Facebook Twitter

ბს-1114-1083 (2კ-10) 9 მარტი, 2011წ.

ქ. თბილისი

Aადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ ნ.გოგატიშვილი

კასატორი – სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებელი”, წარმომადგენელი დ. ბ-შვილი;

კასატორი-შპს “...”, დირექტორი მ. ღ-ძე, წარმომადგენლები მ. კ-ძე, მ. ჯ-ძე;

მესამე პირები – შპს “...”, შპს “...”, შპს “...”, შპს “...”, შპს “...”, შპს “...”, შპს “...”, სტუდია “...”, შპს “...”, შპს “...”, შპს “...”, შპს “...”, შპს “...”, ი/მ “მ. მ-შვილი”, ფ/პ “შ. ბ-ძე”;

გასაჩივრებული განჩინება- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განჩინება;

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალება და ზიანის ანაზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 27 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს “...” დირექტორმა მ. ღ-ძემ, მოპასუხის – სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სატელევიზიო გადაცემების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის 2008 წლის 27 ოქტომბრის ¹9 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას; სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” დავალდებულებას - გამოეცა ახლი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და გამოეცხადებინა ხელახალი ტენდერი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებოდა ტენდერში მონაწილეობის ხარჯების ანაზღაურება 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს “...”, შპს “...”, შპს “...”, შპს “...”, შპს “...”, შპს “...”, შპს “...”, სტუდია “...”, შპს “...”, შპს “...”, შპს “...”, შპს “...”, შპს “...”, ი/მ “მ. მ-შვილი” და ფ/პ “შ. ბ-ძე”.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “...” დირექტორის-მ. ღ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, სატელევიზიო გადაცემების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის 2008 წლის 27 ოქტომბრის ¹9 ოქმით მე-15 ლოტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება; სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს” დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე მსჯელობა ხელახალი ტენდერის გამოცხადების თაობაზე და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

Pპირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2008 წლის 31 ივლისს სსიპ “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” გაზეთ “...” გამოაქვეყნა განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ, რომლის თანახმად “საზოგადოებრივი მაუწყებელი” სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით აცხადებდა საერთაშორისო ორეტაპიან ტენდერს სატელევიზიო გადაცემების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით და იწვევდა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს. შესყიდვების ობიექტი დაიყო 15 ლოტად. 13 ლოტზე დადგინდა სატელევიზიო გადაცემების შესაბამისი მიმართულებები, ხოლო 14 და 15 ლოტი გათვალისწინებულ იქნა თავისუფალი შემოთავაზებისათვის. სატენდერო წინადადების შესარჩევად შეიქმნა სატენდერო კომისია, რომელსაც თავმჯდომარეობდა სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორი ლ. ყ-შვილი; შპს “...” სატენდერო წინადადებით მიმართა და მე-15 ლოტზე წარუდგინა პროექტი “ეტალონი” და სტუდენტური პროექტი “დიდი პერსპექტივა”. 2008 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით კომისიამ დაადგინა, რომ შპს “...” აკმაყოფილებდა შესაბამის მოთხოვნებს და დაუშვა მეორე ეტაპზე. 2008 წლის 29 ოქტომბრის წერილით “...” ეცნობა, რომ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით ტენდერში მე-15 ლოტზე მონაწილე არც ერთი პრეტენდენტი არ შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის ფინანსურ შესაძლებლობებს და “სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად ტენდერის მე-15 ლოტი დასრულდა უარყოფითი შედეგით. მოსარჩელემ საჩივრით მიმართა “საზოგადოებრივ მაუწყებელს” და მოითხოვა 2008 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებისა და სატენდერო კომისიის 2008 წლის 29 ოქტომბრის მე-15 ლოტზე უარყოფითი შედეგის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომელიც მიღებული იქნა სატენდერო კომისიის 2008 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე. 2009 წლის 16 თებერვალს სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებელის” სამეურნეო საბჭომ განიხილა საჩივარი და მიიღო გადაწყვეტილება, შპს “...” საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, საჩივარი დაუბრუნა ავტორს და განემარტა, რომ აღნიშნული საჩივრის განხილვა წარმოადგენდა სასამართლოს კომპეტენციას.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო აქტები წარმოადგენდნენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ამიტომაც ადმინისტრაციულ ორგანოს მათი გამოცემისას უნდა დაეცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე და განმარტა, რომ “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მე-8 მუხლი ეხება ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობებსა და წესს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაუშვებელია, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესყიდვის მომზადება, განხორციელება ან/და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს, თუ იგი ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდა შესყიდვის მონაწილე ორგანიზაციაში; პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოცემულ საკითხთან შემხებლობა აქვს ასევე “სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის” მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის “ე” ქვეპუნქტს, რომლის თანხმად, ყოველ პირს, რომლის სახელმწიფო შესყიდვის ჩატარებისას შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესებს წარმოადგენს, ექნება ინტერესთა კონფლიქტი, თუ იგი ბოლო სამი წლის განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში მონაწილე ორგანიზაციაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე. Pპირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის და “სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის” 21-ე მუხლის თანახმად უნდა გამოცხადებულიყო ხელახალი ტენდერი, ვინაიდან თუ ტენდერის გამოცხადების შემდეგ არც ერთი საკვალიფიკაციო მონაცემი ან/და სატენდერო წინადადება არ იქნა წარდგენილი ან პრეტენდენტთა მიერ წარდგენილი არც ერთი საკვალიფიკაციო მონაცემი ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების მოთხოვნებს, ან/და სატენდერო წინადადებათა ხელახალი განხილვისა და შეფასების პროცესში ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, სატენდერო კომისია ადგენს ახალ სატენდერო დოკუმენტაციას და ატარებ ხელახალ ტენდერს. ამ შემთხვევებში შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს შექმნას ახალი სატენდერო კომისია ან შეცვალოს მისი შემადგენლობა. 21-ე მუხლის თანახმად ტენდერი ითვლება დასრულებულად უარყოფითი შედეგით, თუ: ა) არც ერთი პირის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს; ბ) წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის ფინანსურ შესაძლებლობებს. ამ მუხლის პრველ და მეორე პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთვევებისა, საქართველოს კანონის “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” მე-17 მუხლის თანახმად ცხადდება ხელახალი ტენდერი. იმ შემთვევაში, თუ ხელახალი ტენდერის გამოცხადების შემდეგ არც ერთი სატენდერო წინადადება არ იქნა წარმოდგენილი ან პრეტენდენტთა მიერ წარდგენილინ სატენდერო წინადადებიდან არც ერთი არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს ან/და სატენდერო წინადადების განხილვისა და შეფასების შედეგად ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სახლემწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების ან მეთოდის შერჩევის საკითხი შეათანხმოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, რაც მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სატენდერო კომისიამ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ განიხილა საჩივარი, არ იმსჯელა ხელახალი ტენდერის დანიშვნის თაობაზე, საჩივარი დაუბრუნა ავტორს და განუმარტა, რომ აღნიშნული საჩივრის განხილვა სასამართლოს კომპეტენცია იყო, აღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხემ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 182-ე, 201-ე 202-ე მუხლები. სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანხმად ვერ წარადგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, თუ როგორი წესით ან რის საფუძველზე ხდებოდა კონკურსანტების შეფასება. სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია კანონის, კერძოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს უფლება კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს ქმედება, რომელსაც საფუძვლად დაედება ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტები მიღებულია საქმისათვის არესებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურული საკითხების უგულვებელყოფით. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები დაფუძნებული იყო ისეთ გარემოებებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 და 96-ე მუხლის მოთხოვნები და სახეზეა მოსარჩელის სარჩელის ნაწილობრივ დამაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს “...” და სსიპ ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”.

