ბს-12-11(კ-11) 14 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ ბ. ფ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა ხონის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხის – ბ. ფ-ძის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ, ჯარიმის, ზიანისა და პირგასამტეხლოს თანხის ანაზღაურების დაკისრება, შემდეგი მოტივით:
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 20 სექტემბრის ბრძანებით ბ. ფ-ძე დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.
მოსარჩელის განმარტებით, მოსარჩელემ დაარღვია კონტრაქტის პირობები, მისი სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ვადა შეადგენდა ერთ წელს, 7 თვესა და 4 დღეს, ამდენად მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა კონტრაქტის 7.3 პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული ჯარიმა და 7.4 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, მაგრამ ჯარიმის 30%-ის ოდენობით, სულ ჯარიმა 15847.8 ლარი, პირგასამტეხლო _ 4754.34 ლარი და ზიანი _ 10538.98 ლარი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 251-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე მუხლებზე.
ხონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს – ბ. ფ-ძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 32141,12 ლარის გადახდა; მოპასუხეს – ბ. ფ-ძეს დაეკისრა ბაჟის _ 934, 24 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ფ-ძემ, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ. ფ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ბ. ფ-ძისათვის 10 538,98 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ზიანის სახით ბ. ფ-ძისათვის 10 538,98 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
2005 წლის 22 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბ. F-ძეს შორის დაიდო ხელშეკრულება სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 20 სექტემბრის ¹3146 ბრძანებით ბ. F-ძე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2007 წლის 26 ივლისიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო; ბ. F-ძის ერთი თვის ხელფასი შეადგენდა 549 ლარს. სულ ხელფასის სახით მიღებული ჰქონდა 9 410,11 ლარი; სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა განმარტა, რომ იმყოფებოდა საქვაბე ულუფაზე, თუმცა, ზოგჯერ იყო შემთხვევები, როცა უწევდათ საველე სწავლებაზე გასვლა და შესაბამისად, ვერ იკვებებოდნენ, როგორც საჭირო იყო. საქმეზე წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2010 წლის 21 აპრილის ცნობა, სადაც მითითებულია, რომ საკონტრაქტო მოსამსახურის სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხას დათხოვნის შესაბამის პერიოდში შეადგენდა 59 (ორმოცდაცხრამეტ) ლარს, თუ იგი არ იმყოფებოდა საქვაბე ულუფაზე; თავდაცვის სამინისტროს მიერ მოთხოვნილ იქნა მოპასუხისათვის ჯარიმის თანხის _ 15 847.8 ლარის, პირგასამტეხლოს _ 4 754.34 ლარის და ზიანის სახით 10 538.98 ლარის დაკისრება.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეები ხელშეკრულების დადებისას შეთანხმებულნი იყვნენ მის ყველა არსებით პირობებზე, კერძოდ, მოპასუხეს ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საჯარისო სამსახურში და შეესრულებინა სამხედრო მოსამსახურისათვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობანი, ხოლო მოსარჩელე მხარეს კი _ სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში მოპასუხისათვის სათანადო პირობების შექმნის ვალდებულება, ასევე გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების დარღვევისათვის შესაბამისი სანქციები. კონტრაქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებდა სამხედრო ძალებს, ან შექმნიდა პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდებოდა, შეეწყვიტა ოთხწლიანი კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროსათვის მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ 2006 წლის 7 აპრილის ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებსა და სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის ფარგლებს იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში თავისი სურვილით და ,,სამინისტროსთან” შეთანხმებით დატოვებდა სამხედრო ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა 4 წლიანი კონტრაქტი. ასეთ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით