ბს-1097-1053(კ-09) 3 თებერვალი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე; ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი
კასატორი – ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. დ-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.05.09წ. განჩინება
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. დ-ძემ 29.12.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 18.06.08წ. გადაწყვეტილების იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი განცხადება 551,24 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 02.05.08წ. განცხადებით მიმართა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების მიზნით. მოსარჩელის განმარტებით, მან საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარუდგინა მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლითაც დასტურდებოდა მის მიერ 1993 წლიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.02.09წ. გადაწყვეტილებით ნ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 18.06.08წ. გადაწყვეტილება ნ. დ-ძისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ მოპასუხის მიერ საკითხის განხილვისას უგულვებელყოფილ იქნა როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ასევე “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით დამტკიცებული “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესით” დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციას ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონითა და ამ ბრძანებულებით განსაზღვრული წესით. აღნიშნული კანონის 11-ე მუხლის მე-6 პუნქტი ცალსახად განსაზღვრავს კომისიის ვალდებულებას – უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევა და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.
ზემოაღნიშნული კანონის 5.2 მუხლის და საქართველოს პრეზიდენტის 15.09.07წ. ¹525 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის საფუძველზე სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ამ უკანასკნელის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან, რომლის განსაზღვრის შემთხვევაში კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მოსაზრებით, ნ. დ-ძემ მიმართა რა კომისიას განცხადებით და მოითხოვა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უარის საფუძვლად მიუთითა ის, რომ არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთების მფლობელობისა და სარგებლობის ფაქტი, ანუ კომისიამ სადავო მიწის ნაკვეთზე იმსჯელა, როგორც მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მაშინ, როდესაც სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომისიას უნდა განეხილა საკითხი, გამოეკვლია გარემოებები და დაედგინა მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის არსებობა. ამასთან სივრცით-ტერიტორიული დაგეგმის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან მოთხოვნის შესაბამისობის განსაზღვრის შემდეგ, კერძო და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან უნდა მიეღო ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.05.09წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცველელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.02.09წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.05.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართვლოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება 15.09.07წ. ¹252 ბრძანებულებით დამტკიცებული “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით”. აღნიშნული წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონით და ამ წესით განსაზღვრულ პირობებს, ან განცხადებაზე დართული დოკუმენტებით არ დასტურდება მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან თვითნებურად დაკავების ფაქტები, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე. ამდენად, მითითებული კანონი და ბრძანებულება აღიარების კომისიას ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, თავად განსაზღვროს და შეაფასოს, აკმაყოფილებს თუ არა განმცხადებლის მოთხოვნა კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და დასტურდება თუ არა მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით მიწის ნაკვეთის ფლობა და სარგებლობა. ამასთან, “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთი პირის მიერ თვითნებურად დაკავებული უნდა იყოს 2007 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული ფაქტი კი, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით (განმცხადებელს უფლება აქვს განცხადებას დაურთოს ასევე სხვა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს მის მიერ მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტას) უნდა ამტკიცოს განმცხადებელმა, რაც მოცემულ შემთხვევაში ნ. დ-ძემ ვერ დაადასტურა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით.
