Facebook Twitter

ბს-1088-1044(კ-09) 14 იანვარი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), წარმომადგენელი _ ს. კ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ სს “...”, წარმომადგენლები: ი. ჯ-შვილი, რ. თ-ია

მესამე პირები: კორპორაცია “...”, წარმომადგენელი _ პ. ფ-ძე; ... მშენებარე ობიექტის დირექცია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ ქმედების განხორციელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2003 წლის 22 მაისს სს “...” სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სარჩელს “...” (უფლებამონაცვლის _ “...”) მიმართ, ფონდის კუთვნილი სოციალური შენატანების ვადაგადაცილებული დავალიანების თანხებისა და მასზე რიცხული საურავების დაფარვის თაობაზე ეთქვა უარი.

მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის სარჩელი და “...” და ... მშენებარე ობიექტის დირექციის საბანკო ანგარიშებიდან სოლიდარულად ჩამოიწერა 97060,13 ლარი “...” დავალიანების დასაფარავად.

მოსარჩელის მითითებით, ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით მთაწმინდა-კრწანისის საგადასახადო ინსპექციის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება, რადგან არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, საგადასახადო სამსახური მაინც არ იღებდა მოსარჩელის _ სს “...” პირადი აღრიცხვის ბარათიდან ზემოაღნიშნულ დავალიანებებს და არიცხავდა საურავებს, რაზეც მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას, თუმცა უშედეგოდ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხისათვის საგადასახადო სამსახურში არსებული სს “...” პირადი აღრიცხვის ბარათიდან დავალიანებების ამოღება და მასზე საურავების დარიცხვის შეწყვეტა მოითხოვა.

2003 წლის 9 მარტს სს “...” დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხისათვის საგადასახადო სამსახურში არსებული სს “...” პირადი აღრიცხვის ბარათიდან დავალიანების ამოღება, მასზე საურავების დარიცხვის შეწყვეტა, საგადასახადო ორგანოებისათვის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოსა და კრწანისის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულების შესრულება მოითხოვა, კერძოდ, პირადი აღრიცხვის ბარათებიდან ამოღებული დავალიანების აღრიცხვის დავალება იმ საგადასახადო ორგანოსთვის, სადაც აღრიცხვაზე იდგნენ დავალიანებების მაღიარებელი პირები.

