Facebook Twitter

ბს-112-111(კ-11) 14 თებერვალი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლევანი მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს «...» წარმომადგენელის ი. გ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

სს «...» და შპს «...» წარმომადგენელმა ი. გ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

2009 წლის 26 ოქტომბერს მოსარჩელებმა წარადგინეს დაზუსტებული სარჩელი მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მესამე პირების _ დ. ი-ძისა და მ. ს-ძის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

მოსარჩელე სს «...» წარმომადგენელმა 2010 წლის 11 თებერვლის განცხადებით მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ნაცვლად, საქმეში სათანადო მოპასუხედ, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის ჩართვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 თებერვლის ხდომის ოქმით წარდგენილი განცხადება დაკმაყოფილდა და აღნიშნული საქმე, განსჯადობის წესების დაცვით, განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განჩინებით საქმის განხილვაში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სს «...» და შპს «...» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «...» წარმომადგენელმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით შპს «...» წარმომადგენელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «....» წარმომადგენელმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «...» წარმომადგენელის ი. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს «...» წარმომადგენელის ი. გ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე შპს «...» წარმომადგენელს ი. გ-ძეს გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «...» წარმომადგენელის ი. გ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;

3. შპს «...» წარმომადგენელს ი. გ-ძეს დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.