ბს-1069-1040(კ-10) 27 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარ მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ ნიკოლოზ მარგველაშვილი
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, წარმომადგენელი _ დ. ი-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ვ. შ-ძის უფლებამონაცვლე ვ. შ-ძე; წარმომადგენელი _ ტ. ლ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 9 მარტს მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების _ გეოლოგიის დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელის _ ვ. შ-ძის განმარტებით, იგი სს „...“ მაღაროში მუშაობდა მებიგედ. 1970 წლის 21 ივნისს ჭიათურის გეოლოგიური პარტიის კუთვნილი ავტომობილით მგზავრობის დროს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალდა და 80 პროცენტით დაკარგა პროფესიული შრომისუნარიანობა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ჭიათურის ქალაქის სახალხო სასამართლოს 1970 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს _ ჭიათურის გეოლოგიურ საძიებო პარტიას მოსარჩელის სასარგებლოდ, ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს 80%-ის, თვეში 142 მანეთის გადახდა დაეკისრა. სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ თანხას ვ. შ-ძე 1997 წლის მაისამდე იღებდა, თუმცა შემდგომ გაურკვეველ მიზეზთა გამო მას შეუწყდა ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ დაგროვილი დავალიანების სახით მოპასუხისათვის 17 490 ლარის და ყოველთვიურად სარჩოს სახით 176 ლარის დაკისრება მოითხოვა.
2006 წლის 3 თებერვალს ვ. შ-ძემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოპასუხისათვის ძირითადი დავალიანების – 10 396,12 ლარისა და ყოველთვიური სარჩოს – 173,98 ლარის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 მარტის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის წესის დაცვით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინებით მოსარჩელის გარდაცვალებისა და უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის გამო, სარჩოს გადაანგარიშებისა და დაკისრების ნაწილში შეწყდა მოცემული საქმის წარმოება; დავალიანების დაკისრებისა და ფულადი ვალდებულების შესრულების ნაწილში კი საქმის წარმოება შეჩერდა უფლებამონაცვლის დადგენამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 აპრილის საოქმო განჩინებით ვ. შ-ძის სარჩელისა გამო, მოპასუხის _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება გეოლოგიის დეპარტამენტის მიმართ, დავალიანების დაკისრებისა და ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ განახლდა საქმის წარმოება; ვ. შ-ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი შვილი _ ვ. შ-ძე.
მოსარჩელემ არაერთხელ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოპასუხისათვის ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით 8 339,10 ლარის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. შ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვ. შ-ძის სასარგებლოდ 8 339,10 ლარის გადახდა დაეკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის განჩინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამათლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის განჩინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ. შ-ძის უფლებამონაცვლის _ ვ. შ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. შ-ძის უფლებამონაცვლემ ვ. შ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. შ-ძის უფლებამონაცვლის _ ვ. შ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვ. შ-ძის სასარგებლოდ 8 339,10 ლარის გადახდა დაეკისრა.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. შ-ძე სს «...» მაღაროზე მუშაობდა მებიგედ. 1970 წლის 21 ივნისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალდა და დაკარგა პროფესიული შრომისუნარიანობა 80%-ით. ჭიათურის ქალაქის სახალხო სასამართლოს 1970 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჭიათურის გეოლოგიურ საძიებო პარტიას 1970 წლის 22 დეკემბრიდან 1971 წლის 21 ოქტომბრამდე ვ. შ-ძის სასარგებლოდ, ყოველთვიური სარგოს 80%-ის, სულ თვეში 142 მანეთის გადახდა დაეკისრა. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჭიათურის ფილიალის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ვ. შ-ძეს 1984 წლიდან ჭიათურის სსე კომისიის მიერ დაუდგინდა ინვალიდობის მეორე ჯგუფი, პროფესიული შრომის უნარის 80%-ის დაკარგვით (საყოფაცხოვრებო ტრავმით), უვადოდ. ამავე ცნობის თანახმად, ვ. შ-ძე სამედიცინო კომისიას გადიოდა სხვადასხვა წლებში. მისი თანამდებობრივი სარგო 2002 წლის მარტიდან მის გარდაცვალებამდე შეადგენდა 10.423 ლარს და 88 თეთრს. ვ. შ-ძე გარდაიცვალა 2006 წლის 19 სექტემბერს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქალაქო სასამართლომ მოცემულ საქმეზე არამართებულად გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დადგენილი ნორმები, ვინაიდან, აღნიშნული ნორმატიული აქტი გამოიყენებოდა იმ პირების მიმართ, რომელთაც მიიღეს საწარმოო ტრავმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილი იყო, რომ ვ. შ-ძე არ იყო ჭიათურის გეოლოგიური საძიებო პარტიის თანამშრომელი. იგი ტრავმის მიღებისას არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იგი მხოლოდ გადაადგილდებოდა საწარმოს კუთვნილი ავტომანქანით, ხოლო მის მიერ მიღებული ტრავმა დაკვალიფიცირდა როგორც საყოფაცხოვრებო ტრავმა და არა როგორც საწარმოო ტრავმა, რაც არსებითად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან და შესაბამისად, რეგულირდებოდა განსხვავებული სამართლებრივი ნორმებით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოს უნდა გამოეყენებინა არა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დადგენილი წესები, არამედ საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმები დელიქტურ ვალდებულებათა შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ვალდებულება ვ. შ-ძის მიმართ წარმოიშვა კანონიერ ძალაში შესული, ჭიათურის ქალაქის სახალხო სასამართლოს 1970 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან, ჭიათურის ქალაქის სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული იყო ვალდებულების შესრულების კონკრეტული დრო (1970 წლის 22 დეკემბრიდან 1971 წლის 21 ოქტომბრამდე პერიოდი), 1971 წლის 21 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში ჭიათურის გეოლოგიურ პარტიას შეუწყდა მოსარჩელისათვის სარჩოს ანაზღაურების ვალდებულება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ, იმ დროს მოქმედი კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, პერიოდულად ხდებოდა წერილობითი მიმართვების გაგზავნა სოცუზრუნველყოფასთან არსებულ შრომის საექსპერტო კომისიის მიმართ, რათა ამ უკანასკნელს გადაეგზავნა დასკვნა, თუ რამდენი პროცენტით ჰქონდა დაკარგული ვ. შ-ძეს საერთო და პროფესიული შრომის უნარი. ამასთან, 1971 წლიდან 1989 წლამდე პერიოდით დათარიღებული მოპასუხის მიერ სარჩოს გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითრების, ე.წ. «ტალონების» საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვალდებული პირის მხრიდან, ა.წ. გარდაცვლილ ვ. შ-ძეზე ტრავმის გამო სარჩოს 1971 წლის შემდგომ პერიოდში გადახდის ფაქტი უტყუარად დასტურდებოდა.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, აპელანტის მოსაზრება მოპასუხის არასათანადოობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ «საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ» საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის ¹50 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანისა და სამინისტროს ზოგიერთი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარდაქმნის თაობაზე» საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის ¹213 დადგენილების შესაბამისად, «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები – გეოლოგიის დეპარტამენტი და ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი გარდაიქმნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებად. ამდენად, გეოლოგიის დეპარტამენტის უფლებამონაცვლეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ჭიათურის ქალაქის სახალხო სასამართლოს 1970 წლის 10 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოსარჩელემ დაკარგა პროფესიული შრომისუნარიანობის 80 პროცენტი, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჭიათურის ფილიალის მიერ გაცემული ცნობის თანახმად კი, ვ. შ-ძეს 1984 წლიდან ჭიათურის სსე კომისიის მიერ დაუდგინდა ინვალიდობის მეორე ჯგუფი პროფესიული შრომის უნარის 80%-ს დაკარგვით (საყოფაცხოვრებო ტრავმით) უვადოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იყო საფუძვლიანი და არსებობდა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ვ. შ-ძის სარჩელი იყო ხანდაზმული, რადგან სასამართლოს ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის ათვლა უნდა დაეწყო იმ პერიოდიდან, როდესაც მოსარჩელეს წარმოეშვა სადავო თანხის მოთხოვნის უფლება, სასამართლომ კი სრულად არ გამოკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ამასთან, სასამართლომ არასწორად გამოიანგარიშა მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი 2002-2006 წლების თანამდებობრივი სარგო.
კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება იყო სამართლებრივად დაუსაბუთებელი, რაც მისი გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად და მისი განხილვა დაინიშნა 2010 წლის 18 ნოემბერს 12:00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ვ. შ-ძე სს ,,...” მუშაობდა მებიგედ (ტ. I, ს.ფ. 31-33). 1970 წლის 21 ივნისს ჭიათურის გეოლოგიური პარტიის კუთვნილი ავტომობილით მგზავრობისას, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალდა და 80 პროცენტით დაკარგა პროფესიული შრომისუნარიანობა (ტ. I, ს.ფ. 4).ჭიათურის ქალაქის სახალხო სასამართლოს 1970 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. შ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს _ ჭიათურის გეოლოგიურ საძიებო პარტიას 1970 წლის 22 დეკემბრიდან 1971 წლის 21 ოქტომბრამდე მოსარჩელის სასარგებლოდ, ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს 80%-ის, თვეში 142 მანეთის გადახდა დაეკისრა (ტ. I, ს.ფ. 4). მოსარჩელე სამედიცინო კომისიას გადიოდა სხვადასხვა წლებში. 1984 წლიდან მას ჭიათურის სსე კომისიის მიერ დაუდგინდა ინვალიდობის მეორე ჯგუფი, პროფესიული შრომის უნარის 80%-ის დაკარგვით (საყოფაცხოვრებო ტრავმით), უვადოდ (ტ. I, ს.ფ. 86-87). მოსარჩელემ სასამართლოს 2005 წლის 9 მარტს მიმართა (ტ. I, ს.ფ. 2). ვ. შ-ძე გარდაიცვალა 2006 წლის 19 სექტემბერს (ტ. I, ს.ფ. 75). მის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი შვილი _ ვ. შ-ძე (ტ. I, ს.ფ. 100).
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ჭიათურის ქალაქის სახალხო სასამართლოს 1970 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით განისაზღვრა მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების (ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურების) კონკრეტული პერიოდი (1970 წლის 22 დეკემბრიდან 1971 წლის 21 ოქტომბრამდე), თუმცა მიუხედავად ამ გარემოებისა, მოსარჩელის უფლებამონაცვლის ვ. შ-ძის განმარტებით, მოპასუხის მიერ სარჩოს თანხა ვ. შ-ძეს 1997 წლის მაისამდე უნაზღაურდებოდა (ტ. I, ს.ფ. 2).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურება წარმოადგენს, რაც თავის მხრივ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას მიეკუთვნება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო იმ დროს, როდესაც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა მოპასუხის მიერ სარჩოს ანაზღაურების შეწყვეტის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ან/და შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა.
საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული გეოლოგიის დეპარტამენტის სახელზე წარდგენილი განცხადების თანახმად დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოს პირველად წერილობითი ფორმით 2004 წლის 11 მაისს მიმართა (ტ. I, ს.ფ. 9), ხოლო სასამართლოში სარჩელი 2005 წლის 9 მარტს შეიტანა (ტ. I, ს.ფ. 2). საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაასტურებდა 2004 წლის მაისამდე მოსარჩელის მიერ სარჩოს ანაზღაურების მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის ფაქტს საქმეში არ მოიპოვება. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ ვ. შ-ძისათვის 1989 წლიდან 1997 წლამდე პერიოდის სარჩოს ანაზღაურების ფაქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია სარჩელის ხანდაზმულობის საკითზე და სრულყოფილად არ გამოუკვლევია მტკიცებულებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას პირველ რიგში უნდა იმსჯელოს იმ საკითხზე, თუ როდიდან უნდა დაიწყოს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ ვ. შ-ძისათვის სარჩოს 1997 წლამდე ანაზღაურების ფაქტი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს 2004 წლის მაისამდე მიმართა თუ არა მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოს სარჩოს ანაზღაურების მოთხოვნით. ამდენად, სასამართლომ არსებითად უნდა იმსჯელოს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, რა დროსაც უნდა ისარგებლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, შეაგროვოს და გამოითხოვოს მტკიცებულებები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის «გ” და «ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სრულყოფილად უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საქმეზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაზუსტებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.