Facebook Twitter

ბს-1171-1139(კ-10) 22 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ რ. მ-აია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური; 3. ე. მ-ძე

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. მ-აიამ სარჩელი აღძრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ ე. მ-ძის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2008 წლის 19 აპრილს ე. მ-ძის სახელზე საკუთრების უფლებით ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეგისტრაციის გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

საქმის გარემოებები:

ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი (ექვსი ოთახი 103 კვ.მ. საცოხვრებელი ფართით, 33 კვ.მ დამხარე ფართით, 36 კვ.მ. სარდაფით) 2007 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით აღრიცხული იყო მოქალაქეებზე _ პ. ს-ოვზე (აწ გარდაცვლილი) - 1/5 წილი, რ. მ-აიაზე – 1/3 წილი, ლ. კა-იაზე – 1/6 წილი და რ. ს-ოვზე (აწ. გარდაცვლილი) – 1/6 წილი.

1998 წლის 22 ივლისს კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე რ. ს-ოვის მემკვიდრედ საცხოვრებელი სახლის არა 1/6, არამედ 1/7 წილზე ცნობილ იქნა მისი მეუღლე ქ. ს-ოვა.

2008 წლის 24 იანვარს ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობით ზემოაღნიშნული საცხოვრებელი სახლის 1/7 წილზე (მხოლოდ მემკვიდრის განცხადების საფუძველზე, ყოველგვარი სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე) მემკვიდრედ ცნობილ იქნა ქ. ს-ოვას დის შვილი _ ე. მ-ძე, რომელმაც 2008 წლის 14 აპრილის ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან მიიღო საკუთრების უფლების მოწმობა ¹81 ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/7 წილზე, ანუ ამ სახლში განთავსებულ 10.3 კვ.მ ფართის ერთ ოთახზე.

2008 წლის 18 აპრილს ე. მ-ძემ ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურში სარეგისტრაციოდ წარადგინა ზემოაღნიშნული სამკვიდრო და საკუთრების მოწმობები, ასევე შპს ,,...” მიერ 2008 წლის 6 თებერვალს შედგენილი საცხოვრებელი სახლის ტექპასორტი, სადაც ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე სამკვიდრო ქონებად მითითებულ იყო არა 10,3 კვ.მ. არამედ 83,8 კვ.მ. ფართის ოთხი ოთახი, რომელიც წარმოადგენდა არა მის სამკვიდრო ქონებას, არამედ აღნიშნული საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეების, მათ შორის, ე. მ-ძის მამკვიდრებლისა და რ. მ-აიას საერთო სარგებლობაში არსებულ ქონებას.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

მოსარჩელის მოსაზრებით, ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 83,8 კვ.მ-ის ე. მ-ძის საკუთრებად რეგისტრაციისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 და 96.2 მუხლების მოთხოვნათა დარღვევით სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემობა, კერძოდ, ის რომ სადავო ფართის მართლზომიერ მოსარგებლეებს წარმოადგენდნენ აღნიშნული საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეები, არ მოხდა ფართის მართლზომიერი მოსარგებლეების დადგენა, რამაც განაპირობა სახლის მესაკუთრეებისა და მათ შორის მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების დარღვევა.

მოსარჩელის მითითებით, სადავო ფართის ე. მ-ძის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მასალებს გაეცნო 2009 წლის 11 მარტს, რის შემდეგაც 2009 წლის 17 მარტს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა უძრავ ქონებაზე ე. მ-ძის სახელზე განხორციელებული ზემოაღნიშნული რეგისტრაციის გაუქმება და რეგისტრაციის შეჩერების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაზედაც ეთქვათ უარი, იმ საფუძლით, რომ ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურმა ე. მ-ძის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი, შპს ,,...” მიერ შედგენილი საცოხვრებელი ბინის ტექპასპორტი (სამკვიდრო მოწმობებთან ერთად) მიიჩნია უფლების დამდგენ საბუთად. სარეგისტრაციო სამსახურის უარი მოსარჩელემ გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის 2009 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 29.3 მუხლის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდებოდა სასამართლო წესით.

