ბს-1138-1106(კ-10) 1 მარტი, 2011 წელი
UA ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი ნ. გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) _ ი. ბ-უა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ბ-უამ სარჩელი აღძრა სენაკის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის _ სენაკის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა: ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყველა ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიღებულ იქნა მისი უკანონო დაპატიმრების შემდგომ და სასამართლომ გამოიტანოს სათანადო განჩინება ყველა მისი დარღვეული უფლების აღსადგენად. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სენაკის რაიონის გამგეობის 1998 წლის 17 ნოემბრის დადგენილება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 1994 წლის 12 იანვრის ბრძანება, ასევე, მოსარჩელე აღდგენილ იქნეს ქ. სენაკის მე-... საშუალო სკოლის ... თანამდებობაზე და სენაკის (პრეფექტურაში) რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობაზე “...” ან მათ ტოლფას თანამდებობაზე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1991-1992 წლებში იყო სენაკის რაიონული ორგანიზაცია “...” გამგეობის წევრი, “...” სენაკის რაიონული ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე და პოლიტიკურ გაზეთ “...” რედაქტორი. 1989-1993 წლებში მუშაობდა ქ. სენაკის მე-... საშუალო სკოლის .... 1991 წლის 3 დეკემბრიდან სენაკის რაიონის პრეფექტურაში “...” დაინიშნა. 1993 წელს მოსარჩელე დააპატიმრეს და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც მოიხადა სრულად.
მოსარჩელემ “საქართველოს მოქალაქეთა პილიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის საფუძველზე, რეაბილიტაციის მოთხოვნით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1994 წლის 31 მაისის განჩინებით, მოსარჩელის მიმართ მარეაბილიტირებელი გარემოების საფუძვლით შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა და მოსარჩელეს განემარტა მისი უფლება ესარგებლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლებით დადგენილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებით. მითითებული განჩინების საფუძველზე მოსარჩელემ აღიარებითი სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს და სასამართლოს 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელე აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.
მოსარჩელემ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლების საფუძველზე არაერთხელ მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს, მაგრამ სასამართლომ ხარვეზის არსებობის საფუძვლით სარჩელი არ მიიღო წარმოებაში, კერძოდ, მოსარჩელეს ხარვეზის შევსების მიზნით უნდა წარედგინა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხელახლა გამოცემული ადმინისტრაციული აქტები მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის შესახებ. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამსახურში აღდგენის მოთხოვნით, რაზედაც მიიღო უარი.
ზემომითითებულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ყველა იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად ცნობა, რომლებიც მიღებულ იქნა მისი უკანონო დაპატიმრების შემდგომ და ყველა მისი დარღვეული უფლების აღდგენა, კერძოდ სენაკის რაიონის გამგეობის 1998 წლის 17 ნოემბრის დადგენილებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 1994 წლის 12 იანვრის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადდება, მოსარჩელის ქ. სენაკის მე-... საშუალო სკოლის ... თანამდებობაზე და სენაკის (პრეფექტურაში) რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში “...” ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა.