მოპასუხემ _ მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებში არ იყო მითითებული სადავო თანხების “...” პირადი დაბეგვრის ბარათიდან ამორიცხვისა და “...”, ასევე ... მშენებარე ობიექტის დირექციის პირადი დაბეგვრის ბარათზე დარიცხვის შესახებ. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გადასახადის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა უშუალოდ გადამხდელს. ამასთან, “...” დებიტორებისგან თანხების საინკასო წესით ჩამოწერა იყო საგადასახადო ინსპექციის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი იძულებითი ღონისძიება, რომელიც არ ათავისუფლებდა გადასახადის გადამხდელს ვალდებულების შესრულებისაგან, მით უფრო, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების შესაბამისად არ მომხდარა საგადასახადო დავალიანების ბიუჯეტში ამოღება.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს “...” სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს _ ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას დაევალა ქმედების განხორციელება _ კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 16 ივლისის ¹1422 გადაწყვეტილების, ქ. თბილისის კრწანისის რაიონის 1998 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებისა და ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 24 მაისის განჩინების შესაბამისად, მოსარჩელე სს “...” დაბეგვრის პირადი სააღრიცხვო ბარათებიდან სოცაღრიცხვისა და საშემოსავლო გადასახადებში დავალიანებების ძირითადი თანხებისა და საურავების ამოღება, ამ საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის პერიოდიდან, გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე; ამასთან, ზემოხსენებული დავალიანებები და საურავები უნდა აღრიცხულიყო იმ საგადასახადო ინსპექციაში, სადაც საგადასახადო აღრიცხვაზე იდგა ... გაფართოება-რეკონსტრუქციის მშენებარე ობიექტის დირექცია.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა და მხოლოდ სს “...” პირადი აღრიცხვის ბარათიდან დავალიანების ამოღება და საურავების დარიცხვის შეწყვეტა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 ივნისის საოქმო განჩინებით შეწყდა წარმოება მოთხოვნის იმ ნაწილში, სადაც მოსარჩელე ითხოვდა არსებული დავალიანებები აღრიცხულიყო იმ საგადასახადო ინსპექციაში, სადაც ამ დავალიანებების ამღიარებელი პირი _ ... გაფართოება-რეკონსტრუქციის მშენებარე ობიექტის დირექცია იდგა საგადასახადო აღრიცხვაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს “...” სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას დაევალა, დავალიანების წარმოშობის პერიოდიდან შეემცირებინა სს “...” დაბეგვრის პირად სააღრიცხვო ბარათზე რიცხული სოციალური დაზღვევის გადასახადის დავალიანება _ 282486 ლარი და საშემოსავლო გადასახადის დავალიანება _ 97060 ლარი მასზე დარიცხული საურავებით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მთაწმინდა-კრწანისის ზონალურმა საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 15 თებერვლის განჩინებით თბილისის საგადასახადო ინსპექციის (მთაწმინდა-კრწანისის ზონალური საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება ქ. თბილისის კრწანისის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე სს “...” პირადი აღრიცხვის ბარათიდან 97060 ლარის ჩამოწერის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე სს “...” პირადი აღრიცხვის ბარათიდან 382986 ლარის დავალიანების ჩამოწერის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება “...” და “...”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს “...” სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაევალა, დავალიანების წარმოშობის მომენტიდან სს “...” დაბეგვრის პირადი აღრიცხვის ბარათიდან ჩამოეწერა 97060,13 ლარი საშემოსავლო გადასახადის დავალიანება, მასზე დარიცხული საურავებით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სს “...” საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელით მოითხოვდა მთაწმინდა-კრწანისის ზონალური საგადასახადო ინსპექციისაგან (უფლებამონაცვლე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) ქმედების განხორციელებას, კერძოდ, ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 23 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი პირადი სააღრიცხვო ბარათიდან 97060,13 ლარის საშემოსავლო საგადასახადო დავალიანებისა და მასზე დარიცხული საურავების ჩამოწერას, რაც სრულად დაკმაყოფილდა რაიონული სასამართლოს მიერ.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის კრწანისის რაიონის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი სს “...” და “...” მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სახელმწიფოს წინაშე სს “...” დავალიანების დასაფარავად “...” და “...” საბანკო ანგარიშებიდან სოლიდარულად ჩამოიწერა 97060,13 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვალა იმგვარად, რომ 97060,13 ლარის გადახდა სრულად დაეკისრა “...” დირექციას. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მის საფუძველზე 2001 წლის 25 ოქტომბერს გაიცა ¹2/549-98 სააღსრულებო ფურცელი და სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაიწყო სააღსრულებო წარმოება. ხსენებული სასამართლო აქტებით დადგენილ იქნა საშემოსავლო გადასახადში სს “...” დავალიანების არარსებობა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულო იყო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო ორგანოსა თუ კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის და ამავე კოდექსის 266-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს აღარ ჰქონდათ უფლება ხელახლა ედავათ სასამართლოში დავის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის კრწანისის რაიონის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი სს “...” მიმართ 97060,13 ლარის გადახდევინების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო კრწანისის რაიონის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე განეხორციელებინა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედება და სს “...” პირადი აღრიცხვის ბარათიდან ჩამოეწერა სამართლებრივად არარსებული საშემოსავლო გადასახადის შენატანების დავალიანება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დავის წარმოშობის მომენტისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი წარმოადგენდა საგადასახადო დავალიანების გადაუხდელობის შედეგს.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, იმის გათვალისწინებით, რომ სს “...” არ გააჩნდა 97060,13 ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება, შესაბამისად, მისი გადაუხდელობისათვის მას არც საურავი უნდა დაკისრებოდა, ამიტომ მოსარჩელის პირადი აღრიცხვის ბარათიდან საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერასთან ერთად უნდა ჩამოწერილიყო მასზე დარიცხული საურავიც. ყოველივე აღნიშნული კი, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი იყო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საბოლოო ფორმით რაიონულ სასამართლოში სს “...” სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციისათვის “...” დაბეგვრის პირადი სააღრიცხვო ბარათებიდან საშემოსავლო გადასახადებში დავალიანებების: ძირითადი თანხისა და საურავების ამოღება და მათი აღრიცხვა იმ საგადასახადო ინსპექციაში, სადაც საგადასახადო აღრიცხვაზე იდგა “...” გაფართოება-რეკონსტრუქციის მშენებარე ობიექტის დირექცია. საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და იშუამდგომლა მხოლოდ მის პირად ბარათზე რიცხული დავალიანებისა და დარიცხული საურავების ამოღება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რადგანაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის ორივე სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და საფუძვლიანად მიიჩნია მისი შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის, მხოლოდ პირადი აღრიცხვის ბარათიდან 97060,13 ლარის ოდენობით საშემოსავლო გადასახადის, მასზე დარიცხული საურავების ამოღების თაობაზე, ამიტომაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით უნდა მიღებულიყო ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ), რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო იყო, ვინაიდან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითების მიუხედავად იმის თაობაზე, რომ საქმეში მესამე პირად უნდა ჩაბმულიყო “...” დირექცია, სააპელაციო სასამართლომ საქმე მისი დასწრების გარეშე განიხილა, რაც კასატორის განმარტებით, მნიშვნელოვან საპროცესო დარღვევას წარმოადგენდა.

