Facebook Twitter

ბს-1095-1064(2კ-10) 22 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

ნ. გოგატიშვილის მდივნობით განიხილა მოწინააღმდეგე მხარის _ დ. ნ-შვილის შუამდგომლობა სსსკ-ის 272-ე მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 22 მაისს დ. ნ-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 22 აპრილის ¹420/კ ბრძანების ბათილად ცნობა და დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა შემდეგი საფუძვლით:

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 დეკემბრის ¹1874/კ ბრძანებით დ. ნ-შვილი დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის “... ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების” ... თანამდებობაზე 4 წლის ვადით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 22 აპრილის ¹420/კ ბრძანებით გათავისუფლდა თანამდებობიდან. მოსარჩელის მოსაზრებით, უკანონოდ მოხდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება, რამდენადაც იგი კეთილსინდისიერად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, რაც დასტურდება დაწესებულების თანამშრომელთა მიერ 2008 წლის 2 მაისს შედგენილი ოქმით, ასევე სასულიერო ბავშვთა სახლის კოლეგიის წევრის წერილით განათლებისა და მეცნიერების მინისტრისადმი.

მოსარჩელის მითითებით, 2008 წლის 7 თებერვალს საქველმოქმედო ორგანიზაცია “D...”-თან გაფორმდა გრანტის ხელშეკრულება ¹001/2008 დაწესებულების მთავარი შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად, რაზედაც წერილობით ეცნობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვზე ზრუნვის სამმართველოს. სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე 2008 წლის 8 თებერვალს გაფორმა ხელშეკრულება შპს “...”. მარტის დასაწყისში დაიწყო სარემონტო სამუშაოები, რაც მიმდინარეობდა ხარჯთაღრიცხვის გეგმის მიხედვით. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას არ შექმნილა არაშესაფერისი და არასათანადო პირობები აღსაზრდელებისათვის. მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებაში კი აღინიშნა, რომ გამოვლენილი იყო ანტისანიტარია, აღსაზრდელთა საცხოვრებელი პირობების მიმართ ჰიგიენური ნორმების დარღვევის ფაქტები, რაც მოსარჩელის მითითებით, არ შეესაბამება რეალობას. ბრძანების შედგენისას არ შემოწმებულა დაწესებულება, არ შემდგარა შემოწმების აქტი, შესაბამისად, ანტისანიტარიის ფაქტი არ დასტურდება დოკუმენტურად (იხ. ს.ფ. 1-13; ტ.I).

დ. ნ-შვილმა დაზუსტებული სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 22 აპრილის ¹420/კ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 56-66; ტ.I).

დ. ნ-შვილის სარჩელი არ ცნო მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 80-88; ტ.I).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ივლისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ლ. ც-ძე (იხ. ს.ფ. 148-149; ტ.I).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ნ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2008 წლის 22 აპრილის ¹420/კ ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ასევე გადაწყდა მოსარჩელისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2008 წლის 22 აპრილიდან ახალი აქტის გამოცემამდე პერიოდისათვის, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სადავო ბრძანების გამოცემისას დაეყრდნო მხოლოდ ტელევიზიების მიერ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ ინფორმაციას და უცხო პირთა სუბიექტურ შეფასებას და არ გამოუკვლევია დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა, სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო და დაწესებულებაში არსებული ანტისანიტარიისა და ჰიგიენური ნორმების დარღვევის ფაქტები. სასამართლოს მოსაზრებით, სარემონტო სამუშაოების ჩატარება უდავოდ გამომდინარეობს აღსაზრდელების ინტერესებიდან, რის თაობაზეც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინფორმირებული იყო.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტი ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2008 წლის 22 აპრილის ¹420/კ ბრძანების ბათილად ცნობით გაუქმდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სადავო აქტის სამართლებრივი შედეგი, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, ახალი აქტის გამოცემამდე პერიოდში მოსარჩელეს ეკუთვნის განაცდური ხელფასის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 162-168; ტ.I).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დ. ნ-შვილის სარჩელის დაკმაყოფიელბაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინების გარეშე. აპელანტმა არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო აქტის გამოცემისას დამატებით უნდა გამოეკვლია არსებული მდგომარეობა, რადგან საკითხი ეხებოდა მოზარდთა ჯანმრთელობასა და განვითარებას, ხოლო აღსაზრდელებისათვის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ეწინააღმდეგება ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ინტერესებს, აღნიშნული კი ... უმოქმედებასა თუ დაუდევარ ქმედებაზე მეტყველებს.

