა დგება განსაზღვრული პირობების (საფუძვლების) არსებობისას. გარდა იმისა, რომ სახეზე უნდა იყოს ზიანი, მოვალეს პასუხისმგებლობა ასევე დაეკისრება: თუ ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამასთან, სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს აწევს ზიანის არსებობისა და მისი ოდენობის მტკიცების ტვირთი.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარის მიერ, 2007 წლის 27 დეკემბერს, მიღება-ჩაბარების აქტით, მოსარჩელე მხარეს წარედგინა გაუხარჯავი ვაქცინები: 4 250 (34 დოზიანი) + 1 287 (33 დოზიანი) = 5 537 დოზა თურქულის ვაქცინა და 1 760 ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე არ დასტურდება, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული (ფაქტობრივი დანაკლისის სახით) ზიანის არსებობა.
რაც შეეხება, მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების შესახებ, სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი საფუძვლიანია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების (2007 წლის 12 მარტის ¹81 ხელშეკრულების დანართი ¹1) მესამე მუხლის თანახმად, მოპასუხე მხარე მომსახურების სრული ან ნაწილობრივი ეტაპის დამთავრებიდან 5 დღის ვადაში წარუდგენს შემსყიდველ ორგანიზაციას შესაბამისი რაიონული სამმართველოს მიერ დამოწმებული ტექნიკური პირობით მოთხოვნილი მომსახურების გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტაციას. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-10 პუნქტის თანახმად (2007 წლის 12 მარტის ¹81 ხელშეკრულების დანართი ¹1) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1 პროცენტის ოდენობით. ამდენად, პირგასამტეხლო გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით და აღნიშნულის შესახებ მხარეთათვის ცნობილი იყო ხელშეკრულების დადების დროსათვის, რის გამოც სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველი.
სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო, რომ მოპასუხემ თურქულზე ვაქცინაციის ჩატარების პირველი ეტაპის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარადგინა 2007 წლის 13 აგვისტოს – 104 დღის ვადაგადაცილებით. ასევე ცოფზე გატარებული ვაქცინაციის ამსახველი დოკუმენტაცია წარმოადგინა 38 დღის ვადაგადაცილებით. ჯილეხზე ვაქცინაციისა და ბრუცელოზზე გამოსაკვლევად სისხლის აღების დოკუმენტური მასალა წარმოადგინა 53 დღის ვადაგადაცილებით. შესაბამისად, სადავო ხელშეკრულების ღირებულების 0,1 % წეადგენს 29 862.75 X 0,1% = 29.86 (10 ლარი და 56 თეთრი) ლარს. პირგასამტეხლოს თანხა შეადგენს 104 X 29.86 = 3 105,44 ლარს, 38 X 29.86 = 1134,68 ლარს და 53 X 29.86 = 1 582,58 ლარს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი ვიდრე ის მოითხოვდა.
სამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საფუძვლიანი იყო მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხე მხარეს პირგასამტეხლოს სახით დააკისრა 2 986,27 ლარის გადახდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 აპრილის განჩინებით სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო და უცვლელად დარჩენილიყო საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 აპრილის განჩინების ნაწილობრივ გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის პირველი ნაწილის თანამად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების მიხედვით, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება, ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება, ან ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას.
კასატორის მითითებით, მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეესრულდებინა ჯეროვნად, მის მიერ სატენდერო წინადადებაში ასახული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რაც მან დაარღვია. ასეთ ვითარებაში კი შემსყიდველი ვერ განახორციელებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებას – ვეტერინარიის ხაზით ქვეყნის ტერიტორიის კეთილსაიმედოობის დაცვას. ამიტომ დაუკავშირა ეროვნულმა სამსახურმა ურთიერთობის გაგრძელება ვალდებულების დროულ შესრულებას. კასატორის აღნიშვნით, შპს “...” მიერ შემსყიდველ ორგანიზაციაში შეტანილი განცხადებებიც იმაზე მიუთითებს, რომ მიმწოდებელი აღარ შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და შესაბამისად დამატებითი ვადის დაწესებას ან გაფრთხილებას არ მოყვებოდა შედეგი.
