Facebook Twitter

ბს-1153-1121(კ-10) 1 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გ. ო-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. ო-ძემ 2009 წლის 2 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ შსს საპატრულო პოლიციის კახეთის მთავარი სამმართველოს მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 იანვრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მარტის განჩინებით შეწყდა სამქის წარმოება საქმეზე _ გ. ო-ძის სარჩელისა გამო, მოპასუხე საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ო-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მარტის განჩინება გ. ო-ძის სარჩელზე წარმოების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული განჩინება არ საჩივრდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინება (გ. ო-ძის სარჩელზე წარმოების შეწყვეტის შესახებ) საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ო-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გ. ო-აძის საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამ ნორმის ანალიზით ირკვევა, რომ კერძო საჩივარზე საქმის წარმოება ორსაფეხურიანია და მისი განხილვა უნდა დამთავრდეს კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში;

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინება, რომლითაც გ. ო-ძის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მარტის განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, წარმოადგენს კერძო საჩივრის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს, როგორც ზემდგომი სასამართლოს, მიერ გამოტანილ განჩინებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე გამოტანილი საბოლოო განჩინებაა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შესაბამისად, მის თაობაზე შეტანილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ო-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.