2010 წლის 29 მარტს ი. ბ-უამ სარჩელი აღძრა სენაკის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის _ სენაკის რაიონის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა: სენაკის რაიონის გამგეობის 1998 წლის 17 ნოემბრის დადგენილებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 1994 წლის 12 იანვრის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება, ასევე, მოსარჩელის ქ. სენაკის მე-... საშუალო სკოლის ... ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, ან სხვა სამუშაო ადგილით უზრუნველყოფა.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ბ-უას სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა ი. ბ-უას სხვა სამუშაო ადგილით (თანამდებობით) უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სასამართლომ გამოიყენა “საქართველოს მოქალაქეთა პილიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-2 მუხლი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლი და განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს პოლიტიკური ნიშნით უკანონოდ დაედო მსჯავრი თავისუფლების აღკვეთის სახით, რის გამოც იგი გათავისუფლდა თანამდებობიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ექვემდებარებოდა წინანდელი სამუშაო ადგილით დაკმაყოფილებას, ხოლო ამის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი უნდა დაკმაყოფილებულიყო ალტერნატიული თანამდებობით (სამუშაო ადგილით).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ი. ბ-უას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ბ-უას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის განჩინებით ი. ბ-უას საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1994 წლის 31 მაისის განაჩენი ი. ბ-უას მიმართ და შეწყდა სისხლის სამართლის საქმე. ი. ბ-უას განემარტა უფლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლებით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურების შესახებ.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ბ-უას აღიარებითი სარჩელი დაკმაყოფილდა. ი. ბ-უა აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, რაც იწვევს პოლიტიკური, სამოქალაქო და სხვა სახის უფლებებისა და თავისუფლების აღდგენას.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელიც სამუშაოდან გაათავისუფლეს იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო მსჯავრი, უნდა მიეცეს წინანდელი სამუშაო (თანამდებობა), ხოლო თუ ეს შეუძლებელია, სხვა ტოლფასი სამუშაო (თანამდებობა). რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ი. ბ-უას პოლიტიკური ნიშნით უკანონოდ დაედო მსჯავრი თავისუფლების აღკვეთის სახით, რასთან დაკავშირებითაც იგი თანამდებობიდან გათავისუფლდა. აღნიშნულიდან გამომდინარე მას ჰქონდა უფლება მოეთხოვა წინანდელი სამუშაო ადგილით დაკმაყოფილება, ხოლო ამის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი უნდა დაკმაყოფილებულიყო სხვა ალტერნატიული თანამდებობით (სამუშაო ადგილით).
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შემდგომ, ი. ბ-უამ 2007-2008 წლებში არაერთხელ მიმართა სენაკის რაიონულ გამგეობას, მუნიციპალიტეტს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამუშაოზე დასაქმების თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ. მან სენაკის რაიონულ სასამართლოს, როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სხვა სამუშაო ადგილით უზრუნველყოფის შესახებ 2010 წლის 11 თებერვალს მიმართა, როცა საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 228-ე მუხლის პირველი ნაწილით “თუ მოქალაქის მოთხოვნა შრომითი, საპენსიო, საბინაო ან სხვა უფლების აღდგენის, ანდა ქონებისა თუ მისი ღირებულების დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილებულა, ან თუ მოქალაქე არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს შესაბამისი მოთხოვნით, სასარჩელო წარმოების წესით, გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის შესახებ სხვა აქტის გამოტანის დღიდან 3 წლის განმავლობაში”.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. ბ-უამ სასამართლოს მისი შრომითი მოწყობის თაობაზე მიმართა ამავე სასამართლოს მიერ 2006 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების გამოტანიდან სამ წელზე მეტი ვადის გასვლის შემდეგ 2010 წლის 11 თებერვალს, რის გამოც მისი მოთხოვნა ხანდაზმულობის გამო არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ-უამ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
კასატორის განმარტებით, “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “საქართველოს ორგანული კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მუნიციპალიტეტის საკრებულო არ მიაჩნია პრეფექტურისა და რაიონული გამგეობის უფლებამონაცვლედ, რაც არასწორია. 2006 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების გამოტანიდან 2010 წლის 11 თებერვლამდე კასატორმა რამდენჯერმე მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს სამუშაოზე მოწყობის თაობაზე, ამდენად სარჩელი არ იყო ხანდაზმული.
კასატორმა მიუთითა, რომ ის მარეაბილიტირებელი გარემოებებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამართლებულ იქნა, ხოლო სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, შესაბამისად, მას როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლს უნდა აღუდგეს ყველა დარღვეული უფლებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ი. ბ-უას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. ბ-უას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ი. ბ-უას მიერ წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის განჩინებით ი. ბ-უას საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1994 წლის 31 მაისის განაჩენი ი. ბ-უას მიმართ და შეწყდა სისხლის სამართლის საქმე. ი. ბ-უას განემარტა უფლება საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე-228-ე მუხლით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურების შესახებ. სენაკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით, ი. ბ-უას აღიარებითი სარჩელი დაკმაყოფილდა. ი. ბ-უა აღიარებული იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, რაც იწვევს პოლიტიკური, სამოქალაქო და სხვა სახის უფლებებისა და თავისუფლების აღდგენას. სენაკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ ი. ბ-უას პოლიტიკური ნიშნით უკანონოდ დაედო მსჯავრი თავისუფლების აღკვეთის სახით, რასთან დაკავშირებითაც იგი თანამდებობიდან გათავისუფლდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მას ჰქონდა უფლება მოეთხოვა წინანდელი სამუშაო ადგილით დაკმაყოფილება, ხოლო ამის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი უნდა დაკმაყოფილებულიყო სხვა ალტერნატიული თანამდებობით (სამუშაო ადგილით).