აპელანტის მითითებით, დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოები ბავშვებისათვის საფრთხის შექმნის ხარჯზე არ უნდა განხორციელებულიყო. სააღმზრდელო დაწესებულებაში არსებული სავალალო მდგომარეობა საჯარო მსჯელობის საგანი გახდა. სადავო ბრძანების გამოცემამდე დ. ნ-შვილს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომლითაც მოსარჩელემ აღიარა, რომ შექმნილი დროებითი სიძნელეების მიზეზი იყო მიმდინარე სარემონტო სამუშაოები (იხ. ს.ფ. 181-190; ტ.I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში თანამოპასუხედ ჩაერთო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (იხ. ს.ფ. 74-76; ტ.II).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. ნ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2008 წლის 22 აპრილის ¹420/კ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა უცვლელად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა (იხ. ს.ფ. 91-98; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დ. ნ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 108-117; ტ.II).

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 167-178; ტ.II).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. ნ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2008 წლის 22 აპრილის ¹420/კ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა უცვლელად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ასევე დ. ნ-შვილისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან ახალი აქტის გამოცემამდე, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ნ-შვილის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 2008 წლის მარტში “... ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში” გამოვლინდა ანტისანიტარია, აღსაზრდელთა საცხოვრებელი პირობების ჰიგიენური ნორმების დარღვევის ფაქტები, რაც მიუღებელი იყო და ეწინააღმდეგებოდა ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ინტერესებს. ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 55.2 მუხლი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 18 იანვრის ¹40 ბრძანებით დამტკიცებული “... ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების” წესდების 7.3 მუხლი და საქართველოს შრომის კოდექსის 37.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტი. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ “საგურამოს ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების” 2008 წლის 12 თებერვლის ¹20 წერილით დ. ნ-შვილმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვზე ზრუნვის სამმართველოს დასამტკიცებლად წარუდგინა დაწესებულების ბაზაზე ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების პროგრამა. დაწესებულების ბაზაზე სარემონტო სამუშაოები წარმოებდა ¹001/2008 წლის გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს “...” დადებული ნარდობის ხელშეკრულების შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეები ეთანხმებიან იმ გარემოებას, რომ 2008 წლის 13 მარტს დაწესებულებაში მყოფი სტუმრების ვიზიტი გაშუქდა სხვადასხვა ტელეარხის საშუალებით და სტუმრების მხრიდან დაწესებულებაში არსებული ჰიგიენურ-სანიტარული მდგომარეობა შეფასდა უარყოფითად.

