ბს-1142-1110(კ-10) 10 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე; პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი (მოპასუხე) – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია; წარმომადგენელი _ დ. კ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. ბ-ძე; წარმომადგენელი _ შ. პ-ძე
დავის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 10 მარტს გ. ბ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 23 იანვრის ¹2 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ამავე კომისიის მიერ ხელვაჩაურის რაიონის, სოფ. ... მდებარე 2000 კვ.მ მიწის ფართობზე, 2008 წლის 3 იანვარს მის სახელზე გაცემული ¹4752 საკუთრების უფლების მოწმობის ძალაში დატოვება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, ... დასახლებაში მდებარე 2000 (ორი ათასი) კვ.მ მიწის ნაკვეთს 1949 წლიდან ამუშავებდნენ მისი მშობლები. 1992 წელს გ. ბ-ძესა და ... კოლმეურნეობის ხელმძღვანელობას შორის (ც. ს-ძე) გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება. 1999 წლის ბოლოს ხელვაჩაურის რაიონში მთლიანად გაუქმდა საიჯარო უფლებები, მაგრამ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფლობასა და სარგებლობას მოსარჩელე 2007 წლის ბოლომდე ახორციელებდა. მოსარჩელის განმრატებით, ,,ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულების საფუძველზე მან განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და განცხადებასთან ერთად წარუდგიბა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ მიწის ნაკვეთის მფლობელობის ფაქტს. 2008 წლის 3 იანვარს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დააკმაყოფილა გ. ბ-ძის მოთხოვნა და სოფ. ... მდებარე 2000 (ორი ათასი) კვ.მ მიწის ფართობზე გასცა ¹4752 საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა.
მოსარჩელის მოსაზრებით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2009 წლის 23 იანვარს მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და მისი საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობით დაარღვია მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის კონსტიტუციური უფლება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ¹4752 საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერებასთან დაკავშირებით უკვე არსებობდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ საქმეში წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევის, ადგილზე გასვლისა და ამ სადავო ფართის დათვალიერების შედეგად დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი გ. ბ-ძეზე საკუთრებად კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იყო გადაცემული. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის I ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე კანონიერ ძალაში იყო შესული, შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო აქტის გაუქმების უფლება არ გააჩნდა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; გ. ბ-ძის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 23 იანვრის ¹2 ოქმი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 3 იანვარს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა გ. ბ-ძის განცხადება მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და გაიცა ¹4752 საკუთრების უფლების მოწმობა, გ. ბ-ძისათვის სოფ. ... მდებარე 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი გ. ბ-ძის სახელზე გაცემული ¹4752 საკუთრების უფლების მოწმობა, საოქმო გადაწყვეტილება გ. ბ-ძის ნაწილში და საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით სადავო მიწის ნაკვეთის გ. ბ-ძეზე გადაცემა კანონიერად იქნა მიჩნეული, რაც კანონიერ ძალაში იყო შესული.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე და განმარტა, რომ იმ პირობებში, როცა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, დასაბუთებულობა და მართებულობა, ადმინისტრაციული ორგანო აღარ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა მის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და სათანადო შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
კასატორის მოსაზრებით, სადავო აქტის გამოცემისას დაირღვა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულლების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის მოთხოვნები, ვინაიდან, გ. ბ-ძის განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან/და თვითნებურად დაკავების ფაქტი. ამასთან, კასატორის განმარტებით, გ. ბ-ძისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე მდებარეობდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად და მისი განხილვა ჩაინიშნა მხარეთა დასწრებით 2011 წლის 20 იანვარს 12:30 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2008 წლის 3 იანვარს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით, გ. ბ-ძის განცხადება მიწის ნაკვეთის საკუთრებზე უფლების აღიარების შესახებ დაკმაყოფილდა და გაიცა ¹4752 საკუთრების უფლების მოწმობა, გ. ბ-ძისათვის სოფ. ... მდებარე 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ (ს.ფ. 64-79). ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი გ. ბ-ძის სახელზე გაცემული ¹4752 საკუთრების უფლების მოწმობა, საოქმო გადაწყვეტილება გ. ბ-ძის ნაწილში და საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 24-27).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე და მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, დასაბუთებულობა და მართებულობა, ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა ამ აქტის უკანონობაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის სწორი გადაწყვეტის მიზნით არსებითი მნიშვნელობა აქვს იმის დადგენას, 2008 წლის 3 იანვარს გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცული იყო თუ არა კანონის მოთხოვნები. ის გარემოება, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკურებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის დარღვევას, დადგენილია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (ს.ფ. 17-21).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ 2007 წლის 21 დეკემბერს წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან/და თვითნებურად დაკავების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ 1992 წლის საიჯარო ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, 1992 წლის 1 იანვრიდან 1999 წლის 31 დეკემბრამდე გ. ბ-ძესა და მეჯინისწყლის კოლმეურნეობის ხელმძღვანელობას შორის გაფორმდა მიწის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 36). ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიწის იჯარის ოდენობა ემთხვევა საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის ოდენობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით უდავოდ დასტურდება გ. ბ-ძის მიერ სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე მდებარეობს, ვინაიდან, კასატორის მიერ არ წარმოდგენილა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 23 იანვრის ¹2 საოქმო გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის ნახსენები სადავო მიწის ნაკვეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდებარეობის შესახებ (ს.ფ. 247-251). ამასთან, დადგენილია და არც ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი არ ხდის სადავოდ, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთები ფიზიკური პირების საკუთრებაშია და სახელმწიფოს საკუთრებას არ წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.