ბს-1120-1088 (კ-10) 1 ივნისი, 2011 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე;
კასატორი – შპს “...”, დირექტორი დ. ბ-ძე;
მოწინააღმდეგე მხარი – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური;
მესამე პირი_ქ. ბათუმის მერია, წარმომადგენელი გ. მ-ძე;
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივნისის განჩინება;
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 20 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს ,, ...”, მოპასუხის – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 24 მარტის ¹1120 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 ივლისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. ბათუმის მერია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 დეკემბრის განჩინებით, შპს ,, ...” დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე შეჩერდა საქმის წარმოება - შპს ,, ...” დირექტორის დ. ბ-ძის გამოჯანმრთელებამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 მაისის განჩინებით შპს ,, ...” სარჩელზე განახლდა საქმის წარმოება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის – შპს ,, ...” შუამდგომლობის საფუძველზე შეჩერდა საქმის წარმოება – შპს ,,...” სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2 ნოემბრის განჩინებით შპს ,, ...” სარჩელზე განახლდა საქმის წარმოება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,, ...” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1995 წლის 20 ივნისის ¹293 გადაწყვეტილებით საწარმოო კომერციულ ფირმა “...” ნება დაერთო ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე სკვერში, ... ქვესადგურის გვერდით აეშენებინა ღია კაფე, გადაწყვეტილებაში მითითებული არ იყო, თუ რა ოდენობის მიწის ნაკვეთის გამოყოფა მოხდა ფირმა “...” ღია კაფის ასაშენებლად. ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის 1996 წლის 28 მაისის ¹01-10/241 წერილით გადაწყდა, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1995 წლის 20 ივნისის ¹293 გადაწყვეტილებითა და დამტკიცებული პროექტის მიხედვით ... და ... ქუჩების კვეთაში აშენებული 57,8 კვ.მ. ფართის ღია კაფის ექსპლუატაციაში მიღება შესაძლებელი იყო და ფირმა “...” ნება დაერთო მის ფუნქციონირებაზე. ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის 1996 წლის 28 მაისის ¹01-10/241 წერილით მოხდა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1995 წლის 20 ივნისის ¹293 გადაწყვეტილების საფუძველზე აშენებული კაფე-ბარის ექსპლუატაციაში მიღება. 2006 წლის 25 ოქტომბერს შპს “...” დირექტორმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა შპს “...” საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. ბათუმში, ... და ... (...) ქუჩების კვეთაში მდებარე 1063 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. განცხადებაზე შპს “...” მიერ დართული იყო ქ. ბათუმის მერის 1995 წლის 23 ივნისის ¹293 გადაწყვეტილება, ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის 1996 წლის 28 მაისის ¹01-10/241 წერილი, მთავარი არქიტექტორის 2005 წლის 16 აგვისტოს ¹01-16/1272 აქტი, ქ. ბათუმის მერიის 2005 წლის 13 სექტემბრის აქტი, სააღრიცხვო ბარათი და სხვა დოკუმენტები.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შპს “...” გაეგზავნა მიმართვა, რომლითაც მას ეცნობა, რომ ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრების რეგისტრაციისათვის დამატებით უნდა წარედგინა ფირმა “...” უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი, მიწით სარგებლობის უფლების დამდასტურებელი საბუთი, კაფე-ბარის ექსპლოატაციაში მიღების დადგენილება, მიღება-ჩაბარების აქტი და მიწის ნაკვეთის გეგმა, ასევე მიწის გადასახადის დამადასტურებელი საბუთი, ასევე სხვა დოკუმენტები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 24 მარტის ¹1120 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. გადაწყვეტილების თანახმად, შპს “...” არ ჰქონდა წარმოდგენილი კაფე-ბარისა და მიმდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრების დამდგენი საბუთი. ქ. ბათუმის მერიის 1995 წლის ¹293 გადაწყვეტილებაში მითითებული არ იყო კაფე ბარის მშენებლობისათვის რა რაოდენობის ფართი იყო გამოყოფილი. ასევე ვერ წარმოადგინა ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ რეგისტრაციაში გასატარებელ შენობაზე მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის პროექტი, ასევე განმარტებული იყო რომ 2006 წლის 30 იანვრის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივი სამსახურის ცნობით შენობა ექსპლუატაციაში არა იყო მიღებული. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა “თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებისათვის გამწვანებისა და დასვენების ადგილების სტატუსის მინიჭების შესახებ” ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის ¹163 განკარგულებაზე, რომლითაც გამწვანებისა და დასვენების ადგილის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, მათ შორის ... და ... (...) ქუჩების კვეთაში მდებარე 1037 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. ქ. ბათუმის მერის 2008 წლის 14 ივლისის ¹646 ბრძანების საფუძველზე საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2008 წლის 22 ივლისს დარეგისტრირებული იყო ქ. ბათუმის მერიის საკუთრება ... და ... (...) ქუჩების კვეთაში მდებარე 1 037 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით და საკადასტრო გეგმით. შპს “...” მიერ საქმეში წარმოდგენილი მშენებლობის პროექტის პირველი გვერდი წარმოადგენდა გენგეგმას, რომელიც ასახავდა, თუ არქიტექტურულად როგორ იქნებოდა წარმოდგენილი ასაშენებელი შენობა მიმდებარე ტერიტორიასთან მიმართებაში, რაც სასამართლოს მოსაზრებით, არ ნიშნავდა, რომ მასზე მითითებული მთლიანი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სამშენებლო მიწის ნაკვეთს, რომელზედაც საწარმოო ფირმა “...” ნება დაერთო ღია კაფე-ბარის ასაშენებლად. შპს “...” გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ოდენობა უნდა დადგენილიყო ამავე პროექტის მე-2 გვერდიდან, სადაც მოცემული იყო ასაშენებელი ობიექტის ზუსტი პარამეტრები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებებით, არ დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ ფირმა “...” ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1995 წლის 20 ივნისის ¹293 გადაწყვეტილებით გამოყოფილი ჰქონდა 1 063 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რამდენადაც ისინი ეწინააღმდეგებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს, ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის 1996 წლის 28 მაისის ¹01-10/241 წერილის შინაარსს, რომელმაც, როგორც უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, შეითანხმა საწარმოო კომერციული ფირმა “...” მიერ ასაშენებელი ღია კაფე-ბარის მშენებლობის პროექტი, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით არ შეიძლებოდა დადასტურებულიყო, თუ რა ოდენობის მიწის ნაკვეთი გამოეყო საწარმოო კომერციულ ფირმა “...” კაფე-ბარის ასაშენებლად, რადგანაც მიწის ნაკვეთის კონკრეტული ფართის გამოყოფის ფაქტი უნდა დადასტურებულიყო გარკვეული სახის მტკიცებულებებით.
სასამართლომ მიუთითა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტზე, იმავე კანონის პირველი მუხლის “დ” პუნქტზე და აღნიშნული კანონის პირველი მუხლის “ე”-”ვ”-”ზ” პუნქტების საფუძველზე მიიჩნია, რომ გამოყოფილ მიწაში იგულისხმებოდა სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთით გადაცემული მიწის ნაკვეთი. სარგებლობის უფლების დამადასტურებელ საბუთად ითვლებოდა შესაბამისი სამსახურის მიერ დადგენილი წესით გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა ან სათანადო წესით მათი დამოწმებული ასლი. შესაბამის სამსახურს კი წარმოადგენდა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1995 წლის 20 ივნისის ¹293 გადაწყვეტილებით საწარმოო კომერციულ ფირმა “...” ნება დაერთო ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე სკვერში, ... ქვესადგურის გვერდით აეშენებინა ღია კაფე, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული არ იყო, თუ რა ოდენობის მიწის ნაკვეთის გამოყოფა მოხდებოდა ფირმა “...” ღია კაფის ასაშენებლად. ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის 1996 წლის 28 მაისის ¹01-10/241 წერილით გადაწყდა, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1995 წლის 20 ივნისის ¹293 გადაწყვეტილებითა და დამტკიცებული პროექტის მიხედვით ... და ... ქუჩების კვეთაში აშენებული 57,8 კვ.მ. ფართის ღია კაფეს ექსპლუატაციაში მიღება შესაძლებელი იყო და ფირმა “...” ნება დაერთო მის ფუნქციონირებაზე.
