Facebook Twitter

ბს-1208-1170(კ-08) 16 ივნისი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორები - მ. ყ-იანი (ზ. ც-ძის უფლებამონაცვლე), მ. შ-შვილი, ს. კ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური;

ს. ჭ-ძე;

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინება

დავის საგანი – საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 11 აპრილს ს. ჭ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის, ზ. ც-ძის, მ. შ-შვილის, ს. კ-ძისა და მესამე პირის – ნოტარიუს მ. მ-შვილის მიმართ, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების თაობაზე.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ გარდაბნის რაიონის სოფ. ... დასახლებაში კოდი ¹8 მიწის ნაკვეთზე და მასზე მდებარე სახლზე საერთო ფართით 168 კვ.მ, გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით თანამესაკუთრედ მოსარჩელესთან ერთად ცნობილ იქნა აწ გარდაცვლილი ნ. ყ-იანი-თ-შვილი. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია.

ამავე სასამართლოს 2001 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით თანასაკუთრებაში არსებული ქონება გაყოფილ იქნა რეალურ წილებად, რაც გასაჩივრდა ნ. ყ-იანი-თ-შვილის მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება ნ. ყ-იანის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მან 2006 წლის მარტში მიმართა გარდაბნის რაიონის სარეგისტრაციო სამსახურს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სამრთლებრივ რეგისტრაციაში გატარების მოთხოვნით, საიდანაც 2006 წლის 5 აპრილს ოფიციალურად ეცნობა, რომ 2005 წლის 11 ნოემბერს ნ. ყ-იანი-თ-შვილის განცხადების საფუძველზე მთლიანი სახლთმფლობელობა და მიწის ნაკვეთი აღირიცხა ამ უკანასკნელზე, რაც შემდეგ გაყო და გაასხვისა ზ. ც-ძეზე (4.11.2005 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება) და ს. კ-ძეზე (9.12.2005 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება).

მოსარჩელის მითითებით, გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურმა ნ. ყ-იანი-თ-შვილზე უძრავი ქონების საკუთრების აღრიცხვისას დაარღვია ზოგადი ამინისტრაციული კოდექსის 95-96-ე მუხლები, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხის შესწავლისას დადასტურდებოდა, რომ სადავო ქონება ამავე საჯარო რეესტრში 2005 წლის 19 სექტემბრის ჩანაწერით, ირიცხებოდა ს. ჭ-ძის სახელზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა 2005 წლის 4 ნოემბერს ნ. ყ-იანსა და ზ. ც-ძეს შორის და 2006 წლის 9 დეკემბერს ნ. ყ-იანის რწმუნებულ მ. შ-შვილსა და ს. კ-ძეს შორის განხორციელებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობას.

2006 წლის 16 მაისს ზ. ც-ძემ და ს. კ-ძემ შეგებებული სარჩელით მიმართეს გარდაბნის რაიონულ სასამართლოს ს. ჭ-ძის მიმართ და მოითხოვეს ს. ჭ-ძის უკანონო მფლობელობიდან ბინის და მიწის ნაკვეთის გამოთხოვა.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით ს. ჭ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2005 წლის 11 ნოემბრის ჩანაწერი ნ. ყ-იან-თ-შვილის სახელზე საკუთრების უფლება სადავო თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე; ბათილად იქნა ცნობილი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება 2005 წლის 4 ნოემბერს ნ. ყ-იანსა და ზ. ც-ძეს შორის, ასევე 2005 წლის 9 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება ნინო ყიფიანის წარმომადგენელ მ. შ-შვილსა და ს. კ-ძეს შორის, შესაბამისად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრში ამ ხელშეკრულებათა საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია ზ. ც-ძისა და ს. კ-ძის სახელზე; ს. კ-ძისა და ზ. ც-ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ც-ძისა და ს. კ-ძის წარმომადგენელმა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ზ. ც-ძის, მ. შ-შვილის, ს. კ-ძის წარმომადგენლის ი. რ-შვილის სააპელაციო საჩივარი გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე ს. ჭ-ძის სარჩელისა გამო მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ზ. ც-ძის, მ. შ-შვილისა და ს. კ-ძის მიმართ თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული უკანონო რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაწილში გამოიყო ცალკე წარმოებად, ხოლო გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე ს. ჭ-ძის სასარჩელო მოთხოვნის ნ. ყ-იანსა და ზ. ც-ძეს შორის ასევე ნ. ყ-იანის წარმომადგენელ მ. შ-შვილსა და ს. კ-ძეს შორის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მათ საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობის, ასევე ზ. ც-ძისა და ს. კ-ძის შეგებებულ სარჩელზე ს. ჭ-ძის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ბინისა და მიწის ნაკვეთის გამოთხოვის თაობაზე სააპელაციო საჩივრის წარმოება შეჩერდა აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინებით ზ. ც-ძის, მ. შ-შვილისა და ს. კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გარდაბნის რაიონის ... საკრებულოს 1993 წლის 22 სექტემბრის ¹45 გადაწყვეტილებით ს. ჭ-ძეს დაუკანონდა კომუნალურ ფონდში ჩარიცხული საცხოვრებელი სახლი მდებარე ... დასახლება, ... ქ. ¹161-ში და ნება დაერთო პრივატიზაციის წესით მისი შესყიდვის. ამავე წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულებით აღნიშნული ბინა პრივატიზებულ იქნა ს. ჭ-ძის მიერ, რისი რეგისტრაციაც განახორცილა გარდაბნის რაიონის ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროში 1993 წლის 12 ოქტომბერს.

გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 23 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნ. ყ-იანი-თ-შვილი ცნობილ იქნა სადავო მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრედ, რომელიც ირიცხებოდა ს. ჭ-ძის სახელზე.

საჯარო რეესტრში სადავო ნაკვეთის ს. ჭ-ძის სახელზე რეგისტრაცია განხორციელდა 2005 წლის 19 სექტემბერს (საფუძველი: ... მეხილეობა-მევენახეობის ს/მეურნეობის ბრძანება ¹01/14 გაც. 10.10.1993წ. სარეგისტრაციო ¹810800301, ფართობი 0,06ჰა).

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 11 ნოემბერს, ს. ჭ-ძის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულ იქნა ნ. ყ-იანის სახელზე (საფუძველი: მიღება-ჩაბარების აქტი ¹5 ვარკეთილის მეხილეობის საბჭოს მიერ 2000 წლის 10 თებერვლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება).

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო რეგისტრაცია წარმოადგენს რეგისტრაციას დაქვემდებარებული უფლების წარმოშობის, ცვლილების, შეწყვეტის, შეჩერების აღიარებას და დადასტურებას სახელმწიფოს მიერ. რეგისტრაციას ახორციელებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და უფლების რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის საკითხის გასარკვევად, ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას, რომელიც ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” კანონის თანახმად, წოდებულია სარეგისტრაციო წარმოებად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლით დადგენილ ტერმინთა განმარტებით დასტურდება, რომ ამ შემთხვევაში წარმოების მიზანია ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ვინაიდან სახეზე არ არის ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების ან საჩივრის განხილვის შემთხვევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. აქედან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებდა, რომ საჯარო რეესტრის მიერ, უფლებათა რეგისტრაციის წარმოების წესი მოწესრიგებულია ,,უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით. აღნიშნული ნორმატიული აქტებით, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გათვალისწინებულია ის სპეციფიკა, რაც ახასიათებს სარეგისტრაციო წარმოებას, რომელიც ხორციელდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. ,,უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს აღნიშნული ნორმის მოთხოვნებს, საჯარო რეესტრი იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, ან საერთოდ, სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ.

აღნიშნულ ნორმებზე მითითებით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ იმ გარემოებათა არსებობის პირობებში, როცა სადავო მიწის ნაკვეთი ირიცხებოდა ს. ჭ-ძის სახელზე, გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური არ იყო უფლებამოსილი უკვე დარეგისტრირებული უფლების გაუქმებამდე, მოეხდინა სადავო მიწის ნაკვეთის სხვა პირზე დარეგისტრირება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ც-ძემ, მ. შ-შვილმა და ს. კ-ძემ.

კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორები საკასაციო საჩივარში აღნიშნავდნენ, რომ სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს და მიუთითა, რომ ს. ჭ-ძემ პრივატიზაციის წესით შეისყიდა საცხოვრებელი სახლი მდებარე ... ქ. 161-ში, გარდაბნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით კი მიჩნეულ იქნა, რომ ს. ჭ-ძე და ნ. ყ-იანი-თ-შვილი 1999 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნენ სადავო სახლის თანამესაკუთრეებად და პრივატიზაციის ხელშეკრულება ნახსენებიც არ არის გარდაბნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვინაიდან, იგი არ არსებობს და არც ყოფილა წარმოდგენილი.