კასატორის განმარტებით, საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია საგადასახადო დავალიანების არსებობის ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფოს წინაშე სს “...” დავალიანების დასაფარავად “...” და “...” მშენებარე ობიექტის საბანკო ანგარიშებიდან სოლიდარულად უნდა ჩამოწერილიყო 97060,13 ლარი. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლი, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულება სრულდებოდა უშუალოდ გადასახადის გადამხდელის მიერ, რაც თავისთავად გულისხმობდა, რომ კუთვნილი გადასახადების გადახადის ვალდებულება სს “...” ჰქონდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ძირითად თანხაზე საურავების არსებობის კუთხითაც არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ასევე არ გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილი, სადაც კონკრეტულად იყო გაწერილი კუთვნილი გადასახადის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისათვის საურავის დარიცხვის პრინციპი, კერძოდ, თუ გადასახადის თანხა არ იყო გადახდილი დადგენილი ვადისათვის, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო, გადაეხადა გადაუხდელი თანხის 0,15% თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადასახადის ვადის დადგენილი თარიღიდან გადასახადის გადახდის თარიღამდე.

კასატორი აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2009 წლის 27 თებერვალს სს “...” სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი. საყურადღებოა, ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ორივე თანამოპასუხის განმარტებით, “...” მშენებარე ობიექტის დირექცია როგორც იურიდიული პირი რეგისტრირებული იყო ქ. ფოთის მერიის მიერ, მაგრამ იმ დროისათვის მას იურიდიულ-სამართლებრივი ფორმის სახით რეგისტრაცია არ გაუვლია სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაურკვეველი იყო, რა სახის საწარმოსთან ჰქონდა ურთიერთობა მხარეებს და რამდენად მიზანშეწონილი იყო მასზე “...” დავალიანების დაკისრება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მიუხედავად იმისა, რომ მას წარმოდგენილი ცნობების მიხედვით გააჩნდა იურიდიული პირის რეკვიზიტები. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ხსენებულ თანამოპასუხეს _ ... არ ჰქონდა, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი იყო, რაც უკავშირდებოდა ამ საკითხის სახელმწიფოებრივ გადაწყვეტას.

