ბს-1089-1058(კ-10)
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ ,,...”
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ. ფ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის განჩინება
დავის საგანი – პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 20 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. ფ-შვილმა, მოპასუხის – საქართველოს პარლამენტის მიმართ და მოითხოვა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული პირველი დემოკრატიული არჩევნების შედეგად პოლიტიკურ ბლოკ ,,...” საარჩევნო სიით გახდა უზენაესი საბჭოს წევრი; 1991 წლის 22 დეკემბერს დაწყებული სამხედრო გადატრიალების შედეგად კი, სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით, მას ვადამდე შეუწყდა დეპუტატის უფლებამოსილება.
გ. ფ-შვილი თავის სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებდა ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონს, რომლის მე-2 მუხლის შესაბამისად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილებიდან უკანონი დათხოვნა, ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია.
2009 წლის 24 მარტის განცხადებით მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და საქართველოს პარლამენტთან ერთად მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს მთავრობა და სოციალური სუბსიდიების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 მაისის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი და საქართველოს მთავრობა საქმეში ჩაებნენ მესამე პირებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე – გ. ფ-შვილის სარჩელი – პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების თაობაზე დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მოხდა ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება, რასაც შედეგად მოჰყვა საქართველოს უზენაესი საბჭოს საქმიანობის ვადაზე ადრე შეწყვეტა.
- საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 16 მარტის ¹3441/3-1 ცნობის თანახმად, 1990-1992 წლებში მოსარჩელე გ. ფ-შვილი იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი.
- 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შედეგად, საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილებით დადასტურდა - 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს, 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობა სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. აგრეთვე ის, რომ დაგმობილ იქნა 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.
- საქართველოს რესპუბლიკის მინისტრათა კაბინეტის 1992 წლის 30 იანვრის ¹85 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსს დაევალა უზენაესი საბჭოს ყოფილ დეპუტატებთან ანგარიშსწორების განხორციელბა.
ადმინისტრაციულმა კოლეგიამ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს პოლიტიკური რეპრესიის და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის ცნებას, ადგენს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების წესს და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის გარანტიებს. ამავე კანონის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულია, რომ ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა, მათ შორის თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილებიდან უკანონო დათხოვნა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებების ან თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან და არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებებით.
სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს მთავრობის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სახელისუფლებო სტრუქტურის ფუნქციონირების შეწყვეტის გამო, მასში დასაქმებულ პირთა უფლებამოსილების შეწყვეტა არ შეიძლება განხილულ იქნეს უკანონო დათხოვნად. სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ფ-შვილის დათხოვნა უკავშირდებოდა ლეგიტიმური ხელისუფლებისადმი მის მხარდაჭერას. მოსარჩელის დათხოვნა მოხდა არალეგიტიმური ორგანოს – სამხედრო საბჭოს დადგენილების საფუძველზე, რომლითაც შეჩერებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის მოქმედება და შესაბამისად, შეჩერდა საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა, მათ შორის გ. ფ-შვილის უფლებამოსილება. აღნიშნული დასტურდება საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის ,, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ დადგენილებით”. ამავე დადგენილებით გადასინჯვას დაექვემდებარა სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელმწიფო სტრუქტურაში მათ მონაწილეობას და პოლიტიკურ მრწამსს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ სამხედრო საბჭოს 1992 წლის 2 იანვრის დადგენილება, რომლითაც შეჩერდა საქართველოს უზენაესი საბჭოს საქმიანობა, წარმოადგენდა უკანონო აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვა კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლის - გ. ფ-შვილის უფლებამოსილების ვადამდე უკანონოდ შეწყვეტა. გამომდინარე აქედან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე – გ. ფ-შვილის მიმართ სახეზეა პოლიტიკური რეპრესიის განხორცილელება, რაც გამოიხატა მოსარჩელის თანამდებონიდან უკანონო განთავისუფლებაში.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტომ”.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, იმ საფუძვლით, რომ სამხედრო საბჭოს 1992 წლის 30 იანვრის ¹85 დადგენილების საფუძველზე, 1992 წლის 2 იანვარს საქართველოს უზენაესი საბჭოს ყველა დეპუტატს, განურჩველად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და მრწამსისა, შეუჩერდათ უფლებამოსილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის განჩინებით სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები და სასამართლოს დასკვნები საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების თაობაზე. გარდა ამისა, პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი საბჭოს ყველა დეპუტატისათვის უფლებამოსილების შეჩერება, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და მრწამსისა, ვერ ჩაითვლებოდა გ. ფ-შვილისათვის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტომ“.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ არ არსებობდა მოსარჩელის მიმართ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
“1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ" საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილებით სახელმწიფომ დაადასტურა 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობა სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. იმავე დადგენილებით გადასინჯვას დაექვემდებარა სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელმწიფო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს. აღნიშნულის საფუძველზე 2005 წლის 24 ივნისს “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მითითებული კანონის მოქმედება გავრცელდა საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე კანონის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა _ სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა და განადგურება, თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილიდან უკანონო დათხოვნა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დასახლების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებით, სოციალური წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან, ან კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები.
