Facebook Twitter

ბს-1145-1092(2კ-09) 1 მარტი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს “...”

თანამოპასუხე _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირი _ სს “...”

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ივლისის განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს “...ის” წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოებაზე, კერძოდ, ქ. თბილისში, ... ¹142-ში მდებარე უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ასევე მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დავალებოდა, მოეხდინა საჯარო რეესტრში ქ. თბილისში, ... ¹142-ში მდებარე უძრავი ქონების შპს “...”-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს “...”.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო მოწმობაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

საქალაქო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 30 დეკემბრის ¹1-3/865 ბრძანებით ცნობად იქნა მიღებული სს “..ის” 1997 წლის 27 ოქტომბრის აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილება და სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების (ტრესტების, სამმართველოების, საწარმოების) კომისიის წინადადება, რის შემდეგაც “მეწარმეთა შესახებ” კანონის 14.6-ე მუხლის შესაბამისად, განხორციელდა სს “...ის” რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის შედეგად, ამ უკანასკნელის ბაზაზე ჩამოყალიბდა სამი დამოუკიდებელი სამეწარმეო სუბიექტი, კერძოდ, აკუმულატორების ბაზაზე ჩამოყალიბდა სს “...”, საწარმოო-ლაბორატორიული კორპუსისა და ავტოფარეხის ბაზაზე ჩამოყალიბდა სს “...” და თბილისისა და ქუთაისის სასაწყობო მეურნეობის და მშენებარე სარემონტო მექანიკური ქარხნის ბაზაზე ჩამოყალიბდა სს “...”.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ავტოფარეხისა და საწარმოო-ლაბორატორიული კორპუსის მე-3, მე-7 სართულები, მდებარე ქ. თბილისში ... ¹142-ში მთლიანი ფართით 5519,2 კვ.მ. ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში აღრიცხული იყო სს “...ის” სახელზე. 2003 წლის 3 აპრილის სს “...ის” აქციონერთა საერთო კრების ოქმით (დამოწმებული ნოტარიუსის მიერ) საზოგადოების რეორგანიზაციის (ნატურით გაყოფის) შედეგად, სამეურნეო საქმიანობის დამოუკიდებლად გაგრძელების მიზნით, საზოგადოებას გამოეყო აქციონერი გ. ო-იანი თავისი აქციათა წილით (35,588%), რომელსაც გადაეცა თავისი წილი 37 554 ლარის ღირებულების 37 544 ცალი აქცია. გამოყოფილი აქციები შეერწყა შპს “...ს”, სადაც მას 100%-იანი წილი გააჩნდა. შპს “...ს” გადაეცა აქციების წილის შესაბამისი ქონება ნატურალურ გამოსახულებაში შემდეგი ჩამონათვალით: ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე 86 კვ.მ. ფართი; ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართულზე 450 კვ.მ. ფართი და დერეფნის ფართი; მე-5 სართულზე 100 კვ.მ. ფართი; 34 კვ.მ ფართის ავტოფარეხის ერთი ბოქსი. 2003 წლის 1 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტით (დამოწმებული ნოტარიუსის მიერ) შპს “...ს” გადაეცა ქ. თბილისში ... ¹142-ში მდებარე შენობის ნაწილი _ პირველ სართულზე, შენობის ნაწილი _ მე-2 სართულზე, შენობის ნაწილი _ მე-5 სართულზე და ავტოფარეხის ერთი ბოქსი.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში უძრავი ქონების რეგისტრაციაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის უარი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ შპს “...ის” მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია არ იყო შედგენილი კანონის შესაბამისად, კერძოდ, სს “...