საქალაქო სასამართლომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად მიიჩნია ის გარმოება, რომ იგი გამოცემული იყო კანონით დადგენილი წესების დარღვევით, ისეთი არგუმენტებისა თუ გარემოებების საფუძველზე, რომლებიც ადმინისტრაციული წარმოების დროს გამოკვლეული და შეფასებული არ ყოფილა, ამასთან, სადავო აქტი არ შეიცავდა დასაბუთებას.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვზე ზრუნვის სამმართველოს უფროსისადმი დ. ნ-შვილის ახსნა-განმარტებით ბარათზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 13 მარტს დაწესებულებაში მინდინარეობდა სარემონტო სამუშაოების პირველი ეტაპი. სტუმრების ჩამოსვლამდე დირექტორის გადაწყვეტილებით შეწყდა სარემონტო სამუშაოები და შენობის ირგვლივ მდებარე ტერიტორიიდან გატანილ იქნა 2 სატვირთო ავტომანქანა სამშენებლო ნარჩენი. გარდა საცხოვრებელი ოთახებისა, სტუმრებმა და იქ მყოფმა კორესპონდენტებმა დაათვალიერეს შენობის მესამე სართული, რომელიც იმ დროისათვის გამოიყენებოდა მხოლოდ სათავსოდ. აღნიშნული დ. ნ-შვილმა განმარტა როგორც რემონტის მიმდინარეობის გამო შექმნილი დროებითი სიძნელეები, რაც საინფორმაციო გადაცემაში არ გაშუქებულა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვზე ზრუნვის სამმართველოს უფროსისათვის გაგზავნილი მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2008 წლის 19 მარტის ¹825 წერილზე, სადაც მითითებულია, რომ 2008 წლის 13 მარტს ... ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება მოინახულეს საქართველოში სტუმრად მყოფმა ამერიკელმა მომღერალმა დ. ზ-ეკმა და საქველმოქმედო ფონდ “...” პრეზიდენტმა პ. ბ-ძემ. ვიზიტის ეპიზოდები გაშუქდა სხვადასხვა ტელეარხის მიერ. აღნიშნული ვიზიტი დაემთხვა დაწესებულებაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების პროცესს, კერძოდ, კარებებისა და ფანჯრების დამონტაჟებას. შესაბამისად, უწესრიგობა თვალშისაცემი აღმოჩნდა ისედაც მრავალი წლის მანძილზე დაზიანებული და შესაკეთებელი შენობის ფონზე. არასწრულწლოვანთა გადაყვანა საცხოვრებელი კორპუსიდან მთავარ კორპუსში მოხდა 2007 წლის სექტემბრიდან. საცხოვრებელი ოთახების შეცვლა კორპუსში არსებულმა მძიმე პირობებმა განაპირობა, კერძოდ, სველი წერტილების მწყობრიდან გამოსვლის გამო დირექციამ საჭიროდ ჩათვალა ადგილის შეცვლა. სასწავლო კორპუსის მდგომარეობაც არასახარბიელოა, საცხოვრებლად, სამუშაოდ და სასწავლებლად მხოლოდ მეორე სართული გამოდგება, ხოლო პირველი და მესამე სართულები ამჟამად გაუქმებულია. მთავარ კორპუსშიც სველი წერტილები წლების მანძილზე საჭიროებდა შეკეთებას და რემონტს, თუმცა მუშა მდგომარეობაშია დღეისათვისაც. საგურამოს ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში კაპიტალურ რემონტზე 1998 წლის შემდეგ თანხები არ გამოყოფილა და შესაბამისად, შესაკეთებელია შენობის ძირითადი ნაწილი.

2008 წლის 8 თებერვალს დ. ნ-შვილსა და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციას შორის გაფორმდა გრანტის ხელშეკრულება პროექტის “ბავშვთა სახლის განახლების” განხორციელების მიზნით. გრანტის ოდენობა შეადგენდა 45728,18 ლარს. ხელშეკრულება დაიდო 6 თვის ხანგრძლივობით და თანხები განისაზღვრა სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად. აღნიშნული სამუშაოების შესრულების მიზნით 2008 წლის 8 თებერვალს პარალელურად გაფორმდა ხელშეკრულება სააღმზრდელო დაწესებულებასა და შპს “...” შორის. 2008 წლის მარტის ბოლოს გადაწყდება სარემონტო სამუშაოების მეორე ეტაპის დაწყების ვადა, რომელიც შენობის შიდა სამუშაოებს და სველ წერტილებს შეეხება, ამის შემდეგ მწყობრში ჩადგება და მთლიანად მოწესრიგდება საშხაპე, საპირფარეშო და პირსაბანები. მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ სააღმზრდელო დაწესებულებაში რთულია სანიტარული ნორმების დაცვა და შესაფერისი სააღმზრდელო გარემოს შენარჩუნება.