ამდენად, მითითებული კანონით განისაზღვრა, რომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა იძულების ისეთი ფორმა, როგორიცაა ,,თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილიდან უკანონოდ დათხოვნა”, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს არ მოუხდენია ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხევრპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი.
სასამართლო გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ საქართველოს პარლამენტის 11.03.05 წლის დადგენილებას ,,1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ” და მხოლოდ აღნიშნული ნორმატიული აქტის საფუძველზე მოახდინა მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის კანონიერების შეფასება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე პირი, მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს აღიარებული პოლიტიკური რეპრესიის მსხევრპლად, თუ საქმის გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილი და ამომწურავი გამოკვლევა - შეფასებით დადგინდება, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოსარჩელის მიმართ პოლიტიკური მოტივით ნამდვილად იქნა გამოყენებული ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იძულების ფორმა.
საქმეში არსებული მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად, მოსარჩელე – გ. ფ-შვილი გახდა უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ხოლო 1992 წლის 30 იანვარს ¹85 დადგენილებით სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით შეუჩერდა დეპუტატის უფლებამოსილება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ცალკე აღებული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნას პოლიტიკური რეპრესიის მსხევრპლად. საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს წარმოადგენს გარემოება იმის თაობაზე, რომ 1992 წელს უზენაესი საბჭოს ყველა დეპუტატს შეუჩერდა უფლებამოსილება განურჩევლად იმისა, რა პოლიტიკური მრწამსისა თუ პოზიციის მატარებელი იყო იგი. ასეთ პირობებში საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლიოს, კონკრეტულად რაში გამოიხატა მოსარჩელის მიმართ განხორციელებული იძულება, იყო თუ არა მისი დათხოვნა დაკავშირებული მის პოლიტიკურ შეხედულებასთან, ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდაჭერასთან ანუ იყო თუ არა სახეზე პოლიტიკური მოტივით მოსარჩელის დევნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 1.2 მუხლის თანახმად, პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიჩნევისათვის აუცილებელია ერთდროულად ორი ელემენტის არსებობა, კერძოდ სახეზე უნდა იყოს პირის სამუშაოდან უკანონო დათხოვნა, რომელიც, თავის მხრივ, განხორციელებული უნდა იყოს პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყოს დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებით.
საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს რა სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, რომლის დანიშნულებაცაა იძულების ფორმების აღკვეთა, პირის უფლებების აღდგენა და შესაბამისი გარანტიებით (სოციალურ-მატერიალური) უზრუნველყოფა, მაგრამ იმავდროულად აღნიშნავს, რომ ამისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ პირის განცხადება მის მიმართ ზემოქმედების ამა თუ იმ ფორმების გამოყენების თაობაზე, სასამართლო ვალდებულია, პირის უფლებებისა და თავისუფლებების პრინციპის დაცვით, უზრუნველყოს საქმის გარემოებათა ობიექტური და სრულყოფილი მოკვლევა, კერძოდ, განხორციელდა თუ არა მოსარჩელის მიმართ პოლიტიკური რეპრესია, რაც გამოიხატა მისი, როგორც კანონიერი ხელიუფლების წარმომადგენლის – საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატის პოლიტიკური მოტივით თანამდებობიდან უკანონო გათავისუფლებაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. მხარეს უფლება აქვს ამ ფაქტობრივი გარემოებების გამოყენებამდე და მტკიცებულებების შემოწმებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება მათ თაობაზე.
ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულად არ მომხდარა საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების გამოკვლევა და მათი ყოველმხრივი შეფასება. გამომდინარე აქედან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რის გამოც საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.