ის” საკუთრების უფლება არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და შესაბამისად, სს “...ის აქციონერთა საერთო კრების ოქმში (გაფორმებული 2003 წლის 3 აპრილს, დამოწმებული ნოტარიუს ქ. გ-ნიას მიერ) არ იყო გამოყენებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან (1997 წლის 25 ნოემბრიდან) კი უძრავი ქონების განკარგვა უნდა განხორციელებულიყო საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე. გარდა ამისა, წარდგენილი დოკუმენტაციით და ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში დაცული დოკუმენტებით არ დადგინდა თუ რა უძრავი ნივთის მესაკუთრე იყო სს “...” და ჰქონდა თუ არა საკუთრებაში 2003 წლის 3 აპრილს შპს “...ზე” გადაცემული უძრავი ქონება.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სს “...” ვალდებული იყო საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ... ¹142-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ჯერ დაერეგისტრირებინა თავის სახელზე, ხოლო შემდეგ მოეხდინა მისი განკარგვა შპს “...ზე”. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-43 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა მოცემულ შემთხვევაში არ ვრცელდება, აღნიშნული ნორმა გამოიყენება მაშინ, როდესაც ხდება ერთი პირის მიერ სხვა პირისათვის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემა, უძრავი ნივთის განკარგვა სხვა პირზე ნასყიდობის, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ან სხვა წესით. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გამსხვისებლის უფლება უძრავ ნივთზე დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით. იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ითხოვს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში ტექბიუროს მონაცემების საფუძველზე, შეუძლებელია არსებობდეს საჯარო რეესტრის ამონაწერი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დადგენა და მისი რეგისტრაცია უნდა მომხდარიყო კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ტექბიუროს მონაცემებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე.

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არა სს “...ის” მიერ შპს “...ზე” უძრავი ქონების განკარგვას, რაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე, არამედ ადგილი ჰქონდა სს “...დან” აქციონერ გ. ო-იანის წილის გამოყოფას (ნატურით გამოყოფას) და მის შერწყმას შპს “...თან”. სააქციო საზოგადოებიდან წილის ნატურით (უძრავი ქონებით) გამოყოფა და სააქციო საზოგადოების მიერ სხვა პირზე რაიმე უძრავი ქონების განკარგვა შინაარსობრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან და სხვადასხვა სამართლებრივ შედეგებს იწვევს. თუ სააქციო საზოგადოება სხვა პირზე რაიმე უძრავი ქონების განკარგვას ახდენს, მაშინ საჯარო რეესტრიდან ამონაწერით უნდა დასტურდებოდეს, რომ მას ეს უძრავი ქონება ნამდვილად ეკუთვნის საკუთრების უფლებით. ხოლო საწარმოდან წილის ნატურით (უძრავი ქონებით) გამოყოფის შემთხვევა, არ უნდა იქნეს განხილული უძრავი ქონების განკარგვად, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს საწარმოს პარტნიორებს შორის წილების ნატურით გაყოფას. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით გამოყოფილი წილის მქონე პარტნიორს ისევე აქვს უფლება მოითხოვოს თავისი წილის _ უძრავი ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ტექბიუროს მასალების საფუძველზე, როგორც ძირითადი საწარმოს პარტნიორს აქვს ამის უფლება თავის დარჩენილ წილ ქონებაზე.

