საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1207-1174(კ-10) 12 ნოემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. მ-შვილის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 აპრილის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2010 წლის 28 სექტემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1207-1174(კ-10) გ. მ-შვილის საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 აპრილის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით გ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარზე კასატორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საკასაციო საჩივარი ასევე არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი და არ შეიცავდა დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უკანონობა. შესაბამისად, მითითებული ხარვეზის შესავსებად კასატორს განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღე (იხ. ს.ფ. 106-108; ტ.II).
კასატორს ხარვეზის შევსების მიზნით საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ გ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, გაეგზავნათ კასატორსა და მის წარმომადგენელს. საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებების თანახმად, საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინების ასლი 2010 წლის 13 ოქტომბერს ჩაჰბარდა კასატორ გ. მ-შვილისათვის გადასაცემად მის მეუღლეს – თ. დ-აიას (იხ. ს.ფ.), ხოლო მის წარმომადგენელ _ თ. გ-ძისათვის გადასაცემად განჩინება ჩაბარდა შ. მ-ძეს (იხ. ს.ფ. ტ.II), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადა ამოიწურა 2010 წლის 25 ოქტომბერს, თანახმად სსსკ-ის 61.2 მუხლისა, მაგრამ საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1 მუხლის თანახმად, გაგზავნილი დოკუმენტი მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამავე კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, კონკრეტულ შემთხვევაში _ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განჩინება მხარისთვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება 2010 წლის 13 ოქტომბერს, რადგან საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად განჩინება გ. მ-შვილისათვის გადასაცემად ჩაჰბარდა სსსკ-ის 74.1 მუხლის შესაბამისად, მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს _ მეუღლეს (იხ. ს.ფ.), მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის, კასატორს ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.