Facebook Twitter

ბს-1096-1052(2კ-10) 29 ივნისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართვერლო

თანამოპასუხე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ს. ყ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 17 თებერვალს მოსარჩელე ს. ყ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიმართ, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს ¹427 ბრძანებისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 13 ივნისის ბრძანების ბათილად ცნობა და მისთვის ობიექტის ღირებულების დარჩენილი საფასურის დამატებით გადახდევინების დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიერ გამართულ ღია აუქციონზე გამარჯვების შედეგად შეიძინა თელავის რაიონის სოფ. ... მდებარე 58.58 ჰა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ღია აუქციონის შედეგები გაუქმებულ იქნა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ 2008 წლის 8 აპრილის ¹427 ბრძანებით, იმ მოტივით, რომ არ იქნა გათვალისწინებული აღნიშნულ მიწაზე განლაგებული მრავალწლიანი ნარგავების ღირებულება, რითაც დარღვეულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების მე-3 თავის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი.

მოსარჩელემ განმარტა, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ 2008 წლის 8 აპრილის ¹427 ბრძანების გამოცემისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ უზრუნველყო მისი ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა, რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნები, მოსარჩელემ მიუთითა ამავე კოდექსის 59-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ღია აუქციონზე დაშვებული შეცდომა, რაც გამოიხატებოდა მრავალწლიანი ნარგავების ღირებულების გაუთვალისწინებლობაში, შეიძლებოდა გამოსწორებულიყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის მიმართ მას გააჩნია კანონიერი ნდობის საფუძველი, ვინაიდან მიწის ნაკვეთზე, რომელიც მას ჩამოერთვა სადავო აქტით, მან განახორციელა იურიდიული მოქმედება, მოიყვანა იგი წესრიგში, დაამუშავა, რამაც გარკვეული დანახარჯი გამოიწვია, აღნიშნული კი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს საფუძველს, რომლის მიხედვითაც, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ –სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა დაუშვებელია.

2008 წლის 4 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ შუამდგომლობით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა საქმის განსჯად საასმართლოში, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გადაგზავნა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. ყ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 8 აპრილის ¹427 ბრძანება მოსარჩელე ს. ყ-ის ნაწილში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 13 ივნისის ბრძანება (სარეგისტრაციო ნომერი 1-1/1070) და მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს დაევალა გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალრი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 8 აპრილის ¹427 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 19 თებერვლის ღია აუქციონის შედეგები, გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი ¹.., ასევე ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 28 თებერვლის ¹... ბრძანება და ამ ბრძანების საფუძველზე ს. ყ-ეზე გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი ¹..., ამავე ბრძანებით დადგენილ იქნა ს. ყ-ძეზე გადახდილი “ბეს” დაბრუნების საკითხი, მოსარჩელე – ს. ყ-ძე არ იქნა სადავო 2008 წლის 8 აპრილის ¹... ბრძანების გამოცემისას ადმინისტრაციულ წარმოებაზე მიწვეული.

რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს უზრუნველყოს დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ღია აუქციონი, რომლის მიხედვით მოსარჩელეს – ს. ყ-ძეს საკუთრებაში გადაეცა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ჩატარდა კანონდარღვევით, რაც გამოიხატა იმაში, რომ დაირღვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების III თავის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა, კერძოდ, არ იქნა გათვალისწინებული მიწის ნაკვეთზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავების ღირებულება.

რაიონულმა სასამართლომ ასევე გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეების მიერ, სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 8 აპრილის ¹427 ბრძანებასა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 13 ივნისის ბრძანებაში, არ იქნა განმარტებული, 2008 წლის 19 თებერვლის ღია აუქციონის კანონდარღვევის ჩატარების შედეგად, არსებითად რა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლება ან ინტერესი დაირღვა, რასაც ითვალისწინებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები, ხოლო თუ აღნიშნული ინტერესი სახეზე არ იყო, დაუშვებელი იყო კანონსაწინააღმდეგო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ვინაიდან მოსარჩელე – ს. ყ-ძეს გააჩნდა კანონიერი ნდობის საფუძველი.