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ასევე უსაფუძვლოა მოპასუხის მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლად იმ გარემოებაზე მითითება, რომ საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაციით და ტექბიუროში დაცული დოკუმენტებით ვერ დგინდებოდა თუ რა უძრავი ნივთის მესაკუთრე იყო სს “...” და ჰქონდა თუ არა საკუთრებაში 2003 წლის 3 აპრილს შპს “...”-ზე გადაცემული ქონება. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ... ¹142-ში მდებარე ავტოფარეხისა და საწარმოო-ლაბორატორიული კორპუსის მე-3-მე-7 სართულების ბაზაზე ჩამოყალიბდა საწარმო. ადმინისტრაციული წარმოების დროს მოპასუხეებს უნდა გაერკვიათ, საჯარო რეესტრისა და ტექბიუროს მონაცემების მიხედვით ქ. თბილისში, ... ¹142-ში მდებარე ავტოფარეხისა და საწარმოო-ლაბორატორიული კორპუსის მე-3-მე-7 სართულები სს “...”-ის გარდა, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო თუ არა სხვა პირების, მათ შორის, სახელმწიფოს სახელზე. სრულყოფილად უნდა გამოეკვლიათ ტექბიუროს არქივში დაცული მასალები სადავო უძრავ ნივთთან დაკავშირებით, ასევე დაედგინათ ნატურით გამოყოფის შემდეგ, შპს “...სათვის” გადაცემული ქონება, თუ იგი სს “...ის” საკუთრება არ იყო, ვის საკუთრებას წარმოადგენდა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიეღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ივლისის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1514-ე და 1515-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია უნდა მომხდარიყო მიწის რეგისტრაციის სამსახურში და პარალელურად აღრიცხულიყო ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში, თუმცა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურებში მიწის ნაკვეთის აღრიცხვა არ ხდებოდა, ვინაიდან იგი გათვლილი იყო უშუალოდ შენობა-ნაგებობების ტექნიკური აღრიცხვა-დახასიათების, ინვენტარიზაციისა და პასპორტიზაციისთვის. საკასაციო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს “მიწის რეგისტრაციის შესახებ” ძალადაკარგულ კანონსა და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 1999 წლის 20 ივლისის ¹47 ბრძანებაზე, რომლის თანახმად, ტექნიკური აღრიცხვის სამსახური ვალდებული იყო უძრავ ნივთზე მასთან დაცული მონაცემები მიეწოდებინა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის ¹416 ბრძანებულებაზე, რომლის მიხედვით, ლიკვიდირებულ იქნენ ადგილობრივი მართველობის ტექნიკური სამსახურები და იქ არსებული საინფორმაციო ბანკი და არქივი გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულების მე-15 მუხლის მე-41 პუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიმართ არ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმცია, ხოლო საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ უტყუარობის პრეზუმციის დაწესება განპირობებულია იმით, რომ რეგისტრაციას უკავშირდება მნიშვნელოვანი მომენტი – საკუთრების უფლების წარმოშობა, რომლის დაცვისა და უზრუნველყოფის გარანტიაა პრეზუმცია. საჯარო რეესტრის მონაცემებში იგულისხმება ის მონაცემები, რომლებიც უშუალოდ საჯარო რეესტრის სამსახურისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის შედეგად შეიქმნა. ტექნიკური აღრიცხვის სამსახურების მიერ არასოდეს ყოფილა გაცემული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში საჯარო რეესტრის მონაცემების არარსებობის გამო.

საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ტექნიკური არქივის მონაცემების თანახმად, ... ¹142-ის საარქივო დოკუმენტაციაში სხვა პირებთან ერთად აღნიშნულია სს “...”, ფართის მითითების გარეშე. სს “...ის” აქციონერთა 2003 წლის 3 აპრილის საერთო კრების ოქმის თანახმად, აქციონერმა _ გ. ო-იანმა მიიღო თავისი წილი 37 544 ღირებულების 37 544 ცალი აქციის შესაბამისი ქონება და შეიტანა შპს “...ის” საწესდებო კაპიტალში, ნატურალური გამოსახულების შემდეგი ჩამონათვალით: ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე _ 86 კვ.მ, მე-2 სართულზე _ 450 კვ.მ დერეფანთან ერთად, მე-5 სართულზე არსებული ფართი _ საერთო სარგებლობის უფლებით და ავტოფარეხი _ ერთი ბოქსი, გასაჩივრებულ განჩინებაში პალატამ მიუთითა, რომ “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2007 წლის 16 ოქტომბრის ¹15/2377/6-7 წერილის თანახმად, სს “...” დაფუძნებულია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 30 დეკემბრის ¹1-3/865 ბრძანების შესაბამისად, სს “...ის” რეორგანიზაციის შედეგად ავტოფარეხისა და საწარმოო ლაბორატორიული კორპუსის მე-3, მე-7 სართულების ბაზაზე. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოების მიერ ვერ დადგინდა სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრების ოქმში მითითებულ ფართებზე საზოგადოების საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი. საკასაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას საჯარო რეესტრის მონაცემების, ტექბიუროს არქივში დაცული მასალებისა და შპს “...ის” მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე უნდა გარკვეულიყო ქ. თბილისში ... ¹142-ში მდებარე ავტოფარეხისა და საწარმოო-ლაბორატორიული კორპუსის მე-3, მე-7 სართულები სს “...ის” გარდა საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო თუ არა სხვა პირების, მათ შორის, სახელმწიფოს სახელზე. მარეგისტრირებელი ორგანო არ არის ვალდებული თავად დაადგინოს უძრავი ნივთის მესაკუთრე. მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს უშუალოდ სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტების, ასევე ამ დოკუმენტების საფუძველზე სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე რეგისტრაციის წარმოება.