სააპელაციო სასამართლო ასევე დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ დაწესებულების Aთანამშრომელთა წერილობით სანოტარო წესით დამოწმებულ აქტს, რომლის მიხედვით, 2008 წლის 13 მარტს, ასევე შენობის რემონტის დაწყებამდე და შემდეგ პერიოდში ბავშვებს მათთვის საცხოვრებლად განკუთვნილ სართულზე შექმნილი ჰქონდათ შესაფერისი საცხოვრებელი პირობები, გააჩნდათ საჭირო ნივთები, ჰიგიენური საშუალებები და ტანსაცმელი, იყვნენ სათანადოდ მოვლილები, უზრუნველყოფილნი იყვნენ კარგი კვებით და შენობაში არანაირი ანტისანიტარიას არ ჰქონია ადგილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც დ. ნ-შვილისაგან, ასევე მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრისგან მიიღო ახსნა-განმარტებები, რომლებიც არ ემთხვევოდა ტელევიზიის საშუალებით გაშუქებულ ინფორმაციას, მაგრამ მას დამატებით არ შეუსწავლია ფაქტობრივი გარემოებები გადაწყვეტილების მიღებისას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება და მიიჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სადავო ბრძანების გამოცემისას დაეყრდნო მხოლოდ ტელევიზიების მიერ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ ინფორმაციას და უცხო პირთა სუბიექტურ შეფასებას და დ. ნ-შვილის გათავისუფლებისას არ გამოუკვლევია დაწესებულებაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას ირღვეოდა თუ არა ბავშვთა ზრუნვის წესი და ჰიგიენური ნორმები, იყო თუ არა ანტისანიტარია იმის გათვალისწინებით, რომ რემონტის პარალელურად ბავშთა ინტერესების სრული გათვალისწინება, ოჯახურ გარემოშიც შეუძლებელია.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 22 აპრილის ¹420/კ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, ვინაიდან ბათილად იქნა ცნობილი დ. ნ-შვილის გათავისუფლების ბრძანება და აღარ არსებობს ხელფასის გაუცემლობის საფუძველი, დ. ნ-შვილს უნდა აუნაზღაურდეს განაცდური ხელფასი 2008 წლის 22 აპრილიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდში.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან 2009 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული დაწესებულება გადავიდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში და ... დანიშვნასთან დაკავშირებით საკითხის გადაწყვეტა მინისტრის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, ახალი აქტის გამოცემა უნდა დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მასვე უნდა დაეკისროს დ. ნ-შვილისათვის განაცდურის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 203-211; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 20-228; 230-236; ტ.II).

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად (პროცესუალური კასაცია) (იხ. ს.ფ. 266-271; ტ.II).

მოწინააღმდეგე მხარემ – დ. ნ-შვილმა წერილობითი განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სარჩელის განუხილველად დატოვება (იხ. ს.ფ. ტ.II), ხოლო საკასაციო სასამართლოს სხდომაზე შუამდგომლობის მოთხოვნა დააზუსტა და მოითხოვა სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა (იხ. სხდომის ოქმი; ს.ფ. ტ.II).

კასატორების - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლებმა თანხმობა განაცხადეს საკასაციო სასამართლოში სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტაზე (იხ. სხდომის ოქმი; ს.ფ. ტ.II).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, გაეცნო მოწინააღმდეგე მხარის _ დ. ნ-შვილის შუამდგომლობას სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 აპრილისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებები; დაკმაყოფილდეს დ. ნ-შვილის შუამდგომლობა და სარჩელზე უარის თქმის გამო შეწყდეს საქმის წარმოება დ. ნ-შვილის სარჩელზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

კონკრეტულ შემთხვევაში პროცესის მონაწილე მოწინააღმდეგე მხარემ _ ფიზიკურმა პირმა სარჩელზე უარის თქმით გამოხატა ნება თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რაც მოტივირებულ იქნა იმ გარემოებით, რომ მისთვის აზრი დაკარგა აღძრულმა სარჩელმა, სარჩელის მიზნის მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელია, რამდენადაც აღარ არსებობს ის თანამდებობა, სადაც მოსარჩელე მუშაობდა, ამასთან იწურება 4-წლიანი ვადა, რა დროითაც იგი დანიშნული იყო თანამდებობაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარის მიერ გამოხატული ნება სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე ფიზიკური პირის ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 272 “დ" მუხლის საფუძველზე საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, სარჩელზე უარის თქმის გამო.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 49-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე დ. ნ-შვილს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 100 ლარი სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 208-ე, 272-ე მუხლის “გ” პუნქტით, 372-ე, 390-ე, 399-ე, 404-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 აპრილისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებები;

3. დაკმაყოფილდეს დ. ნ-შვილის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ;

4. შეწყდეს საქმის წარმოება დ. ნ-შვილის სარჩელზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ სარჩელზე უარის თქმის გამო;

5. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

6. დ. ნ-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი სრულად;

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.