ბს-1148-1095(კ-09) 26 იანვარი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
გ. ილინას მდივნობით
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი _ ნ. ქ-ძე;
მოწინააღმდეგე მხარე – მ. თ-ძე;
წარმომადგენელი _ ლ. მ-ხი;
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);
წარმომადგენელი- ზ. გ-შვილი;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
მ. თ-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ, მესამე პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მონაწილეობით, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 1 აგვისტოს ¹5373-პ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. (იხ.ს.ფ. ტ.I, 1-13).
საქმის გარემოებები:
მოსარჩელე მ. თ-ძე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ადმინისტრაციის სპეციალისტის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა 2008 წლის 1 აგვისტოს ¹5373-პ ბრძანებით. აღნიშნულ ბრძანებაში სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იყო “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 16.1 მუხლის “ზ” და “ნ” ქვეპუნქტები; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისისა და გორის რეგიონალური ცენტრების რეორგანიზაციის თაობაზე საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის ¹539 ბრძანების მე-4, მე-5 და მე-6 მუხლები; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის ¹170 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების” 5.2 მუხლის “ვ” და “ზ” ქვეპუნქტები და თბილისის რეგიონალური ცენტრის უფროსის 2008 წლის 31 ივლისის ¹16-17-07/3927 წარდგინება.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
მოსარჩელის მითითებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება უკანონო იყო, რამდენადაც საფუძვლად დაედო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2008 წლის 20 ივნისის ¹539 ბრძანება, რომელიც ეხებოდა რეორგანიზაციას, ხოლო როგორ ჩატარდა რეორგანიზაცია და შესრულდა თუ არა აღნიშნული ბრძანების მოთხოვნები, მოსარჩელისათვის გაურკვეველი იყო, ვინაიდან მის გათავისუფლებას საფუძვლად არ ედო უკვე დამტკიცებული საშტატო განრიგები, საიდანაც ნათლად გამოჩნდებოდა, რამდენად შესრულდა რეორგანიზაციის შესახებ ბრძანების მოთხოვნები.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე, 127-ე მუხლები, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტი, მე-601, 53-ე 96-ე მუხლები და მიიჩნია, რომ დარღვეული იყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის მოთხოვნები, სადავო აქტი არ იყო დასაბუთებული და მისი გამოცემისას არ იყო გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება /იხ.ს.ფ. ტ.I, 1-13/.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საქალაქო სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 16.1 მუხლი ითვალისწინებდა მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს შტატებით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირებისას და სამსახურის ან მისი სტრუქტურული რეორგანიზაციისას ან/და ლიკვიდაციისას. “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისისა და გორის რეგიონალურ ცენტრებში რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2008 წლის 20 ივნისის ¹539 ბრძანების შესაბამისად, აღნიშნულ სტრუქტურულ ერთეულებში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით.
მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელემ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ რეორგანიზაცია განხორციელდა როგორც შტატების შემცირებით, ისე _ ფუნქციონალურადაც. კერძოდ, გაუქმდა ის საშტატო ერთეული, სადაც მოსარჩელე მუშაობდა. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა არ ითვალისწინებდა სამომავლო უფლების აღდგენას. ამასთან, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში მუშაკი არ იქნებოდა აღდგენილი თანამდებობაზე, თუ მისი კვალიფიკაცია ვერ დააკმაყოფილებდა იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომელიც წარედგინებოდა პირს სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ გაზრდილი ხელფასის პირობებში. ასევე არ არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის გამოყენების წინაპირობები (იხ.ს.ფ. ტ.I, 34-37).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) (იხ.ს.ფ. ტ.I, 45-46).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. თ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
2008 წლის 27 ივნისს მოსარჩელე- მ. თ-ძე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 208.1 მუხლის საფუძველზე გაფრთხილებულ იქნა გორისა და თბილისის რეგიონალური ცენტრების რეორგანიზაციის გამო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 1 აგვისტოს ¹5371-პ ბრძანებით მ. თ-ძე გათავისუფლდა თბილისის რეგიონალური ცენტრის ადმინისტრაციის ... თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანების საფუძველს წარმოადგენდა თბილისის რეგიონალური ცენტრის უფროსის 2007 წლის 31 ივლისის ¹16-17-07/3927 წარდგინება.
