საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-1134-1102 (კ-10) 9 დეკემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა დ. რ. და ზ. ლ-ების საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.10წ. განჩინებით დ. ლ-ბას, ზ. ლ-ბას და რ. ლ-ბას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. ლ-ბამ, ზ. ლ-ბამ და რ. ლ-ბამ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.09.10წ. განჩინებით დ. ლ-ბას, ზ. ლ-ბას და რ. ლ-ბას ხარვეზის შესავსებად მიეცათ ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღე. კასატორებს უნდა წარმოედგინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ბაჟის 300 ლარის გადახდის ქვითარი ან უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მათ მიერ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას. კასატორებს განემარტათ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
აღნიშნული განჩინების კასატორებისათვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურებიდან ირკვევა, რომ ზ. და რ. ლ-ბებს ხსენებული განჩინება ჩაბარდათ 09.11.10წ., ხოლო დ. ლ-ბას _ 11.11.10 წ. კასატორებს განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოსთვის არ მოუმართავთ, რაც მათი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ლ-ბას, ზ. ლ-ბას და რ. ლ-ბას საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.