საქალაქო სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის 1996 წლის 28 მაისის ¹01-10/241 წერილით მოხდა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1995 წლის 20 ივნისის ¹293 გადაწყვეტილების საფუძველზე აშენებული კაფე-ბარის ექსპლუატაციაში მიღება, რის შესაბამისადაც, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საწარმოო ფირმა “...” ქ. ბათუმის მერიის მიერ ღია კაფე-ბარის ასაშენებლად გამოეყო მხოლოდ 57,8 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და არა 1 063 კვ.მ, მიწის ნაკვეთი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, შპს “...” “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცახადების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე 1063 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება არ ჰქონდა მოპოვებული. ამ ფართის მიწის ნაკვეთი მას არ ჰქონდა გამოყოფილი და იგი ამ ფართის მართლზომიერი მფლობელი ან კანონიერი მოსარგებლე არ იყო, შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა 1063 კვ.მ. ფართის დარეგისტრირებაზე უარი საფუძვლიანად უთხრა.
Pპირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, შპს “...” “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა მხოლოდ 57.8 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფარგლებში. შესაბამისად მას საჯარო რეესტრისათვის უნდა მოეთხოვა არა 1063 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება, არამედ დასახელებული 57,8 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაეგისტრირება.
სასამართლომ განმარტა, რომ “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 8-ე მუხლის I და II ნაწილისა და მეორე მუხლის “კ” პუნქტის საფუძველზე, “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის” მე-10 მუხლით, იმისათვის, რომ მოსარჩელეს საჯარო რეესტრში დაერეგისტრირებინა უძრავი ქონების საკუთრება, სავალდებულო იყო საჯარო რეესტრში განცხადებასთან ერთად წარედგინა უფლების დამდგენი საბუთი. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2005 წელს, როცა მოსარჩელემ საჯარო რეესტრს მიმართა განცხადებით და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მაშინ რეგისტრაციის მატერიალურ ნორმად უთითებდა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს კერძო საკუთრების უფლება მიენიჭებოდათ მათ სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, თუ იგი მასზე გამოყოფილი იყო სარგებლობაში სათანადოდ დადგენილი წესით. მოსარჩელე ამ მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად დარეგისტრირებას მოითხოვდა დასახელებული კანონის საფუძველზე.
სასამართლომ განმარტა, რომ “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მერვე მუხლით “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის” დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად იყო ცნობილი “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონი. “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის” დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ამოქმედდა 2007 წლის 15 სექტემბერს, შესაბამისად, ამ მომენტიდან “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონმა ძალა დაკარგა. შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გადაცემა და საკუთრების უფლების აღიარება ამ პერიოდიდან ხორციელდებოდა “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონით.
სასამართლომ მითითებული კანონის საფუძველზე მიიჩნია, რომ სარჩელის საფუძვლიანობისათვის განმცხადებელი უნდა ყოფილიყო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი (მოსარგებლე) ან თვითნებურად დამკავებელი, აგრეთვე საკუთრებას აღიარებად მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საკუთრება, საქმის მასალების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერის 2008 წლის 14 ივლისის ¹646 ბრძანების საფუძველზე საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2008 წლის 22 ივლისს დარეგისტრირებული იყო ქ. ბათუმის მერიის საკუთრება ... და ... (...) ქუჩების კვეთაში მდებარე 1 037 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომლის საკუთრების რეგისტრაციასაც მოითხოვდა მოსარჩელე.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,, ...”.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივნისის განჩინებით შპს ,, ...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებთან დაკავშირებით და მიუთითა “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “კ” ქვეპუნქტზე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1995 წლის 20 ივნისის ¹293 გადაწყვეტილება ვერ იქნება მიჩნეული ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 1093 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შპს “...” საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად, ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დასახელებული გადაწყვეტილებით საწარმოო კომერციულ ფირმა “...” ნება დაერთო ღია კაფის მშენებლობაზე, რაც ვერ წარმოშობდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას.
