ბს-1115-1071(კ-09) 7 აპრილი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდგე მხარე – ნ. ბ-შვილი
მესამე პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მაისის განჩინება
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 3 აპრილს ნ. ბ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ იგი 1999 წლიდან მუშაობდა საბაჟო სისტემაში, ბოლო პერიოდში იყო რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის” ... განყოფილების ინსპექტორი. “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მიღების შემდეგ, რომელიც ამოქმედდა 2007 წლის 1 იანვარს, რეორგანიზებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი, მასთან გაფორმდა ერთწლიანი ხელშეკრულება, რომლის გაფორმება ისე მოხდა, რომ მისთვის ეგზემპლარი არ გადაუციათ და აღმოჩნდა, რომ დაინიშნა დამხმარე მოსამსახურედ, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად კი მიიჩნევდა, რომ ითვლებოდა საჯარო მოსამსახურედ. 2008 წლის 26 მარტს მისთვის ცნობილი გახდა, რომ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, თუმცა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის შესაბამისად, არავის გაუფრთხილებია მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.
მოსარჩელის მიუთითებით, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი დაბადებული 2005 წლის 6 მაისს და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 111-ე მუხლით სამსახურიდან გათავისუფლების შეზღუდვა ვრცელდება იმ ქალებზე, რომელთაც ჰყავთ შვილები სამ წლამდე.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2008 წლის ¹2078-ბ ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის” ... განყოფილების დამხმარე მოსამსახურის თანამდებობიდან და შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება. ბრძანებაში მითითებულია “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტები, თუმცა მითითებული მუხლი არის გარდამავალი დებულებების შემცველი და მასში განსაზღვრულია შემოსავლების სამსახურის შექმნის შემდეგ სამსახურში დასანიშნ იმ პირთა შესახებ, რომლებიც ინიშნებიან ფინანსური პოლიციის, საბაჟო და საგადასახადო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შედეგად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ კანონზე მითითება მოსარჩელეს მიაჩნია არასწორად და უკანონოდ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2008 წლის ¹2078-ბ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებასა და “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების” მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” და “ზ” ქვეპუნქტების საფუძველზე მოპასუხისათვის მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.
2008 წლის 13 აგვისტოს ნ. ბ-შვილმა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2008 წლის ¹2087-ბ ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება განეხორციელებინა ქმედება მისი შესაბამის სამსახურში გადაყვანის თაობაზე, ხოლო 2008 წლის 23 ივლისს მოსარჩელის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დააზუსტა მოთხოვნა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა მოსარჩელის შესაბამის სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით მოპასუხისათვის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. მხარემ ასევე იშუამდგომლა საქმეში მოპასუხედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ჩართვის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამოირიცხა მოპასუხეთა სიიდან და საქმეში ჩაება მესამე პირად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-შვილის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 4 მარტის ¹2078-პ ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქართველოს ზოგადი ადმინისტრციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის ¹170 ბრძანებით, “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, 22-ე მუხილის მე-2, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის ¹39 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის “ი” ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულება”, რომლის მე-5 მუხლის მიხედვით, სამსახურს ხელძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს, რომელთა დანიშვნისა და გათავისუფლების კომპეტენციაც არ გააჩნია საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის ¹39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების საფუძველზე.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საფუძვლებია: ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლების დაცვა, კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნების დაწესების დაუშვებლობა, დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, აცილების უფლება, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილოება ადმინისტრაციულ წარმოებაში. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში კი აუცილებელია ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წერილობით დასაბუთებაში გადმოცემული უნდა იყოს ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები, რის საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაუდო თავის გადაწყვეტილებას. ინდივიდუალური ადმინისტრციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს ადმინისტრციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსში ასახული კონკრეტული ურთიერთობების მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, უკანონოა ინდივიდუალური ადმინისტრციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც მოქმედი სამართლის ნორმების არასწორი გამოყენების შედეგია. ადმინისტრაციულ ორგანოს აქტის გამოცემისას უნდა დაეცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, ანუ აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერება. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძვლების არსებობისას და უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით. ბრძანება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათის და იგი კონკრეტულად მოსარჩელესა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას ეხება.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დაწესებულების ლიკვიდაციის გამო. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ბრძანება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს შრომის კოდექსით მუშაკის სამსახურდან გათავისუფლებისას დადგენილი პროცედურული საკითხების უგულვებელყოფით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს; იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სცილდება სასამართლოს კომპეტენციას და იგი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებას განეკუთვნება, სასამართლომ ჩათვალა, რომ გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისთავის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას და დამატებით მიუთითა, რომ აპელანტი ვერ ასახლებს, მოსარჩელის, როგორც ქალის, რომელსაც ჰყავს სამ წლამდე ბავშვი, თანამდებობიდან განთავისუფლების საქართველოს კანონის “საჯარო სამსახურის შესახებ” 111-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გამოუყენებლობის სამართლებრივ საფუძველს. ამგვარს არ წარმოადგენს საქართველოს კანონის “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ” მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი. მასში, ისევე, როგორც მე-16 მუხლში, რომელშიც ჩამოთვლილია მუშაკის სამსახურიდან განთვისუფლების საფუძვლები, არაფერია ნათქვამი “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული მუხლის გამოყენების დაუშვებლობის თაობაზე.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მაისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
2010 წლის 6 აპრილს ნ. ბ-შვილმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა სასარჩელო განცხადებაზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ნ. ბ-შვილის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მისი განცხადება სარჩელზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება ნ. ბ-შვილის სარჩელზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართლაწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე – ნ. ბ-შვილმა უარი განაცხადა რა სარჩელზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე მხარის ნების შეუზღუდავი გამოვლენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
საკასაციო სასამართლოს ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია მხარეებისათვის იმაზე მითითება, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხევევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო პალატა, ასევე, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სარჩელზე უარს აცხადებს ფიზიკური პირი, ნ. ბ-შვილი, რის გამოც, სასამართლო ვერ გამოიყენებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის დებულებებს და არ ამოწმებს სარჩელზე უარის თქმის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ბ-შვილის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ დავაზე შეწყდეს საქმის წარმოება, ამასთან უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მაისის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 272-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ბ-შვილის განცხადება სარჩელზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მაისის განჩინება;
3. ნ. ბ-შვილის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება;
4. მოსარჩელეს განემარტოს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.