ბს-1093-1062(კ-10) 23 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველო
მოწინააღმდეგე მხარე – ი/მ ,,ლ. ლ-ავა”
მოპასუხე – შინაგან საქმეთა სამინისტრო
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.10წ. გადაწყვეტილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი/მ ,, ლ. ლ-ავამ” 05.06.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსის 17.02.09წ. ¹1, ¹2, ¹3 და ¹4 ბრძანებების და მოქალაქე ლ. ლ-ავას 16.03.09წ. ¹ლ/15 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 10.04.09წ. ¹514 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს 17.02.09წ. ¹1 ბრძანებით დაეკისრა ჯარიმა _ 1000 ლარი იმის გამო, რომ ვიდეომეთვალყურეობის კამერები ვერ უზრუნველყოფდნენ სათამაშო დარბაზის სრულ დაფარვას, აგრეთვე არ არსებობდა სალაროსთან მიმართული ცალკე ვიდეომეთვალყურეობის კამერა, რის გამოც შეუძლებელი იყო დარბაზში მყოფი პირების დანახვა და იდენტიფიცირება; 17.02.09წ. ¹2 ბრძანებით დაეკისრა ჯარიმა _ 1000 ლარი იმ საფუძვლით, რომ სათამაშო აპარატების სალონის სალარო არ იყო აღჭურვილი სათანადო დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო ღილაკით; 17.02.09წ. ¹3 ბრძანებით დაეკისრა ჯარიმა _ 1000 ლარი იმის გამო, რომ დარბაზში განთავსებული, აგრეთვე გარე მეთვალყურეობის კამერებზე მიმდინარე ჩანაწერები არ იყო კანონით დადგენილი 30 კალენდარული დღე-ღამის ვადით, კერძოდ, ჩანაწერები იყო წარმოებული 2009 წლის 8 თებერვლიდან 17 თებერვლამდე და არ არსებობდა ჩანაწერი 2009 წლის 18 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით; 17.02.09წ. ¹4 ბრძანებით დაეკისრა ჯარიმა _ 1000 ლარი იმ საფუძვლით, რომ სათამაშო დარბაზში სალარო არ იყო აღჭურვილი ბრონირებული შუშით. ამდენად, სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის ჯარიმის სახით სულ დაეკისრა 4000 ლარი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 16.03.09წ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი და ზემოაღნიშნული ბრძანებების ბათილად ცნობა მოითხოვა. ინდ. მეწარმის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში დარღვეული იყო სანებართვო პირობები, რის გამოც სამართალდამრღვევს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის თანახმად ეკისრებოდა ჯარიმა, რომლის ოდენობაც ,,ლატარიის, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის 371 მუხლის შესაბამისად განისაზღვრებოდა ნებართვის სახეობის და არა ნებართვაში შემავალი ცალკეული მოთხოვნების მიხედვით. აქედან გამომდინარე, რადგან იგი ფლობდა სათამაშო აპარატების მოწყობის ნებართვას, რომლის დარღვევისთვისაც დადგენილია ჯარიმა 1000 ლარი, გაუგებარი იყო თუ რომელი კანონით ხელმძღვანელობდა მაკონტროლებელი, როდესაც შესამოწმებელ პირს დაარიცხა ჯარიმა არა ნებართვის სახეობის, არამედ ნებართვაში შემავალი ცალკეული მოთხოვნების მიხედვით. ინდ. მეწარმემ აგრეთვე აღნიშნა, რომ შსს-ს 10.04.09წ. ¹514 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მისი ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნა.
შსს რუსთავის საქალაქო სამმართველომ შესაგებელში აღნიშნა, რომ ,,უფლებამოსილი პირის მიერ აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) შემოწმების განხორციელების ზოგიერთი ორგანიზაციული ღონისძიებების შესახებ” საქართველოს შს მინისტრის 10.03.08წ. ¹309 ბრძანების მე-9 პუნქტის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ ამ ბრძანების მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორი ან ორზე მეტი მოთხოვნის დარღვევისას (სამართალდარღვევის ჩადენისას) ამ ბრძანებით განსაზღვრული შემოწმების ოქმი და დაჯარიმების შესახებ ბრძანება უნდა შედგეს/გამოიცეს თითოეული სამართალდარღვევისათვის ცალ-ცალკე. შესაბამისად, 17.02.09წ. შედგენილ იქნა ცალ-ცალკე ¹1, ¹2, ¹3, და ¹4 ბრძანებები, ვინაიდან შემოწმების შედეგად გამოვლინდა რამდენიმე სახის დარღვევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ განმარტა, რომ ხსენებული ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.10.09წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე ი/მ ,,ლ-ავა ლ.” სარჩელი მოპასუხეების: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 10.04.09წ. ¹514 ბრძანების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსის 17.02.09წ. ¹1, ¹2, ¹3 და ¹4 ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ,,ლ-ავა ლ.” და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.10წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.10.09წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი/მ ,,ლ-ავა ლ.” სარჩელი დამაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსის 17.02.09წ. ¹1, ¹2, ¹3 და ¹4 ბრძანებები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსის მიერ 17.02.09წ. ¹1, ¹2, ¹3 და ¹4 ბრძანებების მიღებისას არ იქნა გამოკვლეული ის გარემოება, რომ სახეზე იყო არა ოთხი, არამედ ერთი სამართალდარღვევა, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ბრძანების გამოცემისა და სახდელის განსაზღვრისათვის. შს მინისტრის ¹309 ბრძანება ითვალისწინებდა ცალკე ოქმის და ბრძანების შედგენას ყოველ სამართალდარღვევაზე, მაგალითად, ერთი და იგივე სუბიექტის მიერ როგორც სამორინეს ასევე ტოტალიზატორის ან სათამაშო აპარატების მოწყობის სანებართვო პირობების დარღვევაზე, რაც ერთი სუბიექტის მიერ ჩადენილ სამ დამოუკიდებელ სამართალდარღვევად იქნებოდა განხილული. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველომ. კასატორმა აღნიშნა, რომ შეუძლებელი იყო საქმის გამოკვლევა და გადაწყვეტილების მიღება, რადგან არ იქნებოდა შემოწმების დროს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა, ამასთან, ი/მ ,,ლ-ავა ლ.” უკვე აღარ ფუნქციონირებდა. კასატორმა აგრეთვე მიუთითა საქართველოს შს მინისტრის 10.03.08წ. ¹309 ბრძანების მე-9 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, ორი ან ორზე მეტი მოთხოვნის დარღვევისას (სამართალდარღვევის ჩადენისას) ამ ბრძანებით განსაზღვრული შემოწმების ოქმი და დაჯარიმების შესახებ ბრძანება თითოეული სამართალდარღვევისათვის გამოიცემოდა ცალ-ცალკე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის აღნიშნული ბრძანება ადგენდა, რომ თითოეული სანებართვო პირობის დარღვევისათვის გათვალისწინებული იყო ცალკე პასუხისმგებლობა. კასატორის ამ მოსაზრებას ამყარებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ,,ერთი პირის მიერ ორი ან მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი მას დაედება თითოეული სამართალდარღვევისათვის ცალ-ცალკე”. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.10წ. გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.01.11წ. განჩინებით საქართველოს შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
საკასაციო სასამართლოს 23.03.11წ. სხდომაზე მხარეებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს და ი/მ “ლ-ავა ლ-ს” წარმომადგენლებს შორის დამტკიცდა მორიგების აქტი. ხსენებულ მორიგების აქტში აღნიშნულია შემდეგი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველო და ი/მ “ლ-ავა ლ” (პირადი ¹..., ქ. რუსთავი, ... ქუჩა 16ა-6) “აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის დაჯარიმების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს 17.02.09წ. ¹1, ¹2, ¹3, ¹4 ბრძანებების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით, ნების თავისუფალი გამოხატვის საფუძველზე, შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველო თანახმაა შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს მიერ ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს 17.02.09წ. ¹1, ¹2, ¹3, ¹4 ბრძანებები “აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის დაჯარიმების შესახებ” და გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი/მ “ლ-ავა ლ-ს”, როგორც აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის დაჯარიმების შესახებ.
2. ი/მ ლ-ავა ლ” თანახმაა გადაიხადოს 1000 (ათასი) ლარი აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის დაჯარიმების შესახებ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, გაეცნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს და ი/მ “ლ-ავა ლ-ს” შორის გაფორმებულ მორიგების აქტს და მიაჩნია, რომ მხარეთა შორის მორიგება უნდა დამტკიცდეს აღნიშნული აქტის მიხედვით და მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე, ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს და ი/მ “ლ-ავა ლ-ს” შორის 23.03.11წ. გაფორმებული მორიგების აქტი, რომელიც ხელმოწერილია ერთი მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს თანამშრომლის თ. ზ-აიას (საქმეში წარმოდგენილია, სპეციალური უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსის გ. ჭ-იას, ხოლო მეორე მხრივ, ი/მ “ლ-ავა ლ-ს” მიერ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხსენებული მორიგების აქტი არ შეიცავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო დებულებას, აღნიშნული მორიგების აქტით არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები, ამდენად, შესაძლებელია დასახელებული მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლზე და მხარეებს განუმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს და ი/მ “ლ-ავა ლ-ს” შორის 23.03.11წ. გაფორმებული მორიგების აქტის მიხედვით, მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველო და ი/მ “ლ-ავა ლ” (პირადი ¹..., ქ. რუსთავი, ... ქუჩა 16ა-6) “აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის დაჯარიმების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს 17.02.09წ. ¹1, ¹2, ¹3, ¹4 ბრძანებების ბათილად ცნობის შესახებ ი/მ “ლ-ავა ლ-ს” სარჩელთან დაკავშირებით, ნების თავისუფალი გამოხატვის საფუძველზე, შეთანხმდნენ შემდეგზე:
1.1 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველო თანახმაა შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს მიერ ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს 17.02.09წ. ¹1, ¹2, ¹3, ¹4 ბრძანებები “აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის დაჯარიმების შესახებ” და გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი/მ “ლ-ავა ლ-ს”, როგორც აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის დაჯარიმების შესახებ.
1.2 ი/მ “ლ-ავა ლ” თანახმაა გადაიხადოს 1000 (ათასი) ლარი აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის დაჯარიმების შესახებ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.10.09წ. გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.10წ. გადაწყვეტილება;
3. მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო;
4. მორიგების აქტი ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან და მოქმედებს მხარეების მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე;
5. მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის, მორიგების აქტის იძულებითი აღსრულებით);
6. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.