სააპელაციო სასამართლომ “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველ პუნქტსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1995 წლის 20 ივნისის ¹293 გადაწყვეტილება წარმოადგენს შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვას ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილზე. სწორედ აღნიშნული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცდა შენობა-ნაგებობის პროექტი და აღნიშნული შენობა მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის I და II პუნქტებზე, რომლითაც სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის” მე-10 მუხლით, რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმისათვის, რომ მოსარჩელეს საჯარო რეესტრში დაერეგისტრირებინა უძრავი ქონების საკუთრება, სავალდებულო იყო საჯარო რეესტრში განცხადებასთან ერთად წარედგინა უფლების დამდგენი საბუთი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2005 წელს, როცა მოსარჩელემ საჯარო რეესტრს მიმართა განცხადებით და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მაშინ რეგისტრაციის მატერიალურ ნორმად უთითებდა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს კერძო საკუთრების უფლება მიენიჭებოდათ მათ სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, თუ იგი მასზე გამოყოფილი იყო სარგებლობაში სათანადოდ დადგენილი წესით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ შპს “...” მიერ არ ყოფილა სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტი, რაც გახდა საფუძველი სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრებად აღრიცხვაზე უარის თქმისა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,, ...” და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმება.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის “ე”, “ვ” და “ზ” პუნქტები, ვინაიდან 1995 წლის 20 ივნისს ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის ¹293 გადაწყვეტილებით და ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის მოთხოვნის თანახმად ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ შეთანხმებული და დამტკიცებული პროექტით, განაშენებიანის ფართით, მიმაგრებული მიწის ნაკვეთის გეგმითა და ტერიტორიის ექსპლიკაციით, წარმოადგენს დასახელებული ნორმის “ე” პუნქტის თანახმად იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის დაცვით გამოყოფილ მიწას. Kკასატორის მოსაზრებით, ქ. ბათუმის მერიის კაბინეტს გადაწყვეტილების მიღებისას რომ სცოდნოდა, რა ოდენობის განაშენებიანის მიწის ნაკვეთის ფართი დასჭირდებოდა ფირმა “...” შეთანხმებული შენობის პროექტისა და მისი ფუნციონირებისათვის, თავიდანვე განისაზღვრებოდა გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ოდენობა, მაგრამ შენობის პროექტისა და მისი განაშენიანების ფართის განსაზღვრა დაევალა კომპეტენტურ პირს_ მთავარ არქიტექტორს, რომელმაც დადგენილი წესის თანახმად შეითანხმა და დაამტკიცა კიდევაც უშუალოდ შენობა-ნაგებობის პროექტი, ასევე მისი განაშენიანების ფართი და შესაბამისად განსაზღვრა მიმაგრებული მიწის ნაკვეთის გეგმა, ტერიტორიის ექსპლიკაციით. კასატორი მიუთითებს, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ქ. ბათუმში ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე მიწის ფართი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა არის მოსარჩელის საკუთრება 1995 წლიდან.