აპელანტი – შპს “...” სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა ტენდერში მონწილეობისა და ადვოკატის ხარჯების ანაზრაურებაზე, აგრეთვე, ახალი ტენდერის ჩატარებისა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

მეორე აპელანტი – სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი” სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განჩინებით შპს “...” და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელს” სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ ხელახალი ტენდერის გამოცხადების შესახებ აქტის მიღება წარმოადგენს არა დისკრეციულ უფლებამოსილებას, არამედ კანონით პირდაპირ დაკისრებულ ვადლებულებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ გვერდი კი არ აუარა ხელახალი ტენდერის დანიშვნის საკითხს, არამედ ჩათვალა, რომ ხელახალი ტენდერის ჩატარების საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” გამოიკვლევდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას და გადაწყვეტილებას ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ მიიღებდა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ.

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მიიჩნია, რომ მართალია, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოიცავს ტენდერში მონაწილეობის ხარჯების ანაზღაურებაზე უარის დასაბუთებას, მაგრამ არსებითად სწორია გადაწყვეტილება ამ ხარჯების ანაზღაურებაზე უარის შესახებ, ვინაიდან მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია ტენდერში მონაწილეობაზე ხარჯების გაწევის დამადასტურებელი გადახდის ქვითრები, რაც შეიძლება ყოფილიყო სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილის დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტ სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სააპელაციო საჩივრის ძირითადი მოსაზრება, რომ სატენდერო კომისია მიუხედავად კომისიის წევრთა შემადგენლობისა, ტენდერის მე-15 ლოტთან დაკავშირებით ვერ მიიღებდა სხვა გადაწყვეტილებას, შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული აქტის ნაწილის ბათილად ცნობის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი. სააპელაციო პალატამ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ კომისიას უნდა ემსჯელა შეიძლებოდა თუ არა ლ. ყ-შვილი, რომელიც 2005 წლის 8 თებერვლიდან 2008 წლის 24 აპრილამდე იყო შპს “...” დირექტორი, ყოფილიყო მიკერძოებული ტენდერში გადაწყვეტილების მიღებისას 2008 წლის 27 ოქტომბერს. საქმის სხვა გარემოებებთან ერთად აღნიშნული საკითხის გამოკვლევის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა სატენდერო კომისიას მიეღო ობიექტური გადაწყვეტილება. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები, რომელთა გამოც საქალაქო სასამართლომ საქმეზე მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს “...” და სსიპ ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”.

კასატორი-შპს “...” საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

კასატორი მიუთითებდა, რომ ხელახალი ტენდერის გამოცხადების შესახებ ადმინისტრაციული აქტის მიღება წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის არა დისკრეციულ უფლებამოსილებას არამედ კანონით პირდაპირ დაკისრებულ ვლდებულებას. კერძოდ, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მე-17 მუხლით, თუ ტენდერის გამოცხადების შემდეგ არც ერთი საკვალიფიკაციო მონაცემი ან/და სატენდერო წინადადება არ იქნა წარმოდგენილი ან პრეტენდენტთა მიერ წარმოდგენილი არც ერთი საკვალიფაკაციო მონაცემი ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციას ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების მოთხოვნებს ან/და სატენდერო წინადადებათა ხელახალი განხილვისა და შეფასების პროცესში ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, სატენდერო კომისია ადგენს ახალ სატენდერო დოკუმენტაციას და ატარებს ხელახალ ტენდერს. ასევე სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების 21-ე მუხლის თანახმად, უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერის შემთხვევაში ცხადდება ხელახალი ტენდერი, შესაბამისად, კასატორის აზრით, კანონისა და დებულების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული იყო გამოეცხადებინა ხელახალი ტენდერი მე-15 ლოტზე, სადაც მოსარჩელეს მიეცემოდა შესაძლებლობა ხელახლა წარედგინა მისი სატენდერო წინადადება. კასატორი თვლიდა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონი ავალებდა მიეღო მხოლოდ ერთადერთი გადაწყვეტილება_ტენდერის გამოცხადების შესახებ.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმები და უნდა მიეღო გადაწყვეტილება მოპასუხისათვის ხელახალი ტენდერის გამოცხადების დავალდებულების შესახებ ტენდერის მე-15 ლოტზე. კასატორი მიიჩნევდა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონი მაშინაც, როდესაც არ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და არამართებულად გამოიყენა ამავე მუხლის მე-4 ნაწილი.

Kკასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და მის შედეგად მიღებული დასკვნები ეწინააღმდეგება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონს, რომელიც პირდაპირ კრძალავს იმ პირის მონაწილეობას სატენდერო კომისიაში, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში მუშაობდა ტენდერში მონაწილე რომელიმე კომპანიაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე. აღნიშნული კანონი იმპერატიულად აწესებს ინტერესთა კონფლიქტის გამომრიცხველ ნორმას და არ უტოვებს ადმინისტრაციულ ორგანოს ალტერნატივას თავად გამოიკვლიოს რამდენად მიკერძოებული თუ მიუკერძოებელი შეიძლება იყოს სატენდერო კომისიის ესა თუ ის წევრი გადაწყვეტილების მიღებისას, მაშინ როდესაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მუშაობდა კონკურსში მონაწილე კომპანიაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

კასატორი თვლიდა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა იმ ნაწილშიც, რომლითაც შპს “...” უარი ეთქვა ტენდერში მონაწილეობისათვის გაწეული ხარჯების, ისევე როგორც სადავო ხარჯების ანაზღაურებაზე და აღნიშნულის მოპასუხისათვის დაკისრებაზე. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ამ შემთხვევაშიც არ გამოიყენა კანონი. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი, რომლის შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ამ ნაწილში გამოტანილი იქნა მოსარჩელის სასარგებლოდ. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევდა, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ზემოაღნიშნული ნორმით, რომლითაც მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯები უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გამოეკვლია და შეეფასებინა სათანადოდ.

მეორე კასატორი - სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი” საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2009 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება დასაბუთებული და მოტივირებულია და საჩივრის განხილვა წარმოადგენდა მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს მითითებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და ის არ წარმოადგენდა დავის საგანს სასამართლოში.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სარჩელის საფუძველს წარმოადგენდა სატენდერო კომისიაში სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენ. დირექტორის –ლ. ყ-შვილის მონაწილეობა. შპს “...” საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან კანონის დარღვევად მიუთითებდა “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მე-8 მუხლზე, სადაც განსაზღვრულია ვინ არ უნდა მონაწილეობდეს შესყიდვის განხორციელების პროცესში, რომლის განხორციელებაც კასატორის მოსაზრებით, თავისთავად ადმინისტრაციული წარმოებაა. Aაქედან გამომდინარე, კასატორს მიაჩნდა, რომ კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის საკითხი წარმოადგენდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ რეგულირების სფეროს. კომისიის საქმიანობა კი თავისთავად უკავშირდება კომისიის საქმიანობიდან გამომდინარე ადმინისტრაციული აქტის მომზადება-გამოცემის წესს. კომისიის წევრობის ზოგადი შეზღუდვის საკითხი მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლში, რომელიც მოგვიანებით დაკონკრეტდა “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონით. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნდა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობისათვის აუცილებლად უნდა დადგენილიყო, რამდენად იქნა დარღვეული ადმინისტრაციული წარმოების წესი და ამ დარღვევამ არსებითად იმოქმედა თუ არა საბოლოო შედეგზე. Kკასატორის მოსაზრებით, ვინაიდან მე-11 ლოტზე ერთადერთ პრეტენდენტს წარმოადგენდა შპს “...” და მის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება სრულად შეესაბამებოდა სატენდერო მოთხოვნებს და იმის გათვალისწინებით, რომ მას ამ ლოტზე მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო კონკურენტი არ ჰყავდა, აღნიშნული კომპანია გამარჯვებულად იქნა ცნობილი, რის გამოც კასატორს შეუძლებლად მიიაჩნია, რომ მე-11 ლოტზე გამარჯვებისათვის შპს “...” სარგებლობდა რაიმე უპირატესობით ან ინტერესთა კონფლიქტმა გავლენა იქონია მის გამარჯვებაზე.

