¹ბს-1135-1103 (კ-10) 13 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ნ. გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) _ რ. თ-ე, წარმომადგენლები _ გ. კ-ე, გ. გ-ი, ხ. ტ-ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)) _ ქალაქ ქუთაისის მერია, წარმომადგენელი ვ. გ-ე;
მესამე პირი _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, წარმომადგენელი _ ო. ი-ი;
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინება;
დავის საგანი _ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 30 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა რ. თ-ემ მოპასუხის ქალაქ ქუთაისის მერიის მიმართ.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 2006 წლის 22 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო ქ. ქუთაისის მთავრობის მიწის მართვისა და განკარგვის საკონკურსო კომისიის მიერ ჩატარებულ აუქციონში და გამოცხადდა გამარჯვებულად ქ. ქუთაისში, ....... ქუჩაზე მდებარე 100 კვ.მ; ......... ქ. მე-8 შესახვევი_80 კვ.მ; ........ ქ. Mმე-2 შესახვევი ნაკვეთი ¹1-435 კვ.მ. და ........ გამზირი სადერივაციო არხის დასავლეთით 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე. ქუთაისის მერის 2006 წლის 1 სექტემბრის ¹433 განკარგულებით დამტკიცდა 2006 წლის 22 აგვისტოს ჩატარებული აუქციონის შედეგები. მოსარჩელემ მიუთითა, რომ აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე მასსა და ქ. ქუთაისის მერიას შორის უნდა გაფორმებულიყო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც დღემდე არ გაფორმებულა. აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელე ითხოვდა ქ. ქუთაისის მერის 2006 წლის 1 სექტემბრის ¹433 განკარგულების საფუძველზე ქ. ქუთაისის მერიისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და უძრავ ქონებაზე საკუთრების მოწმობების გაცემის დავალდებულებას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. თ-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 671-ე მუხლის მე-3 პუნქტსა და ასევე სადავო მიწის ნაკვეთებზე აუქციონის ჩატარების პერიოდში მოქმედ «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტზე. სასამართლო აღნიშნავდა, რომ ამავე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს წარმოადგენდა ქალაქ ქუთაისის მერია. დასახელებული კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტზე, სამოქალაქო კოდექსის 50-ე და ამავე კოდექსის 327-ე მუხლზე დაყრდნობით, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ურთიერთობებს. Aამ ურთიერთობათა ერთ-ერთ გამოვლენას მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს, რაც დასახელებულ კოდექსში გათვალისწინებული ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, შეიძლება დაიდოს მხოლოდ პირთა ურთიერთშეთანხმებით თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთების საკუთრებაში ან სარგებლობაში გაცემაზე აუქციონის, კონკურსის ან პირდაპირი განკარგვის ორგანიზების წესსა და პირობებს სადავო პერიოდში არეგულირებდა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ» საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის ¹65 ბრძანება. მითითებული ბრძანების მე-6 თავის მე-3 მუხლის, ამავე ბრძანების მე-5 თავის მე-19 მუხლისა და ამავე თავის 22-ე მუხლზე მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლო აღნიშნავდა, რომ მოსარჩელეს, როგორც აუქციონში გამარჯვებულს ევალებოდა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების ხელშეკრულების გაფორმება და ამ მიმართულებით ქალაქ ქუთაისის მერიისათვის 30 დღის ვადაში მიმართვა, რაც სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მხრიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ განხორციელდა; სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნულით მოსარჩელემ თავისი უფლების რეალიზება _ დაედო უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება_ დადგენილ ვადაში არ მოახდინა, რის გამოც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ზემოაღნიშნული მიწების განკარგვასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა მართებულად.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სადავო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების განკარგვასთან დაკავშირებით სამოქალაქო კოდექსით რეგულირებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოსარჩელესთან დადების უფლებამოსილება ქალაქ ქუთაისის მერიას არ გააჩნია, ვინაიდან ხსენებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეს, წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, წარმოადგენს სახელმწიფო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახით ხელშეკრულების დადებას კი საფუძვლად შეიძლება დაედოს მხარეთა და არა სხვა პირთა ნების გამოვლენა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. თ-ემ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინებით რ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა დამატებით აღნიშნავდა, რომ «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» ორგანული კანონის 671-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართების განკარგვის პროცესი უნდა დასრულებულიყო «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონის თანახმად, მის გაუქმებამდე, რომლის გაუქმების შემდეგ არ არსებობს რაიმე ნორმატიული აქტი, რომელიც მოაწესრიგებს სადავო სამართალურთიერთობას. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ, სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, სახელმწიფო «ქონების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ» კანონის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და ამავე კოდექსის 66-ე მუხლებზე და ჩათვალა, რომ ქ. ქუთაისის მერიას კანონის თანახმად არა აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს რაიმე მოქმედება სახელმწიფო საკუთრების გასხვისებასთან დაკავშირებით და აღნიშნული პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. თ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» კანონის 671-ე მუხლის მე-3 პუნქტი და უნდა გამოეყენებინა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონი, ვინაიდან კასატორის აზრით, «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» კანონის 671-ე მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს იმას, რომ იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით, რომელთა განკარგვის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ამ კანონის ამოქმედებამდე, გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე. ადმინისტრაციული წარმოება დაწყებული იქნა 2006 წლის აგვისტოში, მაშინ როდესაც მოქმედებდა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონი, რომელიც გაუქმდა 2007 წელს, მაგრამ კასატორის აზრით, ზემოთ მითითებული ორგანული კანონის 67-ე პრიმა მუხლის მე-3 პუნქტი დღემდე მოქმედებს, კასატორი თვლის, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს წინააღმდეგობას ნორმატიულ აქტებს შორის და «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 25-ე, 22-ე და 26-ე მუხლებზე მითითებით, კასატორი თვლის, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს ის ნორმატიული აქტი, რომელსაც აქვს უპირატესი იურიდიული ძალა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ რ. თ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტი და 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დარღვეულია საპროცესო სამართლის ნორმები, რის შედეგად საქმეზე გამოტანილია არასწორი გადაწყვეტილება.
მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ქ. ქუთაისის მერიისათვის ქ. ქუთაისის მერის 2006 წლის 1 სექტემბრის ¹433 განკარგულების საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და უძრავ ქონებაზე საკუთრების მოწმობების გაცემის დავალება.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქალაქ ქუთაისის მერის 2006 წლის 1 სექტემბრის ¹433 განკარგულებით დამტკიცდა მიწის მართვისა და განკარგვის საკონკურსო კომისიის მიერ 2006 წლის 22 აგვისტოს ჩატარებული აუქციონის შედეგები, რომლის მიხედვით §9, §32, §33, §35, ¹3 ოქმით ........ გამზირზე, სადერივაციო არხის დასავლეთით 500 კვ.მ., (სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით საბოლოო ფასი 6550 ლარი), ........ ქუჩა, ავტოგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 კვ.მ., (სავაჭრო კომერციული ობიექტის მოწყობის მიზნით, საბოლოო ფასი 705 ლარი), ...... ქ. Mმე-2 შესახვევი, 435 კვ.მ. (ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მიზნით, საბოლო ფასი 2180 ლარი) და ......... ქუჩის მე-8 შესახვევის გადაკვეთასთან 80 კვ.მ. (სავაჭრო ობიექტის მშენებლობის მიზნით, საბოლოო ფასი 505 ლარი) მიწის ნაკვეთებზე აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა რ. თ-ე.
სადავო პირიოდში მოქმედი «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონის 3.4 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო მიწა საკუთრებაში განიკარგებოდა კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით. კონკრეტულ შემთხვევაში სადავო მიწის ნაკვეთი გასხვისებულ იქნა აუქციონის ფორმით, რომლის ჩატარების წესი განისაზღვრებოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის ¹65 ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის» შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-6 პუნქტის პირველი ნაწილის მიხედვით, აუქციონში ან კონკურსში გამარჯვებულის განსაზღვრიდან 10 დღის განმავლობაში კომისია აუქციონის ჩატარების შესახებ სხდომის ოქმს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, რომელიც ამტკიცებს მას მიღებიდან 10 დღის განმავლობაში.
