Facebook Twitter

ბს-1098-1067(კ-10) 08 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ს-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ს-შვილმა 01.07.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირის - მ. ჯ-ძის მიმართ, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს... ადმინისტრაციული აქტის, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ... განხორციელებულ ჩანაწერში ... ცვლილებების შეტანა, კერძოდ, ქ. თბილისში, ... უძრავ ნივთზე, საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად, მ. ჯ-ძეზე შენობა-ნაგებობების ფართის - 540.38 კვ.მ. აღრიცხვა (აქედან, საცხოვრებელი ფართი – 312.89 კვ.მ., დამხმარე ფართი – 63.07 კვ.მ., სამეურნეო ფართი – 45.16 კვ.მ., და სარდაფის ფართი – 119.26 კვ.მ. ), ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის მიერ ... გაცემული ... საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, მ. ს-შვილის საკუთრების უფლების რეგისტრაციაში გატარება ქ. თბილისში, ... მდებარე სახლის ნაწილზე, კერძოდ, 93.63კვ.მ. ფართზე (აქედან, საცხოვრებელი ფართი 73.82 კვ.მ., არასაცხოვრებელი ფართი – 12.7 კვ.მ., საზაფხულო ფართი – 7.11 კვ.მ.), მ. ს-შვილის სახელზე სარდაფის წილი ფართის – 121.46 კვ.მ. რეგისტრაციაში გატარება და მიწის ნაკვეთზე მისი და მ. ჯ-ძის თანასაკუთრების აღრიცხვა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.11.08წ. გადაწყვეტილებით მ. ს-შვილის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.09წ. განჩინებით მ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.11.08წ. გადაწყვეტილება და მ. ს-შვილის სარჩელი განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.09წ. გადაწყვეტილებით მ. ს-შვილის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2010წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.09წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2010წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-შვილმა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.