კასატორების მითითებით, მათ მიმართებაში დარღვეულ იქნა ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, რადგან სადავო მიწის ნაკვეთი, რომელიც უკვე 2000 წლის 2 მარტიდან ირიცხებოდა ნ. ყ-იანი-თ-შვილის სახელზე, გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს არ ჰქონდა უფლებამოსილება უკვე რეგისტრირებული უფლების გაუქმებამდე დაერეგისტრირებინა ს. ჭ-ძის სახელზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 იანვრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი ზ. ც-ძის, მ. შ-შვილისა და ს. კ-ძის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება, გარდაცვლილი ზ. ც-ძის საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე.

2010 წლის 16 მარტს ზ. ც-ძის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ა/წ გარდაცვლილი ზ. ც-ძის მეხუთე რიგის მემკვიდრედ აღიარებულ იქნა მ. ყ-იანი და მოითხოვა საქმის წამოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მარტის განჩინებით ზ. ც-ძის, მ. შ-შვილისა და ს. კ-ძის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ც-ძის უფლებამონაცვლის მ. ყ-იანის, მ. შ-შვილისა და ს. კ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო საქმეში დაცული მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: გარდაბნის რაიონის ... საკრებულოს 1993 წლის 22 სექტემბრის ¹45 გადაწყვეტილებით ს. ჭ-ძეს დაუკანონდა კომუნალურ ფონდში ჩარიცხული საცხოვრებელი სახლი მდებარე ... დასახლება, ... ქ. ¹161 და ნება მიეცა პრივატიზაციის წესით მოეხდინა მისი შესყიდვა. იმავე წლის 07 ოქტომბერს ს. ჭ-ძემ მოახდინა აღნიშნული ბინის პრივატიზაცია და 1993 წლის 12 ოქტომბერს ბინა გარდაბნის ტექინვენტარიზაციის ბიუროში დარეგისტრირდა მის სახელზე.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით აწ. გარდაცვლილი ნ. ყ-იანი-თ-შვილი ცნობილ იქნა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე სადავო სახლის თანამესაკუთრედ სვ. ჭ-ძესთან ერთად.

დადგენილია, რომ ნ. ყ-იანი-თ-შვილს გარდაბნის რ-ნის სოფ. ... მიწის სარეფორმო კომისიის 2000 წლის 10 თებერვლის მიღება-ჩაბარების კომისიის ¹5 ოქმის საფუძველზე გადაეცა 0,08 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო ს. ჭ-ძეს ... მეხილეობა-მევენახეობის ს/მეურნეობის 10.10.1993 წ. ¹01/14 ბრძანებით გამოეყო 600 კვ/მ მიწის ნაკვეთი, რომელიც 2005 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია ამ უკანასკნელის სახელზე.

2005 წლის 4 ნოემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნ. ყ-იანი-თ-შვილმა 566 კვ/მ მიწის ნაკვეთი მიჰყიდა ასევე აწ. გარდაცვლილ ზ. ც-ძეს, ხოლო 2005 წლის 11 დეკემბერს 234 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი 168 კვ.მ მიჰყიდა ს. კ-ძეს.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს კანონშესაბამისად მიიჩნიოს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სადავო საცხოვრებელი სახლის რეგისტრაციის პროცესში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე და საცხოვრებელი სახლის რეგისტრაციის ჩანაწერის გაუქმების ნაწილში სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას.

,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის (გაუქმებულია საქართველოს 12/19/2008 ¹820 კანონით) 25-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ, თუ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება, ყადაღა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციო წარმოების უფლების, ყადაღის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას.

იმავე კანონის სადავო პერიოდისათვის მოქმედი რედაქციის მე-10 მუხლის პირველი ნაწილი შესაბამისად, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან წარმოადგენს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემულ სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების დამადასტურებელ საბუთს. ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან წარმოადგენს უძრავ ნივთზე გარიგების და სხვა სანივთო და ვალდებულებითი უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელ ერთადერთ დოკუმენტს.

,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, იმ პირობებში, როდესაც სადავო სახლი 2005 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით ირიცხებოდა სვ. ჭ-ძის თანასაკუთრებად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური არ იყო უფლებამოსილი იმავე წლის 11 ნოემბერს ნ. ყ-იანი-თ-შვილის სახელზე გაეცა უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნულით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მხრიდან დარღვეულია ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნები, რაც იძლევა მისი ქმედების კანონშეუსაბამოდ მიჩნევის საფუძველს.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას სადავო მიწის ნაკვეთის თაობაზე არსებული ჩანაწერის ბათილობის შესახებ, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში დაუსაბუთებელია, არასრულყოფილადაა გამოკვლეული საქმეში დაცული მტკიცებულებები, წარმოდგენილი არაა მათი სამართლებრივი შეფასება, რაც არ იძლევა განჩინების კანონიერების სრულად შემოწმების შესაძლებლობას.

