ბს-1156-1103(კ-09) 13 იანვარი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ტ. ტ-უშის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ტ. ტ-უშმა 10.04.08წ. და 13.10.08წ. სასარჩელო და დაზუსტებული სასარჩელო განცხადებებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ჯ. თ-ძის, ლ. შ-ძის, რ. ვ-ძის, ზ. შ-ძის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირის _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ჯ. თ-ძესა და ზ. შ-ძეს, ლ. შ-ძესა და რ. ვ-ძეს შორის 27.02.08წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, 27.02.08წ. ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერების გაუქმება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისათვის, საკუთრების სარეგისტრაციო ჩანაწერებში სათანადო ცვლილებების განხორციელების დავალდებულება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 13.10.08წ. საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს ,,...”.
შპს ,,...” 02.10.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ტ. ტ-უშის მიმართ და მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული საოქმო გადაწყვეტილებისა და ტ. ტ-უშის სახელზე 28.12.07წ. გაცემული ¹4235 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისთვის სარეგისტრაციო მონაცემებში შესაბამისი შესწორების შეტანის დავალება. მოგვიანებით, მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 29.08.08წ. ¹109 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოპასუხისათვის საკუთრების აღიარების მოწმობისა და მის საფუძვლად არსებული საოქმო გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 22.12.08წ. საოქმო განჩინებით, ადმინისტრაციული საქმეები ტ. ტ-უშის სარჩელისა გამო და შპს ,,...” სარჩელისა გამო გაერთიანდნენ ერთ წარმოებად. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 20.02.09წ. გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ტ. ტ-უშისა და შპს ,,...” სარჩელები.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 20.02.09წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ტ. ტ-უშმა და შპს ,,...”. ტ. ტ-უშმა მოითხოვა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში უარის თქმის შესახებ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, ხოლო შპს ,,...” კი მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.09წ. განჩინებით ტ. ტ-უშის სააპელაციო საჩივარი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში ცალკე წარმოებად გამოიყო და განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.07.09წ. გადაწყვეტილებით შპს ,,...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 20.02.09წ. გადაწყვეტილება, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს ,,...” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 28.12.07წ. საოქმო გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების მოწმობა ¹4235, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.07.09წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. ტ-უშმა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ტ-უშის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ტ. ტ-უშის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ვ. ს-ძეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტ. ტ-უშის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ვ. ს-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ ტ. ტ-უშის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% 210 ლარის ოდენობით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.