ბს-1123-1091(2კ-10) 22 ნოემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლევანი მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2008 წლის 30 იანვარს შპს “...” სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2008 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებისა და ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 21 აგვისტოს ¹1663 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ ბათილად ცნობა შპს “...” დარიცხული 2004 წლის მოგების გადასახადის ნაწილში 700 ლარის, 2005-2006 წლების მოგების გადასახადის ნაწილში 1440 ლარის, დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში 549 ლარის, 2007 წლის ივნისის დღგ-ს დეკლარაციის წარუდგენლობის გამო ჯარიმის – 400 ლარისა და 2007 წლის ივლისის დღგ-ს დეკლარაციის წარუდგენლობისათვის ჯარიმის _ 200 ლარის, სულ 3289 ლარის დარიცხვის ნაწილში.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 თებერვლის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩართულ იქნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “...” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2008 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 21 აგვისტოს ¹1663 საგადასახადო მოთხოვნა ბათილად იქნა ცნობილი ნაწილობრივ, 2005-2006 წლების მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხული 1440 ლარისა და დღგ-ს გადასახადის ნაწილში დარიცხული 549 ლარის, 2007 წლის ივნისის დღგ-ს დეკლარაციის წარუდგენლობის გამო დარიცხული ჯარიმის 400 ლარის, 2007 წლის ივლისის დღგ-ს დეკლარაციის წარუდგენლობის გამო დაკისრებული ჯარიმის 200 ლარის ნაწილში.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალურმა ცენტრმა, რომლებმაც მოითხოვეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურისა და ფოთის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...” წარმომადგენელმა გ. ფ-იამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება.
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის განჩინებით შპს “...” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება და ფოთის რეგიონალური ცენტრის 2007 წლის 21 აგვისტოს საგადასახადო მოთხოვნა 2005-2006 წლებში დღგ-ს გადასახადის 549 ლარის დარიცხვის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი, ასევე გადაწყვეტილება გაუქმდა შპს “...” სასარგებლოდ ფოთის რეგიონალური ცენტრისათვის სახელმწიფო ბაჟისა და წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებუილი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალურმა ცენტრმა, რომლებმაც მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 13 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრების დაშვებულ (მოსარჩელის საგადასახადო კოდექსის 131-ე და 140.1. მუხლების საფუძველზე ერთობლივად დაჯარიმების) ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “...”-ის მიერ 2007 წლის ივნისის და ივლისის თვეების დღგ-ის დეკლარაციის ვადის დარღვევით წარდგენისათვის დარიცხული 400 და 200 ლარის ჯარიმების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “...” სარჩელი დაკმაყოფიდლა ნაწილობრივ; შპს “...”, 2007 წლის ივნისისა და ივლისის თვეების დღგ-ს დეკლარაციის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენისათვის დაჯარიმდა 400 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალურმა ცენტრმა, რომლებმაც მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.