საქმეში ტ.1. ს.ფ. 50 წარმოდგენილია გარდაბნის რ-ნის, სოფ. ... მიწის რეფორმის კომისიის მიერ ხელმოწერილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ¹5, საიდანაც იკვეთება, რომ 2000 წლის 10 თებერვალს ნ. ყ-იანი-თ-შვილს გადაეცა 0,08 ჰა მიწის ნაკვეთი. იმავე საქმეში ს.ფ 8 დაცულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 5 აპრილის ცნობა ¹153, რომელშიც გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი მიუთითებს, რომ ნ. ყ-იანმა 2000 წლის 2 მარტს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში დაარეგისტრირა დიდი ლილოს საკრებულოს ... დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთი ფართობით 0,08 ჰა, სარეგისტრაციო ნომერი 810800033.

ამდენად, როგორც საქმეში დაცული მასალებიდან იკვეთება, ნ. ყ-იანს 2000 წლიდან გააჩნდა რეგისტრირებული უფლება 0,08 ჰა მიწის ნაკვეთზე.

დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აწ გარდაცვლილ ზ. ც-ძეს მიეყიდა 566 კვ/მ, ხოლო ს. კ-ძეს _ 234კვ/მ. ამდენად, გაყიდული მიწის ნაკვეთის ფართი ჯამში შეადგენს 800კვ/მ (0,08 ჰა) და სრულ თანაფარდობაშია იმ მიწის ნაკვეთთან, რომელიც წარმოდგენილი მასალების შესაბამისად ეკუთვნოდა ნ. ყ-იანს.

საქმის მასალებით ასევე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელე სვ. ჭ-ძეს … მეხილეობა-მევენახეობის ს/მეურნეობის 10.10.93 წ. ¹01/14 ბრძანებით გამოეყო 600კვ/მ მიწის ნაკვეთი, რომელიც დღემდე დარეგისტრირებულია ამ უკანასკნელის საკუთრებად.

როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა აღნიშნული მიწის ნაკვეთები ერთმანეთისაგან გამიჯნული არ ყოფილა, რაც წლების განმავლობაში წარმოადგენდა მოსარჩელესა და აწ გარდაცვლილ ნ. ყ-იანს შორის დავის საგანს.

იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან შეფასებული და გამოკვლეული არ არის ზემოაღნიშნული გარემოებები, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ირიცხებოდა სვ. ჭ-ძეზე, რის გამოც სარეგისტრაციო სამსახური არ იყო უფლებამოსილი, მიწა დაერეგისტრირებინა ნ. ყ-იანზე.

,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად (სადავო პერიოდისათვის მოქმედი რედაქციით), საკადასტრო გეგმა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შემადგენელ ნაწილს და არის საკადასტრო რუკიდან ამონაბეჭდი, რომელიც შესრულებულია ერთი მიწის ნაკვეთისათვის და წარმოადგენს უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრების შესახებ მონაცემების კარტოგრაფიულ გამოსახულებას.

იმის გათვალისწინებით, რომ საკადასტრო გეგმა წარმოადგენდა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შემადგენელ ნაწილს, საკასაციო სასამართლო საკადასტრო გეგმის გამოთხოვისა და შესწავლის საფუძველზე საჭიროდ მიიჩნევს განისაზღვროს თითოეული მიწის ნაკვეთის საზღვრები, რაც შესაძლებელს გახდის დადგინდეს ნ. ყ-იანის მიერ გასხვისებული მიწის ნაკვეთი მოიცავს თუ არა სვ. ჭ-ძის 0,06 ჰა მიწის ნაკვეთს, ანუ ადგილი აქვს თუ არა მიწის ნაკვეთების სრულ გადაფარვას, თუ სახეზეა ნაწილობრივი გადაფარვა, რის შედეგადაც სვ. ჭ-ძის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი დარეგისტრირდა ნ. ყ-იანის სახელზე.

ზემოაღნიშნული გარემოების შესწავლა-გამოკვლევის გარეშე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია შეეხება მხოლოდ საცხოვრებელი სახლის კანონიერების საკითხს, საკასაციო სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებას, რის გამოც საქმეს ხელახალი გამოკვლევისათვის უბრუნებს იმავე სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ც-ძის უფლებამონაცვლის მ. ყ-იანის, მ. შ-შვილისა და ს. კ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.