სამართლებრივი საფუძვლები:

მოსარჩელემ სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა “უძრავი ნივთების უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტზე, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის 23-ე მუხლის ,,გ” პუნქტსა და საკ-ის მე-601, 95-ე მუხლებზე (იხ. ს.ფ. 5-17; ტ.I).

მოპასუხემ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურმა სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივით:

ე. მ-ძის სახელზე რეგისტრაცია განხორციელდა 2008 წლის 6 თებერვალს შპს ,,...” მიერ შედგენილი საცხოვრებელი ბინის ტექნიკური პასპორტის საფუძველზე, რომელსაც უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული აქვს ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა, დამოწმებული 2008 წლის 24 იანვარს ბორჯომის რაიონის ნოტარიუსის მიერ რეესტრი ¹2-46, საიდანაც ირკვევა, რომ მოქალაქე ე. მ-ძის საცხოვრებელი ბინის 1/7 წილი შეადგენდა 83.3 კვ.მ-ს. მოსარჩელის – რ. მ-აიას მიერ მითითებული 1998 წლის 22 ივლისის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა და 1990 წლის 2 აგვისტოს სარგებლობის ხელშეკრულება სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი არ ყოფილა. ამდენად, მოპასუხის განმარტებით, ე. მ-ძის სახელზე რეგისტრაცია განხორციელდა საცხოვრებელი ბინის ტექნიკური პასპორტისა და ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, 2006 წლის 13 დეკემბრის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის” შესაბამისად (იხ. ს.ფ. 71-79; ტ.I).

სარჩელი არ ცნო ასევე მოპასუხე ე. მ-ძემ შემდეგი საფუძვლით:

მოპასუხის მითითებით, მისი მამკვიდრებელი _ ქ. ს-ოვა და მისი მეუღლე - რ. ს-ოვი 1968 წლიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდნენ ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის II სართულზე (საცხოვრებელი ფართი 42 კვ.მ. დამხმარე ფართი 41 კვ.მ. საკუთრების წილით 1/7), 11.02.1959 წლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. რ. ს-ოვის სახელზე არსებული ქონება მისი გარდაცვალების შემდეგ სანოტარო წესით აღირიცხა მის მეუღლეზე – ქ. ს-ოვზე, ხოლო ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ ასევე კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა ქონების ე. მ-ძის სახელზე აღრიცხვა. მან სათანადო წესით მიიღო მემკვიდრეობა, რომლის რეგისტრაციაც მოახდინა საჯარო რეესტრში.

მოპასუხის მითითებით, სარგებლობის ხელშეკრულება, რომელზედაც აპელირებდა მოსარჩელე, შედგენისთანავე იყო ფიქტიური, ვინაიდან ხელშეკრულებით არავის უსარგებლია. მისი მიზანი იყო ფართობის გადამალვა, რადგან მასში ნახსენებიც კი არ არის სახლის მეორე სართულის შესახებ.

მოპასუხის მითითებით, სახლი შედგება არა ექვსი, არამედ რვა საცხოვრებელი ოთახისაგან, იგი წარმოადგენს ორსართულიან ნაგებობას, დღევანდელი მდგომარეობით საჯარო რეესტრში აღრიცხულია რ. მ-აიაზე - 1/3, ლ. კ-იაზე - 1/3, ე. მ-ძეზე - 1/7, ხოლო პ. ს-ოვზე - 1/5 წილი. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული ¹81 საკუთრების მოწმობის საფუძველზე ე. მ-ძემ საკუთრებაში მიიღო 600 კვ.მ. ფართობზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის 1/7 წილი და არა 103 კვ.მ საცხოვრებელი ფართიდან.

მოპასუხის მითითებით, მან საჯარო რეესტრში წარადგინა საკუთრების უფლების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა მის საკუთრების უფლებას ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებულ 83.8 კვ.მ ფართობზე, კერძოდ, 24.01.2008 წლის ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2008 წლის 14 აპრილს გაცემული საკუთრების მოწმობა და მისი ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (იხ. ს.ფ. 88-96; ტ.I).