მითითებული ნორმატიული აქტის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აუქციონის წესით გაყიდვა წარმოადგენს პროცედურას, რომლის მიზანია გამარჯვებულის გამოვლენა კანონით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. სხდომის ოქმის კანონით დადგენილ პროცედურებთან შესაბამისობის შემთხვევაში, იგი ექვემდებარება ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ დამტკიცებას, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნული აქტის საფუძველზე ქონების შეძენასთან დაკავშირებით ფორმდება ხელშეკრულება. საგულისხმოა, რომ ქალაქ ქუთაისის მერის 2006 წლის 1 სექტემბრის ¹433 განკარგულების მიმართ მოსარჩელეს აქვს კანონიერი ნდობა, რომლის საფუძველზეც მან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები, კერძოდ, ს/ს «ს-ის» იმერეთის რეგიონალური ფილიალის მმართველის მიერ გაცემული ცნობით დადასტურებულია, რომ რ. თ-ემ, აუქციონის ოქმების მიხედვით _ განეხორციელებინა აუქციონზე დასახელებული საბოლოო ღირებულების გადახდა, მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით _ დადგენილ ვადაში გადაიხადა თანხა (სფ. 65).
ამდენად, ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო კანონით დაკისრებული ვალდებულება მოსარჩელის მიერ შესრულებულია, რასაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სამოქალაქო კოდექსით სახელშეკრულებო ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
იმავე სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო ამავე კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
Aამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს და შეფასება მისცეს, რამდენად შეესაბამება ადმინისტრაციული ორგანოს უარი ხელშეკრულების გაფორმებაზე სამოქალაქო სამართლის ზემოაღნიშნულ პრინციპებს, ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სადავო მიწის ნაკვეთებზე ჩატარებული აუქციონის შედეგები დამტკიცებულია და მისი კანონიერება სადავოდ არ არის გამხდარი, სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს ადმინისტრაციული ორგანოს ნების გამოვლება ხელშეკრულების გაფორმებაზე გამომდინარეობს მისი გარიგების დადების სურვილიდან, თუ ეს მის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ქალაქ ქუთაისის მერის პირველი მოადგილის 2009 წლის 4 დეკემბრის ¹ბ/თ-7025 წერილზე, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემაზე იმ მოტივით, რომ ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილი არ არის საკუთრების მოწმობა გასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად ქ. ქუთაისის მერიის პოზიციის გაზიარებას იმის თაობაზე, რომ სადავო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების განკარგვასთან დაკავშირებით სამოქალაქო კოდექსით რეგულირებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოსარჩელესთან დადების უფლებამოსილება ქალაქ ქუთაისის მერიას არ გააჩნია, ვინაიდან ხსენებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლში კი განმტკიცებულია დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის მიხედვითაც, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის აღძვრისას მოსარჩელე თვითონ განსაზღვრავს სარჩელის შინაარსს, კერძოდ, დავის საგანსა და ფარგლებს, ასევე სასარჩელო მოთხოვნებს და მიუთითებს მოპასუხე მხარეებზე, რომელთა წინააღმდეგაც მიმართულია მისი სასარჩელო მოთხოვნა, თუმცა საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით სასამართლოსათვის მინიჭებულ ვალდებულებაზე, რომლის თანახმად, სასამართლომ უნდა დაადგინოს აღძრულია თუ არა სარჩელი იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე ან სწორად ჰყავს თუ არა მოსარჩელეს ყველა სასარჩელო მოთხოვნის მიმართ დასახელებული მოპასუხე. იმ ვითარებაში, როდესაც სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მოტივირებს იმ მოსაზრებაზე, რომ ქ. ქუთაისის მერია არ წარმოადგენს მოპასუხე მხარეს, ვინაიდან მას ხელშეკრულების დადების უფლება აღარ გააჩნია, სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს ვის გააჩნია ამ ხელშეკრულების დადების უფლება და არასათანადო მოპასუხე საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს სათანადო მოპასუხით.
ამდენად, სახეზეა სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა, რის შედეგად საქმეზე მიღებულია არასწორი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 671-ე მუხლის მე-3 პუნქტის განმარტებას, რომლითაც იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით, რომელთა განკარგვის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ამ კანონის ამოქმედებამდე, გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის განმარტებისა და სამართლებრივი შეფასების გარეშე შეუძლებელია საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილების მიღება, რის გამოც საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. მხარეთა შორის სახელმწიფო ბაჟის გადანაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.