კასატორის განმარტებით, “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი. მიწის თვითნებურად დაკავების დოკუმენტის დეფინიციას კი იძლვა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულება, რომლის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, რის გამოც მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულების მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლითაც განსაზღვრულია კომისიის ვალდებულება, უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ვალდებულების დარღვევა სახეზე იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ დაინტერესებული მხარე სათანადო წესით მიწვეული იქნებოდა კომისიის სხდომაზე და მას საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება შეეზღუდებოდა, ან იგი საერთოდ არ დაიშვებოდა კომისიის სხდომაზე.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ კომისიას უნდა დაედგინა მოსარჩელე – ნ. დ-ძის მიერ მიწის არა ფლობისა და სარგებლობის, არამედ მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი. კასატორი ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ წესის 16.1 მუხლი კომისიას უფლებას აძლევს მიწის ნაკვეთის დაკანონებაზე უარი დაასაბუთოს იმით, რომ არ დასტურდება კონკრეტული განმცხადებლის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობა, სარგებლობა ან/და თვითნებურად დაკავების ფაქტი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ პირის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დროს, თვითნებურად დაკავების მომენტიდან იგი თავისთავად ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრი არ ექნებოდა თავად მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებას. მიწას ფლობს და მიწით სარგებლობს როგორც მისი მართლზომიერი მფლობელი, ასევე მისი თვითნებურად დამკავებელიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამავე კოდექსის 159-ე მუხლი მართლზომიერ მფლობელს კეთილსინდისიერ მფლობელს უთანაბრებს. მიწის თვითნებურად დამკავებელი კი არაკეთილსინდისიერ მფლობელად შეგვიძლია განვიხილოთ. ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ განმცხადებელს არ უდასტურდება მიწის ფლობა და სარგებლობა. ამდენად, სააპელაციიო სასამართლოს მოსაზრება, რომ კომისიამ სადავო მიწის ნაკვეთზე იმსჯელა, როგორც მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მოკლებულია სამართლებრივ არგუმენტაციას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. დ-ძემ 02.05.08წ. განცხადებით (¹12/31256-7) მიმართა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღირების კომისიას ქ. თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე 551,24 კვ.მ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად ნ. დ-ძემ კომისიას წარუდგინა მოწმეთა ნოტარიულად დადასტურებული განცხადება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 15.04.08წ. გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით აღნიშნულ 551 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უფლება რეგისტრირებული არ არის, წარმოდგენილ იქნა აგრეთვე შპს ,,...” მიერ განხორციელებული მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი (ტ.I, ს.ფ.21-27). ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მომსახურების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ი. ფ-ძის 11.12.08წ. წერილით ნ. დ-ძეს ეცნობა, რომ კომისიის მიერ 18.06.08წ. განხილულ იქნა 02.05.08წ. ¹12/31256-7 განცხადება და მის მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება (¹27 ოქმი) საკუთრების უფლების აღიარების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არის დასაბუთებული სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნება და აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონში 23.10.08წ. კანონით შეტანილი ცვლილების შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა, ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის ფართზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთზე სახლის განთავსება, ამასთანავე მიწა არ წარმოადგენს კანონიერ მფლობელობაში არსებულ ნაკვეთს. იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნის საფუძველი არ პასუხობს საკანონმდებლო ცვლილებებს, სასამართლომ თავად უნდა გადაწყვიტოს უფლებრივი საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა დაასაბუთოს თუ რატომაა სასამართლო მოკლებული შესაძლებლობას გამოიკვლიოს და დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და რა უშლის მას ხელს გასაჩივრებული აქტის მატერიალური კანონიერების საკითხის შეფასებაში.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონის შინაარსი ცხადყოფს, რომ კანონის რეგულაცია შეეხება სამი სახის ურთიერთობას, კერძოდ ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის მართლზომიერი მფლობელობიდან, მიწათსარგებლობიდან და მიწის თვითნებურად დაკავებიდან. ყველა ზემოაღნიშნული დეფინიციის მახასიათებელ ელემენტს წარმოადგენს ფლობის ფაქტი. ამდენად, ის გარემოება, რომ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა ნაკვეთის ფლობის და სარგებლობის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო, არ ადასტურებს იმას, რომ კომისიამ არ იმსჯელა თვითნებურად დაკავების ფაქტის საფუძველზე ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნა უკავშირდება მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტს. იმისათვის, რომ შემოწმდეს მოსარჩელის მოთხოვნის კანონიერება, სასამართლომ უნდა დაადგინოს დაეუფლა თუ არა მოსარჩელე მიწის ნაკვეთს და ახორციელებს თუ არა მასზე ფაქტობრივ ბატონობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღირების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღირების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.05.09წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.