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით რ. მ-აიას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 19 აპრილის ჩანაწერი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 6 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურში ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ექვსი ოთახი _ 103 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, 33 კვ.მ დამხმარე ფართი და 36 კვ.მ სარდაფი საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ოთხ თანამესაკუთრეზე, კერძოდ, 1/5 წილი პ. ს-ოვის სახელზე, 1/3 წილი რ. მ-აიას სახელზე, 1/3 წილი ლ. კ-იას სახელზე და 1/6 წილი რ. ს-ოვის სახელზე.

რ. ს-ოვის კუთვნილი წილი კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლებით მიიღო მისმა მეუღლემ _ ქ. ს-ოვამ, ხოლო ქ. ს-ოვას გარდაცვალების შემდეგ, ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/7 წილი, განთავსებული 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობით საკუთრებაში მიიღო ქ. ს-ოვას დის შვილმა _ ე. მ-ძემ. 2008 წლის 14 აპრილს ე. მ-ძის სახელზე აღნიშნულ უძრავ ქონებაზე გაიცა საკუთრების მოწმობა ¹81.

რაიონული სასამართლოს მითითებით, ქ. ბორჯომში, ჯორჯაძის ქ. ¹1-ში მდებარე მიწის ნაკვეთი 2007 წლის 6 აგვისტოს რეგისტრირებულია პ. ს-ოვის, რ. მ-აიას, ლ. კ-იასა და რ. ს-ოვის თანასაკუთრებად, ხოლო 103 კვ.მ საცხოვრებელ ფართზე, 33 კვ.მ დამხმარე ფართსა და 36 კვ.მ სარდაფზე რეგისტრირებულია წილობრივი საკუთრება, კერძოდ, 1/5 წილი აწ გარდაცვლილ პ. ს-ოვის, 1/3 წილი - რ. მ-აიას, 1/3 - წილი ლ. კ-იასა და 1/6 წილი - რ. ს-ოვის სახელზე. აღნიშნული რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია ჩუქების ხელშეკრულება დამოწმებული 04.09.90 წელს ბორჯომის ნოტარიუსის თ. ჩ-შვილის მიერ რეესტრის ¹1682; ჩუქების ხელშეკრულება დამოწმებული 26.04.63 წელს ბორჯომის ნოტარიუსის თ. ჩ-შვილის მიერ რეესტრის ¹1191; ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, დამოწმებული 16.08.88 წელს ბორჯომის ნოტარიუსის თ. ჩ-შვილის მიერ რეესტრის ¹1657 და სარგებლობის ხელშეკრულება დამოწმებული 02.08.90 წელს ბორჯომის ნოტარიუსის თ. ჩ-შვილის მიერ, რაც ადასტურებს, რომ აღნიშნული იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დამდგენი დოკუმენტაცია წარდგენილი იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურში 2007 წლის 6 აგვისტოს ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹1-ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ ბინაზე უფლების რეგისტრაციის დროს.

რაიონული სასამართლოს მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურმა 2008 წლის 19 აპრილს მოქალაქე ე. მ-ძის მიერ წარდგენილ შპს “...” მიერ შედგენილი საცხოვრებელი ბინის ტექნიკურ პასპორტში მითითებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მისი უფლების დამდგენ დოკუმენტში ასახულ, კერძოდ, 2008 წლის 24 იანვრის ნოტარიუს ნ. თ-შვილის მიერ გაცემულ ანდერძისმიერ სამკვიდრო მოწმობაში მითითებულ წილობრივ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების, ასევე საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე 2007 წლის 6 აგვისტოს უკვე რეგისტრირებული უფლებისა და ე. მ-ძის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტებით მოთხოვნილი სარეგისტრაციო მონაცემების ურთიერთშესაბამისობის გამოკვლევის გარეშე მოახდინა ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის მთლიანი ფართობის _ 83.8 კვ.მ ე. მ-ძის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.

რაიონული სასამართლოს მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურში ე. მ-ძის სახელზე უფლების რეგისტრაციის პერიოდში ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი იყო, რომ ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹1-ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლზე რეგისტრაციის პერიოდში უკვე რეგისტრირებული იყო თანამესაკუთრეთა უფლება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის” 9.1 მუხლის თანახმად, “მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მასთან დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე”.