რაიონულმა სასამართლომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მიიჩნია, რომ მოსარჩელეს – ს. ყ-ძეს ჰქონდა კანონიერი ნდობა სადავო აქტების მიმართ, ვინაიდან მან აღნიშნული აქტების საფუძველე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება, კერძოდ, უძრავის ქონება დაარეგისტრირა საჯარო რეეტრში, მოიყვანა მიწის ნაკვეთი წესრიგში, დარგო ნარგავები და ჩაატარა მიწის სამუშაოები, ხოლო პრივატიზების შედეგების გაუქმებით, რამაც მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების გაუქმება გამოიწვია, მიადგა მას ზიანი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ სარჩელი მიიჩნია საფუძვლიანად და დაადგინა, რომ მოპასუხემ - კახეთის სახელმწიფო ქონებისა აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ უნდა გამოიკვლიოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე, 59-ე, მე-601 მუხლების გათვალისწინებით, რამდენად მიზანშეწონილია აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის 2008 წლის 19 თებერვლის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, რაიონულმა სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, ადმინისტარციული ორგანოს დავალების შესახებ შეცდომის გასწორების სახით მრავალწლიანი ნარგავების ღირებულების ანაზღაურების მისთვის დაკისრების შესახებ, გამოკვლეულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული წარმოების დროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, ასევე მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს საქმის განსჯად სასამართლოსათვის გადაგზავნის შესახებ უარის თქმის თაობაზე საოქმო განჩინების ბათილად ცნობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის განჩინებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინებით განუხილველი დარჩა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას იმასთან მიმართებაში, რომ მოსარჩელეს – ს. ყ-ძეს სადავო ინდივიდუალური აქტების მიმართ გააჩნდა კანონიერი ნდობა და განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლი კანონიერ ნდობად განიხილავს, მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს ისეთ წერილობით დოკუმენტს, რომლის შინაარსიც იძლევა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაპირებას, ქმედების განხორციელებაზე, აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადგენს, ცვლის ან წყვეტს დაინტერესებულ პირთა სამართლებრივ ურთიერთობას, არ შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას და შესაბამისად, იგი არ წარმოშობს კანონიერი ნდობის საფუძველს. კასატორი მიუთითებს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობაზე, რომლის მიხედვითაც, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი, როდესაც მისთვის აქტის უკანონობა ცნობილი იყო და განმარტავს, რომ მოსარჩელის – ს. ყ-ძისათვის ცნობილი იყო მიწის ნაკვეთზე განთავსებული მრავალწლიანი კულტურების არსებობის შესახებ, იქედან გამომდინარე, რომ იგი მონაწილეობას იღებდა საჯარო ვაჭრობის დროს გამართულ აუქციონზე, შესაბამისად, იგი ფლობდა ინფორმაციას როგორც მიწის ნაკვეთზე განთავსებული მრავალწლიანი კულტურების არსებობის, ისე მიწის გასაყიდი ფასისა და რეალური საბაზრო ღირებულების შესახებ.

კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რაც ამავე კოდექსის 394-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს, ვინაიდან სააპელაციო პალატას არ დაუსაბუთებია თუ რა გადაუდებელი ინტერესი გააჩნდა მოსარჩელეს სადავო აქტების მიმართ და რაში მდგომარეობდა აღნიშნული, აგრეთვე იყო თუ არა დადგენილი და გამოკვლეული სასამართლო სხდომაზე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე აღნიშნული გარემოება.