სამინისტროსათვის აენაზღაურებინა მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ვადის ფულადი თანხა, შემდეგი წესით: ა) ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 3 (სამი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 14000 ლარის ოდენობით; ბ) ორი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 2 (ორი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 10 000 ლარის ოდენობით; გ) სამი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 1 (ერთი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 5 000 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული «სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების XVI თავი და განმარტა, რომ რაიონული სასამართლოს მიერ სწორად მოხდა მოპასუხისათვის თანხების _ ჯარიმისა და პირგასამტეხლოს დაკისრება. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია კონტრაქტის დარღვევას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 20 სექტემბრის ¹3146 ბრძანებით, ბ. F-ძე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2007 წლის 26 ივლისიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, მითითებული ბრძანება კი ბ. F-ძის მიერ არ გასაჩივრებულა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლებულიყო სახელმწფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 14 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ფ-ძემ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელი და სამართლებრივად არასრულია. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კასატორს კონტრაქტი არ დაურღვევია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 14 თებერვლის განჩინებით ბ. ფ-ძის საკასაციო საჩივარი პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს; ამ ნაწილში გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ბ. ფ-ძისათვის პირგასამტეხლოს _ 4 754.34 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
ს.ფ. 13-ზე წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბ. ფ-ძეს შორის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომლის 7.3. მუხლის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის ინიციატივით ან მისი გამოისობით სამხედრო სამსახურის დატოვების შემთხვევაში განსაზღვრულია სამხედრო მოსამსახურის უპირობო ვალდებულება, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით აანაზღაუროს კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები, რამაც მხარეთათვის უდავო ფაქტის სახით შეადგინა 15847.8 ლარი.
ამავე ხელშეკრულების 7.4 მუხლის მიხედვით, ჯარიმის თანხის დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, თანხებს დაერიცხება პირგასამტეხლო ჯარიმის 30%-ის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჯარიმის თანხის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დამოკიდებულია კონტრაქტის შეწყვეტის თარიღთან. ს.ფ. 16-ზე წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 20 სექტემბრის ¹3146 ბრძანება, რომლის მიხედვით, ბ. ფ-ძე ჩაითვალა დათხოვნილად შეიარაღებული ძალების რიგებიდან თადარიგში 2007 წლის 26 ივლისიდან (უკანა თარიღით). ს.ფ. 21-ზე წარმოდგენილია კომისიის სხდომის ოქმი ¹2, რომლის მიხედვით 2007 წლის 30 აგვისტოს კომისიამ განიხილა ბ. ფ-ძის საკითხი და დააადგინა, რომ აღიძრას შუამდგომლობა ბ. ფ-ძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. აქვე აღნიშნულია, რომ ბ. ფ-ძეს ჩაბარდა გაცნობის ფურცელი და სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, მოუწევდა კონტრაქტის 7.3 მუხლით გათვალისწინებული თანხის გადახდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის თანხის გადახდის ვადის დენის დაწყება პირდაპირ უკავშირდება ხელშეკრულების შეწყვეტას.
ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით უნდა მოხდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რაც დაცულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, თუმცა აღნიშნული ბ. ფ-ძეს არ ეცნობა, შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო რა მინისტრის ბრძანების ადრესატისათვის ოფიციალური გაცნობის შესახებ სათანადო მტკიცებულების წარმოდგენა, მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის 7.3. მუხლით განსაზღვრული ჯარიმის გადახდის ვადის დარღვევის ფაქტი ვერ იქნება დადგენილი.