Kკასატორი თვლიდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა საქმეში მისი თხოვნით დანიშნული ექსპერტიზის დასკვნაზე და არ შეაფასა იგი სსსკ 105-ე მუხლით დადგენილი წესით, რაც მისი აზრით, ასევე ერთ-ერთი საფუძველია არასწორი გადაწყვეტილების გამოტანის. კასატრის მოსაზრებით, სასამართლოებმა არ გამოიყენეს სსსკ 103-107-ე მუხლების მოთხოვნები და კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებს მიანიჭეს სავალდებულო ძალა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მხედველობაში არ უნდა მიეღო 2008 წლის 14 ივლისის ¹646 ბრძანებაში მითითებული გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. ქუთაისის მერიამ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ბათუმის საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა გაყალბებით. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებუნა, რომ ბათუმის მერიის ¹646 ბრძანება და ბათუმის საჯარო რეესტრის ამონაწერი გამოცემული არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ამოქმედებამდე, რომელთა მიმართაც უნდა განხორციელებულიყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები. კასატორის მოსაზრებით, დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ შპს “...” ზემოაღნიშნული აქტების მიმართ, რომლითაც მას უფლება მიენიჭა, ეწარმოებინა ... შესახვევისა და ... ქუჩების კვეთაში არსებულ ფართში მშენებლობა, გააჩნდა კანონიერი ნდობა, რამდენადაც მან განახორციელა ამ აქტების საფუძველზე იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებები, კერძოდ ააშენა ღია კაფე-ბარი, მოაწყო მოედანი ღია კაფისათვის, გააშენა გამწვანება, გააკეთა მისასვლელი გზა, შენობა მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში, რომელმაც დაიწყო ფუნციონირება, რაც დღესაც გრძელდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,, ...” საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
მითითებული მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2005 წლის 25 ოქტომბერს შპს ,, ...” დირექტორმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა შპს ,, ...” საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. ბათუმში, ... და ... (...) ქუჩების კვეთაში მდებარე 1063 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
განცხადებას თან ერთოდა ქ. ბათუმის მერის 1995 წლის 23 ივნისის ¹293 გადაწყვეტილება, ქ. ბათუმის მთ. არქიტექტორის 1996 წლის 28 მაისის ¹01-10/241 წერილი, მთ. არქიტექტორის 2005 წლის 16 აგვისტოს ¹01-16/1272 აქტი, ქ. ბათუმის მერიის 2005 წლის 13 სექტემბრის აქტი, სააღრიცხვო ბარათი და სხვა დოკუმენტები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურიდან შპს ,, ...” გაეგზავნა მიმართვა, რომლითაც მას ეცნობა, რომ ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრების რეგისტრაციისათვის დამატებით უნდა წარდგენილიყო ფირმა ,, ...” უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი, მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი, კაფე-ბარის ექსპლუატაციაში მიღების დადგენილება, მიღება-ჩაბარების აქტი და მიწის ნაკვეთის გეგმა, ასევე მიწის გადასახადის დამადასტურებელი საბუთი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 24 მარტის ¹1120 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ Aშპს ,, ...” ვერ წარმოადგინა ღია კაფე-ბარისა და მიმდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრების დამდგენი საბუთი. ქ. ბათუმის მერიის 1995 წლის ¹293 გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის კაფე-ბარის მშენებლობისათვის რა რაოდენობის ფართია გამოყოფილი. ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ რეგისტრაციაში გასატარებელ შენობაზე მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის პროექტი, აქვე განმარტებულია, რომ ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივი სამსახურის 2006 წლის 30 იანვრის ცნობით შენობა ექსპლუატაციაში არაა მიღებული.
