საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1194-1140(2კ-09) 22 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 აპრილის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიმართ.
2008 წლის 17 დეკემბერს მ. ბ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიმართ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2007 წლის 13 ნოემბრის ¹919 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ბ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2007 წლის 13 ნოემბრის ¹919 ბრძანება და დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის მიმართ; მ. ბ-ძეს უარი ეთქვა სამსახურში აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; მოსარჩელის მოთხოვნა განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა და დაევალა მოპასუხეს მ. ბ-ძისათვის იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაცულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში შეგებებული სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ასევე მ. ბ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის განჩინებით სააპელაციო და შეგებებული სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის განჩინება შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის განჩინება სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა მ. ბ-ძის წარმომადგენელმა, ტარიელ ჩოჩიშვილმა, რომელმაც ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო გაეცნო მ. ბ-ძის წარმომადგენლის, ტარიელ ჩოჩიშვილის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის განჩინების ასლი 2009 წლის 1 აგვისტოს ჩაჰბარდა მ. ბ-ძის წარმომადგენლის ოჯახის წევრს _ ტ. ჩ-შვილის დედას (ს.ფ. 158), საკასაციო საჩივარი კი ტ. ჩ-შვილმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა 2009 წლის 9 ოქტომბერს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად 2009 წლის 1 სექტემბერს, ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სასამართლო მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უგზავნის იმ გადაწყვეტილების, განჩინების ან ბრძანების ასლს, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. ამავე მუხლის თანახმად წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი _ წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამასთან, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა მ. ბ-ძის წარმომადგენელ ტ. ჩ-შვილს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაჰბარდა ტ. ჩ-შვილთან მცხოვრებ ოჯახის სრულწლოვან წევრს, ხოლო გზავნილის მიმღებმა პირმა ჩაიბარა რა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის განჩინება, თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა, გზავნილი გადაეცა ადრესატისათვის. ამასთან, ხსენებული გზავნილით არ დასტურდება, რომ მან უარი განაცხადა გზავნილის მიღებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რის გამოც მ. ბ-ძის წარმომადგენლის, ტ. ჩ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს მ. ბ-ძის წარმომადგენლის, ტ. ჩ-შვილის საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.