ბს-1145-1113 (კ-10) 10 ნოემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბ. მ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 3 აგვისტოს ბ. მ-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიმართ პენსიის გადაანგარიშებისა და მიუღებელი სხვაობის ანაზღაურების თაობაზე.
სარჩელის წარდგენის შემდგომ მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ ზიანის სახით 11533, 13 ლარის ანაზღაურების, სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოსათვის მისი კუთვნილი პენსიის გადაანგარიშებისა და შემდგომში ყოველთვიურად 560 ლარის ოდენობით კომპენსაციის დანიშვნის დაკისრება; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სოციალური სუბსიდიების სააგენტოსათვის მის სასარგებლოდ 171,60 ლარისა და 2007 წლის 1 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 429,19 ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით ბ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. მ-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ბ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება და ბ. მ-ძის სარჩელი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. მ-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ივნისის განჩინებით ბ. მ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა ფულად ატესტატში ცვლილებების შეტანა იმგვარად, რომ წელთა ნამსახურების პროცენტულ დანამატად მიეთითოს 40 % და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთად 440 ლარი. ამავე კოლეგიის 2010 წლის 12 იანვრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16.2 მუხლის თანახმად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო საქმეში ჩაება მესამე პირად.
თბილისის საქალაქი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით ბ. მ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბ. მ-ძის სასარჩელო მოთხოვნა ფულად ატესტატში თანამდებობრივი სარგოს 440 ლარის მითითების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ბ. მ-ძის სასარჩელო მოთხოვნა წელთა ნამსახურების დანამატის 40 %-ის მითითების შესახებ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. მ-ძემ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებას სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივნისის განჩინებით ბ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. მ-ძემ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივნისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბ. მ-ძის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ბ. მ-ძის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ბ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ბ. მ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ბ. მ-ძის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. მ-ძეს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.