საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1074-1045(კ-10) 6 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა სს “...” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “...” მიმართ, მესამე პირი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
2002 წლის 6 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ სს “...” მიმართ და მოითხოვა სს “...” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ 301 181,98 ლარის გადახდის დაკისრება, აუქციონის დანიშვნა და 1999 წლის 28 სექტემბრის ¹2 საგირავნო და ¹1 იპოთეკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებების იძულებითი წესით რეალიზაცია.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე სს “...” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3510 ლარი; მოსარჩელეს დანარჩენ მოთხოვნებზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სს “...”.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 24 მარტის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად შპს “...” კორპორაცია ჩაება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 14 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს “...” დირექტორის შუამდგომლობა და საქმეში სათანადო მოსარჩელედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ნაცვლად ჩაება შპს “...”; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სს “...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შპს “...”.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 1 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს “...” საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ნოემბრის განჩინებით სს “...” შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქმის წარმოება შეწყდა სს “...” სააპელაციო საჩივარზე აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “...” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს “...” შპს “...” სასარგებლოდ დაეკისრა 16859,7 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, კერძოდ სს “...” “...” სასარგებლოდ 16859,7 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “...” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს “...” შპს “...” სასარგებლოდ 66273,47 ლარის გადახდა დაეკისრა; გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “...”.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს “...” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს “...” თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2010 წლის 18 ივნისს (IIტ., ს.ფ. 137), საკასაციო საჩივარი კი სს “...” თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2010 წლის 26 ივლისს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, 2010 წლის 18 ივლისს, ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს “...” დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე და 179-ე მუხლებში მითითებული პირობების დარღვევით ან/და სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი ან/და საქმეში არ არის წარმოდგენილი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, სასამართლო გამოიტანს ხარვეზის შესახებ განჩინებას და მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ. ასეთი გადაწყვეტილბის გამოტანის შემთხევევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან კასატორმა _ სს “...” საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი რჩება, ამდენად, სს “...” მთლიანად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 399-ე, 372-ე, 185-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს სს “...” საკასაციო საჩივარი;
2. სს “...” (ღვინის ქარხანას) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.