ბს-1102-1071(კ-10) 19 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს ,,...” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნას და შპს ,,...” განემარტა, რომ ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში უნდა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საკასაციო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2010 წლის 29 სექტემბერს შპს ,,...” წარმომადგენელმა ა. გ-იამ წარმოადგინა განცხადება, რომლითაც სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,...” წარმომადგენლის ა. გ-იას შუამდგომლობა სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 სექტემბრის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელდა. საკასაციო საჩივრის ავტორ შპს ,,...” დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში ხარვეზის შევსება, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. საკასაციო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ოქტომბრის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება შპს ,,...” საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (თბილისი, ... გამზ. ¹142) ჩაჰბარდა 2010 წლის 5 ოქტომბერს. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორისათვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2010 წლის 6 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2010 წლის 10 ოქტომბერს. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ავტორს შპს ,,...” განუმარტავს, რომ, ვინაიდან მას ხარვეზის შევსების ვადა ჰქონდა 2010 წლის 10 ოქტომბრის ოცდაოთხ საათამდე, აღნიშნული თარიღი კი იყო არასამუშაო დღე კვირა, ხარვეზის შევსების ვადა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად გადაიწია 2010 წლის 11 ოქტომბრის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის საკასაციო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო საამართლო თვლის, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს ,,...” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველი დარჩეს შპს ,,...” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.