კასატორი ასევე აღნიშნავდა, რომ შპს “...” მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას, კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, პასუხისმგებლობა დგება განსაზღვრული პირობების (საფუძვლების) არსებობისას. გარდა იმისა, რომ სახეზე უნდა იყოს ზიანი, მოვალეს პასუხისმგებლობა ასევე დაეკისრება: თუ ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. კონკრეტულ შემთხვევაში, ეს გამოიხატა შემდგოში, მიმწოდებლის მიერ დარღვეულია მომსახურების მოცულობა, მომსახურების მიწოდების ვადები და დოკუმენტაციის წარმოება, მის მიერ არაკეთილსინდისიერად არის განხორციელებული ხელშეკრულების მოთხოვნები და არასწორად არის მითითებული ვაქცინის ხარჯვა, რაც ბრალეული ქმედებაა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედებით სახეზეა ვაქცინების არამიზნობრივი ხარჯვა, რაც კასატორის მითითებით, გულისხმობს სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვას და სწორედ ეს წარმოადგენს ზიანს, რომელსაც ითხოვენ და რაც დადასტურებულია საქმის მასალებით. ინსპექტირების ჯგუფის მიერ გამოვლენილი დარღვევების გამო მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეუსრულებლად ჩაითვალა. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების სახით ვაქცინების ღირებულების გადახდის მოთხოვნაც საფუძვლიანია. კასატორის აღნიშვნით, სასამართლომ ხელშეკრულების შესრულება ჩათვალა არაჯეროვნად, ვერ განსაზღვრა რა ნაწილი ჩაითვალა შესრულებულად და რა არაჯეროვნად, მაშინ როცა მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილია მტკიცებულებები შეუსრულებელი მომსახურების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა- განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2007 წლის 12 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურსა და შპს ,,...” შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ¹81 ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებაზე. აღნიშნული ხელშეკრულების დანართის ტექნიკური დავალების თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება გაეწია შემსყიდველისათვის ზემოაღნიშნული მომსახურეობა 29 862 ლარად და 75 თეთრად. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2007 წლის 31 დეკემბრამდე. 2007 წლის 27 აპრილს, 2007 წლის 12 მარტის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები ხელშეკრულების დანართი ¹1 სახით, რომელიც ჩაითვალა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო შემდეგი სახის ვაქცინაციის ჩატარება: ა) თურქულზე ორ ეტაპად: 10.032007წ. – 25.04.2007წ. და 05.09.2007წ. – 25.10.2007წ. 27111 მსხვილფეხა პირუტყვზე და 18069 წვრილფეხა პირუტყვზე; ბ) ცოფზე: 20.03.2007წ. – 30.06.2007წ. და 01.09.2007წ. – 01.10.2007წ. პერიოდში, 4675-825 ძაღლზე და კატაზე; გ) ჯილეხზე: 30.042007წ. – 15.06.2007წ. 13556 მსხვილფეხა და 9035 წვრილფეხა პირუტყვზე. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრული იყო 1000 სული მსხვილფეხა პირუტყვიდან სისხლის აღება 15.03.2007წ. – 15.06.2007წ. პერიოდში.
შპს ,,...” ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უნდა განეხორციელებინა მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში ასახული გრაფიკის მიხედვით. მომსახურების სრული ან ნაწილობრივი (ეტაპის) დამთავრებიდან 10 დღის ვადაში წარედგინა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურისათვის შესაბამისი რაიონის მიერ დამოწმებული ტექნიკური პირობებით მოთხოვნილი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ინსპექტირების ჯგუფის 2007 წლის 26 ნოემბრის ¹29 ოქმით დადგინდა, რომ შპს ,,...” მიერ დუშეთის რაიონში 12.03.2007 წლის ¹81 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, კერძოდ, ვაქცინაცია თურქულზე, ჯილეხზე, ცოფზე და სისხლის აღება ბრუცელოზზე ჩაითვალა შეუსრულებლად, ინსპექტირებისას გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე. კერძოდ, დარღვეულად ჩაითვალა მომსახურების მოცულობა, მომსახურების მიწოდების ვადები და დოკუმენტაციის წარმოების პროცედურა. 2007 წლის 26 დეკემბერს შპს ,,...” წარმომადგენელსა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელს შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიმღებს შემდგომი გამოყენებისათვის დაუბრუნდა 7 063,75 ლარის ღირებულების გაუხარჯავი ვაქცინები: 4 250 (34 დოზიანი) + 1 287 (33 დოზიანი) = 5 537 დოზა თურქულის ვაქცინა და 1 760 ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მითითებული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქო სამართლებრივ ხელშეკრულებას.