Kკასატორი-სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი” მიუთითებდა იმ გარემოებას, რომ კომისიის თავმჯდომარის ლ. ყ-შვილის გადაწყვეტილებას გავლენა არ მოუხდენია კომისიის საერთო გადაწყვეტილებაზე, ასაბუთებს ისიც, რომ “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, სატენდერო კომისია იქმნება არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით და კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. კომისიის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხმები თანაბრად განაწილდება, მოცემულ შემთხვევაში კი სატენდერო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა 7 წევრით და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად.

კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევდა იმ მოსაზრებას, რომ ლ. ყ-შვილის, როგორც სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენ. დირექტორის, სატენდერო კომისიაში მონაწილეობა გამორიცხავდა კომისიის მიუკერძოებლობას. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მე-15 ლოტზე ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით და ამ ლოტზე გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, კომისიის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ პრეტენდენტთა მიერ წარმოდგენილი წინადადების ფასები არ შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის ფინანსურ შესაძლებლობებს, რის გამოც კასატორს მიაჩნია, რომ აღნიშნული საფუძვლის არსებობისას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის ¹1 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სატენდერო კომისია, მიუხედავად კომისიის შემადგენლობისა და კომისიის წევრთა განწყობისა, არ მიიღებდა სხვა გადაწყვეტილებას.

კასატორი თვლიდა, რომ სააპელაციო სასამართლო არ მიუთითებდა კონკრეტულად საქმის რა სხვა სახის გარემოებები უნდა ყოფილიყო გამოკვლეული სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელის” მიერ, მისი აზრით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა მხოლოდ იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა ლ. ყ-შვილს ინტერესთა კონფლიქტი 2008 წლის 27 ოქტომბერს სატენდერო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას და ასეთის არსებობის შემთხვევაში, რამდენად შეეძლო მას ემოქმედა ტენდერის შედეგზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისა” და შპს “...” საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარეთა პოზიციას სასამართლოს მხრიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების არამართებულობის თაობაზე და თვლის, რომ არ არსებობს აღნიშნული მოტივით საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას მიაქცევს შპს “...” სასარჩელო მოთხოვნას და აღნიშნავს: შპს “...” სარჩელის საფუძველზე ითხოვს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სატელევიზიო გადაცემების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის მიერ 2008 წლის 27 ოქტომბრის ¹9 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნულ ოქმს წინ უძღოდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სატელევიზიო გადაცემების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის 2008 წლის 30 ივლისის სხდომის ოქმი, რომელზეც დამტკიცდა გადაწყვეტილება ტენდერის ჩატარების შესახებ და სსიპ “სახელმწიფო მაუწყებლის” მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სატელევიზიო გადაცემების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის 2008 წლის 22 ოქტომბრის ¹6 სხდომის ოქმი, რომლითაც გადაწყდა შპს “...” მიერ ¹15 ლოტზე წარმოდგენილი პროექტის “...” მე-2 ეტაპზე გადასვლა.

დადგენილია, რომ სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მხრიდან ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სატელევიზიო გადაცემების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ორეტაპიანი ტენდერის გამოცხადების ფაქტს.

“სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების შემთხვევაში შესყიდვებში მონაწილების მსურველი პირები საკვალიფიკაციო მონაცემებთან ერთად სატენდერო კომისიას წარუდგენენ საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტებს (პირველ ეტაპზე), პირველად სატენდერო წინადადებებს და ზოგად მონაცემებს, ხოლო მე-2 ეტაპზე სატენდერო კომისია იწვევს მხოლოდ იმ პრეტენდენტებს, რომელთა საკვალიფიკაციო მონაცემები და შემოთავაზებული წინადადებები აკმაყოფილებს პირველი ეტაპისათვის დადგენილ პირობებს.

იმავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ტენდერის პირველი ეტაპის შედეგები უნდა ეცნობოს პირველადი სატენდერო წინადადებების წარმდგენ ყველა პირს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში.

როგორც ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსი ცხადყოფს, ტენდერი როგორც ერთიანი სამართლებრივი პროცესი შედგება ორი ეტაპისგან, ამასთან, თითოეული ეტაპი წარმოშობს დამოუკიდებელ სამართლებრივ შედეგს.

საკასაციო სასამართლომ გადაამოწმა ქვედა ინსტანციებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბოლოო მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც დასტურდება, რომ სასარჩელო მოთხოვნა შეეხება სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სატელევიზიო გადაცემების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის მიერ 2008 წლის 27 ოქტომბერს ¹9 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

ამდენად, ცალსახაა, რომ შპს “...” სადავოდ არ ხდის ტენდერის ორივე ეტაპს, მოსარჩელე არ ითხოვს ტენდერის შედეგების ბათილად ცნობას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ იმ შედეგის კანონიერებაზე, რაც დადგა ტენდერის მე-2 ეტაპის საფუძველზე.

სწორედ იმ გარემოებამ, რომ ტენდერის ერთ-ერთი ეტაპი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, განაპირობა სასამართლოს მხრიდან ამ უკანასკნელის ბათილობა და კომისიის დავალდებულება, ინტერესთა კომფლიქტის გამორიცხვის პირობებში, თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნის გზით უზრუნველყოს საკითხის სამართლიანი გადაწყვეტა.

საკასაციო სასამართლო ადასტურებს შპს “...” პოზიციის მართებულობას იმის თაობაზე, რომ “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლი, იმ პირობებში, თუ არცერთი საკვალიფიკაციო მონაცემი ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციას ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ გაკეთებულ მოთხოვნებს ან/და სატენდერო წინადადებების ხელახალი განხილვისა და შეფასების პროცესში ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, სატენდერო კომისიას ავალებდა ახალი დოკუმენტაციის შედგენასა და ხელახალი ტენდერის ჩატარებას. მაგრამ საგულისხმოა, რომ კანონში 2010 წლის 1 აგვისტოს განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ამოღებული იქნა მე-17 მუხლი. საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, შესყიდვების განხორციელება მთლიანად მიება შემსყიდველი ორგანიზაციის ბიუჯეტს და მის წლიურ გეგმას. ზემოაღნიშნული კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად და შესყიდვის წლიური გეგმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს შესაბამისი წლის ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონს.

საკასაციო სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლებიდან და “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, შეუძლებლად მიიჩნევს სასამართლოს მხრიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის გამოყენებას და თვლის, რომ დავა არსებითად სწორად იქნა გადაწყვეტილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მოთხოვნით ბათილადაა ცნობილი არა მთლიანად ტენდერი, არამედ მხოლოდ ტენდერის მე-2 ეტაპი, საკასაციო სასამართლო შეუძლებად მიიჩნევს მოსარჩელისათვის ტენდერში მონაწილების მიღების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტას.

საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მე-2 კასატორის სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ არ არსებობს აღნიშნულის დაკმაყოფილების საფუძველი.

“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე სატენდერო კომისია იქმნება არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით და კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. კომისიის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხმები თანაბრად გადანაწილდება.

როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, კომისიის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად. ამდენად, საკასაციო სასამართლო გარკვეულწილად ადასტურებს კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ კომისიის თავმჯდომარეს შესაძლოა მართლაც ვერ მოეხდინა გავლენა კომისიის გადაწყვეტილებაზე, მაგრამ მოცემულ პირობებში საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს თავისთავად ფაქტს იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დაირღვა “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, რაც საქართველოს ზოგადი ადმინიტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის დებულებებიდან გამომდინარე იძლევა აქტის ბათილობის საფუძველს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ყოველივე ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზე არ არის საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების მატერიალური თუ პროცესუალური საფუძველი, რის გამოც სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისა” და შპს “...” საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისა” და შპს “...” საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.