Facebook Twitter

ბს-1197-1164(კ-10) 1 მარტი, 2011 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ე. ნ-ძის, რ. მ-ძის, ე. ჯ-ძის, ა. ბ-ძის, ნ. ნ-ძის წარმომადგენელი ზ. ქ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს პარლამენტი

დავის საგანი _ ქმედების განხორციელება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ნ-ძის, რ. მ-ძის, ე. ჯ-ძის, ა. ბ-ძის და ნ. ნ-ძის წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს პარლამენტის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაკისრებოდა მათ მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანების, კერძოდ: ე. ნ-ძისათვის – 838 ლარის, რ. მ-ძისათვის – 838 ლარის, ე. ჯ-ძისათვის – 838 ლარის, ა. ბ-ძისათვის – 838 ლარის, ნ. ნ-ძისათვის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის განკუთვნილი თანხის – 1000 ლარისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული თანხის - 1365,80 ლარის ანაზღაურება.

საქმის გარემოებები:

ე. ნ-ძე, რ. მ-ძე, ე. ჯ-ძე და ა. ბ-ძე 1999-2004 წლებში იყვნენ საქართველოს პარლამენტის წევრები და არ მიუღიათ საქართველოს პარლამენტის 1999 წლის ნოემბრის თვის 10 დღისა და 2003 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეების სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული თანხა - 838 ლარი, ხოლო ნ. ნ-ძე იყო 1995-1999 და 1999-2004 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი და არ მიუღია საქართველოს პარლამენტის 1998 წლის X-XI თვებისა და 1999 წლის III-IV-V-VI-VII-VIII-IX-X თვეების ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის განკუთვნილი თანხა – 1000 ლარი და 1999 წლის IX-X-XI თვეებისა და 2003 წლის XI-XI-XII თვეების სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული თანხა – 1365 ლარი.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

მოსარჩელემ საქართველოს კონსტიტუციის 30.4 და 53.3 მუხლების, ,,საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონის 24-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის საფუძველზე მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 1-10).

მოპასუხემ – საქართველოს პარლამენტმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

მოპასუხის განმარტებით, სადავო დავალიანება წარმოადგენდა სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელ თანხას და მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამასთან, მოპასუხემ მოითხოვა ასკ-ის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მესამე პირად ჩაბმა (იხ. ს.ფ. 29-35).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს პარლამენტის შუამდგომლობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ასკ-ის მე-16 მუხლის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 38-39).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ნ-ძის, რ. მ-ძის, ე. ჯ-ძის, ა. ბ-ძისა და ნ. ნ-ძის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პარლამენტის წევრის ხელფასი განისაზღვრება კანონით. პარლამენტის წევრს ეძლევა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ანაზღაურებაც.

,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის თანახმად, წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებანი, იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული აღნიშნული მუხლის მიხედვით ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შესაბამის დაწესებულებასა და ორგანიზაციას.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, ,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პარლამენტის წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ანაზღაურება მოიცავს ხარჯებს: საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით ქ. თბილისის სასტუმროში ცხოვრების ან საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის, სამსახურებრივი მიზნით ქ. თბილისის ფარგლებში ტრანსპორტით მგზავრობისათვის, ამ კანონითა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩევლებთან შეხვედრისას (გარდა სპეციალური მივლინებისა), სამედიცინო, სატელეფონო, საფოსტო და სატელეგრაფო მომსახურებისათვის, თანაშემწის აყვანისათვის, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული კონსულტაციებისა და ექსპერტიზისათვის.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხელფასის გაცემა იწყება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დადასტურების დღიდან და მთავრდება შესაბამისი მოწვევის პარლამენტის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტამდე. სასამართლოს მოსაზრებით, შრომის უფლების დაცვა და შრომის სამართლებრივი ანაზღაურება აღიარებული და დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის შესაბამისად.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, კრედიტორული დავალიანება არ წარმოადგენს სახელფასო დავალიანებას, ეს არის _ სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხის, ხოლო მოსარჩელე ნ. ნ-ძის შემთხვევაში, ასევე _ ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის განკუთვნილი თანხის კრედიტორული დავალიანება, ანუ ხელფასისაგან სრულიად დამოუკიდებელი ცალკე გასაცემელი თანხების დავალიანებაა.

სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხა და ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის განკუთვნილი თანხა არის დანამატები, რომლებიც წარმოადგენენ მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ხელფასზე დანამატს, ამდენად, მის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მიმართ.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის აპარატის 2009 წლის 30 სექტემბრის ¹9808/3-1, ¹9809/3-1, 2009 წლის 7 სექტემბრის ¹8674/3-1, 2009 წლის 27 ოქტომბრის ¹10896/3-1 და 2009 წლის 18 ნოემბრის ¹11856/3-1 წერილებს, სასამართლოს განმარტებით, მას მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი აქვს (იხ. ს.ფ. 54-61).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ნ-ძის, რ. მ-ძის, ე. ჯ-ძის, ა. ბ-ძისა და ნ. ნ-ძის წარმომადგენელმა ზ. ქ-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება.

მოწინააღმდეგე მხარემ – საქართველოს პარლამენტმა სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხანდაზმულობის მოტივით (იხ. ს.ფ. 95-102).

ე. ნ-ძის, რ. მ-ძის, ე. ჯ-ძის, ა. ბ-ძისა და ნ. ნ-ძის წარმომადგენელმა დამატებითი სააპელაციო საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომელშიც მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი - დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს თუ არა სარჩელი.

აღნიშნულის მიუხედავად სასამართლომ არ გამოიყენა დადგენილი ნორმები, არასწორად განმარტა ისინი და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისა და დასაბუთების გარეშე აუარა გვერდი გადაწყვეტილების კანონიერებისათვის უმნიშვნელოვანეს გარემოებებს.

აპელანტის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი, როდესაც გაიზიარა მოპასუხის პოზიცია სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ, ვინაიდან საქალაქო სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, უნდა გამოერკვია, თუ როდის მიიღეს უარი დავალიანების გადახდაზე და რა მომენტიდან წარმოიშვა მოთხოვნა, ანუ როდიდან დაიწყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა.

იმ პერიოდში მოქმედი ნორმატიული აქტები ცალსახად აღიარებდა დავალიანების არსებობას და ითვალისწინებდა მისი დაფარვის წესს. კერძოდ, 2006 წელს მიღებული “საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანების დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისთვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული აღნიშნული მუხლის მიხედვით ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შესაბამის დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს. მოსარჩელეები ელოდნენ დავალიანების დაფარვას და მათი უფლებების იძულებით დაცვას არ აპირებდნენ, მაგრამ 2007 წლის 23 მაისის პარლამენტის სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერიდან მათთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტი დავალიანების დაფარვას არ აპირებდა. რის შემდეგაც მოსარჩელეებმა დადგენილ ვადაში მიმართეს კიდეც სასამართლოს უფლებების დასაცავად.

აღნიშნული გარემოების გამორკვევისა და შესაბამისი მტკიცებულების შეფასების ნაცვლად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს მოთხოვნის უფლება 1998-1999-2003 წლებში წარმოეშვათ. სასამართლომ არ განმარტა და არ დაასაბუთა, თუ რა მოსაზრებით მივიდა ამ დასკვნამდე, რის გამოც დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” და “ე1” პუნქტების მოთხოვნები, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა. სასამართლოს მიერ შესაბამისი კანონის გამოყენების შემთხვევაში ცალსახა იქნებოდა მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, რაც დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდებოდა.

აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს მიერ ასევე დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, რომლებიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც გამოაქვს დასკვნა.

საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პარლამენტის წევრი იღებს კანონით დადგენილ გასამრჯელოს. გასამრჯელოს ოდენობა და შემადგენლობა რეგულირდება ისეთი სპეციალური კანონებით, როგორებიცაა: “საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურებისა” და “საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონები. “საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად პარლამენტის წევრის ხელფასი განისაზღვრება კანონით. პარლამენტის წევრს ეძლევა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ანაზღაურება, ანუ სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ანაზღაურებაც, რომ შრომითი გასამრჯელოს ნაწილია კანონის ობიექტური ინეტერპრეტაციით ცალსახად დასტურდება. ასეთი ინტერპრეტაციის სისწორეს ასევე ადასტურებს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის სათაურით და 1-ლი პუნქტით დადგენილია, რომ მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო და ხელფასი იდენტური ცნებებია, აღნიშნული მუხლი ასევე ადასტურებს, რომ შრომის გასამრჯელო ანუ ხელფასი მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს, სულ - 3 კომპონენტს.

აპელანტის განმარტებით, “სხვა დანამატები” სასამართლოს მიერ განხილული უნდა ყოფილიყო ხელფასის ანუ გასამრჯელოს შემადგენელ ნაწილად, სარგოს დანამატად. შესაბამისად დანამატის ხელფასისგან დამოუკიდებლად განხილვა კანონსაწინააღმდეგოა. ვინაიდან დანამატის, როგორც განსაზღვრული სამართლებრივი კატეგორიის, კერძოდ, გასამრჯელოს (ხელფასის) შემადგენელი ნაწილის ბუნებას ვერ შეცვლის და ვერც სხვა სახის სამართლებრივ კატეგორიად ვერ ჩამოაყალიბებს ის გარემოება, რომ იგი პერიოდულად გაიცემა.

უდავოა, რომ მოსარჩელეები საქართველოს პარლამენტთან შრომით ურთიერთობებში იმყოფებოდნენ და არა სახელშეკრულებო ურთიერთობებში, ეს შრომითი ურთიერთობები რეგულირდება ქვეყნის ძირითადი კანონით და საჯარო სამართლის საკანონმდებლო აქტებით. პარლამენტის წევრების, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა რომ ითვლება შრომით ურთიერთობებად, დასტურდება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის იმ მუხლებით, რომლებიც ვრცელდება მოსარჩელეებზე (ყოფილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, ეს მუხლებია: 1-ლი, მე-6, მე-9, მე-10, 39-ე, 66-ე, 71-ე, 121-ე.)

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადები კი შეეხება ხელშეკრულებიდან და არა შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნებს. ვინაიდან მოსარჩელეებსა და საქართველოს პარლამენტს შორის არანაირი ხელშეკრულება დადებული არ ყოფილა, სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა მათზე ვერ გავრცელდებოდა. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით დადგენილი 10 - წლიანი ხანდაზმულობის ვადა (იხ. ს.ფ. 106-113).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ივნისის განჩინებით ე. ნ-ძის, რ. მ-ძის, ე. ჯ-ძის, ა. ბ-ძისა და ნ. ნ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი დასკვნები და მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, ამასთან, დამატებით აღნიშნა, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხა წარმოადგენს ხელფასისგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს, რომელზეც ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. უდავოა, რომ აპელანტებს სარჩელის წარდგენის დროისათვის ეს ვადა გაშვებული ჰქონდათ.

“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის დანაწესის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა განხორციელდება წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებულ იქნა საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი ხელფასის დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება, მაგრამ, ვინაიდან სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხა წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ზემოაღნიშნული ნორმა აღნიშნულ კომპენსაციის გაცემაზე არ გავრცელდება.