აღნიშნული მუხლის პრინციპებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე მითითებას და თავის მხრივ აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენა დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის შესაბამისად, კი ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების შემთხვევაში მხარეებს წარმოეშობათ მიღებული შემოსავლებისა და სარგებელის ერთმანეთისათვის გადაცემის ვალდებულება. ამ ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. საქმის მასალებით უდავოდაა დადგენილი, რომ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიერ არ იქნა დაცული ხელშეკრულებიდან გასვლის ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შესასრულებლად შპს ,,...” არ იქნა დაწესებული დამატებითი ვადა და დასაბუთებული არ არის დამატებითი ვადის დაწესების ან გაფრთხილების მიზანშეუწონლობის ფაქტის არსებობა. ასევე, არ იქნა დასაბუთებული ის გარემოება, დაკარგა თუ არა შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულების ინტერესი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საკასაციო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაუსაბუთებელია, ვინაიდან, შემსყიდველს გააჩნდა ვალდებულება, შესრულებული სამუშაო შეემოწმებინა სრული მოცულობით, რათა დაედგინა თუ რა ოდენობის ვაქცინა იქნა გახარჯული მიზნობრივად, ხოლო რა ოდენობა გაიხარჯა ხელშეკრულებით გავალისწინებული პირობების, ან ტექნიკური პირობების დარღვევით, რაც იმთავივე უთანაბრდებოდა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობას. ამასთან, მიმწოდებლის მიერ დაბრუნებულ იქნა გამოუყენებლი ვაქცინების ნაწილი, კერძოდ, მიმღებს შემდგომი გამოყენებისათვის დაუბრუნდა 7 063,75 ლარის ღირებულების გაუხარჯავი ვაქცინები: 4 250 (34 დოზიანი) + 1 287 (33 დოზიანი) = 5 537 დოზა თურქულის ვაქცინა და 1 760 ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა. კასატორი ვერ უარყოფს იმ გარემოებას, რომ შპს ,,...” მიერ მოხდა გატანილი ვაქცინების გარკვეული ნაწილის მოხმარება. კასატორი უთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ შესრულებული სამუშაოს შერჩევითი შემოწმებისას აღმოჩენილ იქნა არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები. წარმოდგენილი მასალების ანალიზით შეუძლებელია დადგინდეს, კონკრეტულად რა ოდენობის ვაქცინის გახარჯვა მოხდა არამიზნობრივად ან რა ოდენობის მიზნობრივი გამოყენება იყო დადასტურებული. რაც შეეხება სასამართლოს, საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ სასამართლოსათვის მითითებული სადავო გარემოების დადგენა დაცული მტკიცებულებების საფუძველზე არის შეუძლებელი, ვინაიდან თავად კასატორი სადავოდ ხდის მიმწოდებლის მიერ წარმოებული დოკუმენტაციის სისწორეს, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ვერ წარმოადგენს საკუთარ მტკიცებულებებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ოდენობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეუძლებელია იმ ზიანის დადგენა, რაც მოსარჩელეს მიადგა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით წარმოებული შესასყიდი სამუშაოს წარმოებისას. ვინაიდან სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ სახით წარმოებული დოკუმენტაციით შეუძლებელია არსებული სურათის დადგენა, თუ რეალურად რა ზიანი განიცადა მოსარჩელემ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს თავად გააჩნდა ვალდებულება, რეალურად არსებული მდგომარეობის სრულყოფილი შესწავლით შეექმნა სათანადო მტკიცებულება, რომელთაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად მიენიჭებოდა მტკიცებითი ძალა. ამ სახის მტკიცებულებათა საფუძველზე სასამართლოს ექნებოდა შესაძლებლობა ემსჯელა მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურების საფუძვლიანობაზე და დაეკმაყოფილებინა ამ სახით დასაბუთებული მოთხოვნა.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების მატერიალური თუ პროცესუალური საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.