ბს-1059-1030(2კ-10) 21 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონული ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 23 ოქტომბერს ი/მ “ა. ძ-ძემ” სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიმართ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 12 ოქტომბრის ¹10/13764 გადაწყვეტილების, საქართველოს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 7 სექტემბრის ¹2756 ბრძანების, გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინპექციის) ¹912, ¹913 და ¹914 საგადასახადო მოთხოვნების, შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2004 წლის 30 აპრილის ¹1-11/3259 შეტყობინების ბათილად ცნობა, 5988 ლარის დღგ-ს ჩათვლა, დარიცხული საურავისა და 4200 ლარის დარიცხვის გაუქმება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 3 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს “...” და შპს “...”.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ი/მ “ა. ძ-ძის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ი/მ “ა. ძ-ძეს” აღუდგა შპს “...” მიერ მისთვის საქონლის მიწოდებისათვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით – სერია აა-70 ¹082002 (დღგ-ს თანხა 1 806 ლარი) განხორციელებული დღგ-ს ჩათვლა და გაუქმდა ამ და შპს “...” მიერ მისთვის საქონლის მიწოდებისათვის გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებზე – სერია აა-68 ¹017861 (დღგ-ს თანხა 1 312 ლარი), სერია აა-68 ¹017260 (დღგ-ს თანხა 2 870 ლარი) დღგ-ს ჩათვლის გაუქმების გამო დარიცხული საურავები; ი/მ “ა. ძ-ძეს” შპს “...” მიერ მისთვის საქონლის მიწოდებისათვის გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებზე – სერია აა-68 ¹ 017861 (დღგ-ს თანხა 1 312 ლარი), სერია აა-68 ¹017260 (დღგ-ს თანხა 2 870 ლარი) დღგ-ს ჩათვლის გაუქმების აღდგენის შესახებ უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო; ბათილად იქნა ცნობილი გორის საგადასახადო ინსპექციის 2009 წლის 23 აპრილის ¹912, ¹913, ¹914 საგადასახადო მოთხოვნები ი/მ “ა. ძ-ძის” 1600, 1400 1200 ლარით, სულ _ 4 200 ლარით დაჯარიმების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 7 სექტემბრის ¹2756 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება ი/მ “ა. ძ-ძის” საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ “ა. ძ-ძემ”, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილი სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციამ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განჩინებით ი/მ “ა. ძ-ძის”, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომაც, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივლისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონული ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონული ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონული ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.