დადგენილია, რომ 2008 წლის 1 აგვისტომდე განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის რეორგანიზაცია შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციად და შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის რეორგანიზაცია (შტატების შემცირებით), გორის რეგინალური ცენტრის საბაჟო გამშვები პუნქტის “ყაზბეგის” შეერთებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 იანვრის ¹33 ბრძანების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2008 წლის 7 აპრილის ¹627 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხები შეიცვალა და დამტკიცდა ამ ბრძანების დანართების შესაბამისად. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2008 წლის 1 აგვისტოს ¹1826 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საშტატო ნუსხა, რომლის თანახმად, საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვრა 561 ერთეულით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ რეორგანიზაციის შედეგად შტატები შემცირდა. კერძოდ, ადმინისტრაციის სამმართველო შედგებოდა 59 საშტატო ერთეულისაგან, ხოლო ადმინისტრაციის სპეციალისტის თანამდებობა რეორგანიზაციამდე იყო 28 ერთეული. რეორგანიზაციის შემდეგ ადმინისტრაციის სამმართველო შედგებოდა 49 საშტატო ერთეულისაგან, ხოლო ადმინისტრაციის სპეციალისტთა რაოდენობა განისაზღვრა 21 საშტატო ერთეულით.
საქალაქო სასამართლომ გამოიყენა “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლი და განმარტა, რომ მითითებული ნორმის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარმოადგენდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. ამავე კანონის 12.2 მუხლით რეგლამენტირებული იყო, რომ სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. სამსახურის მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრებოდა სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის შესაბამისად დადგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედება სამსახურის მოსამსახურეებზე ვრცელდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით სხვაგვარად არ წესრიგდებოდა შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 11.2 მუხლის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტში ჩამოთვლილ მოსამსახურეებზე ვრცელდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ იყო დადგენილი. ასეთ მოსამსახურეებს “ე” ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მოსამსახურეები. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ უნდა შეესაბამებოდეს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონს, თუ “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები რეგლამენტირებული იყო “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 16.1 მუხლით, რომლის “ზ” და “ნ” ქვეპუნქტების თანახმად, შტატებით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირება და სამსახურის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია წარმოადგენდა მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. ამასთან, ამავე კანონის 22.5 მუხლის თანახმად, შემოსავლების სამსახურში და სამსახურის ტერიტორიულ ორგანოებში, განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში ინიშნებოდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებულ/რეორგანიზებულ თანამდებობებზე, ტერიტორიულ ორგანოებში და სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მომუშავე პირები. ის თანამშრომლები, რომელთა გადაყვანა შემოსავლების სამსახურში ვერ ხერხდებოდა სამსახურის ან ფინანსური პოლიციის, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტის ნაწილის რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი ერთეულის საშტატო რიცხოვნობიდან ან შესაბამისი თანამდებობრივი რანგიდან გამომდინარე, ითვლებოდნენ სამსახურიდან განთავისუფლებულებად.
