Facebook Twitter

ბს-11-10 (კ-10) 5 თებერვალი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ა. პ-ვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე ა. პ-ვას კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 7 აგვისტოს ა. პ-ვამ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ქ. ბათუმის მერიის, სს ,,...ს”, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 აპრილის საოქმო განჩინებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში არასათანადო მოპასუხე _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროთი.

BA ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით ა. პ-ვას მიერ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების შესახებ აღძრული სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ნაწილში საქმე შეწყდა სარჩელის დაუშვებლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. პ-ვამ, მანვე წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში და 2009 წლის 1 აპრილის საოქმო განჩინება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ა. პ-ვას კერძო და სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. პ-ვამ, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინებისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ა. პ-ვას საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. პ-ვას კერძო საჩივარი, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დაუშვებელია, ვინაიდან მან წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში და 2009 წლის 1 აპრილის საოქმო განჩინება. კერძო საჩივრის საფუძვლიანობაზე იმსჯელა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ და 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინებით უარი უთხრა დაკმაყოფილებაზე. ა. პ-ვამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინების კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

კერძო საჩივრის განხილვის წესსა და პირობებს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლები. მითითებული კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.

ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინების კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმების თაობაზე, დაუშვებელია და იგი ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი. მით უმეტეს, რომ მხარემ უკვე გამოიყენა შესაბამისი საპროცესო შესაძლებლობა სააპელაციო სასამართლოში.

სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც მიიღო შესაბამისი საბოლოო საპროცესო განჩინება ამ ნაწილში და აღნიშნული მუხლის საფუძველზე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ანასტასია პოპოვას საკასაციო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი კერძო საჩივარი, დაუშვებელია, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეპრე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 417-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. პ-ვას საკასაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, განუხილველად დარჩეს დაუშვებლობის მოტივით;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.