საკასაციო საჩივრის ავტორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შპს “...ის” მოთხოვნა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებისა და წარდგენილი სხვა დოკუმენტების მიხედვით საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების შესახებ არ წარმოადგენდა უძრავი ქონების განკარგვას. კასატორის მოსაზრებით, თავად ის ფაქტი, რომ “...ის” საკუთრებაში არსებული ქონება, უნდა გადასულიყო ჯერ გ. ო-იანის, შემდეგ კი შპს “...ის” საკუთრებაში, წარმოადგენდა უძრავ ნივთზე გარიგებას და სხვა სამართლებრივი მოქმედების განხორციელებას, რომლის დროსაც უძრავ ნივთზე სს “...ის” საკუთრების უფლება უნდა დადგენილიყო მხოლოდ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. საქმეში წარდგენილი დოკუმენტებით ვერ დგინდებოდა გააჩნდა თუ არა სს “...ს” რაიმე უფლება ჯერ მოქალაქე გ. ო-იანისთვის და შემდეგ შპს “...ისთვის” გადაცემულ ქონებაზე. ასევე ... ¹142-ში მდებარე უძრავ ნივთზე არც სს “...ის” და არც მოქალაქე გ. ო-იანის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში არ ყოფილა რეგისტრირებული. ამდენად, სს “...ის” 2003 წლის 3 აპრილის აქციონერთა კრების ოქმში აღნიშნულ ფართებზე შპს “...ის” საკუთრების უფლების რეგისტრაციის პირდაპირ მოთხოვნა უკანონოა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 30 დეკემბრის ¹1-3/865 ბრძანებით ცნობად იქნა მიღებული სს “...ის” 1997 წლის 27 ოქტომბრის აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილება და სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების (ტრესტების, სამმართველოების, საწარმოების) კომისიის წინადადება, რის შემდეგაც “მეწარმეთა შესახებ” კანონის 14.6-ე მუხლის შესაბამისად, განხორციელდა სს “...ის” რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის შედეგად, ამ უკანასკნელის ბაზაზე ჩამოყალიბდა სამი დამოუკიდებელი სამეწარმეო სუბიექტი, კერძოდ, აკუმულატორების ბაზაზე ჩამოყალიბდა სს “...”, საწარმოო _ ლაბორატორიული კორპუსისა და ავტოფარეხის ბაზაზე ჩამოყალიბდა სს “...” და თბილისისა და ქუთაისის სასაწყობო მეურნეობის და მშენებარე სარემონტო მექანიკური ქარხნის ბაზაზე ჩამოყალიბდა სს “...” (ტ. I, ს.ფ. 29). ის გარემოება, რომ სს “...” დაფუძნდა სს “...ის” რეორგანიზაციის შედეგად, ... ¹142-ში მდებარე ავტოფარეხისა და საწარმო-ლაბორატორიული კორპუსის მე-3-მე-7 სართულების ბაზაზე, ასევე დასტურდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2007 წლის 16 ოქტომბრის ¹15/2377/6-7 წერილით (ტ. I, ს.ფ.31). საქმეში წარმოდგენილი ... ¹142-ში მდებარე შენობის ტექნიკური პასპორტის მიხედვით 1998 წლის მდგომარეობით საერთო ფართობიდან 5519,2 მ2 არასაცხოვრებელი ფართი წარმოადგენდა სს “...ის” საკუთრებას. საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 2 დეკემბრის ¹06-1261/6-8 წერილი და სს “...ის” 1997 წლის 1 დეკემბრის ¹2/3-83 წესდება (ტ. I, ს.ფ. 32). 2003 წლის 3 აპრილის სს “...ის” აქციონერთა საერთო კრების ოქმით (დამოწმებული ნოტარიუს მიერ) საზოგადოების რეორგანიზაციის (ნატურით გაყოფის) შედეგად, სამეურნეო საქმიანობის დამოუკიდებლად გაგრძელების მიზნით, საზოგადოებას გამოეყო აქციონერი გ. ო-იანი თავისი აქციათა წილით (35,588%), რომელსაც გადაეცა თავისი წილი 37 554 ლარის ღირებულების 37 544 ცალი აქცია. გამოყოფილი აქციები შეერწყა შპს “...ს”, სადაც მას 100%-იანი წილი გააჩნდა. შპს “...ს” გადაეცა აქციების წილის შესაბამისი ქონება ნატურალურ გამოსახულებაში შემდეგი ჩამონათვალით: ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე _ 86 კვ.მ. ფართი; ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართულზე _ 450 კვ.მ. ფართი და დერეფნის ფართი; მე-5 სართულზე _ 100 კვ.მ. ფართი; 34 კვ.მ ფართის ავტოფარეხის ერთი ბოქსი. 2003 წლის 1 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტით (დამოწმებული ნოტარიუსის მიერ) შპს “...ს” გადაეცა ქ. თბილისში ... ¹142-ში მდებარე შენობის ნაწილი _ პირველ სართულზე, შენობის ნაწილი _ მე-2 სართულზე, შენობის ნაწილი _ მე-5 სართულზე და ავტოფარეხის ერთი ბოქსი (ტ. I, ს.ფ. 20-27).

საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული დოკუმენტებით არ დასტურდება გააჩნდა თუ არა სს “...ს” რაიმე უფლება 2003 წლის 3 აპრილის კრების ოქმის თანახმად, გ. ო-იანისათვის გადაცემულ ქონებაზე. აღნიშნული მოსაზრება წარმოადგენდა ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთ საფუძველს, რომლის საწინააღმდეგო დასაბუთება გასაჩივრებულ განჩინებაში არ ასახულა. აღნიშნული კი გახდა საკასაციო პრეტენზიის საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების არსებობა დადასტურებულ უნდა იქნეს უფლების წარმოშობის დროს მოქმედ ნორმებთან მისი შესაბამისობის დადგენით. მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ სს “...ის” რეორგანიზაცია განხორციელდა 1997 წელს, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე, ხოლო საქმეში წარმოდგენილი ტექნიკური პასპორტის მიხედვით რეორგანიზაციის შედეგად გამოყოფილი ქონება (შენობა-ნაგებობის ნაწილი) 1998 წელს უკვე აღრიცხული იყო სს “...ის” საკუთრებად ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობა მოითხოვს, ერთი მხრივ, სათანადო ფორმის დაცვას და, მეორე მხრივ, მის აღიარებას სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეგისტრაციით, რაც სხვადასხვა პერიოდში ხორციელდებოდა განსხვავებული წესით. “მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიღების შემდეგ წარმოშობილი უფლებები იურიდიულ ძალას იძენს სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციები განახორციელონ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებმა. ე.ი. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, მარეგისტრირებელ ორგანოდ, მართალია, მიჩნეულ იქნა საჯარო რეესტის სამსახური, მაგრამ სამსახურის ჩამოყალიბებამდე ამ ფუნქციის განმახორციელებლად ასევე ითვლებოდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები და საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სათანადო სამსახურები. ამდენად, სს “...ის” საკუთრების უფლების დადგენისათვის საჭიროა მისი არსებობა დასტურდებოდეს მისი წარმოშობის მომენტისათვის არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. საკასაციო პალატა ნაწილობრივ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-43 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა არ უნდა გავრცელებულიყო მოცემულ დავაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რა, რომ შპს “...ის” მოთხოვნას წარმოადგენდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელება ტექბიუროს მონაცემებისა და წარდგენილი სხვა დოკუმენტების საფუძველზე, რაც არ შეიძლებოდა გახილულიყო უძრავი ქონების თაობაზე გარიგებად, არ უმსჯელია აღნიშნული ნორმის დროში მოქმედებაზე. მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგი მოჰყვა სს “...ის” მიერ 2003 წლის 3 აპრილს გამართულ აქციონერთა კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას უძრავ ქონებასთან მიმართებით, დღეის მდგომარეობით “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-43 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნასთან შეუსაბამობა ვერ დაადასტურებს ამ ქმედების უსწორობას, ვინაიდან არათუ ეს ნორმა, თავად “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” კანონი სს “...ის” აქციონერთა კრებაზე 2003 წლის 3 აპრილს გადაწყვეტილების მიღებისას არ არსებობდა.