საქალაქო სასამართლო მიუთითებს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96.2 მუხლზე, რომლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნიდა მოხელის განთავისუფლების საფუძველს. დაწესებულების რეორგანიზაციას როდესაც თან სდევდა შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლებულიყო სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო მითითებული ნორმის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელე შეიძლება განთავისუფლებულიყო სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას. კონკრეტულ შემთხვევაში, რეორგანიზაცია განხორციელდა შტატების შემცირებით, კერძოდ, ადმინისტრაციის ... თანამდებობა რეორგანიზაციამდე იყო 28 ერთეული, რეორგანიზაციის შემდეგ კი აღნიშნული თანამდებობა განისაზღვრა 21 საშტატო ერთეულით. ამდენად, მოსარჩელის აპელირება, რომ მოპასუხე ვერ ასაბუთებდა, თუ რატომ ვერ ხერხდებოდა მისი სამსახურში აღდგენა, არ იყო მართებული. შტატების შემცირების პირობებში, ზემოაღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა და ვერ გახდებოდა სასამართლოს მსჯელობის საგანი. კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მოქმდებდა კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
საქალაქო სასამართლოს დასკვნით, სარჩელი უსაფუძვლო იყო, ვინაიდან დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა, მოპასუხემ არ დაიცვა “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ” და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი დებულებები. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც, სასარჩელო მოთხოვნა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სამსახურში აღდეგნის შესახებ, უსაფუძვლო იყო და არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (იხ.ს.ფ. ტ.I, 228-235).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-ძემ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და იურიდიულად დასაბუთებული იყო. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, მის მიერ წარდგენილი შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის სტრუქტურა და საშტატო ნუსხები 2008 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით. მოცემულ ნუსხებში თანამდებობისა და გვარ-სახელების მითითებით აღნიშნული იყო რეორგანიზაციამდე არსებულ საჯარო მოხელეთა და რეორგანიზაციის შემდეგ დანიშნულ საჯარო მოხელეთა ნუსხა, რომელთა შედარებისას ნათლად ირკვეოდა, რომ რეორგანიზაციის დროს მოსარჩელის - ... თანამდებობაზე დანიშნული იყო 4 ისეთი ახალი მოხელე, რომლებიც რეორგანიზაციამდე არ მუშაობდნენ ადმინისტრაციის ... თანამდებობაზე. აღნიშნული გარემოება სასამართლომ მიერ სწორად არ შეფასდა, როდესაც განმარტა, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველს (იხ.ს.ფ. ტ.I, 245-257).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს.ფ. ტ. II, 16-20).
სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით მ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. თ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 1 აგვისტოს ¹5371-პ ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხეს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხეს ასევე დაევალა, აენაზღაურებინა მოსარჩელისთვის განაცდური ხელფასი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე; სარჩელი თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილად მიჩნეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ არ გაიზიარა მათგან გამომდინარე სამართლებრივი დასკვნები. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ საშტატო ერთეულების რაოდენობის შემცირება არ ქმნიდა მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლად მითითებულ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის ¹539 ბრძანების “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისისა და გორის რეგიონალური ცენტრების რეორგანიზაციის შესახებ” მე-4 ნაწილის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდებოდა თბილისისა და გორის რეგიონალური ცენტრების მოსამსახურეთა გადაყვანა თბილისის რეგიონალური ცენტრის და გორის საგადასახადო ინსპექციის შესაბამის თანამდებობაზე, ისინი ითვლებოდნენ სამსახურიდან განთავისუფლებულებად. ამ აქტით საშტატო ერთეულთა შემცირების გარდა დადგინდა მოსამსახურეთა თანამდებობიდან გათავისუფლების დამატებითი პირობა - მოსარჩელის თბილისის (მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში) რეგიონალური ცენტრის შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანის შესაძლებლობა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ რეორგანიზაციის შემდეგ თბილისის რეგიონალური ცენტრის ადმინისტრაციაში მომუშავე გათავისუფლებული თანამშრომლების ნაცვლად მიღებულ იქნა 4 ახალი მუშაკი, რაც ადასტურებდა მ. თ-ძის დაკავებულ თანამდებობაზე დატოვების ობიექტურ შესაძლებლობას, მიუხედავად შტატების შემცირებისა.
პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა, მაგრამ იგი უნდა წარმოადგენდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით სრულყოფილად ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგს. მისი წინაპირობა კი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი, საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და შეფასება იყო. პალატამ აღნიშნა, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ბრძანებით დაირღვა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, ვინაიდან საქმეში წარდგენილი მასალებით არ დადასტურდა, ჩაატარა თუ არა ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნული საკითხების გამოსაკვლევად. ეს უკანასკნელი ვალდებული იყო, გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მისი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად, არსებობდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანი იყო და ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, ვინაიდან ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ მუშაკის განთავისუფლება სამსახურიდან, ხოლო მოსარჩელის განთავისუფლების ბრძანება ამ ეტაპზე ბათილად იყო ცნობილი და ხელფასის გაუცემლობის საფუძველი არ არსებობდა. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.1 მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) /იხ.ს.ფ. ტ.II, 69/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი და შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგი მოტივით:
კასაციის მოტივი:
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. ასევე გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული - გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. კასატორის მითითებით, “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 16.1 მუხლი ითვალისწინებს მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს: ზ) შტატებით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირებისას და ნ) სამსახურის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის რეორგანიზაციის ან/და ლიკვიდაციისას. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისისა და გორის რეგიონალურ ცენტრებში რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის ¹539 ბრძანების შესაბამისად, აღნიშნულ სტრუქტურულ ერთეულებში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ უგულებელყო ის გარემოება, რომ ნამდვილად განხორციელდა შტატების შემცირება. ადმინისტრაციის სპეციალისტების რაოდენობა რეორგანიზაციამდე იყო 28 საშტატო ერთეული, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ კი აღნიშნული თანამდებობა განისაზღვრა 21 საშტატო ერთეულით, ამდენად, ცალსახად დადასტურებულია ის გარემოება, რომ შტატების შემცირებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი და აღნიშნული გათავისუფლების კანონიერ საფუძველს ქმნიდა. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სადავო ბრძანების მომზადებისა და გამოცემისას არ დარღვეულა კანონმდებლობით დადგენილი წესები. ამდენად, სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები არ წარმოშობს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს (იხ.ს.ფ. ტ.II, 75-79).
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 8 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “გ” პუნქტის საფუძველზე /პროცესუალური კასაცია/.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ არ ცნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის მოტივით და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა არასრულყოფილად და გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას თვითონ გადაეწყვიტა, თუ რა კონკრეტული თანამდებობა უნდა ყოფილიყო შეთავაზებული აპელანტისათვის და გააჩნდა თუ არა მას სადავო ბრძანების გამოცემის დროს მომუშავე სხვა მოხელეებთან შედარებით სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლება, რის გამოც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო მ. თ-ძის გათავისუფლების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 1 აგვისტოს ¹5371-პ ბრძანება და დაავალა საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. თ-ძის სამსახურებრივ საკითხთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო დასკვნის სახით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნათა დაცვით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სსსკ-ის 407.2. მუხლის საფუძველზე წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რამდენადაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. თ-ძე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ადმინისტრაციის ... თანამდებობაზე, საიდანაც რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო განთავისუფლდა 2008 წლის 1 აგვისტოს ¹5373-პ ბრძანებით.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის პრეამბულის მიხედვით, ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას.
საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მოხელე შეიძლება გაანთავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას. “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ასევე გათვალისწინებულია მოსამსახურის სამსახურიდან განთავისუფლება შტატებით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირებისას, სამსახურის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების რეორგანიზაციისას ან/და ლიკვიდაციისას.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის და გორის რეგიონალურ ცენტრებში (საგადასახადო ინსპექციებში) რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის ¹539 ბრძანების თანახმად, აღნიშნულ სტრუქტურულ ერთეულებში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით. აღნიშნული ბრძანებით დადგენილია, რომ იმ შემთხვევაში თუ თბილისის და გორის რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) მოსამსახურეთა გადაყვანა ვერ ხერხდება თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) და გორის საგადასახადო ინსპექციის შესაბამის თანამდებობაზე, ისინი ითვლებიან სამსახურიდან გათავისუფლებულებად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რადგან მითითებული ნორმა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი, მაგრამ ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტი გამოსცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე და თუ ამ დარღვევის არარსებობისას სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ თბილისის რეგიონალური ცენტრის ადმინისტრაციაში მომუშავე გათავისუფლებული თანამშრომლების ნაცვლად 4 ახალი მუშაკის მიღება, ადასტურებდა მ. თ-ძის დაკავებულ თანამდებობაზე დატოვების ობიექტურ შესაძლებლობას, მიუხედავად შტატების შემცირებისა, არ გამომდინარეობს საქმის მასალების ობიექტური შეფასებიდან. სააპელაციო სასამართლომ ისე გამოიტანა დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის შესახებ, რომ არ გამოუკვლევია, ადმინისტრაციულ ორგანოში რა კრიტერიუმებით შეირჩა თანამშრომლები; 4 ახალი თანამშრომელი, რომლებიც დაინიშნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ადმინისტრაციის ... თანამდებობაზე, შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულებიდან გადმოიყვანეს, თუ ისინი არიან ის მოხელეები, რომლებსაც ამ სამსახურში მანამდე არ უმსახურიათ. სააპელაციო სასამართლომ უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები და იმსჯელოს, ახალი თანამშრომლები, რომლებიც ადმინისტრაციულ ორგანოში დაინიშნენ მ. თ-ძის გათავისუფლების შემდეგ, რა თანამდებობებზე მუშაობდნენ რეორგანზიაციამდე ამავე სტრუქტურაში.
სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებების მოპოვებისა და შეფასების საფუძველზე უნდა დაასკვნას _ ადმინისტრაციის მიერ მ. თ-ძის სამასახურიდან გათავისუფლებისას შესრულდა თუ არა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის და გორის რეგიონალურ ცენტრებში (საგადასახადო ინსპექციებში) რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის ¹539 ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმები სრულყოფილად, ობიექტურად არსებობდა თუ არა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივი წინაპირობები. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებათა მოპოვების, გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე თავად უნდა იმსჯელოს არსებითად სარჩელის საფუძვლიანობაზე _ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალურ-მატერიალურ კანონიერებაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი გახილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სრულყოფილად დაადგინოს ფაქტები და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის თაობაზე. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სარჩელის საფუძვლიანობაზე, სადავო ბრძანების კანონიერება-დასაბუთებულობაზე _ სადავო აქტში არის თუ არა დასაბუთებული, თუ რატომ უნდა გათავისუფლებულიყო მ. თ-ძე და არა ამავე განყოფილებაში (სტრუქტურაში) მომუშავე სხვა თანამშრომელი, ანუ, რა კრიტერიუმებით შეფასდა რეორგანიზაციის გამო გასათავისუფლებელ პირთა წრე და გათავისუფლების საფუძვლები სრულყოფილად არის თუ არა მითითებული სადავო ბრძანებაში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ თანამშრომლების დასაქმების საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, თუმცა ამავდროულად საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არასაკმარისად არის დასაბუთებული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი დაწესებულებაში შტატების შემცირების პირობებში, ადმინისტრაციას ანიჭებს დისკრეციას, მოახდინოს თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და ა.შ ადეკვატური, ობიექტური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება, ვინაიდან ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული საჯარო მოხელის, არამედ, მთლიანად საჯარო სამსახურისათვის.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მ. თ-ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პირობებში, აქტის გამოცემის შემთხვევაშიც, შეზღუდული იყო კანონის მოთხოვნის ფარგლებით, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთან, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7.2. მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას შეფასება უნდა მისცეს იმ ფაქტს, მოხდა თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მ. თ-ძის სამსახურიდან გათავისუფლებისას საქმის გარემოებების სრულყოფილი შეფასება და გამოკვლევა, კანონმდებლობის ზემოაღნიშნული მოთხოვნები დაცულია თუ არა მ. თ-ძის გათავისუფლებისას, სასამართლომ ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს საქმეზე ყველა ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც არსებითი ხასიათისაა დავის კანონიერად გადაწყვეტისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად შეუძლებელია საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას არ იქნა დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე უნდა გამოიკვლიოს მითითებული გარემოებები ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 391-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.