რაც შეეხება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებას, სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ხელფასი და სხვა ანაზღაურება, თუ ეს კანონით დაწესებულია, საქართველოს საჯარო სამსახურში გაიცემა, როგორც წესი, თვეში ერთხელ. საქართველოს პარალამენტის წევრისათვის მისი გაცემა მოწესრიგებულია საქართველოს კანონის “საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” 24-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის იმავე მუხლის იმავე ნაწილით, რომელთა მიხედვით “ხელფასის გაცემა იწყება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დადასტურების დღიდან და მთავრდება შესაბამისი მოწვევის პარლამენტის და მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე. შესაბამისად, პარლამენტის წევრის მიმართ არსებული დავალიანების გამო მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს იმ თვის შესაბამისი დღის მომდევნო დღიდან, როდესაც პარლამენტის წევრმა ვერ მიიღო ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 117-127).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ნ-ძის, რ. მ-ძის, ე. ჯ-ძის, ა. ბ-ძისა და ნ. ნ-ძის წარმომადგენელმა - ზ. ქ-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის მითითებით, როგორც თბილისის სააპელაციო ასევე, საქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილება ეფუძნება ორ პოსტულატს, პირველი მდგომარეობს იმაში, რომ პარლამენტის ყოფილი წევრების მიერ მოთხოვნილი თანხები წარმოადგენს არა შრომის გასამრჯელოს – ხელფასის ნაწილს, არამედ კომპენსაციის სახეს. მოთხოვნილი თანხებს (კრედიტორულ დავალიანებას) თბილისის საქალაქო სასამართლო ასევე არ მიიჩნევს სახელფასო დავალიანებად, მაგრამ განსხვავებით თბილისის სააპელაციო სასამართლოსაგან მას არა კომპენსაციის, არამედ უზრუნველყოფის სახეს უწოდებს კომპენსაციის და უზრუნველყოფის, როგორც დამოუკიდებელი სამართლებრივი ინსტიტუტების სახეებს შორის არსებითი განსხვავებაა. კომპენსაციის ინსტიტუტი გამოიყენება ზიანის ანაზღაურებისათვის, ანუ ადგილი უნდა ჰქონდეს ზიანს, რომ პირს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება წარმოეშვას. ხოლო უზრუნველყოფის ინსტიტუტი ვალდებულების შესრულებისათვის გამოიყენება და არა ზიანის ანაზღაურებისათვის, რასაც ადასტურებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლი, რომლის მეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორს ყოველთვის აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, ხოლო პირგასამტეხლოს, როგორც უზრუნველყოფის საშუალების გამოყენების უფლება ვალდებულების შესრულებასთან ან მისი შეუსრულებლობის გამო კომპენსაციის მოთხოვნის უფლებასთან ერთად შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნეს გამოყენებული, როდესაც მოვალე თავის ვალდებულებას დადგენილ დროში არ შეასრულებს. ამრიგად ცალსახაა, რომ წარმოშობილი კრედიტორული დავალიანება (იგულისხმება მოსარჩელეების კუთვნილი 1999 წლის ნოემბრისა და 2003 წლის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის თვეების სახელფასო დავალიანება – 838.00 ლარის ოდენობით) ერთდროულად ვერ იქნება კომპენსაციისა და უზრუნველყოფის სახე. ეს ნათლად წარმოაჩენს იმ განსხვავებას, რა განსხვავებაც არ იძლეოდა იმის უფლებას, რომ სააპელაციო სასამართლო დასთანხმებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს.

სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით არა მარტო დაარღვია საპროცესო ნორმები და არ შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება, არამედ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად არ შეაფასა საქმის გარემოებები, რის გამოც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

კერძოდ, საქართველოს ძირითადი კანონის საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პარლამენტის წევრი იღებს კანონით დადგენილ გასამრჯელოს. გასამრჯელოს ოდენობა და შემადგენლობა (კომპონენტები) რეგულირდება ისეთი სპეციალური კანონებით, როგორებიცაა: “საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების” და “საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონები. “საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 24.1 მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრს ხელფასთან ერთად ეძლევა სადეპუტატო უფლებამოსილებასთან დაკავშირებული სხვა ანაზღაურებაც, ანუ სადეპუტატო უფლებამოსილებასთან დაკავშირებული სხვა ანაზღაურებაც რომ შრომითი გასამრჯელოს ნაწილია, კანონის ობიექტური ინტერპრეტაციით ცალსახად დასტურდება. სიტყვები: ,,ხელფასთან ერთად სხვა ანაზღაურებაც” ადასტურებს ამ განმარტების სისწორეს. საფუძველი ანაზღაურებისა არის სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელება, რისი თავდაპირველი საფუძველიც უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო შრომითი საქმიანობაა.