ასევე დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ ადმინისტრაციული წარმოებისას უნდა გაარკვიოს ადგილი ჰქონდა უძრავი ქონების განკარგვას თუ საწარმოდან წილის სახით მის გამოყოფას, ხოლო ამ უკანასკნელის დადასტურებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს ტექბიუროს მონაცემების საფუძველზე შპს “...ს” ჰქონდა თუ არა უფლება მოეთხოვა გამოყოფილი წილის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. საკასაციო პალატა თვლის, რომ სს “...ის” აქციონერისათვის წილის გამოყოფის ფაქტი წარმოადგენს სამართლებრივი შეფასების საგანს, კერძოდ, საწარმოს პარტნიორებს შორის აქციათა წილის გაყოფისას სახეზე იყო საწარმოს ქონების ნატურით გამოყოფა თუ აღნიშნულს გააჩნდა ორ იურიდიულ პირს შორის გარიგების სამართლებრივი ბუნება, რაც სააპელაციო პალატას უნდა განემარტა “მეწარმეთა შესახებ” კანონისა და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმების საფუძველზე. აღნიშნული შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატას თავად უნდა ემსჯელა კონკრეტული ქმედების განხორციელებისას (აქციათა წილის გაყოფისას, ან უძრავ ნივთზე დადებული გარიგებისას) მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა თუ არა მისი ნამდვილობისათვის საჯარო რეესტრის ამონაწერის გამოყენების აუცილებლობას, რაც გახდა შპს “...სათვის” უძრავი ქონების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებით დგინდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სწორად იქნა თუ არა დადენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიეცა თუ არა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, არ დაუსაბუთებია, თუ რატომ იყო აუცილებელი მითითებული ნორმის გამოყენება და რატომ იყო სააპელაციო სასამართლოსთვის შეუძლებელი, თვითონ გამოეკვლია საქმის ზემოთ აღნიშნული გარემოებები და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტით, საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება მიეღო. სააპელაციო პალატას ასევე არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ ჰქონდა შესაძლებლობა თავად გამოეკვლია სადავო ნივთთან დაკავშირებით ტექბიუროს არქივში დაცული მასალები და უძრავი ქონების რეგისტრაციაზე უარის თქმის გადაწყვეტილების სისწორე შეემოწმებინა მათი საქმის მასალებთან ერთობლივი ანალიზით, სათანადო სამართლებრივი დასკვნების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით რეგლამენტირებული საპროცესო ნორმის გამოყენებისას სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არის მისთვის შეუძლებელი საქმის გარემოებების გამოკვლევა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტა საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებით, ასევე ის გარემოება, რომ კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიკვლიოს და სათანადოდ შეაფასოს საქმის გარემოებები, რომ აღნიშნულით იგი შესაძლებელია, შეიჭრას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში. ამდენად, დაუშვებელია ზემოთ მოყვანილი დასაბუთების გარეშე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის ნორმის საპროცესო რეალიზება _ ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, ხსენებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თუ სააპელაციო სასამართლო მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას საჭიროდ მიიჩნევს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, მან უნდა დაასაბუთოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საპროცესო ნორმის გამოყენების აუცილებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევა-შეფასების შედეგად, თვითონ გადაწყვიტოს სადავო საკითხი და საქმეზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.