ბს-1204-1171(2კ-10) 8 ნოემბერი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ი. დ-ძისა და ლ. დ-ძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. დ-ძემ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა _ სახელფასო დავალიანების 7530 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
ლ. დ-ძემ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა _ სახელფასო დავალიანების 4405,84 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ზემომითითებული ადმინისტრაციული სარჩელები გაერთიანდა ერთწარმოებად.
რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით ი. და ლ. დ-ძის სარჩელები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი. დ-ძის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა სანივთე ქონების კომპენსაციის 944,82 ლარის, კვების კომპენსაციის 1197,23 ლარის, ზეგანაკვეთური საათებისათვის 712,04 ლარის, ასაღები ხელფასის 1997 წლიდან 284,98 ლარის, კუთვნილი შვებულების სხვაობის 131,54 ლარის, საბოლოო ანგარიშის 88,62 ლარის, ფულადი ჯილდოს 129,72 ლარის, სულ 3577,62 ლარის ანაზღაურება, ხოლო სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ლ. დ-ძის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ხელფასის სახით 816,81 ლარის, ხოლო სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. დ-ძემ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. დ-ძემ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით ი. და ლ. დ-ძეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების, სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის გადანაწილების ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაეკისრა ი. დ-ძის სასარგებლოდ 873,26 ლარის ანაზღაურება; ლ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაეკისრა ლ. დ-ძის სასარგებლოდ 135,93 ლარის ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ი. დ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების 41,9 ლარის ანაზღაურება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლ. დ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების 8,2 ლარის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. და ი. დ-ძეებმა, რომლოთაც მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ლ. და ი. დ-ძეების საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ლ. და ი. დ-ძეების საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ლ. და ი. დ-ძეების საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.