ამდენად, კასატორის განმარტებით, სასამართლომ იმის მიუხედავად, იცოდა თუ არა, რა სახის გადამხდელებთან ჰქონდა საქმე, მაინც მიიღო გადაწყვეტილება, “...” და “...” მშენებარე ობიექტის დირექციის საბანკო ანგარიშებინად სოლიდარულად ჩამოეწერა 97060,13 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე მოპასუხე “...” დავალიანების დასაფარავად.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოში მის მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილ იქნა ფოთის რეგიონალური ცენტრის უფროსის სახელზე მიწერილი “...” გენერალური დირექციის 2009 წლის 13 თებერვლის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ “...” გაფართოება-რეკონსტრუქციის მშენებარე ობიექტების დირექცია რეგისტრირებულ იქნა ქ. ფოთის მერიის 1995 წლის 28 თებერვლის ¹91 განკარგულებით. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდგომ კი, ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ზემოაღნიშნულ საწარმოს ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საოროცესო კოდექსის 105-ე მუხლი, რომელიც მიუთითებს სასამართლოს მხრიდან საპროცესო მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაზე, ვინაიდან მტკიცებულებების შინაგანი რწმენით შეფასება, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, სასამართლომ კანონის დარღვევით შეასრულა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 23 სექტემბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებების გაზიარებაც კი არ უნდა გამხდარიყო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საუბარი იყო მესამე პირისგან ბიუჯეტის წინაშე “...” დავალიანების დასაფარავად თანხების ჩამოწერაზე (ინკასის წესით) და არა დავალიანების დასაფარავად თანხების ჩამოწერის ფონზე სს “...” პირადი აღრიცხვის ბარათიდან სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების მოხსნაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2009 წლის 26 ნოემბერს, 11.30 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით, სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სარჩელს, “...” (უფლებამონაცვლის _ “...”) მიმართ, ფონდის კუთვნილი სოციალური შენატანების ვადაგადაცილებული დავალიანების თანხებისა და მასზე დარიცხული საურავების გადასახდელად დაკისრების თაობაზე ეთქვა უარი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია ასევე ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ “...” და “...” მშენებარე ობიექტის საბანკო ანგარიშებიდან სოლიდარულად უნდა ჩამოწერილიყო 97060,13 ლარი “...” დავალიანების დასაფარავად.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება შეიცვალა იმგვარად, რომ 97060,13 ლარის გადახდა სრულად დაეკისრა “...” მშენებარე ობიექტის დირექციას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენს სს “...” პირადი აღრიცხვის ბარათიდან მხოლოდ 97060,13 ლარის ოდენობით საშემოსავლო გადასახადისა და მასზე დარიცხული საურავების ჩამოწერის კანონიერება, ვინაიდან სს “...” პირადი აღრიცხვის ბარათიდან 382986 ლარის ოდენობით სოცანარიცხებისა და მასზე დარიცხული საურავების ჩამოწერის ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე სს “...” პირადი აღრიცხვის ბარათიდან 382986 ლარის დავალიანებების ჩამოწერის ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 15 თებერვლის განჩინებით, ხოლო ქ. თბილისის კრწანისის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე სს “...” პირადი აღრიცხვის ბარათიდან 97060,13 ლარის ჩამოწერის ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 15 თებერვლის განჩინებით საკასაციო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს მისცა კონკრეტული მითითებები, კერძოდ, დაბრუნებულ ნაწილში დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები, გამოეკვლია ახალი მტკიცებულებები და საქმეში ჩაება პროცესუალურად ახალი სუბიექტები, რათა გაერკვია მოხდა თუ არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება _ მათი საბანკო ანგარიშებიდან “...” დავალიანების დაფარვის მიზნით 97060,13 ლარის ბიუჯეტში გადახდა და საქმის განხილვის მომენტისათვის რეალურად არსებობდა თუ არა აღნიშნული საგადასახადო დავალიანება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ უარი განაცხადა “...” მშენებარე ობიექტების დირექციის უფლებამონაცვლის დადგენაზე და არ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, თვითმმართველი ქ. ფოთის მერიის 2009 წლის 9 თებერვლის ¹1-08/95 წერილი, რომლითაც ფოთის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) ეცნობა, რომ “...” მშენებარე ობიექტის დირექციის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენდა კორპორაცია “...”. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა საქმეში წარმოდგენილ ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2009 წლის 13 თებერვლის წერილზე, რომლის თანახმად, “...” მშენებარე ობიექტის დირექციის სამართალმემკვიდრის დადგენის მიზნით საგადასახადო ინსპექციის მიერ შესაბამისი წერილობითი მიმართვა გაეგზავნა თვითმმართველ ქ. ფოთსა და კორპორაცია “...”, რის შედეგადაც, ქ. ფოთის თვითმმართველმა ერთეულმა განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ორგანიზაციის სამართლმემკვიდრეს წარმოადგენდა კორპორაცია “...”, თუმცა, თავის მხრივ, კორპორაცია “...” არ ადასტურებდა აღნიშნულ ფაქტს და უარყოფდა “...” მშენებარე ობიექტის დირექციის სამართალმემკვიდრეობას.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ “...” მშენებარე ობიექტის დირექციის უფლებამონაცვლის დადგენა შეუძლებელი იყო და საერთოდ არ იმსჯელა ზემოხსენებულ მტკიცებულებებზე და არ მიუცია მათვის შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის განხილვისას არ შეასრულა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 15 თებერვლის განჩინებაში მოყვანილი მითითებები, არ გამოიკვლია ამ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რომელთა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევა და ობიექტური სამართლებრივი შეფასება აუცილებელია წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტისათვის.

საკასაციო სასამართლო დამატებით იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა “...” და “...” მშენებარე ობიექტის დირექციის საბანკო ანგარიშებიდან 97060,13 ლარის ჩამოწერა სს “...” საგადასახადო დავალიანების დასაფარავად შესულია კანონიერ ძალაში და საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო ორგანოსა თუ კერძო პირისათვის. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებაში საუბარია მესამე პირისაგან ბიუჯეტის სასარგებლოდ “...” დავალიანების დასაფარავად თანხების ჩამოწერაზე. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სანამ მესამე პირის მიერ აღნიშნული დავალიანება ბიუჯეტის სასარგებლოდ არ დაიფარება, იგი სს “...” პირადი აღრიცხვის ბარათიდან ვერ ჩამოიწერება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლითაც სასამართლო ხელმძღვანელობს. ამდენად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ უნდა მიუთითოს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთაც მიიჩნევს დადგენილად, შემდეგ კი სადავო ურთიერთობას შეუფარდოს შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა, იმავდროულად, დაასაბუთოს ამ ნორმის გამოყენების მართებულობა. სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიცავს მითითებას დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, მტკიცებულებებზე, რომელთაც ემყარება სასამართლოს დასკვნები და იურიდიული შეფასებები, ვერ ჩაითვლება დასაბუთებულ გადაწყვეტილებად, რომლის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება ზემდგომი სასამართლოს მიერ შესაძლებელია.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო რა საკასაციო სასამართლოს მითითებები, მოცემული საქმის არც განმეორებითი განხილვისას გამოიკვლია ზემოაღნიშნული, ამ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რომელთა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევა და ობიექტური სამართლებრივი შეფასება აუცილებელია წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტისათვის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის “გ” და “ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და სრულყოფილად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რისთვისაც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.