ამავე ინსტრუქციის მე-10.1 მუხლის თანახმად, კი რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმნეტის, საკადასტრო მონაცემებისა და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. ამავე ინსტრუქციის 62.1-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს ან მასში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს, ხოლო 58.3 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად (იხ. ს.ფ. 149-157; ტ.I).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. მ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა შემდეგი მოტივით:

აპელანტის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად შეაფასა და გამოიკვლია მტკიცებულებები და საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები იმასთან დაკავშირებით, თუ როდის გახდა მხარისათვის ცნობილი ე. მ-ძის სახელზე სადავოდ გამხდარი ქონების რეგისტრაცია და დაირღვა თუ არა გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.

სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა ვადის დარღვევის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებით, კერძოდ, ¹527 საფოსტო წერილით დასტურდებოდა სარჩელის სასამართლოში ვადის დარღვევით შეტანის ფაქტი.

აპელანტის განმარტებით, სასამართლო გასცდა მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებს და სარეგისტრაციო სამსახურს დაავალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ისე, რომ არ გაუუქმებია უკვე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი. ამასთან, არ მიუთითებია ადმინისტრაციული ორგანოსათვის, თუ რომელი გარემოებები შეფასდა არასწორად და რა სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით უნდა გამოიცეს ახალი ადმინისტრაციულ აქტი.

სასამართლოს მიერ არ იქნა შესწავლილი ფაქტობრივი მდგომარეობა იმის თაობაზე, რომ ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹1-ში მდებარე უძრავი ქონების მიმართ არ იქნა დადგენილი მიწის და საცხოვრებელი ბინის საერთო ფართობი, მისი სართულიანობა. სასამართლომ არ მიუთითა მტკიცებულებაზე, თუ რით დაადგინა რეგისტრირებული 103 კვ.მ საცხოვრებელი ფართისა და ე. მ-ძის საკუთრებაში დარეგისტრირებული ბინის იგივეობა.

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა – საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქცია. “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მიღების შემდეგ ძალადაკარგულად გამოცხადდა კანონი “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ”, შესაბამისად, ძალა დაკარგა მის საფუძველზე გამოცემულმა ყველა კანონქვემდებარე აქტმა (იხ. ს.ფ. 166-179; ტ.I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. მ-აიას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურმა 2008 წლის 19 აპრილს მოქალაქე ე. მ-ძის მიერ წარდგენილ შპს “...”-ს მიერ შედგენილი საცხოვრებელი ბინის ტექნიკურ პასპორტში მითითებულ მონაცემებზე დაყრდნობით მოახდინა ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹1-ში მდებარე სახლთმფლობელობის ნაწილზე ე. მ-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ სადავოდ არ გამხდარა 2007 წლის 6 აგვისტოს განხორციელებული რეგისტრაცია, რომლის საფუძველზეც, რ. ს-ოვის სახელზე რეგისტრირებული იქნა 103 კვ.მ ფართის 6 ოთახიანი სახლის 1/6 წილი. ამავე ჩანაწერის საფუძვლად სხვა დოკუმენტებთან ერთად მითითებული იყო სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც შეთანხმდა მესაკუთრეთა მიერ საერთო საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის წესი. სარგებლობის ხელშეკრულების შესაბამისად, რ. მ-აიას სარგებლობაში გადავიდა სახლის 2/3, რამაც 52,4 კვ.მ. შეადგინა, რ. ს-ოვის სარგებლობაში – 1/6 ნაწილი _ 20,3 კვ.მ, პ. ი. ძე ს-ოვის სარგებლობაში _ 25,5 კვ.მ. სარდაფი, ხოლო აივანი დარჩა საერთო სარგებლობაში. ფაქტობრივად, თანამესაკუთრეთა შორის ჯერ კიდევ 1990 წელს სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე გაიმიჯნა საცხოვრებელი ფართი რეალური წილების მითითებით, რომლის მიხედვითაც ე. მ-ძის (რ. ს-ოვის) ფართმა 20,3 კვ.მ შეადგინა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2007 წლის 6 აგვისტოს განხორციელებული რეგისტრაციისას სახლთმფლობელობა, ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების არსებობის გამო განხილულ უნდა იქნეს მრავალერთეულიან ნაგებობად, ხოლო რ. ს-ოვის 20.3 კვ.მ ფართი მის ერთეულად. ამასთან, დავის საგანია არა ზოგადად, მრავალერთეულიანი შენობის ერთეულზე ე. მ-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, არამედ მხოლოდ უძრავი ქონების წილობრივი მონაცემების კვადრატული მეტრობით არასწორი ასახვა.

