ბს-117-115(კ-10) 12 აპრილი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. დ-შვილის, მ. ბ-ურის, ო. მ-ძისა და ვ. გ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. დ-შვილმა, მ. ბ-ურმა, ო. მ-ძემ და ვ. გ-ძემ 2008 წლის ივლისში სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე _ საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ და მოითხოვეს მოსარჩელეების სასარგებლოდ, საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალოს ზიანის ანაზღაურება, ცრუ ინფორმაციის უარყოფა, ბოდიშის მოხდის დავალდებულება და საადვოკატო მომსახურების ანაზღაურება. კერძოდ _ ვ. გ-ძისა და მ. დ-შვილისათვის, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მათ სასარგებლოდ ექვსი თვის მიუღებელი სარგოს, საქართველოს ეროვნული ბანკიდან მათი დათხოვნის შემდეგ უკვე გაცემული ორი კვარტალური პრემიის - თითო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, 2008 წლის გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაცემული პრემიის - ერთი თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, 2008 წლის მეცამეტე ხელფასის იმ ოდენობითა და კოეფიციენტის გამოყენებით, რა ოდენობითაც იგი გაცემული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2008 წლის მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე და ზემოაღნიშნული ყველა თანხის 0,07%-ის დაკისრება, ხოლო მ. ბ-ურმა და ო. მ-ძემ _ თვრამეტი თვის მიუღებელი სარგოს, საქართველოს ეროვნული ბანკიდან მათი დათხოვნის შემდეგ უკვე გაცემული ორი კვარტალური პრემიის - თითო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, 2008 წლის გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაცემული პრემიის - ერთი თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, 2008 წლისა და 2009 წლის მეცამეტე ხელფასის იმ ოდენობითა და კოეფიციენტის გამოყენებით, რა ოდენობითაც იგი გაცემული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2008 წლის და 2009 წლის მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე 2009 წლის ოთხი კვარტალური პრემიის და ზემოაღნიშნული ყველა თანხის 0,07%-ის მათ სასარგებლოდ დაკისრება. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს, საქართველოს ეროვნულ ბანკს დავალებოდა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული განცხადების უარყოფა 20-30 ათას ლარიანი კომპენსაციების თაობაზე. მოუხადოს ბოდიში მოსარჩელეებს _ ვ. გ-ძეს, მ. დ-შვილს, მ. ბ-ურსა და ო. მ-ძეს. აუნაზღაუროს თითოეულ მოსარჩელეს წარმომადგენლის მომსახურებისთვის წინასწარ გაწეული ხარჯი 500-500 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 52-ე მუხლების თანახმად, აუნაზღაუროს თითოეულ მოსარჩელეს სადავო თანხის 4%.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. დ-შვილმა, მ. ბ-ურმა, ო. მ-ძემ და ვ. გ-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინებით მ. დ-შვილის, მ. ბ-ურის, ო. მ-ძისა და ვ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. დ-შვილმა, მ. ბ-ურმა, ო. მ-ძემ და ვ. გ-ძემ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. დ-შვილის, მ. ბ-ურის, ო. მ-ძისა და ვ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. დ-შვილის, მ. ბ-ურის, ო. მ-ძისა და ვ. გ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. დ-შვილის, მ. ბ-ურის, ო. მ-ძისა და ვ. გ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.