კასატორის განმარტებით, ინტერპრეტაციის სისწორეს ასევე ადასტურებს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი ამ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იყოს შრომითი გასამრჯელოს ტერმინის შინაარსის განსამარტავად და არა ყოფილ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან შრომის ანაზღაურების ურთიერთობების დასარეგულირებლად. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის სათაურით და პირველი პუნქტით დადგენილია, რომ მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო და ხელფასი იდენტური მნიშვნელობის მცნებებია. მუხლის სათაურში, შრომითი გასამრჯელოს გასწვრივ ფრჩხილებში ხელფასის მიწერა, ადასტურებს, კანონმდებლის ნებას, რომ ეს ორი სიტყვა ერთი მნიშვნელობით იქნეს გაგებული. სხვა შემთხვევაში გასამრჯელოს გვერდით სიტყვა ხელფასის მიწერა არ მოხდებოდა. ამ აზრის სისწორეს 37-ე მუხლის სათაურის გარდა ადასტურებს მისი პირველი პუნქტიც, რომლის მიხედვითაც შრომითი გასამრჯელო ანუ ხელფასი მოიცავს “თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს” ანუ სულ - სამ კომპონენტს.

“სხვა დანამატები” სასამართლოს მიერ განხილულ უნდა ყოფილიყო შრომითი გასამრჯელოს ანუ ხელფასის შემადგენელ ნაწილად, სარგოს დანამატად, რადგან თავად კანონი (“საჯარო სამსახურის შესახებ” 37-ე მუხლის პირველი პუნქტი) განსაზღვრავს დანამატის, როგორც კონკრეტული სახის სამართლებრივი კატეგორიის, სტატუსს. შესაბამისად, დანამატების ხელფასისგან დამოუკიდებლად განხილვა კანონსაწინააღმდეგოა. ვინაიდან დანამატის, როგორც განმსაზღვრელი სამართლებრივი კატეგორიის, კერძოდ, შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) შემადგენელი ნაწილის ბუნებას ვერ შეცვლის და ვერც სხვა სახის სამართლებრივ კატეგორიად ვერ ჩამოაყალიბებს ის გარემოება, რომ იგი პერიოდულად გაიცემა. ამ ლოგიკით, კასატორის განმარტებით, შრომითი გასამრჯელო პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება გამოდის და არა სათანადო უფლებამოსილების განხორციელებისათვის წარმოებული შრომისათვის გაცემული ანაზღაურება.

“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურეს აქვს უფლებები და გარანტიები-მიიღოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და პირობები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონდებლობით მოსამსახურეთათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს სხვა დამატებითი უფლებები და გარანტიები – ასეთი ხასიათის დამატებითი უფლებები და გარანტიები მოცემულია სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით. კერძოდ, “საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრის ხელფასი განისაზღვრება კანონით. ... პარლამენტის წევრს ეძლევა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ანაზღაურებაც.

კასატორის განმარტებით, მითითებული ურთიერთობების დასარეგულირებლად გამოყენებული უნდა ყოფილიყო ქვეყნის ძირითადი კანონი – საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომ პარლამენტის წევრი იღებს კანონით დადგენილ გასამრჯელოს. ხოლო ამ შრომითი გასამრჯელოს ანუ ხელფასის კომპონენტების, ოდენობის და სხვა საკითხების გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა ყოფილიყო ისეთი სპეციალური კანონები, როგორებიცაა: ,,საქართველოს პარლამენტის წევრის შრომითი ანაზღაურება” და ,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონები.

უდავოა, რომ მოსარჩელეები საქართველოს პარლამენტთან შრომით ურთიერთობებში იმყოფებოდნენ და არა სახელშეკრულებო ურთიერთობებში, ეს შრომითი ურთიერთობები რეგულირდება ქვეყნის ძირითადი კანონით და საჯარო სამართლის საკანონმდებლო აქტებით. პარლამენტის წევრების, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა რომ ითვლება შრომით ურთიერთობებად, დასტურდება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის იმ მუხლებით, რომლებიც ვრცელდება მოსარჩელეებზე (ყოფილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, ეს მუხლებია: 1-ლი, მე-6, მე-9, მე-10, 39-ე, 66-ე, 71-ე, 121-ე.)

