Facebook Twitter

ბს-1113-1082(კ-10) 1 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს “. . .” დირექტორმა 21.07.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ქ. თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურის მიმართ და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.01.10წ. გადაწყვეტილებით შპს “. . .-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელისათვის დარიცხული დასუფთავების მოსაკრებლის კორექტირების შესახებ შპს “. . .” -ის” მიერ მოპასუხისათვის 17.07.08წ. წარდგენილ ... წერილში ასახული ინფორმაციის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ: ა) შპს “-” იჯარის ხელშეკრულება 09.01.07წ. დაიდო; ბ) ი/მ “-” 01.06.08წ. გაქირავდა 80კვ.მ. ღია სასაწყობე ფართი და ხელშეკრულება 01.08.08წ. შეწყდა; გ) შპს “-” ქირავნობის ხელშეკრულება 29.08.08წ. შეწყდა ხანძრის გამო; დ) ი/მ “-” ქირავნობის ხელშეკრულება 01.03.09წ. შეწყდა; ე) შპს “-” 2007 წლის 3 იანვრიდან 2008 წლის 3 იანვრამდე გაფორმებული იყო ქირავნობის ხელშეკრულება 200კვ.მ. ღია და 70კვ.მ. დახურულ სასაწყობე ფართზე, ხოლო 2008 წლის 3 იანვრიდან მხოლოდ 70კვ.მ. დახურულ სასაწყობე ფართზე; ვ) ი/მ “-” 01.03.08წ. გაფორმებული იყო ქირავნობის ხელშეკრულება 85კვ.მ. დახურულ სასაწყობე ფართზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.10წ. განჩინებით ქ. თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.01.09წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.10წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ქ. თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.