ტექბიუროს არქივიდან წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 1987 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით, სახლთმფლობელობა შედგებოდა დაუზუსტებელი 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და ორსართულიანი სახლისაგან. 8 ოთახისაგან შემდგარი 4 ბინისაგან, 6 ოთახი საერთო ფართით – 108,7 კვ.მ. და 2 ოთახი საერთო ფართით 83,8 კვ.მ. განაშენიანების გეგმის მიხედვით, I სართულის ფართია 108,7 კვ.მ, ხოლო II სართულის - 83,8 კვ.მ.

საპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, შპს “...” მიერ გაცემული ტექპასპორტის (ბინის აზომვითი ნახაზის) და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მოპასუხე უფლებამოსილი იყო დაერეგისტრირებინა ცვლილება სარეგისტრაციო ჩანაწერში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის” მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების, საკადასტრო მონაცემებისა და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო ამავე ბრძანებულების მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეულზე, მიუხედავად იმისა, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში ერთეული ფართობშია გამოხატული თუ მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობების წილში, საკუთრების უფლება რეგისტრირდება ფართობის შესაბამისად, მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის საერთო ან მთლიან საცხოვრებელ ფართობში ან/და მიწის ნაკვეთში ამ ფართობის წილის მითითების გარეშე.

ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეულის ფართობი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებული ორგანო უფლების რეგისტრაციას ახდენს ბოლო საკადასტრო აზომვითი ნახაზით დადგენილი ფართობის შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არ არსებობდა სადავო სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები (იხ. ს.ფ. 82-93; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. მ-აიამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად იხელმძღვანელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის მე-10 და 13.7 მუხლებით.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიჩნია მხარის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი შპს ,, ...” მიერ გაცემული ტექნიკური პასპორტი სადავო ფართზე ე. მ-ძის უფლების დამდგენ საბუთად და მიუხედავად იმისა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და ტექბიუროს არქივში დადებულ მასალებს შორის აშკარა შეუსაბამობა არსებობდა, განხორციელებული რეგისტრაცია მაინც კანონიერად მიიჩნია, მაშინ როდესაც სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლებრივი ნორმით (ინსტრუქციის მე-10 მუხლი), რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემებისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე. სასამართლო უპირობოდ დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ შპს ,, ...” მიერ შედგენილი ტექნიკური პასორტის მონაცემებს, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორო გადაწყევტილების მიღება.

კასატორის მითითებით, გაუგებარია რამდენად სამართლიანია აღნიშნული ტექპასპორტის უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნევა, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2008 წლის 17 ივლისის ¹01-1-3883 ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისადმი მითითებების 42-ე პუნქტში აღნიშნულია, რომ ,,თუ საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობების ერთეულის ფართობი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტი ან ნაკლებია, მარეგისტრირებელი ორგანო უფლების ან რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმით დადასტურებული საკადასტრო აზომვითი ნახაზით დადგენილი ფართობის შესაბამისად”.