კასატორის მოსაზრებით იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებას არ წარმოადგენს მოსარჩელის – ს. ყ-ძის მხრიდან მიწის ნაკვეთის წესრიგში მოყვანა. ნარგავების დარგვა, მიწის სამუშაოების ჩატარება და ა. შ.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებს იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელმოერედ განხილვისას უნდა გამოიკვლიოს თუ რამდენად მიზანშეწონილია სადავო აქტების ბათილად ცნობა. კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის პირველ და მე-5 მუხლებზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმოქმედოს არა მიზანშეწონილობის არამედ კანონის საფუძველზე, აღნიშნული პრინციპის რეალიზება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, უნდა მოხდეს მაშინაც, როცა ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ კახეთის სამხარეო სამმართველომ ადმინისტრაციული წარმოების დროს უნდა გამოიკვლიოს აუქციონის დროს გამორჩენილი მრავალწლიანი ნარგავების ღირებულების მოსარჩელის – ს. ყ-ძის მხრიდან დამატების საკითხი და განმარტავს, რომ ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ თვადაპირველად წარდგენილ იქნა არასრულყოფილი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, რომელზედაც ნაჩვენები არ იყო ნაკვეთზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავები, აღნიშნული კი გამორიცხავდა მიწის ნაკვეთის ღირებულების საწყისი ფასის სწორად განსაზღვრას. მოგვიანებით ტექინვენტარიზაციის ბიურომ დაშვებული შეცდომა გამოასწორა სამხარეო სამმართველოსათვის ნამდვილი მდგომარეობის გათვალისწინებით წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის წარდგენით. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მეშვეობით, სახელმწიფო ქონების ერთი პირის, კერძოდ, მოსარჩელის – ს. ყ-ძის, ხელში მოქცევის შესაძლებლობა ზიანს აყენებს საჯარო ინტერესს, რაშიც მოიაზრება როგორც სახელმწიფოს ქონებრივი და ფინანსური ინტერესი, ისე სხვა დაინტერესებულ პირთა ინტერესი – მიეცეთ შესაძლებლობა შიძინონ 58.58 ჰა-ზე გაშენებული მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწის ნაკვეთი.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ უზრუნველყო სამართალწარმოების პროცესში სს “...” მონაწილეობა, ვინაიდან აღნიშნული საზოგადოება დაინტერესებული იყო მიწის ნაკვეთით. შესაბამისად, შესაძლოა მას სახელმწიფოსათვის შედარებით მაღალი ფასი შეეთავაზებინა, მისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო გასაყიდ ობიექტზე მრავალწლიანი ნარგავების არსებობის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს, კონკურენციის გარეშე მხოლოდ ს. ყ-ისათვის გადახდევინების თაობაზე მსჯელობა არამართებულია.

კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული დავა განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ, იგი არ იზიარებს სააპელაციო პალატისა და რაიონული სასამართლოს მოტივაციას იმასთან მიმართებაში, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო განხილულ იქნა როგორც სხვადასხვა უწყება, რის საფუძველზეც მიჩნეულ იქნა რომ სახეზე იყო რამოდენიმე მოპასუხე. კასატორი მიუთითებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 იანვრის ¹1-1/24 ბრძანებაზე, რომლის მიხედვით კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო არის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, რომელიც წარმოადგენს სამინისტროს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს და ა. შ. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში. კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის ¹70 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულება და განმარტავს, რომ ვინაიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს წარმოადგენს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო და როგორც წარმომადგენელი მოქმედებს სამინისტროს სახელით, წარმომადგენლის მიერ მარწმუნებლის სახელით განხორციელებულ მოქმედებებზე სარჩელის წარდგენაც უნდა განხორციელდეს იმ სუბიექტის ადგილსამყოფლის მიხედვით, რომლის სახელით და სასარგებლოდ განხორციელდა ქმედება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საქმეში არსებული მასალებით დადგენილად არის მიჩნეული, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 8 აპრილის ¹427 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 19 თებერვლის ღია აუქციონის შედეგებში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი ¹3 (ტ.I ს.ფ.14); ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 28 თებერვლის ¹214 ბრძანება და ამ ბრძანების საფუძველზე ს. ყ-ეზე გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი ¹232 (ტ.I, ს.ფ.18).

საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს – ს. ყ-ძეს არ გააჩნდა კანონიერი ნდობის საფუძველი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლი კანონიერ ნდობას განიხილავს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს წერილობით დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას ქმედების (მოქმედების ან უმოქმედობის) განხორციელებაზე. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში და განმარტავს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 8 აპრილის ¹427 და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 13 ივნისის ბრძანებები წარმოადგენენ აღმჭურველ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. სადავო ადმინისტრაციული აქტებით კი მოსარჩელემ – ს. ყ-ძემ მოიპოვა საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის მიმართ და განმარტავს, რომ კანონიერი ნდობის პრინციპი უშუალოდ უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს წერილობით დაპირებას – აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტარციულ სამართლებრივ აქტს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 8 აპრილის ¹427 და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 13 ივნისის ბრძანებებს.

საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მოსაზრება იმასთან მიმართებაში, რომ მოსარჩელეს – ს. ყ-ძეს არ გააჩნდა გადაუდებელი კანონიერი იურიდიული ინტერესი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ ბათილად ცნობის შემდეგ მხარისათვის ახალი აქტების გამოცემის დავალების მიმართ მოსარჩელეს – ს. ყ-ძეს გადაუდებელი ინტერესი წარმოეშვა, ვინაიდან მან შეიძინა სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწა მისი ფუნქციონალური დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად, ჩაატარა გარკვეული მოცულობის სამუშაოები, კერძოდ, ამოძირკვა და გაასუფთავა ნაკვეთი, დარგა ნარგავები. მხარის გადაუდებელი ინტერესი, სწორედ მისი საქმიანობის ობიექტის სამართლებრივი სტატუსის დროულად განსაზღვრაში მდგომარეობდა, რაც ადმინისტრაციული აქტების მხოლოდ ბათილად ცნობის მეშვეობით ვერ მიიღწეოდა, ვინაიდან აღდგებოდა აუქციონის ჩატარებამდე არსებული სტატუს-კვო, რითაც გაურკვეველი და Aშესაბამისად, ნაკლებად დაცული იქნებოდა, ადმინისტარციული ორგანოს ბრალეული ქმედების გამო სადავო მიწის ნაკვეთზე გაუქმებული მოსარჩელის საკუთრების უფლება.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ რაიონულმა სასამართლომ და სააპელაციო პალატამ საკუთარი (და არა მოსარჩელის), ინიციატივით დაასახელეს მოტივები, რომლებიც სადავო აქტების მიმართ გადაუდებელი კანონიერი ინტერესის არსებობაზე მიუთითებენ. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ – ს. ყ-ძემ სასამართლო სხდომაზე (ტ.I, ს.ფ. 71) განმარტა, რომ მის მიერ შეძენილ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მანვე განახორციელა გარკვეული მოცულობის სამუშაოები, კერძოდ, ამოძირკვა და გაასუფთავა ნაკვეთი.

საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მითითება იმასთან დაკავშირებით რომ სააპელაციო პალატამ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს არასწორად დაავალა გამოიკვლიოს საკითხის ხელმეორედ განხილვისას რამდენად მიზანშეწონილია სადავო აქტების ბათილად ცნობა, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს კანონის და არა მიზანშეწონილობის საფუძველზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, მიიღოს გადაწყვეტილება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების Aშეფასების შემდგომ, თავისთავად გულისხმობს, ყველა სხვა გარემოებასთან ერთად მიზანშეწონილობის კრიტერიუმით სარგებლობასაც, შეფასება მოიცავს მიზანშეწონილობასაც – კანონით ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული საქმის განხილვაზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა არა თელავის რაიონული სასამართლო არამედ თბილისის საქალაქო სასამართლო, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, წარმოადგენს მას და მოქმედებს მარწმუნებლის (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს) სახელით, მის მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე სარჩელის წარდგენაც უნდა განხორციელდეს იმ სუბიექტის ადგილსამყოფლის მიხედვით, რომლის სახელით და სასარგებლოდ განხორციელდა ქმედება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში და განმარტავს, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს ამ შემთხვევაში წარმოადგენს თელავის რაიონული სასამართლო, საქმის ნივთობრივი განსჯადობის პრინციპიდან გამომდინარე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის (ნივთობრივი განსჯადობა) პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფა, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით და განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი პრინციპის თანახმად, იმ ადმინისტრაციული კატეგორიის დავების განხილვა, რომელიც უძრავ ქონებას ან ადგილთან მიბმულ უფლებას ან სასამართლო ურთიერთობას ეხება, მიეკუთვნება იმ სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც იმყოფება მოცემული ქონება ან მოცემული ადგილი.

ამდენად, თელავის რაიონული სასამართლოსა და სააპელაციო პალატის მიერ საფუძვლიანად იქნა უარყოფილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს შუამდგომლობა, საქმის განსჯად სასამართლოში, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გადაგზავნის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სრულად დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სამართლებრივ შეფასებებს, დამატებით მიუთითა მათზე და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.