საკასაციო სასამართლო “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის /2005 წლის რედაქცია/ 1.1 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ეს კანონი განსაზღვრავს პოლიტიკური რეპრესიისა და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის ცნებებს, ადგენს პოლიტიკური რესპრესიის მსხვერპლად აღიარების წესს და რეპრესირებულთა სოციალურ გარანტიებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილიდან უკანონო დათხოვნა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელიც სამუშაოდან (თანამდებობიდან) გაათავისუფლეს იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო მსჯავრი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში იმყოფებოდა, იყო დაკავებული ან მოთავსებული სამედიცინო დაწესებულებაში, სამუშაოდან (თანამდებობიდან) გადააყენეს ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით, უნდა მიეცეს წინანდელი სამუშაო (თანამდებობა), ხოლო თუ ეს შეუძლებელია _ სხვა ტოლფასი სამუშაო (თანამდებობა). ამავე კოდექსის 228.1. მუხლის თანახმად თუ მოქალაქის მოთხოვნა შორმითი, საპენსიო, საბინაო ან სხვა უფლების აღდგენის, ანდა ქონებისა და თუ მისი ღირებულების დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილებულა, ან თუ მოქალაქე არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს შესაბამისი მოთხოვნით, სასარჩელო წარმოების წესით, გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის შესახებ სხვა აქტის გამოტანის დღიდან 3 წლის განმავლობაში.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა საქართველოს მოქალაქეთა პლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის საფუძველზე, განსაზღვრა რა პოლიტიკურ რეპრესიის მსხვერპლად აღიარების წესი და რეპრესირებულთა სოცუიალური დაცვის გარანტიები, სრულიად ლოგიკურად, აღნიშნული გარანტიებით სარგებლობისათვის დაადგინა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 228.1. მუხლის საფუძველზე (გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის შესახებ სხვა აქტის გამოტანიდან) შეადგენს 3 წელს.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ი. ბ-უამ, სენაკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შემდგომ, 2007-2008 წლებში არაერთხელ მიმართა სენაკის რაიონულ გამგეობას, მუნიციპალიტეტს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამუშაოზე დასაქმების თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ, ხოლო როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლმა, სხვა სამუშაო ადგილით უზრუნველყოფის შესახებ, სენაკის რაიონულ სასამართლოს მიმართა 2010 წლის 11 თებერვალს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ი. ბ-უა მიმართავდა ადმინისტრაციულ ორგანოებს, სასამართლოში სარჩელის აღძვრამდეც, თუმცა საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. ბ-უას მოთხოვნა ხანდაზმულია შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე-140-ე მუხლები. ამავე კოდექსის 140.1. მუხლის თანახმად, სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.
როგორ საქმის მასალებით ირკვევა ი. ბ-უამ, 2006 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების გამოტანიდან /ი. ბ-უას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების თაობაზე/, სარჩელით რამდენჯერმე მიმართა სასამართლოს და ყველა სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული. ი. ბ-უამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შრომითი მოწყობის თაობაზე ბოლოს სარჩელით მიმართა 2008 წელს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ი. ბ-უას სარჩელი არ იქნა მიღებული წარმოებაში იმ საფუძვლით, რომ საქმე ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადი იყო და მოსარჩელეს განემარტა, რომ მას უფლება ჰქონდა აღნიშნული სარჩელით მიემართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის /იხ.ს.ფ. 216/.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიიჩნია, ვინაიდან ი. ბ-უამ 2008 წლის 22 დეკემბრიდან /ი. ბ-უას სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განჩინების გამოტანიდან/, ექვსი თვის ვადის დარღვევით მიმართა სასამართლოს დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით, მან სამოქალაქო კოდექსის 140.2 მუხლის თანახმად გაუშვა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ბ-უას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.