ბს-1234-1200(კ-10) 17 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი – გულნარა ილინა
კასატორი (მოპასუხე) _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია; წარმომადგენელი _ დ. K-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ო. ფ-ძე; წარმომადგენელი _ დ. დ-ძე
მოპასუხეები _ ზ. ჟ-ძე; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივლისის განჩინება
სარჩელის საგანი _ ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 15 მარტს ო. ფ-ძემ სასარჩელო გაცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და ზ. ჟ-ძის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2000 წლის ნოემბერში ო. ფ-ძესა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას შორის გაფორმდა მიწის იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელეს სარგებლობაში უნდა გადასცემოდა 0.2 ჰა მიწის ნაკვეთი მდებარე ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ... . ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ტერიტორია თვითნებურად დაკავებული ჰქონდა ზ. ჟ-ძეს, რის გამოც ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ჟ-ძეს სადავო მიწის ნაკვეთის ო. ფ-ძისათვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება დაევალა, თუმცა მიუხედავად ამ გარემოებისა, ზ. ჟ-ძე კვლავ აგრძელებდა სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურ დაკავებას.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქმედითი ღონისძიებების გატარების ნაცვლად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2007 წლის 21 დეკემბრის ¹9 ოქმის საფუძველზე ზ. ჟ-ძეს საკუთრებაში გადასცა სადავო მიწის ნაკვეთი.
მოსარჩელის განმარტებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მის სასარგებლოდაც აღიარა საკუთრების უფლება და 2008 წლის 3 იანვარს გაიცა ¹4575 საკუთრების უფლების მოწმობა, რომელშიც კომისიის მიერ დაშვებულ იქნა ტექნიკური უზუსტობა, კერძოდ, ნაკვეთის მდებარეობად სოფელი ... ნაცვლად მიეთითა მოსარჩელის რეგისტრაციის ადგილი სოფელი ....
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ზ. ჟ-ძეზე გაცემული 2007 წლის 21 დეკემბრის ¹1853 საკუთრების უფლების მოწმობისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 21 დეკემბრის ¹9 ოქმის ზ. ჟ-ძის ნაწილში ბათილად ცნობა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მოსარჩელეზე გაცემულ 2008 წლის 3 იანვრის ¹4575 საკუთრების უფლების მოწმობაში მიწის ნაკვეთის მისამართის შესწორება კერძოდ, სოფელი ... ნაცვლად, სოფელი ... მითითება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ზ. ჟ-ძის სახელზე განხორციელებული ¹... საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ¹1853 საკუთრების უფლების მოწმობისა და მისი გაცემის საფუძვლად არსებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში შეწყდა მოცემული საქმის წარმოება; ო. ფ-ძის სარჩელი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დავალდებულების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ¹4575 საკუთრების უფლების მოწმობაში შესწორების შეტანა და მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის განსაზღვრა დაევალა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2008 წლის 23 ივლისს ო. ფ-ძემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და ზ. ჟ-ძის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის და მისი გაცემის საფუძვლად არსებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ო. ფ-ძის სარჩელი ცნობილ იქნა დაუშვებლად და მოცემულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ ვინაიდან, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ¹1853 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება, აღნიშნული განჩინება კი გამოტანილი იყო დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, ¹1853 საკუთრების უფლების მოწმობისა და მისი გაცემის საფუძვლად არსებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლების მოწმობაში შესწორების შეტანის ნაწილში არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან, დავას არ იწვევდა ის გარემოება, რომ ო. ფ-ძისათვის საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა სოფელ ..., ხოლო მოწმობაში არასწორად იყო მითითებული სოფელი ....
რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის” მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებდა გადაწყვეტილებას, რომელიც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენდა.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილზე და აღნიშნა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისია, როგორც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო უფლებამოსილი იყო შესწორება შეეტანა მის მიერ გამოცემულ საკუთრების უფლების მოწმობაში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივლისის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასებები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე მიუთითა მათზე.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ იგი ვერ გაიზიარებდა აპელანტის მოსაზრებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს თავდაპირველად ქმედების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ხოლო შემდგომ კომისიისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულება უნდა მოეთხოვა, ვინაიდან, აღნიშნული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას წარმოადგენდა, მხარე კი ქმედების განხორციელების დავალდებულებას ამავე კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად ითხოვდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ ო. ფ-ძის მიერ სასარჩელო განცხადებაში მითითებული მიწის ნაკვეთი, სხვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას წარმოადგენდა, აღნიშნული გარემოება კი სასამართლოს არ გამოუკვლევია. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეს თავდაპირველად ქმედების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ხოლო შემდგომ კომისიისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულება უნდა მოეთხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” პუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2011 წლის 27 იანვარს 12:00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2000 წლის 10 ნოემბერს ო. ფ-ძესა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას შორის გაფორმდა მიწის საიჯარო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ო. ფ-ძეს სარგებლობაში უნდა გადასცემოდა ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ... მდებარე 0.2 ჰა მიწის ნაკვეთი (ს.ფ. 15-17). აღნიშნული მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებული ჰქონდა ზ. ჟ-ძეს, რის გამოც ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ჟ-ძეს სადავო მიწის ნაკვეთის ო. ფ-ძისათვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება დაევალა (ს.ფ. 19-20). ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 21 დეკემბრის ¹9 ოქმის საფუძველზე ზ. ჟ-ძეს საკუთრებაში გადაეცა სადავო მიწის ნაკვეთი და 0.289 ჰა მიწის ნაკვეთზე გაიცა ¹1853 საკუთრების უფლების მოწმობა (ს.ფ. 23-24; ს.ფ. 27). 2008 წლის 23 ივლისს ო. ფ-ძემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და ზ. ჟ-ძის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის და მისი გაცემის საფუძვლად არსებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ო. ფ-ძის სარჩელი ცნობილ იქნა დაუშვებლად და მოცემულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება (ს.ფ. 78-79). ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ¹1853 საკუთრების უფლების მოწმობისა და მისი გაცემის საფუძვლად არსებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში შეწყდა მოცემული საქმის წარმოება და აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში (ს.ფ. 145-148).
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 3 იანვრის ¹1 ოქმის საფუძველზე ო. ფ-ძეს საკუთრებაში გადაეცა 0.192 ჰა მიწის ნაკვეთი და გაიცა ¹4575 საკუთრების უფლების მოწმობა, რომელშიც მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობად მიეთითა ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ... (ს.ფ. 29).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 3 იანვარს ო. ფ-ძის სახელზე გაცემული ¹4575 საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია ¹4575 მოწმობის საფუძველზე ო. ფ-ძემ 0.192 ჰა მიწის ნაკვეთზე მიიღო საკუთრების უფლება, მაგრამ მან აღნიშნული უფლების რეალიზება ვერ განახორციელა, ვინაიდან, მას მიწის ნაკვეთი საკუთრებაში საერთოდ არ გადასცემია. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე ო. ფ-ძის წარმომადგენლმა დ. დ-ძემ განმარტა, რომ მოსარჩელისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა არა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას, არამედ მისთვის მიწის ნაკვეთის რეალურად გადაცემის ფაქტს (სოფელ ... ან სოფელ ...).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლზე და განმარტავს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, როგორც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემმა ორგანომ შესწორება უნდა შეიტანოს მის მიერ 2008 წლის 3 იანვარს გაცემულ ¹4575 საკუთრების უფლების მოწმობაში და მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა უნდა განსაზღვროს ისე, რომ ო. ფ-ძემ მოახერხოს მისთვის ¹4575 მოწმობით მინიჭებული საკუთრების უფლების რეალიზება. ამასთან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვერ შეეხება ზ. ჟ-ძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (სოფელ ...), რადგან ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არის შესული.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს თავდაპირველად ქმედების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ხოლო შემდგომ კომისიისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულება უნდა მოეთხოვა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ო. ფ-ძემ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის დავალდებულება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის განსაკუთრებულ ფორმას, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავებისაკენ. ასეთი სარჩელის აღძვრა დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.