ვინაიდან სწორედ ჯარიმის თანხის გადახდის ვადის დარღვევა იწვევს კონტრაქტის 7.4. მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას, ვალდებულების წარმომშობი იურიდიული ფაქტის დაუდგენლობა, გამორიცხავს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის საფუძვლიანობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულია მხარეთა უფლებამოსილება - ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაითვალისწინოს მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებანი, მათ შორის, პირგასამტეხლო. ამავე კოდექსის 417-ე მუხლით დეფინირებულია პირგასამტეხლოს ცნება _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს მოვალემ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ერთდროულად განიხილება, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ფორმად. პირგასამტეხლოს გააჩნია ორმაგი მნიშვნელობა, ის წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, არამედ, ასევე – ვალდებულების შეუსრულებლობის საფასურის ოდენობის გამორკვევის (განსაზღვრის) მექანიზმს. პირგასამტეხლოს ძირითად ფუნქციას წარმოადგენს: მოვალეს უბიძგოს ვალდებულების შესრულებისკენ, არახელსაყრელი პერსპექტივის (ჯარიმა შეუსრულებლობისათვის) მოლოდინის გამოისობით, ან წინასწარ განსაზღვროს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის მოცულობა. დასაშვებია, პირგასამტეხლოში შემავალი თანხის ოდენობის გამოთვლის წესი სხვადასხვაგვარი იყოს. ხელშეკრულების ან მისი შეუსრულებელი ნაწილის თანხის პროცენტის სახით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მრავალსახეობიდან გამომდინარე, გამოიყენება ჯარიმა და საურავი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თუკი ჯარიმასთან მიმართებით რთულია გამოიყოს რაიმე განსაკუთრებული ნიშნები, საურავის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სპეციფიკური ნიშნები თვალსაჩინოა. ისინი გამოიხატება იმაში, რომ საურავი დგინდება ვალდებულების შესრულების გადაცილების შემთხვევაში, ანუ ის მოწოდებულია უზრუნველყოს მხოლოდ ვალდებულების თავისდროული შესრულება. საურავი, როგორც წესი, გამოითვლება პროცენტებში ვადაში შეუსრულებელი ვალდებულების თანხასთან მიმართებით. საურავი წარმოადგენს განგრძობად პირგასამტეხლოს, რომელიც გადაიხდევინება ყოველი მომდევნო პერიოდის (მაგ. ყოველდღიურად) გადაცილების ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობისათვის.
წარმოდგენილი ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ, სამხედრო მოსამსახურის მხრიდან სამსახურის დატოვების ან კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად შეთანხმდნენ ჯარიმის სახით კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხების (სამხედრო მოსამსახურის ხელფასის) 10 დღის ვადაში ანაზღაურების თაობაზე, რაც, სახელშეკრულებო სამართლის თანახმად, წარმოადგენს პირგასამტეხლოს. ასევე, პირგასამტეხლოს ამ სახის – ჯარიმის ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში გადახდის ვალდებულების გადაცილების შემთხვევაში, გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე /ხელშეკრულების 7.4.პუნქტი/.
საკასაციო სასამართლო სარჩელის საფუძვლის – ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს ორივე სახე: ჯარიმა და მისი ვადაში გადაუხდელობისთვის - საურავი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისთვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს “შეუსაბამოდ მაღალი” პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს არამარტო მის ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დადგენილი პირგასამტეხლოს სახე – ჯარიმა, ფულად ოდენობაში დაანგარიშებულია სამხედრო მოსამსახურის დარჩენილი წლების ხელფასის ოდენობით, რაც არსებული სოციალური ფონისა და ბ. ფ-ძის მდგომარეობის გათვალისწინებით, აშკარად შეუსაბამოა და მძიმე დღეში აგდებს მხარეს. ამის მიუხედავად, ისედაც მაღალ პირგასამტეხლოზე კიდევ დაწესდა მისი ვადაში გადაუხდელობისთვის პირგასამტეხლოს მეორე სახე – საურავი ყოველ გადაცილებულ დღეზე, რაც უდავოდ მძიმე სახელშეკრულებო დათქმაა და შეუსაბამოდ მაღალია მოსალოდნელი ზიანის მიმართ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, ბ. ფ-ძეს არ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს _ 4 754,34 ლარის გადახდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაშვებულ ნაწილში გაუქმების და საკასაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური წინაპირობები, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ბ. ფ-ძისათვის პირგასამტეხლოს _ 4 754.34 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბ. ფ-ძის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება დაშვებულ ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ბ. ფ-ძისათვის პირგასამტეხლოს _ 4 754.34 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.