ინსტრუქციის ამავე მე-10 მუხლის მე-3 ნაწილი კი ადგენს, რომ ,,რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის რეგისტრაციის საფუძვლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემებისა და სხვა დოკუმენტაციის) თაობაზე სარეგისტრაციო სამსახურის მეთოდურ ხელმძღვანელობას აწარმოებს ეროვნული სააგენტო”.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, შპს ,, ...” მიერ შედგენილი ფაქტობრივ გარემოებებთან შეუსაბამო ტექნიკური პასპორტი სასამართლოს არ უნდა განეხილა უფლების დამდგენ საბუთად.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად გამოიყენა ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტი, ვინაიდან ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურმა ე. მ-ძის სახელზე საკუთრების რეგისტრაციაში გაატარა იურიდიულად არარსებული ფართი, რომელიც ყოველთვის წარმოადგენდა სახლთმფლობელთა საერთო სარგებლობაში არსებულ დამხარე ფართს (იხ. ს.ფ. 100-108; ტ.II).

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული რ. მ-აიას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,გ” ქვეპუნტის შესაბამისად (პროცესუალური კასაცია) (იხ. ს.ფ. 139-142; ტ.II).

რ. მ-აიას საკასაციო საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ – ე. მ-ძემ შემდეგი მოტივით:

მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, კასატორს არ დაუსაბუთებია სააპელაციო სასამართლოს რატომ არ უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციით.

მოწინააღმდეგე მხარემ არ გაიზიარა კასატორის საკასაციო პრეტენზია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კერძოდ, მიიჩნია, რომ კასატორს არ დაუსაბუთებია საკასაციო პრეტენზია _ რატომ დაადგინა არასწორად სააპელაციო სასამართლომ ტექაღრიცხვის ჩანაწერებზე დაყრდნობით სადავო უძრავი ქონების სახლთმფლობელობის მონაცემები 1987 წლის 27 დეკემბრისათვის, რაც ცალსახად დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის 6 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ოთხი მფლობელის მიმართ წილობრივ განაწილებას ეხება და მოიცავს აღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი ბინის პირველი სართულის, 103 კვ.მ ფართის მიხედვით თითოეულ წილს. აღნიშნულ ფართში არის რ. ს-ოვის 1/6 წილი, რომელიც სამკვიდროს სახით მიიღო ე. მ-ძემ, ხოლო მეორე სართულის 85,8 კვ.მ, რომელშიც ე. მ-ძე ცხოვრობს ათეული წლის განმავლობაში, არ შესულა მათ მფლობელობაში. რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი ფართის ფაქტობრივი მფლობელი მხოლოდ მოპასუხე იყო და მის მიმართ განხორციელდა 2008 წლის 18 აპრილს რეგისტრაცია 600 კვ.მ დაუზუსტებელი მიწის ფართის 1/7 წილთან ერთად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საკუთრების მოწმობის შესაბამისად (იხ. ს.ფ. 132-134; ტ.II).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლა-გაანალიზებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ. მ-აიას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რ. მ-აიას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2008 წლის 19 აპრილს ე. მ-ძის სახელზე საკუთრების უფლებით ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/7 წილის _ 83,8 კვ.მ-ის რეგისტრაცია და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ განსახილველი დავა გადაწყვიტა არსებითად, მაშინ როცა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე ოფიციალობის პრინციპის გამოყენებით სრულყოფილად არ არის მოპოვებული და გამოკვლეული საქმის გარემოებებთან დაკავშირებული მტკიცებულებები, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე ობიექტური სამართლებრივი დასკვნის ჩამოყალიბება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა სამართლებრივი შეფასება მისცეს მტკიცებულებებს, რომლებიც სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს განხილვისა და შეფასების საგანი არ ყოფილა. ასევე, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა არ ქმნის დავის კანონიერად და ობიექტურად გადაწყვეტის საკმარის წინაპირობას, მათი წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი _ მოცემულ შემთხვევაში სადავოა ბინის მესაკუთრეთა უფლების შეზღუდვა საერთო სარგებლობის ფართზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.

აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა _ შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში რიგ შემთხვევებში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა.

მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სარეგისტრაციო წარმოებისას ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ შეასრულა კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობები, რის შედეგადაც რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რამდენადაც სადავო რეგისტრაციას სარეგისტრაციო სამსახურმა საფუძვლად დაუდო ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც არ ქმნიდა ამ ფორმით რეგისტრაციის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს. აღნიშნულის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით დაუსაბუთებლად შეიზღუდა ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრების უფლება.

