Facebook Twitter

ბს-1165-1112 (კ-09) 11 იანვარი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა:

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სს “...”

მოწინააღმდეგე მხარე _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირი _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 აპრილის განჩინება

დავის საგანი _ სარჩელზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს “...” გაკოტრების მმართველმმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და საწარმოს სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე შესწორებული ამონაწერის გაცემის დავალება მოითხოვა.

პირველ ინსტნაციაში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელის მოთხოვნა და ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის სარეგისტრაციო მონაცემებში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გასწორების დავალება მოითხოვა, კერძოდ სააღრიცხვო ბარათში მესაკუთრედ “სახელმწიფოს” ნაცვლად სს “...” მითითება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საჯარო რეესტრის ამონაწერების გაცემა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 იანვრის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მხულის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით სს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “...” გაკოტრების მმართველმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 აპრილის განჩინებით სს “...” გაკოტრების მმართველის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სს “...” გაკოტრების მმართველმა საკასაციო საჩივრის წარმოდგენის შემდგომ, 2009 წლის 30 დეკემბერს მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, ვინაიდან უარი თქვა სარჩელზე. შუამდგომლობის ავტორი განმარტავს, რომ დავის მიმდინარეობისას სადავო საკითხი გადაწყდა, კერძოდ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები და გაიცა ახალი სარეგისტრაციო მოწმობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კასატორის შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამდენად, მოსარჩელემ _ სს “...” გაკოტრების მმართველმა განაცხადა რა უარი სარჩელზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს “...” გაკოტრების მმართველის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ დავაზე საქმის წარმოება შეწყდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “...” გაკოტრების მმართველის დ. ჯ-იას შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. სს “...” სარჩელზე არსებულ დავაზე საქმის წარმოება შეწყდეს;

3. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 აპრილის განჩინება;

4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით აღარ დაიშვება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.