Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1193-1160(კ-10) 1 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ი/მ ,,...” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონული ცენტრის მიმართ.

2007 წლის 16 იანვარს ი/მ ,,...მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2006 წლის 14 ნოემბრის ... ბრძანების, თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 22 სექტემბრის .. საგადასახადო მოთხოვნის, თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 21 სექტემბრის ... ბრძანების, თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 16 ოქტომბრის ... ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხის _ თელავის საგადასახადო ინსპექციისათვის უკანონოდ დარიცხული საშემოსავლო და სოციალური გადასახადის გაუქმების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით ი/მ ,,...ის” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 20 სექტემბრის შემოწმების აქტი, 2006 წლის 21 სექტემბრის .. ბრძანება, 2006 წლის 22 სექტემბრის ... საგადასახადო მოთხოვნა, 2006 წლის 16 ოქტომბრის ... ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2006 წლის 14 ნოემბრის ... ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2006 წლის 15 დეკემბრის ... გადაწყვეტილება ი/მ ,,-სათვის” საშემოსავლო და სოციალური გადასახადის დამატებით დარიცხვის ნაწილში; თელავის საგადასახადო ინსპექციას ი/მ ,,-სათვის” საშემოსავლო და სოციალურ გადასახადში დამატებით დარიცხული გადასახადის გაუქმების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი/მ ,,...ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ,,...მ”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მიიჩნია, რომ ი/მ ,,...ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.

მართალია, კასატორი ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებას ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, მაგრამ საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორი მხარის მიერ არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მისი შუამდგომლობის საფუძვლიანობას, რის გამოც არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ი/მ ,,...ს” დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – დავის საგნის ღირებულების – 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინების შემცველი გზავნილი ი/მ ,,...ს” 2010 წლის 22 ოქტომბერს ჩაბარდა. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა 2010 წლის 1 ნოემბერს ამოეწურა, რომელიც იყო სამუშაო დღე ორშაბათი. ი/მ ,,...მ” მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ი/მ ,,...ის” საკასაციო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.