2008 წლის 19 აპრილს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელდა ე. მ-ძის სახელზე საკუთრების უფლებით ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹1-ში მდებარე, 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 83,8 კვ.მ სახლთმფლობელობის რეგისტრაცია 2008 წლის 24 იანვარს დამოწმებული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობისა და 2008 წლის 6 თებერვალს შპს “...” მიერ შესრულებული ტექნიკური პასპორტის საფუძველზე. 2008 წლის 24 იანვარს დამოწმებული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ქ. ს-ოვის სამკვიდრო ქონება, მათ შორის ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹1-ში მდებარე, 638 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის 1/7 ნაწილი ანდერძით მიიღო ე. მ-ძემ. ქ. ს-ოვს აღნიშნული სახლთმფლობელობა მიღებული ჰქონდა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე, რომლის მიხედვით, ქ. ს-ოვის მეუღლის – რ. ს-ოვის სამკვიდრო ქონება შეადგენდა ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹1-ში მდებარე, 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული, ექვს ოთახიანი, 103 კვ.მ საცხოვრებელი ფართის, 33 კვ.მ დამხმარე ფართის საცხოვრებელი სახლის 1/7 წილს. 2008 წლის 6 თებერვალს შპს “...” მიერ შედგენილი ტექნიკური პასპორტის მიხედვით, ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე განთავსებული ორი ოთახი საერთო ფართით – 83,8 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი ფართი – 42,5 კვ.მ, დამხმარე ფართი – 41,3 კვ.მ, აივანი 5,6 კვ.მ იმყოფებოდა ე. მ-ძის მფლობელობაში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის” 10.1 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემებისა და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. ამავე ინსტრუქციის 9.1 მუხლის შესბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მასთან დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებისა თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

კონკრეტულ შემთხვევაში, სარეგისტრაციო სამსახურმა ე. მ-ძის უფლების დამდგენ დოკუმენტებად და სადავო რეგისტრაციის განხორციელების საფუძვლად მიიჩნია რა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა და ტექნიკური პასპორტი, არ შეუმოწმებია შეესაბამებოდა თუ არა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობით მიღებული ქონების მონაცემები ბინის ტექნიკურ პასპორტში ასახულ მონაცემებს და აღნიშნული დოკუმენტები წარმოშობდა თუ არა დარეგისტრირებულ 83,8 კვ.მ ბინაზე ე. მ-ძის საკუთრების უფლებას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარეგისტრაციო სამსახურს უნდა ესარგებლა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის” 58.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით, დამატებით მოეთხოვა შესაბამისი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელი იყო განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, რამდენადაც განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ წარმოადგენდა საკმარის საფძველს რეგისტრაციის განხორციელებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო სარეგისტრაციო წარმოებისას ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა გაეტარებინა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის” 62-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება, რამდენადაც ინსტრუქციის 62.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის ამ ინსტრუქციით და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლების დამადასტურებელი თუ სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე ინსტრუქციის 62.1 მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოების შეჩერების საფუძველია ასევე, თუ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს ან მასში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული უძრავი ნივთის ფართობს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არის წინააღმდეგობრივი, არასაკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60I მუხლის 1-ლი ნაწილის, მე-7 ნაწილის “ა” პუნქტისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სადავო რეგისტრაცია. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და ობიექტური შეფასების საფუძველზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური წინაპირობები, რომლითაც რ. მ-აიას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 53.2. მუხლის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს რ. მ-აიას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადახდილი 300 ლარიდან 50 %-ის _ 150 ლარის გადახდა;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. რ. მ-აიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. რ. მ-აიას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2008 წლის 19 აპრილს ე. მ-ძის სახელზე საკუთრების უფლებით ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/7 წილის _ 83,8 კვ.მ-ის რეგისტრაცია და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს საქმის გარემოებათა ხელახლა გამოკვლევის საფუძველზე ახალი აქტის გამოცემა;

5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს რ. მ-აიას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადახდილი 300 ლარიდან 50 %-ის _ 150 ლარის გადახდა;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.