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადები კი შეეხება ხელშეკრულებიდან და არა შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნებს. ვინაიდან მოსარჩელეებსა და საქართველოს პარლამენტს შორის არანაირი ხელშეკრულება დადებული არ ყოფილა, სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა მათზე ვერ გავრცელდებოდა. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით დადგენილი 10 - წლიანი ხანდაზმულობის ვადა (იხ. ს.ფ. 171-177).

მოწინააღმდეგე მხარის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა მოსაზრებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ე. ნ-ძის, რ. მ-ძის, ე. ჯ-ძის, ა. ბ-ძისა და ნ. ნ-ძის წარმომადგენლის - ზ. ქ-შვილის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს (იხ. ს.ფ. 187-188).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 11 იანვრის განჩინებით ე. ნ-ძის, რ. მ-ძის, ე. ჯ-ძის, ა. ბ-ძისა და ნ. ნ-ძის წარმომადგენლის - ზ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად (დივერგენტული კასაცია) (იხ. ს.ფ. 190-193).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე. ნ-ძის, რ. მ-ძის, ე. ჯ-ძის, ა. ბ-ძისა და ნ. ნ-ძის წარმომადგენლის - ზ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. ნ-ძის, რ. მ-ძის, ე. ჯ-ძის, ა. ბ-ძისა და ნ. ნ-ძის სარჩელი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული დავალიანების მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს პარლამენტის დავალიანება ე. ნ-ძისადმი შეადგენს – 838.00 ლარს, რ. მ-ძისადმი – 838.00 ლარს, ე. ჯ-ძისადმი – 838.00 ლარს, ა. ბ-ძისადმი – 838.00 ლარს, რაც წარმოადგენს 1999 წლის ნოემბრის თვის 10 დღის და 2003 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეების სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელ თანხას, ხოლო ნ. ნ-ძისადმი - 2365.00 ლარს, საიდანაც 1000 ლარის არის 1998 წლის ოქტომბერ, ნოემბრისა და 1999 წლის მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის განკუთვნილი თანხა, 1365.00 ლარი არის 1999 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვეებისა და 2003 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეების სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხა.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს პარლამენტის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე პარლამენტის წევრს ხელფასის გარდა ეძლევა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ანაზღაურება, ხოლო ამავე კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესაბამისი ორგანოების საქმიანობაში და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის მიზნით ადგილებზე იქმნება მაჟორიტარი დეპუტატების ბიურო. ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ადგილებზე პარლამენტის წევრის საქმიანობის მატერიალურ უზრუნველყოფასთან, ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, პარლამენტის მიერ დადგენილი წესით. რაც ანაზღაურებული უნდა ყოფილიყო მოპასუხის მიერ, ვიანიდან მის მოვალეობას შეადგენდა აღნიშნული დავალიანების გადახდა.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ,,სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კრედიტორული დავალიანებების დაზუსტებისა” და ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ დავალების შესრულების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს პირველად საბუღალტრო დოკუმენტებზე დაყრდნობით უნდა უზრუნველეყოთ კრედიტორულ დავალიანებათა ინვენტარიზაცია და დაზუსტება.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ 2007 წლის 23 მაისის პლენარული სხდომის სტენოგრაფიულ ჩანაწერზე, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს პარლამენტი აღიარებს პარლამენტის წევრების მიმართ კრედიტორულ დავალიანებას. ასევე საქმეში წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის აპარატის 2009 წლის 30 სექტემბრის ¹9808/3-1 წერილით დადასტურებულია, რომ ე. ნ-ძის სახელზე საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ბუღალტერიაში ირიცხება კრედიტორული დავალიანება - სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხა - 838, 00 ლარი, 2009 წლის 30 სექტემბრის ¹9809/3-1 წერილით - რ. მ-ძის სახელზე საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ბუღალტერიაში ირიცხება კრედიტორული დავალიანება - სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხა - 838, 00 ლარი, 2009 წლის 7 სექტემბრის ¹8674/3-1 წერილით - ე. ჯ-ძის სახელეზე საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ბუღალტერიაში ირიცხება კრედიტორული დავალიანება - სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხა - 838, 00 ლარი, 2009 წლის 27 ოქტომბრის ¹10896/3-1 წერილით - ა. ბ-ძის სახელზე საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ბუღალტერიაში ირიცხება კრედიტორული დავალიანება - სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხა - 838, 00 ლარი და 2009 წლის 18 ნოემბრის ¹11856/3-1 წერილით - ნ. ნ-ძის სახელზე საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ბუღალტერიაში ირიცხება კრედიტორული დავალიანება ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის განკუთვნილი თანხა – 1000 ლარი და სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხა – 1365,00 ლარი (იხ. .ს.ფ. 11-15).