საქმეზე ასევე დადგენილადაა ცნობილი, რომ ,,თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებისათვის გამწვანებისა და დასვენების ადგილის სტატუსის მინიჭების შესახებ” ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის ¹163 განკარგულებით გამწვანებისა და დასვენების ადგილის სტატუსი მიენიჭა თითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, მათ შორის ... და ... (...) ქუჩების კვეთაში მდებარე 1037 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.2 მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მითითებულ მუხლზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მითითებას იმის თაობაზე, რომ მშენებლობის პროექტის პირველი გვერდი წარმოადგენს გენგეგმას, რომელიც ასახავს, თუ არქიტექტურულად როგორ იქნება წარდგენილი ასაშენებელი შენობა მიმდებარე ტერიტორიასთან მიმართებაში, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მასზე მითითებული მთლიანი ნაკვეთი წარმოადგენს საამშენებლო მიწის ნაკვეთს, რომელზეც საწარმოო ფირმა ,, ...” ნება დაერთო ღია კაფე-ბარის ასაშენებლად. საკასაციო სასამართლო თვლის, იმისათვის, რომ შპს ,, ...” დაემტკიცებინა მიწის გამოყოფის ფაქტი, მისი მხრიდან წარდგენილი უნდა ყოფილიყო ნორმატიული ან/და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც მიჩნეულ იქნებოდა უფლების დამდგენ დოკუმენტად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რამდენადაც ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1995 წლის 20 ივნისის ¹293 გადაწყვეტილებით არ დგინდება სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთის ოდენობა, აღნიშნული დადგენილი უნდა იქნას მშენებლობის პროექტის მე-2 გვერდიდან სადაც მოცემულია ასაშენებელი ობიექტის ზუსტი პარამეტრები და ქ.ბათუმის მთ. არქიტექტორის 1996 წლის 28 მაისის ¹01-10/241 წერილით, სადაც საუბარია 57,8 კვ/მ ფართის ღია კაფის ექსპლუატაციაში მიღებაზე.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მითითებას და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტი არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ შპს ,, ...” კანონით დადგენილი წესით გამოყოფილი ჰქონდა 1063 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი. აქვე საკასაციო სასამართლო ცალსახად ადასტურებს ფაქტს იმის თაობაზე, რომ შპს ,, ...” უფლება ჰქონდა პრეტენზია წაეყენებინა 57, 8 კვ/მ შენობაზე და მის ქვემოთ არსებულ მიწის ნაკვეთზე, თუმცა აქვე აღნიშნავს, მიუხედავად შპს ,, ...” მხრიდან 57,8 კვ/მ კაფე-ბარის მართზომიერი ფლობისა, აღნიშნული ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა მითითებული ფართისა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის საკმარის საფუძველს, ვინაიდან არც მანამდე და არც დავის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთების (სკვერის) გასხვისების შესაძლებლობას. თუმცა, საყურადღებოა, რომ კასატომა უარი განაცხადა ფართის ამ ნაწილში მორიგებაზე და საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კვლავაც დაადასტურა, რომ მისი მოთხოვნა შეეხება სრულად 1063 კვ/მ მიწის ფართს.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ მას სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრება მოპოვებული ჰქონდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს მითითებული კანონის 4.3 მუხლის შინაარსს, რომლის შესაბამისადაც, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის განმცხადებელი სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს: ა) განცხადებას; ბ) მიწის სარგებლობის უფლების დამადასტურებელ საბუთს; გ) კერძო საკუთრების უფლების მისანიჭებელ მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ საბუთს; დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიწის გადასახადისა და ამ კანონით დადგენილი ერთჯერადი საზღაურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს; ე)კერძო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლს.
იმავე კანონის პირველი მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ საბუთს წარმოადგენდა ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წასით რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა ან სათანადო წესით მათი დამოწმებული ასლი.
როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, შპს ,, ...” მხრიდან წარმოდგენილი ვერ იქნა 1063 კვ/მ მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი, ხოლო ის გარემოება, რომ შპს ,, ...” კაფე-ბარის ექსპლუატაციის პროცესში შესაძლოა იყენებდა შენობის მიმდებარე ტერიტორიას, არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ 1063 კვ/მ მიწა გადაცემული ჰქონდა მიმაგრების აქტის საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს ,, ...” მხრიდან წარმოდგენილი ვერ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები და არგუმენტები, რაც სასამართლოს მისცემდა იმის დადგენის შესაძლებლობას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება საკუთრების დარეგისტრირებაზე უარის თქმის თაობაზე ეწინააღმდეგება კანონს ან დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი რომელიმე მოთხოვნა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ დაურღვევია მატერიალური თუ საპროცესო სამართლის ნორმები, მან გამოიყენა ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რის გამოც არ არსებობს განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,, ...” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.