Facebook Twitter

ბს-1080-921-კ-04 7 ივლისი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სსხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი – მ. მ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამეგობა

მესამე პირი – ამხანაგობა ,,...”

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 30 ივნისის განჩინება

დავის საგანი – სარჩელის გამოხმობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2003 წლის 21 ივლისს მ. მ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის და მესამე პირის – ინდმენაშენთა ამხანაგობა ,,...”-ის მიმართ, რომელშიც მიუთითა, რომ ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1992 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით გაწევრიანდა ინდმენაშენთა ამხანაგობა ,,...”-ის პირველ კორპუსში, იმავე გამგეობის 1996 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ამხანაგობის წევრობიდან გამოყვანილ იქნა მ. ვ. ძე მ-შვილი.

მოსარჩელის მითითებით, როგორც მისთვის 2003 წლის 29 მაისს გახდა ცნობილი, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2003 წლის 15 აპრილის განკარგულებით, 1996 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნა ცვლილებები, კერძოდ, მ. ვ. ძე მ-შვილის ნაცვლად ჩაიწერა მ. ვ. ძე მ-შვილი ორი სულით – თვითონ და მეუღლე.

მოსარჩელის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ქმედებით გამგეობის მიერ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 95-ე და 98-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან გამგეობამ მისი დასწრების გარეშე განიხილა საკითხი მისი ბინით დასაკმაყოფილებელი მოქალაქეთა სიიდან ამორიცხვის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2003 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-შვილის სასარჩელო განცხადება გამგეობის 2003 წლის 15 აპრილის განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 30 ივნისის განჩინებით მ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის დროს კასატორმა მ. მ-შვილმა შუადგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება იმ მოტივით, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს წარმოებაშია მისი სასარჩელო განცხადება 1996 წლის 10 ივნისის ¹2 ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე.

კასატორის მოსაზრებით, რაიონულ სასამართლოში მის სასარჩელო განცხადებაზე აღძრულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა საკასაციო სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვაზე და თვლიდა, რომ საჭირო იყო საქმის წარმოების შეჩერება, ზემოაღნიშნულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

2010 წლის 10 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მომართვის საფუძველზე საკასაციო სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ჯემალ დოღონაძის და მ. მ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის განჩინებით მ. მ-შვილის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.

2010 წლის 11 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა მ. მ-შვილმა და დააყენა შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო შუამდგომლობის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-შვილის მოთხოვნა სარჩელის გამოხმობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და პროცესუალური უფლებები. აღნიშნული პრინციპი მხარეს უფლებამოსილებას ანიჭებს თავად გადაწყვიტოს სასამართლოსადმი მიმართვის, დავის საგნის განსაზღვრისა და საქმის მორიგებით დამთავრების საკითხი. საჭიროების შემთხვევაში, დისპოზიციურობის პრინციპის ფარგლებში პროცესის მინაწილე მხარე უფლებამოსილია უკან გაითხოვოს მის მიერ წარდგენილი სარჩელი, სააპელაციო და საკასაციო საჩივარი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.

სარჩელის გამოხმობის უმნიშვნელოვანესი პრინციპია ის, რომ მოსარჩელეს იმავე საფუძვლით, იმავე დავის საგანზე და იმავე მოპასუხის მიმართ კვლავ შეუძლია აღძრას სარჩელი, თუ გასული არ არის ხანდაზმულობის ვადები.

საკასაციო სასამართლომ მხარეებეს განუმარტა ზემოაღნიშნული პრინციპები და ის შედეგი, რაც შესაძლოა მოჰყვეს ხანდაზმულობის ვადის გაშვებას. ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში სარჩელის გამოხმობა ხდება საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, სასამართლომ გამოიკვლია მოწინააღმდეგე მხარეთა ნების არსებობა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ თბილისის ვაკ-საბურთალოს გამგეობა და მესამე პირის ,,...” წარმომადგენელი წინააღმდეგი არ არიან მ. მ-შვილმა გაიხმოს სარჩელი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დაცულია სარჩელის გამოხმობის ყველა პირობა, რის გამოც მ. მ-შვილის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და მ. მ-შვილის სარჩელი დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ-შვილის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 30 ივნისის განჩინება და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. მ. მ-შვილის სარჩელი დარჩეს განუხილველი;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.