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის (ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა) შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამავე კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება, მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით რეგლამენტირებული, ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე მოთხოვნის არსებობის აღიარება, რაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველია, სახეზეა ხსენებული კოდექსის 144-ე მუხლის (ვალდებული პირის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლისას) მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულების შემთხვევაში. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ მოვალეობის შესრულებას უთანაბრდება მოვალის დაპირება _ ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის არსებობის აღიარება ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ანუ თუ ვალდებულმა პირმა კონკრეტული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ აღიარა ხსენებული მოთხოვნის არსებობა, ხანდაზმულობის ვადის გასვლის ფაქტს, სამართლებრივად, აღარ აქვს არავითარი მნიშვნელობა მხარის შესაბამისი მატერიალური უფლების სასამართლო წესით რეალიზაციისათვის.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტმა აღიარა ე. ნ-ძის, რ. მ-ძის, ე. ჯ-ძისა და ა. ბ-ძის წინაშე სადეპუტატო უფლებამოსილებასთან დაკავშირებული თანხების, ხოლო ნ. ნ-ძის წინაშე ასევე ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის განკუთვნილი თანხის დავალიანება, მას შემდეგ, რაც ხსენებული დავალიანებების მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა გავიდა, რითაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ ე. ნ-ძის, რ. მ-ძის, ე. ჯ-ძის, ა. ბ-ძისა და ნ. ნ-ძის წარმომადგენლის - ზ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ივნისის განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით ე. ნ-ძის, რ. მ-ძის, ე. ჯ-ძის, ა. ბ-ძისა და ნ. ნ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს, საქართველოს პარლამენტს ე. ნ-ძის, რ. მ-ძის, ე. ჯ-ძისა და ა. ბ-ძის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს პარლამენტის აპარატის 2009 წლის 30 სექტემბრის ¹9808/3-1, ¹9809/3-1, 2009 წლის 7 სექტემბრის ¹8674/3-1, 2009 წლის 27 ოქტომბრის ¹10896/3-1 და 2009 წლის 18 ნოემბრის ¹11856/3-1 წერილებში მითითებული სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხის – 838,00 ლარის, ხოლო ნ. ნ-ძისათვის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის განკუთვნილი თანხის – 1000 ლარისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხის – 1365 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ე. ნ-ძის, რ. მ-ძის, ე. ჯ-ძის, ა. ბ-ძისა და ნ. ნ-ძის წარმომადგენლის ზ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ივნისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ე. ნ-ძის, რ. მ-ძის, ე. ჯ-ძის, ა. ბ-ძისა და ნ. ნ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

საქართველოს პარლამენტს ე. ნ-ძის სასარგებლოდ დაეკისროს სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხის - 838,00 ლარის, რ. მ-ძის სასარგებლოდ დაეკისროს სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხის - 838,00 ლარის, ე. ჯ-ძის სასარგებლოდ დაეკისროს სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხის - 838,00 ლარის, ა. ბ-ძის სასარგებლოდ დაეკისროს სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხის - 838,00 ლარის, ხოლო ნ. ნ-ძის სასარგებლოდ დაეკისროს ბიუროს მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფისათვის განკუთვნილი თანხის – 1000 ლარისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხის – 1365,00 ლარის ანაზღაურება;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.