Facebook Twitter

ბს-1158-1105(4კ-08) 8 დეკემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2008 წლის 30 იანვარს შპს ,,...» სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2008 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებისა და ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 21 აგვისტოს ¹1663 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ ბათილად ცნობა შპს ,,...» დარიცხული 2004 წლის მოგების გადასახადის ნაწილში 700 ლარის, 2005-2006 წლების მოგების გადასახადის ნაწილში 1440 ლარის, დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში 549 ლარის, 2007 წლის ივნისის დღგ-ს დეკლარაციის წარუდგენლობის გამო ჯარიმის – 400 ლარისა და 2007 წლის ივლისის დღგ-ს დეკლარაციის წარუდგენლობისათვის ჯარიმის _ 200 ლარის, სულ 3289 ლარის დარიცხვის ნაწილში (იხ. ს.ფ. 2-6).

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 თებერვლის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩართულ იქნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახური (იხ. ს.ფ. 65-66).

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,...» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2008 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 21 აგვისტოს ¹1663 საგადასახადო მოთხოვნა ბათილად იქნა ცნობილი ნაწილობრივ, 2005-2006 წლების მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხული 1440 ლარისა და დღგ-ს გადასახადის ნაწილში დარიცხული 549 ლარის, 2007 წლის ივნისის დღგ-ს დეკლარაციის წარუდგენლობის გამო დარიცხული ჯარიმის 400 ლარის, 2007 წლის ივლისის დღგ-ს დეკლარაციის წარუდგენლობის გამო დაკისრებული ჯარიმის 200 ლარის ნაწილში (იხ. ს.ფ. 121-127).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალურმა ცენტრმა, რომლებმაც მოითხოვეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 133-140; 141-149; 158-167).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურისა და ფოთის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს ,,...» სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 205-212).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...» წარმომადგენელმა გ. ფ-იამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. ს.ფ. 223-235).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის განჩინებით შპს ,,...» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 303).

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება და ფოთის რეგიონალური ცენტრის 2007 წლის 21 აგვისტოს საგადასახადო მოთხოვნა 2005-2006 წლებში დღგ-ს გადასახადის 549 ლარის დარიცხვის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი, ასევე გადაწყვეტილება გაუქმდა შპს ,,...» სასარგებლოდ ფოთის რეგიონალური ცენტრისათვის სახელმწიფო ბაჟისა და წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებუილი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი (იხ.ს.ფ. 25-36, ტ. II)

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...», საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალურმა ცენტრმა, რომლებმაც მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 47-92, ტ. II).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შპს ,,...» საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს მხარეებმა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 173-ე, 183-ე, 203-ე, 221.1 მუხლები, გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც სსსკ-ის 393-ე და 394.3 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები მოსარჩელის საგადასახადო კოდექსის 131-ე და 140.1 მუხლების საფუძველზე ერთობლივად დაჯარიმების ნაწილში აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები მოსარჩელის საგადასახადო კოდექსის 131-ე და 140.1 მუხლების საფუძველზე ერთობლივად დაჯარიმების ნაწილში შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით, კერძოდ, «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე, რომ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის მიერ კომპეტენტურად იქნა რეალიზებული მათი საპროცესო უფლება, კერძოდ, უზრუნველყოფილ იქნა მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის გამო საკასაციო საჩივრები ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

საკასაციო სასამართლო მოსარჩელის საგადასახადო კოდექსის 131-ე და 140.1 მუხლების საფუძველზე ერთობლივად დაჯარიმების ნაწილში იზიარებს კასატორების მითითებას საკასაციო საჩირების დასაშვებობის წინაპირობების არსებობასთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «ა» ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის მიერ შპს ,,...» სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში არ იქნა წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, ამდენად, საკასაციო საჩივრები ამ ნაწილში ექვემდებარება დაუშვებლად ცნობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები მოსარჩელის საგადასახადო კოდექსის 131-ე და 140.1 მუხლების საფუძველზე ერთობლივად დაჯარიმების ნაწილში დასაშვებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც საკასაციო საჩივრები საკასაციო სასამართლოს მიერ ექვემდებარება განხილვას, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დასაშვებად;

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები შპს ,,...» სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

3. საკასაციო საჩივრების ზეპირი განხილვა საკასაციო სასამართლოში დაინიშნოს 2010 წლის 9 თებერვალს, 11 საათზე;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.