Facebook Twitter

ბს-1131-1099(კ-10) 9 ნოემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის – დ. გ-ძის მიმართ და მოითხოვა, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო მოპასუხისათვის თანხის დაკისრება (იხ. ს.ფ. 2-12).

მოპასუხემ – დ. გ-ძემ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 34-42).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე – დ. გ-ძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით – 6047.46 ლარის გადახდა, სარჩელი ზიანის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე, დ. გ-ძის მიმართ კონტრაქტის 7.3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების საფუძველზე, ჯარიმის - 2418,84 ლარის გადახდევინების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება (იხ. ს.ფ. 95-110).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 115-125).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 24 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი თავისი შინაარსით მიიჩნია ასევე კერძო საჩივრად, შემდეგი საფუძვლით: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე დ. გ-ძის მიმართ, კონტრაქტის 7.3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების საფუძველზე, ჯარიმის სახით 2 418,84 ლარის გადახდევინების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 274-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს განჩინებაზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივარი საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში წარმოადგენს კერძო საჩივარს (იხ. ს.ფ. 129-131).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავადცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება მოპასუხე 466,83 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე დ. გ-ძეს საქართველოს თავადცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 466,83 ლარი; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება ზიანის დანარჩენი თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად (იხ. ს.ფ. 153-160).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საქართველოს საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში (იხ. ს.ფ. 165-170).

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 181-188).

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ.ს.ფ. 193-194).

დ. გ-ძემ საკასაციო შესაგებლით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება (იხ. ს.ფ. 197-203),

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.